Monday, March 17, 2008

პეტრე მამონოვის ფერისცვალება

„მე მსახიობი კი არა, პიროვნება ვარ“

შესავლის მაგივრად

საბჭოთა მოსკოვის როკ-ლაბორატორიის ყველაზე ქარიზმატული ლიდერი, „რუსულ ხალხურ ჰალუცინაციად“ მონათლული პეტრე მამონოვი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ბრძენი სუპერვარსკვლავია“, რომელმაც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო როკ-ჯგუფი „Звуки Му“ შექმნა.

მამონოვი ნიჭიერი, მიმზიდველი, ძალიან პლასტიური და, უბრალოდ რომ ვთქვათ, „კაი ტიპია“. 1980 წლამდე, სანამ სიმღერების თხზვას დაიწყებდა, პეტრე მხოლოდ ლექსებს წერდა. მუშაობდა მტვირთავად, ლიფტიორად მოსკოვის ლიტფონდის შენობაში, ყასბად და კიდევ სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობისას ორი სკოლიდან „ცირკის მოწყობის გამო“ გამოაგდეს, სცენაზე არტისტი მამონოვი საკმაოდ გვიან – 30 წლის ასაკში ავიდა..

56 წლის პეტრეს ცხოვრების გზა ნამდვილი ფერისცვალებაა, იატაკქვეშეთიდან და მემთვრალეობიდან – ღმერთისკენ, ტუსოვშიკობიდან და ჩხუბისთავობიდან – განდეგილობამდე, სკანდალისტობიდან – მორჩილებამდე. თუმცა, რუსული ანდერგრაუნდის სათავეში მყოფი მუსიკოსისთვის, მსახიობისთვის და მწერლისთვის „სკანდალური გამოხტომები“ დღესაც უცხო არაა – ის ხან ქვეყნის პრეზიდენტ პუტინს უპირისპირდება, ხანაც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

Звуки Му-ს პარალელურად, მამონოვი „პოსტ-პერესტროიკულ“ საბჭოთა კინოეკრანებზეც გამოჩნდა. 80-იანების მიწურულს ჩვენს ეკრანებზე ფილმი „Игла“ გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ვიქტორ ცოი ასრულებდა. პეტრე მამონოვმა ამ ფილმში ექიმი-ნარკობარონი განასახიერა, რომელმაც ცოის გმირი „ნემსზე შესვა“. ორიოდე წელიწადში კი რეჟისორ პავლე ლუნგინის ფილმში „Такси-блюз“, პეტრემ ალკოჰოლიკი ჯაზმენის როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო რეჟისურისთვის.

ამის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მამონოვი საერთოდ გაქრა თვალთახედვიდან. 1995 წლიდან მამონოვი დედაქალაქს მოსცილდა. მან მოსკოვის ოლქის, ვერეის რაიონის სოფელ ეფანოვოში მიწისა და ტყის ნაკვეთი შეიძინა, პატარა სახლი აიშენა და დღემდე ოჯახთან და კატებთან ერთად ცხოვრობს. ის დღემდე სპექტაკლებს დგამს და მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის დრამატულ თეატრში თამაშობს.

2006 წელს კი მამონოვს მისმა ამხანაგმა, პავლე ლუნგინმა ფილმ „კუნძულში“ მართლმადიდებელი ბერის როლი მისცა. თუმცა ამაზე და რელიგიურ მამონოვზე ცოტა ქვემოთ.

ჯგუფი Звуки Му

ეს ლეგენდარული ჯგუფი პეტრემ მეგობართან, ალექსანდრ ლიპნიცკისთან ერთად, 1983 წელს ჩამოაყალიბა. თუმცა, ჯგუფის პირველი კონცერტი, რომელიც სენსაციად იქცა, ერთ-ერთი სკოლის დარბაზში, შექმნიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაიმართა. მაყურებელთა შორის იყვნენ „მაშინა ვრემენის“, „ბრავოს“ წევრები და თვით ვიქტორ ცოი. ამის შემდეგ, „ზვუკების“ კონცერტებზე მოხვედრაზე ხალხი თავს იკლავდა და მათ ვლადივასტოკამდე და ჩუკოტკამდე მთელი სსრკ მოიარეს.

ახალგაზრდა და გამხდარი პეტრე სცენაზე გიტარით, შიშველ ტანზე ჩაცმული პიჯაკით გამოდიოდა. ის უცნაურ მელოდიებს, უხეშ სიმღერებს მღეროდა, სიმღერისას თვალებს ეპილეფსიანივით ატრიალებდა და პირიდან ნერწყვსა და დუჟს უშვებდა. თუმცა, ეს შეშლილობა კონტროლირებადი და დოზირებული გახლდათ. თავის შოუს მამონოვი ასე ამართლებდა: „სცენაზე პირქუშად ვასახიერებ არაჯანსაღ, ავადმყოფ ადამიანს. მაყურებელმა უნდა იფიქროს რატომ გახდა ის ავად? რატომ არის ასეთი“.

ბრაიან ინოსა და Warner Brothers-ის პატრონაჟით, Звуки Му-მ ჯერ გაერთიანებულ სამეფოში, შემდეგ შტატებში გასტროლებიც მოახერხა. ამ თავბრუდამხვევი წარმატების და დიდი პერსპექტივის ფონზე, მოულოდნელად მამონოვმა ყველაფერზე უარი განაცხადა. 1990 წელს, როდესაც ჯგუფმა გამოსათხოვარი კონცერტი გამართა, ჯგუფის დანარჩენ წევრებს კიდევ არ სჯეროდათ, რომ მათ იმედებს მამონოვი ასე უმოწყალოდ ამსხვრევდა.

ბრაიან ინოსა და ჯგუფის ფრონტმენს შორის სწორი კონტაქტი არ შედგა. ბრაიანი იმედოვნებდა, რომ დისკზე „ზვუკების“ სიველურეს გადაიტანდა. ამის შემდეგ ინოს შოუ-ინდუსტრიის წესების დაცვით, ჯგუფის მსოფლიოს მასშტაბით გავარსკვლავება სურდა, მაგრამ პეტრე საოცრად ჯიუტი აღმოჩნდა: „ვიცი, რომ დამოუკიდებელი ხელოვნებით ვარ გატაცებული. უცნაურია, რომ ათეულ ათასობით ადამიანს ვუყვარვარ, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელთაც ჩემი შემოქმედება ნამდვილად სჭირდება. სწორედ მათთვის ვმუშაობ. კულტმასობრივი მუშაკი არ გახლავართ და არც მჭირდება ვიყო. ვაკეთებ იმას, რაც მინდა, რაც ჩემი სულიდან გარეთ იფრქვევა. მირჩევნია მთელი წელი გავჩუმდე, ვიდრე ფულისთვის რაღაცეები სწრაფ-სწრაფად ვაკეთო“.

ეს მარტოოდენ თვითმყოფადობის დასამტკიცებლად ნათქვამი ლამაზი სიტყვები არ იყო – მამონოვს უსაზღვროდ ეშინოდა წარმატებების. ეს მისტიკურ საშინელებას ჰგავდა. იგი ამბობდა: „აი, როგორც კი სტადიონებიდან შემოსავლები გაუჩნდა, ვიტია ცოი დაიმსხვრა. არადა, მზეს ჰგავდა! ყველაზე გულწრფელი სიმღერები მან 19-20 წლის ასაკში დაწერა. იგივე 17 წლის გრებენშიკოვი პიტერში ანგელოზივით დააბიჯებდა... და აი, ბოლო 20 წლის განმავლობაში ის გამოწურეს. ახლა უკვე ირონიით ამბობენ – ნახეთ, ბორია და მაკარევიჩი რა სიმღერებს წერენო!..“

ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, პეტრეს ნახევარძმა, ალექსეი ბორტინჩუკი, რომელიც პეტრესავით სოფლად, ქოხში გადავიდა საცხოვრებლად, ამბობს: „როკ-ენ-როლი ცხოვრების სტილია, რომელიც ადამიანს ანგრევს. ასეა მოგონილი, სხვანაირად როკ-ენ-როლი არ იარსებებდა. თუკი ადამიანები არ სვამენ და ფიტნეს-კლუბში დადიან, ისინი როკ-ენ-როლის დაკვრას ვერ შეძლებენ, მხოლოდ პაპსას შეასრულებენ. რადგან როკ-ენ-როლი თვითმკვლელობაა, ჩვენ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა ფხიზლად ცხოვრება. მხოლოდ კაიფში ცხოვრების გამოცდილება გვაქვს. ნარკოტიკები... მე ჩავერთე ამ ისტორიაში... ძალიან შემეშინდა. აღარ მქონდა სურვილი თვითმკვლელი ვყოფილიყავი...“

სოფელი, რწმენა და „კუნძული“

ვის აღარ ადარებდნენ და რას აღარ უწოდებდნენ პეტრეს. აი, მოკლე სია: კასრში მჯდომი დიოგენე, ტყის ავი სული, ჯადოქარი, ტომ უეიტსი (ყველაზე ხშირად), მუსიკალური დოსტოევსკი, ანტიგლამურის მეხოტბე, დიადი და უსაშინლესი ფრედი კრიუგერი, ვისოცკი და ა. შ. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს მამონოვმა აღმოაჩინა: „საკუთარ თავს დღესასწაულებს ვუწყობდი, ან ჭიქა არაყს ვყლურწავდი, ან ტარიანს ვაბოლებდი... ჩემი ფეხები! კაიფმა არ მიშველა. 45 წლის ასაკში, როცა ყველანაირი კაიფი მომბეზრდა, ცხვირით კედელს მივეყრდენი. სულ ტყუილად. სრულ ჩიხში აღმოვჩნდი, არაფრის გამო აღარ ღირდა ცხოვრება. მთელი ჩემი თავი ამოვწურე, სული დახვრეტილ ღრუბელს მიგავდა... საყვარელი საქმე, ცოლი, შვილები მომბეზრდა. ღმერთმა უხვად დამაჯილდოვა – ნიჭი, მატერიალური კეთილდღეობა, შესანიშნავი ოჯახი მიბოძა, მაგრამ, აი, არაფერი აღარ მინდოდა. მშენებელი ბიძაშვილი მყავს, რომელიც სოფელში სახლებს უშენებდა იმ ხალხს, ვისაც პატივს სცემდა. ერთხელაც მითხრა: „პეტ, იყიდე ნაკვეთი“. მთელი ცხოვრება ქალაქში გავატარე და ვკითხე, რად მინდა მეთქი. მიპასუხა: „ჩამოდი და ნახე“. ჩავედი, ეს ენით აუწერელი სილამაზე, ნაძვები, პატარა მდინარე ვიხილე და ვთქვი: „აი, აქ დავრჩები“. ღმერთმა მოულოდნელად სოფლად დამასახლა“.

მამონოვი მხოლოდ კვირაში ერთი დღით ჩადის 150 კილომეტრით დაშორებულ დედაქალაქში, რათა სპექტაკლში ითამაშოს. დანარჩენ დროს იგი სოფლად ატარებს, მოჰყავს ბოსტნეული, ჩეხავს შეშას და იწერს ალბომებს. პეტრემ სახლში სტუდიაც მოიწყო და რამდენიმე ძალიან საინტერესო დისკი სწორედ ეფანოვოში ჩაწერა და Звуки Му-ს სახელით გამოსცა. მათში შესული სიმღერები სხვადასხვა ამბებია და უფრო ანტიმუსიკაა, მაგრამ მიმზიდველია, რადგან პეტრე საკუთარ თავზე გულწრფელად მღერის, მას ჭაობში მცხოვრებ პატარა, მწვანე არსებას ეძახის. ამ ალბომებს ის თეატრის სცენაზე მონოსპექტაკლებად დგამს მისთვის ჩვეული პლასტიკით, გიტარისა და სიმღერის თანხლებით თამაშობს. მიუხედავად აქტიური შემოქმედებისა, მამონოვი თვლის, რომ რწმენას სწორედ ამ პატარა სოფელში მიაგნო.

იგი იხსენებს: „ვიფიქრე, მოდი, ლოცვანს ვიყიდი, ვნახავ ერთი, ეს ხალხი რაზე ლოცულობს მეთქი. თავდაპირველად თავზარი დამეცა და ცოტაოდენი გაოცებით ვკითხულობდი. მოვნიშნე კიდეც ის ლოცვები, რომლებსაც ვეთანხმებოდი ან არ ვეთანხმებოდი. უკვე აღარ მახსოვს, რატომღაც ზოგიერთი მათგანი ძალიან მაღალფარდოვნად მომეჩვენა, ან ჩემს გულამდე არ მოდიოდა. შემდეგ ყველაფერმა გამიარა და მივხვდი, რაც მჭირდებოდა, ყველაფერი მათში იყო. ტაძარში სიარული დავიწყე... ეს დასაწყისი იყო, ხოლო ღმერთთან ნამდვილი შეხვედრა არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ერთი ცოდვა საოცრად მტანჯავდა და თავიდან ვერ ვიცილებდი. ერთ დილას ავდექი და უცბად ვიგრძენი, რომ ღმერთმა ჩემი გული სიყვარულით აავსო და განმაიარაღა. რწმენა უეცრად მოვიდა. აზრი მომეცა – მარადიული ცხოვრება და საუკუნო ბედნიერება“.

ამის შემდეგ, მამონოვმა ტელევიზორი ფანჯრიდან მოისროლა და წმინდა მამების წიგნების კითხვა დაიწყო. ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად, ცდილობს ღვთის კანონებით იცხოვროს. მისი აზრით, ირგვლივ ძალიან ბევრი ხიბლია: „შევეცადე საშობაო მარხვა შემენახა, მაგრამ შობამდე ორიოდე დღით ადრე 5 წუთით მოვეშვი, ვიფიქრე ბოთლ ლუდს გადავკრავ-მეთქი და 20 ბოთლი დავლიე. შევცოდე. მაცდური ძლიერია“.

მას შემდეგ, რაც რელიგიური ცხოვრება დაიწყო, პეტრეს ინტერვიუები უფრო მონოლოგებს, ქადაგებებს დაემსგავსა, თუმცა ბევრი სასულიერო პირისგან განსხვავებით, მუსიკოსი და მსახიობი ძალიან თანამედროვე და გასაგები ენით მეტყველებს ხოლმე: „ღმერთმა ფული ჩვენი უძლურებისთვის მოიფიქრა, სხვებს რომ გავუნაწილოთ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ამან და ამანაც მოიპარა, მაგრამ ამან ვერ მოასწრო – არ ეყო. რამდენი უნდა დავაგროვოთ? ვის დარჩება ეს ყველაფერი?.. საკუთარ თავზე იმუშავე, ბოღმა შეამცირე. რწმენა თუ გაქვს, როგორაც არ უნდა გინდოდეს დაჯდომა, მოხუც ქალს ადგილს მაინც დაუთმობ. აი, ესაა მთელი ქრისტიანობა. ჭურჭელი გარეცხე. ქრისტიანულია ეს? ქრისტიანულია. ვედრო გაიტანე. ნუ გაჯიუტდები. როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში ვირზე ამხედრებული შედიოდა, გზად ყვავილებს, პალმის რტოებს უყრიდნენ და ესალმებოდნენ. ვირი დარწმუნებული იყო, რომ მას ესალმებოდნენ და „ოსანას“ უყვიროდნენ. სწორედ იმ ვირს ვგავართ ჩვენ, რომლებიც ზურგით უფალს ვატარებთ და გვგონია, რომ ხალხი ტაშს ჩვენ გვიკრავს... ბრძენები რომ ვიყოთ, თავად დავბარავდით ბოსტანსაც და საჭმელსაც მოვამზადებდით. ახლა ყველაზე „პროგრესულად“ მე ვცხოვრობ: ხისგან გამოთლილი სახლი მაქვს, შეშასაც თავად ვჩეხავ, აბანოს ვახურებ“.

2006 წელს პავლე ლუნგინის ფილმი „კუნძული“ გამოვიდა. მასში პეტრე მამონოვმა სასწაულმოქმედი ბერი ანატოლი განასახიერა, რომელსაც მთელი ცხოვრება ახალგაზრდობაში ჩადენილი მკვლელობის ცოდვა სტანჯავს. ფილმმა რუსეთში ბოლო წლების ყველა რეკორდი მოხსნა (მათ შორის საშემოსავლოც), სურათი ევროპაშიც აღფრთოვანებით მიიღეს. „კუნძულმა“ რამდენიმე კინოფესტივალზე გაიმარჯვა, პეტრე მამონოვი და რეჟისორი უამრავი სპეციალური პრიზით დაჯილდოვეს. რუსეთის პატრიარქმა და სამღვდელოებამ ფილმს უმაღლესი შეფასება მისცეს. მამონოვი ყველგან აღნიშნავდა, რომ მუშაობისას, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის ერთ კუნძულზე 40 დღე გრძელდებოდა, გადამღები ჯგუფის წევრებს არათუ ჭიქა არაყი არ დაულევიათ და ღერი სიგარეტი არ მოუწევიათ, საუბრებისას უბრალო უცენზურო სიტყვაც კი არ უხმარიათ.

აი, რას ამბობს მამა ანატოლიზე პეტრე: „ჩემი გმირი სუფთაა. რადგან მან ხელახლა დაიწყო ცხოვრება – ძალიან სუფთად. მე ასე არ შემიძლია. მსგავსებაც არის – მონანიების მცდელობასა და მთელი ცხოვრების გააზრებაში, მაგრამ ეს მსგავსება ძალიან ზედაპირული და უმნიშვნელოა. მე ხომ სულ რაღაც 10 წელია რაც ვცხოვრობ და არაფერი არ ხდება. ვხვდები, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. წერენ, რომ რწმენაში პირველი 10 წელი ნული კლასია. მხოლოდ ახლა ვიწყებ რაღაცის გაგებას. ცათა სასუფევლისკენ კოღოს ნაბიჯებით მივიწევ... ღმერთი ამ ფილმისთვის თუ „სამს მინუსით“ მაინც დაგვიწერს, უკვე კარგი იქნება! მასაც უნდა, რომ გართობა არსებობდეს, მაგრამ ხარისხიანი და არა სისხლებით და შიშველი სხეულებით – ამაში ახალი არაფერია“.

ჟურნალი „Rolling Stone“ და გეგმები

„კუნძულმა“ მთელს რუსეთში ფურორი მოახდინა და მამონოვი პოპულარობის მწვერვალზე აღმოჩნდა. მან რუსულენოვანი მუსიკალური ჟურნალის, „Rolling Stone“-ის რედაქტორს, მეტად საინტერესო წერილი გაუგზავნა, რომელიც დაიბეჭდა სათაურით: „პეტრე მამონოვი რწმენაზე, იმედზე, სიყვარულზე და ქრისტიანობის კრიზისზე ევროპაში“. მასში კარგად ჩანს მამონოვის მსოფლმხედველობა. ამ სტატიის ნაწილს ახლა აქ მოვიტან:

„რუსულენოვანი „Rolling Stone“ მაგარი ბანძობაა. მაპატიეთ, რომ სიმართლეს მოგახსენებთ. ჟურნალი ბანძია, – შიგ მხოლოდ პორნო და დაუკმაყოფილებლობაა. როცა ინგლისურად კითხულობ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, პოპ-ვარსკვლავებზეა და გასაგებია... ნებისმიერს, ვისაც ფული აქვს, პრიალა ჟურნალის გამოცემა შეუძლია, მაგრამ ამით ტრაკსაც ვერ გამოიხოცავ, რადგან პრიალაა. როგორ გამოიყურებოდა „როლინგ სტოუნის“ პირველი ნომრები? როგორც გაზეთი. დღეს, როცა ამას ამერიკელები აღარ აკეთებენ, თქვენ რომ გამოსცეთ, აი, მაშინ საინტერესო გახდებოდით და წავიკითხავდი. ჯერ გარეგნული მხარეა მთავარი და მერე ტექსტი. მერე რა, რომ „როლინგ სტოუნია“! დღეს „კოსმოპოლიტენი“ და სხვა სიყალბეებიც არსებობს. ახლა ინდივიდუალისტების დროა. თქვენ კი ცდილობთ, ჩემნაირი ადამიანები მასკულტურაში ათქვიფოთ, ვიდეოზე გვიღებთ, მერე კი ამას სადღაც აჩვენებთ კიდეც. მე ხომ ამისთვის არ ვიღებ ფულს. ფეხებზე მკიდია თქვენი ხალხი, ვინც „კოსმოპოლიტენს“ კითხულობს. ასეთებისთვის არ ვარსებობ. მე იმათთვის ვარ, ვინც დილის შვიდი საათიდან ტროლეიბუსშია. შეგეშალათ, არა ვარ პრიალა ჟურნალისთვის! პატარა, ალტერნატიული კაცი გახლავართ, რომელსაც თავისი საქმე აქვს და ამით ხუთი ათასი ადამიანია დაინტერესებული.

მე მსახიობი კი არა, პიროვნება ვარ. ასეთი უცნაური და განუმეორებელი გახლავართ. აი, ასეთი უნდა მიმიღოთ და გადაღეჭილი ეტიკეტები არ მომაკეროთ. თუ „როლინგ სტოუნი“ ჩემზე მასალას დაბეჭდავს, საგაზეთო ჩანართი გააკეთეთ. ვმუშაობდი ტიპოგრაფიაში და ამაზე ყველაფერი ვიცი... ძალიან მესიამოვნება. აი, თქვენ იდეაც. მთავარი იდეებია. ადრე დასავლურს რომ დამსგავსებოდა რამე, ხარისხზე ეფეთებოდნენ. ახლა კი ყველაფერია იდეების გარდა.

ფილმი „კუნძული“ ეხება პრობლემას, რომ ადამიანს პენისის გარდა რელიგიური ორგანოც გააჩნია; ხოლო თუ ეს ორგანო დაკმაყოფილებული არაა, მას ეგრევე სევდა და კაეშანი ეუფლება. ეს იმიტომ, რომ დღეს ყველა ცხოვრობს სქემით – „გამართე მე“. ყველა ეს მასხარაობა და სისხლი ეკრანებზე სწორედ ამის გამოა. „გამართე მე! მაჩვენე მე!“ ცოტაა ტრაკის ნაწილი, მთლიანად მაჩვენე!.. თქვენ რომ სულიერება გაინტერესებდეთ, გექნებოდათ კიდეც. ადამიანებს სურთ იმართებოდნენ, ასე უფრო ადვილია...

ახლა რუსეთის ღვთისგან გამორჩეულობაზეც გეტყვით: ღმერთი ჩვენთვის შეუცნობადია და უცნობია, ვის გამოარჩევს. ევროპა ქრისტიანობის სასაფლაოა, ამიტომ მათ რელიგიურ თემაზე ფილმები არ გამოსდით. იქ მხოლოდ ძეგლებია, რწმენა კი ძალიან ცოტაა. კათოლიციზმი სიმახინჯეა, პროტესტანტიზმი – საერთოდ საშინელება. ისინი ცხოვრებას როგორი კომფორტითაც მოერგნენ, რწმენაშიც მსგავსი კომფორტი სურთ. პროტესტანტიზმში მთავარია ირწმუნო და მორჩა. ქრისტემ ყველა ცოდვა გამოისყიდა, ამიტომ ზომიერად აკეთე რაც გინდა და გადარჩები. ხომ ნახეთ ფილმში ჩემი გმირი როგორ იტანჯება თავისი ცოდვის გამო და ის მართალია. ინანიებს და ტირის. ზოგიერთი ტაძარში მიდის და 20 კაპიკს სწირავს. ასე, რომ ევროპაში რწმენა არ არსებობს. თქვენთვის, „როლინგ სტოუნისთვის“ მნიშვნელოვანია ფრაზა, რომელიც ერთხელ მიტროპოლიტმა ანტონ სუროჟელმა თქვა: „დაცულობა სიკვდილის ნიშანია, დაუცველობა და რისკი – სიცოცხლის“. იმ მცირერიცხოვან მკითხველს, რომელიც წამიკითხავს, ვუსურვებ, არ შეუშინდეს დაუცველობას და სიფაქიზეს. ნუ უყურებთ გვამებს, რომლებიც „ჰამერებით“ დადიან, დააკვირდით ცოცხლებს“.

უკვე ცნობილი გახდა, რომ კინორეჟისორი პავლე ლუნგინი იწყებს ივანე მრისხანეზე ფილმის გადაღებას და რუსეთის ამ ტრაგიკული მეფის როლს ისევ მისი კარგი ამხანაგი, პეტრე მამონოვი შეასრულებს.

ჟურნალი „ანაბეჭდი“ №32, გაზაფხული 2008

No comments:

Post a Comment