Thursday, June 18, 2009

ობამა ბიძია თომას ბიჭია

ანუ ცოტა რამ საღლიცინო სიმღერებზე

შესავალი

ის, რასაც დღეს ზოგჯერ ქალაქურ მუსიკასთან აიგივებენ, შეიძლება ითქვას, რომ სუროგატია, ვიდრე „ქალაქური ფოლკლორი“. უპირველეს ყოვლისა, ალბათ კლასიფიკაციაა საჭირო, თუ რა ითვლება დღეს ამ ჟანრის მუსიკად. თუ რადიო „არ დაიდარდოს“ მოვუსმენთ, ქალაქურ მუსიკად საღდება ისიც, რაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან უბრალოდ „შოფრულ“, „საქეიფო“ სიმღერებად იწოდებოდა.

ფსევდოქალაქური მუსიკის კლასიკად შეიძლება ჩაითვალოს „შუშანიკას ტუფლი უჭერს, ქუსლი განიერი აქვსო“, კიდევ უკეთესი „ტრიციტ პერვი გოდში იყო შენი კანეცი“ ან თუნდაც „პატარა ბიჭი დამეკარგა ცისფერპერანგა“. ეს და კიდევ მრავალი „შესანიშნავი“ ნიმუში შეგვიძლია თბილისელი კინტოების სულიდან ამოხეთქილ მარგალიტებად მივიჩნიოთ. დღეს რუსები თავიანთ საესტრადო მუსიკას რატომღაც „შანსონს“ უწოდებენ, რაც მსოფლიოს ხალხთა ენებზე მხოლოდ ფრანგულ მუსიკასთან იგივდება. საქართველოში კი ნაესტრადალ შემოქმედებას და კიდევ ბევრ რამეს, რაც ქართულ ენაზე იმღერება, უკვე ქალაქურ მუსიკას ეძახიან. მაინც რა არის იგი, ანუ „ქალაქური მუსიკა“, უფრო მდაბიურად რომ ვსთქვათ, „ქალაქურები“?

რეალური ისტორია

ისტორიის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში შუა საუკუნეებიდან აშუღური კულტურა გავრცელდა, რომელიც ქართლ-კახეთში მაჰმადიანთა ჩამოსახლებების შემდეგ დამკვიდრდა. თუმცა ეს ტიპიური აზიური ჰანგები მრავალეროვან დედაქალაქის მოსახლეობაში მალე მოშინაურდა, ნაწილობრივ გაქართულდა კიდეც და სწორედ ამის შემდეგ დაიბადა თბილისური ქალაქური მუსიკა. მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები მეფე ერეკლეს დროს საითნოვა და ბესიკი იყვნენ. მათ აღმოსავლური პოეზიისა და მუსიკის ფორმები – ბაიათი და მუხამბაზი დაამკვიდრეს. თბილისური ქალაქური სიმღერის ყველაზე პოპულარული ნიმუშებია „მუხამბაზი“, „ავარ-ავარ“, „კეკელჯან“ და სხვა. აღნიშნული სიმღერა ერთხმიანი იყო. იგი ძირითადად დუდუკებისა და დოლის თანხლებით სრულდებოდა.

დასავლეთ საქართველოს ქალაქურმა მუსიკამ კი მე-19 საუკუნის ქუთაისში მიიღო საბოლოო სახე. აღმოსავლურისგან განსხვავებით, დასავლური ქალაქური მუსიკა პოლიფონიით გამოირჩეოდა და იგი ძირითადად გიტარის თანხლებით სრულდებოდა. ამავე დროს, რუსული რომანსებისა თუ იტალიური საოპერო არიების მსგავსი სიმღერების „გაქართულებაც“ მოხდა. დასავლეთ საქართველოს ქალაქური მრავალხმიანი სიმღერების უდიდესი ნაწილი ქართულ პოეზიასთანაა დაკავშირებული. იგი განსაკუთრებით იმერეთში გავრცელდა და ცენტრი მის დედაქალაქში იყო. ყველაზე პოპულარული ქალაქური სიმღერები აკაკის ლექსებზე შეიქმნა: „ციცინათელა“, „აღმართ-აღმართ“, „სანთელივით ჩავქრები“, აგრეთვე, ბარათაშვილის ლექსზე „მორბის არაგვი“, ილიას „მესმის-მესმის“ და ა. შ. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ქალაქური სიმღერის მშვენება – უკვდავი „სულიკო“. მე-20 საუკუნეში ამ ჟანრის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები „დები იშხნელები“ იყვნენ.

მე-20 საუკუნეში თბილისში მოხდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქური მუსიკის სინთეზი. მუსიკალური ინტონაციით ნებისმიერ ქალაქური ფოლკლორის ნიმუშზე შესაძლებელია მიხვდე, მასში დასავლური უფრო სჭარბობს თუ აღმოსავლური. საუკუნის ბოლომდე პოლიფონიური ქალაქური სიმღერების შემსრულებლებს შორის მართლაც ბევრი შესანიშნავი მომღერალი თუ მუსიკალური კოლექტივი აღმოჩნდა. თუნდაც „ცისფერი ტრიო“, ტრიო „თბილისი“, უამრავი საოჯახო ანსამბლი და ა. შ. სოლო შემსრულებლებში არ უნდა დაგვავიწყდეს: ინოლა გურგულია, მანანა მენაბდე, მედეა ძიძიგური, გოგი დოლიძე და სხვები.

ახლო წარსული

დღეისათვის დახვეწილი გემოვნების ქალაქური სიმღერების დეფიციტია. ამას ისიც ემატება, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან „ქალაქური სიმღერის“ ცნება შეიცვალა და მასში უკვე ყველაფერი იგულისხმება – ე. წ. „საქეიფოებით“ დაწყებული, ოდესღაც „შოფრულად“ წოდებული შემოქმედებითა და ესტრადით დასრულებული. სანამ თბილისში რამდენიმე ფსევდოქართულ მუსიკაზე ორიენტირებული რადიო გაიხსნებოდა, ეს მუსიკალური სუროგატები თითქმის აღარავის ახსოვდა. გასულ საუკუნეში ბაზრობებზე ასეთ მუსიკას უბრალოდ „ქართულებს“ ეძახდნენ. თუმცა მასაც თავისი – სოციალისტური ყოფის, ქორწილების, სმა-ჭამისა და სამგზავრო ფესვები აქვს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში საზღვარგარეთიდან კლავიშებიანი სინთეზატორები შემოვიდა, რომელთაც ქორწილებისა და რესტორნების ბევრ მუსიკოსს ცხოვრება გაუადვილეს. სანამ ეს ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყანაში ადგილს დაიმკვიდრებდა, ქორწილებსა და რესტორნებში მუსიკოსები ძირითადად დრამს, ელექტრო და ბას-გიტარებს, აკორდეონს, საყვირს, კლარნეტს, საქსოფონს, იშვიათად ვიოლინოს და ფლეიტას იყენებდნენ. სინთეზატორმა მუსიკალური ბიზნესი საფუძვლიანად შეცვალა. თუ ადრინდელი ანსამბლების წევრთა რიცხვი 7 კაცამდეც კი ადიოდა, სინთეზატორის პირობებში ორი მუსიკოსიც სავსებით საკმარისია, თანაც ხმის გამაძლიერებლითა და სამი მიკროფონით (ერთი აუცილებლად თამადას ეკუთვნოდა) გახვალ ფონს. ქორწილის მუსიკოსებს ხშირად „მუზიკანტელებს“ ან „ჯუზიკანტელებს“ ეძახდნენ. იგივე პროცესები დაიწყო რესტორნების მუსიკოსებშიც.

ამის შემდეგ ზოგიერთმა გადაწყვიტა საკუთარი შემოქმედება შთამომავლობისთვის შემოენახა. „ჯუზიკანტელებმა“ კასეტებზე საკუთარი შემოქმედების ჩაწერა და გავრცელება დაიწყეს. აზიური მელიზმით გაჯერებულ სიმღერებს, რომლებშიც უხვად იგრძნობოდა სომხური, აზერბაიჯანული, თურქული თუ ირანული ჰანგები, „მექორწილეებმა“ ქართული ტექსტები დაადეს და ბაზრებში გასაყიდად გამოიტანეს. როგორც აღვნიშნე, ასეთ სიმღერებს ყველა უბრალოდ „ქართულებს“ ეძახდა და მათი მომხმარებელი ძირითადად სარეისო ავტობუსების, სატვირთო ავტომანქანებისა და ტაქსების მძღოლები იყვნენ.

90-იანებში, ტერმინი „ქართულები“ დანაწევრდასავით და იგი „შოფრულებით“ ან „საქეიფოებით“ შეიცვალა. იმ პერიოდის ჰიტები იყო: „სამტრედია, სამტრედია, მუდამ მზიანო“, „მე მაინც დავარქმევ ჩემს გოგოს ნათიას“ (21-ე საუკუნეში გაჩნდა ამ სიმღერის სახელცვლილი რიმეიკი „მე მაინც დავარქმევ ჩემს გოგოს თამუნას“), „მაყვალივით ტუჩები გაქვს, პონჩიკივით ლოყები“, „ფული გაქვს?“, „მანქანას ვაჩერებ და ჩამოვდივარ, ჰაჯან!“, „აღარ მეძახიან ბიჭები დასალევად“, „დავლევ, აბა რას ვიზამ“, „დედა მიყვარს ძალიან, დედა ნატვრისთვალია“ და კიდევ მრავალი სხვა. დღემდე ესენი და მსგავსი სიმღერები ჟღერს საქართველოს საქალაქთაშორისო ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში. ამ სიმღერებში ტექსტების გარდა თითქმის აღარაფერია ქართული.

აწმყო

21-ე საუკუნის დასაწყისში აღნიშნულ მუსიკალურ ჟანრს გადაშენება დაემუქრა და სარეისო თუ საქალაქო ტრანსპორტში ან ტაქსებში „შოფრულ-საქეიფოების“ ძალდატანებითი მოსმენინება სამგზავრო რიტუალს თითქოს საიმედოდ ჩამოსცილდა და იგი ე. წ. „ქართულმა ესტრადამ“ ჩაანაცვლა. თუმცა, როგორც იტყვიან, „ეშმაკს არ ეძინა“ და თბილისში რამდენიმე „ქართულების“ გამავრცელებელი რადიო გაიხსნა. ამ რადიოების იდეოლოგებმა მძღოლთა „სიდენიების“ ქვემოდან ძველი, მანდილოსანთა ფრჩხილის ლაქით, იგივე „მანიკურით“ ფირგადაწებებული და ათასგზის ჩახვეული „ქართულების“ კასეტები გამოჩხრიკეს, სიმღერები „ააღორძინეს“, ეთერში გაუშვეს და გააჰიტეს. და რაც ყველაზე საყურადღებოა, ამას ყველაფერს „ქალაქური“ (ქალაქურები) უწოდეს!

დღეს ეგეთ „ქალაქურებს“ მღერიან არა მარტო პროფესიონალი ქორწილებისა და რესტორნების მუსიკოსები, არამედ „ვარსკვლავებიც“ – ჩვენი ესტრადის კორიფეები. ზოგიერთმა მედია და რადიობოსმა ჩათვალა, რომ ეს ფსევდოქართული, გურჯისტანულ-გრუზინეცური სიმღერებია ჩვენი ქალაქური „მეობის“, „გაგების“, „ჩახუტების“ გამოვლინება და „ქართული სულის ზეიმი“ (ზუსტად ეს სიტყვები წარმოთქვეს რადიო „არ დაიდარდოს“ გახსნისას). ჰოდა, ამ სიმღერებმა მარშრუტკებიდან რადიოების ეთერში გადაინაცვლა. შედარებით ახალი ჰიტების გამოვლინებებია: „სამი დალიე, შეგერგება“, „აფრები“, ნინო ჩხეიძის მთელი შემოქმედება და კიდევ მრავალი სხვა. რა თქმა უნდა, ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ამ სიმღერათა ტექსტებზეც.

ლირიკა

ამბობენ საქართველო ლექსის ქვეყანააო. ლექსი კი, მოგეხსენებათ, მრავალნაირია. იგი შეიძლება იყოს გენიალური და რაღაც გენიალურზე მეტიც. შეიძლება ლექსი იყოს კარგი, საშუალო დონის, ან სულაც პატიოსნად დაწერილი (ისეთი, რომ არ მოგწონს, მაგრამ წუნს ვერ დაუდებ), მოკლედ რომ ვთქვათ – ენის მცოდნე და რითმის პოვნაში გაწაფული კაცის დაწერილი. შეიძლება კაცმა გარითმულად დაწერო, მაგრამ ეს იყოს არა ლექსი, არამედ ის, რასაც ტექსტს უწოდებენ ხოლმე. თუ მე-20 საუკუნეში „ქალაქურ სიმღერებში“ აკაკის, ილიას, გალაკტიონისა და სხვათა ლექსებზე მღეროდნენ, დღევანდელი „ვარსკვლავები“ როგორც წესი, უბრალო „ტექსტებით“ კმაყოფილდებიან. ეს ტექსტები კი ან დაუფიქრებლად – რენდომულად ჩაყრილი სხვადასხვა პოპულარული სიტყვის ერთობლიობაა, ან დარდიან-ლოთურ განწყობაზე დაწერილი თუნდაც სატრფიალო ან პატრიოტული ტექსტი.

ტექსტი ლექსთან შედარებით თავის გამოხატვის პრიმიტიული საშუალებაა. იგი ყოველთვის ერთნაირად მარტივია და იმის მიხედვითაც შეიძლება დაიყოს, თუ როგორია მისი ავტორი. უფრო სწორედ, ტექსტით შეგვიძლია ჩავწვდეთ მისი ავტორების გონებრივ გაქანებას. სამწუხაროდ, თუნდაც პრიმიტიული, მაგრამ გულით ნათქვამი სიტყვები თანამედროვე ქართულ მუსიკაში თითქმის არ გვხვდება. ასეთ სიტყვებს უფრო ხალხურ სიმღერებში თუ წავაწყდებით: „ხოხბის ყელივით ლამაზი ქალი გადმადგა მთაზედა“, ან „მივალ გურიაში, მარა სულმა წინ-წინ გეიპარა“ და სხვა. მაგრამ ასეთი ტექსტები ძალიან მცირერიცხოვანია. დასაფიქრებელია, რატომ არ იწერება მეტი კარგი სიმღერა (უფრო კარგ სიმღერებზე აღარაფერს ვამბობთ). შეიძლება ამის მიზეზად ჩვენი ბედკრული ერის მცირერიცხოვნება მოგვეტანა, მაგრამ ამ ბოლო დროს მომღერლები ისეთი კატასტროფული სისწრაფით მომრავლდნენ, რომ სათქმელად ესეც აღარ დაგვრჩება.

ზოგიერთ სიმღერაში ჩვეულებრივი, უბრალო ტექსტებიც გვაქვს, მაგრამ „ჩვეულებრივი“ ლექსიც კი არ ვარგა და ტექსტზე რაღა გვეთქმის? მიუხედავად ამისა, ე. წ. ქართული შოუბიზნესი ამითაც კი არ არის განებივრებული. ამ კატეგორიაში ის ტექსტებიც იგულისხმება, რომელიც ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს ნერვებს არ აუშლის და თუ მუსიკამაც ხელი შეუწყო, შეიძლება სასიამოვნო მოსასმენიც კი იყოს. საშინელია „უაზრო“ ყოველგვარ აზრს და გრძნობას მოკლებული ტექსტი.

„ქალაქურებში“ ყველაზე ხშირად ტუტუცური და თავხედური ტექსტები გვხვდება. ამ ჟანრს საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს. იგი „უაზრო“ ტექსტთა კატეგორიას ენათესავება, თუმცა, უფრო დიდი პრეტენზიულობით გამოირჩევა. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება გავიხსენოთ ობმოკიდებული, ძველი სიმღერების ფრაგმენტები: „თბილისი იყო ურთიერთობა კეთილშობილთა ყრმათა“, „ვინც დალია, ისევ იმან დალიოს“ და სხვა. მართლაც და რა უნდა ჩვენს მეტად პოლიტიზირებულ საშუალო სტატისტიკურ ქართველს? „მასვი, მაჭამე, მალხინე!“ და „ვინც დალია, ისევ იმან დალიოს“. ტუტუცური არა მხოლოდ სიმღერა შეიძლება იყოს, არამედ მთელი შემოქმედება და ეპოქაც კი. სამწუხაროდ, ეს ტრადიციადქცეული სიმახინჯე დღესაც წარმატებით გრძელდება – „აფრები, აფრები, აუ, როგორ დავთვრები“ – ესაა რიგითი გრუზინეცის დარდიმანდული, ანუ, როგორც რუსები იტყვიან, „პოხუისტური“ განწყობა.

ახალი მარგალიტები

ახლა კი ტუტუცური ტექსტის მქონე ახალ მარგალიტებსაც მინდა შევეხო. ერთ-ერთი მათგანია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის „შანსონად“ წოდებული „ბლატნოი“ სიმღერის „ტაგანკას“ გადმოქართულებული ახალი ჰიტი „ობამა“, რომელიც ტვინში ალკოჰოლავარდნილი ჩვენი თანამემამულეებისთვის ფრიად სასიამოვნო და სალაღობო მოსასმენი გამხდარა. „ობამა, ბიძია თომას ბიჭია, ინგლისურის ცოდნა ხომ ნიჭია“ – გვამცნობს ხრინწიანი ვოკალი. ავტორმა კარგად გათვალა, რომ ამ ტექსტზე დარდიმანდი, ღიპიანი მსმენელი თუ არ გაიცინებს, აუცილებლად გაიღიმებს – თუნდაც ობამასა და ბიძია თომას „მახვილგონივრულ“ დაკავშირებაზე. მავანს ბავშვობაც გაახსენდება, როცა კლასგარეშე აიძულებდნენ „ბიძია თომას ქოხის“ წაკითხვას. შუფუტინსკისგან „ნასესხებ“ მელოდიაზე კი დარდიმანდი, შექეიფებული გურჯი აუცილებლად ტაშს შემოჰკრავს და სიამოვნების ჟრუანტელდავლილმა იქნებ „ჯუზიკანტელს“ ოცლარიანიც გადაუგდოს. რადგან აუცილებლად გაახსენდება როგორი ცხოვრება იყო ადრე, როგორ დაფრინავდა მოსკოვში 37 მანეთად და „გულაობდა“ რუსის „ნაშებში“...

„ინგლისურის ცოდნა ხომ ნიჭია“ – რა „ღრმა“ და „მრავლისმეტყველია“ ეს ფრაზა. თუმცა დარდიმანდი და ალკოჰოლით გაბრუებული გურჯი ტექსტის შინაარსზე არ ფიქრობს. არადა თუკი ინგლისურის ცოდნა (და არა სწავლა) ნიჭია, გამოდის, ნახევარზე მეტი მსოფლიო (ამერიკელები, ბრიტანელები და ა. შ.) უნიჭიერესი ხალხია, ხოლო თვითონ ამ სიმღერის მომხმარებელი – რომელმაც მხოლოდ ქართული და ზოგჯერ რუსულიც იცის – უნიჭო და უტვინო. კიდევ კარგი, ამას ყველაფერს რომ ვერ ხვდება, თორემ სიამაყეშელახული და მთვრალი, ვიღაცას ცემით ძვალსა და რბილს გაუერთიანებდა.

დღევანდელი პოლიტიზირებული მოქეიფენი ისევ და ისევ პოლიტიკურ თემაზე დაწერილ სიმღერებს ითხოვენ, თანაც აუცილებლად რუსულ, ნოსტალგიურ ჰანგებზე. ამავე დროს, სიმღერა აუცილებლად სახუმარო, ანუ საღლიცინო უნდა იყოს. ასეთია თითქოს „საზოგადოებრივი დაკვეთა“, რომელსაც ქართული დარდიმანდი რადიო-მედია და მუსიკოსები უმწიკვლოდ ასრულებენ.

აქვე დღევანდელი „ქალაქური სიმღერის“ მეორე, სულ თოთო, სიმილაკისა და მალიშისმწოველი პოლიტიკურ თემაზე შექმნილი ნიმუშიც უნდა ვახსენო. მას ქართული ესტრადის ვარსკვლავი – დავით გომართელი ასრულებს. ჩვენ ყველანი ძლიერ შეგვაწუხა მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა. ეს გლობალური პრობლემა, რა თქმა უნდა, არც ქართველ მუსიკოსებს გამოჰპარვიათ. სხვამ ვინ, თუ არა სახელოვანმა ვარსკვლავმა, გულთან ყველაზე ახლოს უნდა მიიტანოს პლანეტის გასაჭირი და ნებისმიერი ჟანრის სიმღერაში ეს სატკივარი უნდა ამოთქვას. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბატონი დავითი არც საქართველოში გაყვანილი ნავთობსადენის მიმართ დარჩენილა გულგრილი და მას რუსულ-ქართულ-აზერბაიჯანული სიმღერა მიუძღვნა. ამჯერად მომღერალი მხოლოდ ქართული ტექსტით შემოიფარგლა, სამაგიეროდ მელოდიაა მაინც რუსული. რა ჯობია გამზადებულ ჰანგებზე ტექსტების მორგებას! სიმღერის „დაიკიდე კრიზისი“ მოტივი ავტორებმა რუსული როკ-ჯგუფის, „ბრავოს“ მუსიკიდან იჩუქეს. ტექსტი კი საკმაოდ ამბიციურია, აი, ისეთი – გურჯულ-მესიანისტური, რომელიც ჩვენს ეროვნულ პატივმოყვარეობას, როგორც ჩანს, მშვენივრად აკმაყოფილებს. „ევროპა, აზია, ჩვენი დასახაზია, და რაც მათ სურთ იცოდნენ, ეს მხოლოდ გაზია“. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბატონი დავითი ადრე ნავთობსადენს უმღეროდა, ამჯერად კი იგი გაზსადენზე ამღერდა. „ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტი წითელ ხაზად გასდევს სიმღერას. თუმცა აღნიშნული ჰიტის ცალკეული ნაგლეჯები „უაზრო“ ტექსტების კატეგორიაშიც შეგვიძლია მოვათავსოთ. მაგალითად: „თუ გინდა გული გაიხალისო, ნუ ფიქრობ კრიზისზე, გამოდი აივანზე“. ტექსტის ავტორმა „კრიზისზე“ „აივანზე“-ს გაურითმა. მშვენიერი პოეტური მიგნებაა, ვერაფერს იტყვი.

ბოლოთქმა

როგორც ხედავთ, ახალი „ქალაქური სიმღერა“ ვითარდება. იგი ჩვენი დარდიმანდულობის და წაყრუების (თუ დაყრუების) წყალობით ახალ მწვერვალებს იპყრობს და სულ მალე აუცილებლად მსოფლიოს სწორედ ამ კულტურით გავაცნობთ საკუთარ თავს. მავანი მკითხველი ახლა შეიძლება გაგვიწყრეს – რას ჩააცივდით ამ უწყინარ და სალაღობო მუსიკას, ახლა ხომ დემოკრატიაა და ვისაც რა მოეპრიანება იმას მღერისო. კი ბატონო, იყოს ეგრე, უბრალოდ, ჩვენც ვაქვს უფლება ამ „ერთი შეხედვით“ უწყინარ შემოქმედებაზე დავწეროთ ის, რასაც ვფიქრობთ. და კიდევ, როგორც „ქალაქური ფოლკლორის“ მსმენელი, ყველას გთხოვთ, ნუ უწოდებთ „ქალაქურ მუსიკას“, „ქალაქურ ფოლკლორს“ იმას, რაც საერთოდ არანაირ კავშირში არაა ნამდვილ ქართულ სიმღერასთან. სწორედ ამიტომაც დღევანდელ სტატიაში ტერმინ „ქართულის“ ნაცვლად ან „გრუზინული“, ან „გურჯული“ გამოვიყენე.

ჟურნალი „ტელეგრაფი“ #1, ივნისი, 2009 წელი

No comments:

Post a Comment