Sunday, June 24, 2012

მუსიკა რიტუალებისთვის

ერთგვარი რიტუალურ-ვირტუალური წინასიტყვაობა

დავიწყებ იმით, რომ ძალიან ბევრი რამ პირადად ჩემთვის რიტუალია – თვით კომპიუტერთან მუშაობა. წერისთვის მჭირდება განწყობა, ან მისი შექმნა, აგრეთვე, ერთი დიდი ჭიქა შავი ჩაი, სკამზე ცალფეხმორთხმით მოკალათება, პროგრამა „მაიკროსოფთ ვორდის“ (მისი მომგონი დაილოცოს!) გახსნა და, რაღა თქმა უნდა, ვინამპში მუსიკის ჩართვა.

არსებობს ათასგვარი რიტუალი – რელიგიურით დაწყებული, უბრალო ბანაობით დასრულებული. რიტუალებს უძველესი ფესვები აქვს. მუსიკასაც სწორედ რიტუალების დროს ასრულებდნენ – რელიგიური მსხვერპლთშეწირვა იქნებოდა ეს თუ კოლექტიური ნადირობა. ადამიანები გალობდნენ, ტამტამებს სცემდნენ, რქებისგან და ხისგან გაკეთებულ სასულე ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, ცეკვავდნენ. სადაც რიტმია, იქ ყოველთვის მუსიკაა. სიმღერის წარმოშობის ერთ-ერთი ვერსია ერთ მულტფილმშიც კია ასახული (სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს). ვთქვათ, პირველყოფილ ევროპელს, აი, ჩვენს ქართველ ზეზვას მუშაობისას ხელიდან გაუვარდა დიდი ლოდი და იგი მეზობელი გამოქვაბულიდან დასახმარებლად მოსულ ზორბეგს ფეხზე დაეცა. ზორბეგი ტკივილისგან კი არ აკვნესდა, ხმამაღლა აყვირდა. ჩვენს ზეზვას ისეთი ფაქიზი მუსიკალური სმენა აღმოაჩნდა, რომ ზორბეგის ტკივილნარევი შესანიშნავი ტენორის გაგონებისას დიდი სიამოვნება მიიღო. ამის შემდეგ ჰედონისტმა ზეზვამ თავის საყვარელ მეუღლეს, მზიას უხმო, ანიშნა ნახე რა მოხდესო, მერე ის ლოდი ზორბეგს ახლა უკვე მეორე ფეხზე თხლიშა და მისი ხმის მოსასმენად გაირინდა... თურმე ასე ტკივილიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო პირველი სიმღერა. მას შემდეგ გვტკივა თუ გვიხარია, ვმღერით, ვუკრავთ, ვუსმენთ.

ბანალურად რომ ვთქვა, ქართველები ოდითგანვე მუსიკალური ნიჭის მქონე ხალხი ვყოფილვართ და ახლაც ვართ. მუსიკა და სიმღერა პრაქტიკულად ყველგან ჟღერდა – ნადირობის, ნადის, მკის, რთველის, მგზავრობის, ომში წასვლის, ომიდან დაბრუნების, ტაძარში წირვა-ლოცვის, ტრაპეზობის, ქორწილის, ნათლობის, დაკრძალვის და კიდევ სხვა მრავალი რიტუალის დროს. მუსიკა თავად არის რიტუალი და რიტუალი – მუსიკა.

ტექნიკის და ცივილიზაციის განვითარების შემდეგ ახალი სარიტუალო სიმღერები და მუსიკა გაჩნდა. დღეს ჩვენ ვმღერით მიტინგებზე, მანიფესტაციებზე, მგზავრობისას მუსიკას მანქანებში, მატარებლებში, თვითმფრინავებში ვუსმენთ, ქუჩაშიც კი ყურსასმენებით დავდივართ.

მცირე ისტორიული ექსკურსი, თუ რაცაა

გასული საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გაჩნდა: უბრალო შავ-თეთრ ფოტოქაღალდზე არალეგალურად დაბეჭდილი ბანქო ტიტველი ქალებით, პირველი იაპონური სინთეზატორები და ნორმალური ხარისხის საბჭოთა თუ იაპონური წარმოების კასეტებიანი მაგნიტოფონები. ეს პორნო-ბანქო სტატიისთვის არ გამოგვადგება, ამიტომ გვერდზე გადავდოთ და აუდიო ტექნიკას და ახალ მუსიკალურ ინსტრუმენტს მივუბრუნდეთ. სინთეზატორებმა ბევრს ცხოვრება გაუადვილა. ყველაზე მეტად გავრცელდა ფირმა YAMAHA-ს სინთეზატორი, რომელსაც ზოგიერთი მეტად „ერუდირებული“ მუსიკოსი რუსულად კითხულობდა და „უამანა“-ს უწოდებდა. სანამ ეს მოწყობილობა ჩვენს რიტუალებით მდიდარ ქვეყანაში ადგილს დაიმკვიდრებდა, ცერემონიებისთვის პატარა მუსიკალურ ანსამბლებს ქირაობდნენ. ქორწილებში მუსიკოსები ძირითადად დრამს, ელექტრო და ბას-გიტარებს, აკორდეონს, საყვირს, საქსოფონს, იშვიათად ვიოლინოს და ფლეიტას იყენებდნენ. ქელეხებზე სასულე ორკესტრებიც კი უკრავდა, იშვიათი არც დოლ-გარმონისა და კლარნეტის ტრიო იყო. ცხონებულს რაც უყვარდა ის დაუკარითო, იძლეოდნენ შეკვეთებს. სხვათა შორის, სსრკ-ში, ათეიზმის აღზევებისას დაკრძალვის რიტუალმა მეტად უცნაური სახე მიიღო. პირველ რიგში, აღსანიშნავია სახლიდან გამოსვენებისას მიცვალებულიანი სასახლის სამჯერ კარზე მიჯახუნება (აქაოდა ეს იყოს უკანასკნელი მიცვალებული ამ ოჯახშიო), სკამების ამოყირავება (სიმბოლურად ცოტა გაურკვეველია), ქუჩის მოსახვევში პატარა გაშლილი სუფრა, იქ სასაფლაოსკენ მიმავალი ჭირისუფლების მიერ გარდაცვლილის სახელზე მოსაგონარის შესმა და ა. შ. გასაოცარი რამეებიც ხდებოდა. ზოგჯერ, სანამ მიცვალებულს სასაფლაოზე შეაბრძანებდნენ, დოლ-გარმონი საცეკვაოს დასცხებდა. პროცესია ჩერდებოდა და ამ გახელებული მუსიკის რიტმზე მიცვალებულს „აცეკვებდნენ“. ამას ისე ენერგიულად სჩადიოდნენ და კუბოს ზემოთ-ქვემოთ ისე მონდომებით არწევდნენ, სასახლიდან ჰაერში ამოვარდნილი ცხედარიც ჩანდა. აღდგომის დღეებში სასაფლაოები ხალხით, წითელი კვერცხებით, სინთეზატორიანი მუსიკოსებით და პურ-მარილით ივსებოდა. სხვათა შორის, ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე (კუბოს კარებზე სამჯერ მიჯახუნება და ა. შ.) ყოვლად მახინჯი, პროვინციალური რიტუალებია, რომელსაც ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არა აქვს – ამაზე ნებისმიერი სასულიერო პირი დაგემოწმებათ.

სინთეზატორმა საქორწინო ბიზნესი საფუძვლიანად შეცვალა. თუ ადრინდელი ანსამბლების წევრთა რიცხვი 7 კაცამდეც კი ადიოდა, „უამანას“ ეპოქაში ორი მუსიკოსიც სავსებით საკმარისია, თანაც ხმის გამაძლიერებლითა და სამი მიკროფონით (ერთი აუცილებლად თამადას ეკუთვნოდა) გახვალ ფონს. ქორწილის მუსიკოსებს ხშირად „მუზიკანტელებს“ ან „ჯუზიკანტელებს“ ეძახდნენ. მიუხედავად ტექნიკის განვითარებისა, ამ რიტუალების „გაგება“, „ჩახუტება“ და „მეობა“ არ შეცვლილა და დღესაც ხშირად იგივეა, რაც თუნდაც 30 წლის წინ იყო – გონებისდაკარგვამდე თრობა, სიმღერის ნაცვლად ღმუილი, ცეკვის ნაცვლად კუნტრუში, ძუნძული და ა. შ.

ზოგმა მუსიკოსმა გადაწყვიტა საკუთარი ალკოჰოლურ-ნაბახუსევი შემოქმედება შთამომავლობისთვის შემოენახა. ხარისხიანი მაგნიტოფონები ტყუილად არ მიხსენებია. ჩამწერებს ჩვენს ქვეყანაში მაღალი ხარისხის კასეტებიც შემოჰყვა. „ჯუზიკანტელებმა“ კასეტებზე საკუთარი შემოქმედების ჩაწერა და გავრცელება დაიწყეს. აზიური მელიზმით გაჯერებული სიმღერებს, რომლებშიც უხვად იგრძნობა სომხური, აზერბაიჯანული, ბოშური თუ ირანული ჰანგები, „მექორწილეებმა“ ქართული ტექსტები დაადეს და ბაზრებში გასასყიდად გამოჰყარეს. ასეთ სიმღერებს ყველა „ქართულებს“ ეძახდა. მათი მომხმარებელი ძირითადად მძღოლები იყვნენ. ამიტომ მოგვიანებით, 90-იანებში, ტერმინი „ქართულები“ „შოფრულებით“ შეიცვალა. 90-იანი წლებიდან დღემდე მსგავსი სიმღერები ჟღერს საქართველოს საქალაქთაშორისო ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში. 21-ე საუკუნის დასაწყისში აღნიშნულ მუსიკალურ ჟანრს გადაშენება დაემუქრა და ტრანსპორტში „შოფრულების“ ძალით მოსმენინება სამგზავრო რიტუალს თითქოს საიმედოდ ჩამოსცილდა და იგი ე. წ. „ქართულმა ესტრადამ“ ჩაანაცვლა. თუმცა, როგორც იტყვიან, „ეშმაკს არ ეძინა“ – თბილისში რადიო „არ დაიდარდო“ გაიხსნა და ჰოი საოცრებავ! ამ რადიოს იდეოლოგებმა მძღოლთა „სიდენიების“ ქვემოდან ძველი, მანიკურით ფირგადაწებებული „ქართულები“ გამოჩხრიკეს, სიმღერები „ააღორძინეს“, ეთერში გაუშვეს და გააჰიტეს. თუმცა ამაზე კიდევ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

არადა, გვაქვს!

ცნობილია, რომ ადრინდელ, ძველ საქართველოში რიტუალები მეტ-ნაკლებად თავისუფალი იყო იმ მანკიერებებისგან, რაც დღეს თვალშისაცემია – გონებისდაკარგვამდე თრობა, ზედმეტად გამაღიზიანებელი თეატრალურობა, უწესრიგობა და ა. შ. მთაში მიცვალებულთა დატირება ხელოვნების დონემდე იყო აყვანილი. არსებობდნენ მოტირალი ქალები, რომლებიც სიმღერით ტიროდნენ. ამათგან იყვნენ გამორჩეულები, რომელთაც სხვადასხვა პანაშვიდებზე იწვევდნენ კიდეც. მამაკაცები ლხინის სუფრაზე მღეროდნენ. ქართული სიმღერა კი საკმაოდ დიდ ენერგიას ითხოვს და, ამიტომ, როგორც ამბობენ, ქართველი მამაკაცები გონების გათიშვამდე არასოდეს თვრებოდნენ. ამაში ნებისმიერი ფოლკლორისტი დაგემოწმებათ. რუსეთის ორასწლოვანი ბატონობის შემდეგ, ისევე, როგორც ბევრი ქართული თვისება და ხასიათი, სარიტუალო მუსიკა პრაქტიკულად გადაშენდა ან გადაგვარდა. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული შრომის სარიტუალო სიმღერა არსებობდა, რომელიც მხოლოდ სცენაზე სრულდებოდა (ისიც მე-20 საუკუნეში), კომუნისტურ ეპოქაში იგი კოლმეურნეთა იდეოლოგიური სიმღერებით ჩანაცვლდა, ეკლესიებში ქართული სასულიერო მუსიკა შეიზღუდა – მოგეხსენებათ წირვა-ლოცვაც კი აკრძალული იყო ქართულად, საგალობლებზე რომ არაფერი ვთქვათ.

არადა, საგალობლებთან ერთად ქართველებს მართლაც უნიკალური ფოლკლორი გვაქვს – საოცარი პოლიფონიის მქონე სიმღერები, რომლითაც მთელს მსოფლიოში თავი მოგვაქვს და არც თუ უსაფუძვლოდ. ცეკვა-თამაშიც შესანიშნავი ვიცით. საოცარია, რომ ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხის მუსიკა საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და განუმეორებელია. ამ მხრივ თუნდაც ქალაქურ მუსიკაშიც სხვადასხვა ინტონაციებია. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთსა და ჩვენს მეორე დედაქალაქ ქუთაისში ქალაქური მუსიკა გიტარის თანხლებით სრულდებოდა, აღმოსავლეთში, თბილისში – უფრო დუდუკის. აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქურ მუსიკაში დიდი დოზით იგრძნობოდა ირანული და სომხური მუსიკის გავლენა. შესაბამისად არაქართული მელიზმები დღემდე ყურს ჭრის ხოლმე და ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენი ზემოთნახსენები „ქართულების“ შემოქმედების საფუძველიც იყოს. დასავლეთში კი რუსულ-ევროპული რომანსის ტრადიცია დამკვიდრდა. თუმცა ამ ორივე ქალაქის საუკეთესო მუსიკალურ ნიმუშებში მთავარი ქართული პოლიფონია იყო. თავის მხრივ „ქალაქური სიმღერები“ ფოლკლორთან ერთად ძალიან ბევრი ქართველი კომპოზიტორისა და მუსიკოსის შთაგონების წყარო გახდა.

დასავლეთ საქართველოს ქალაქური მუსიკის შესანიშნავი შემსრულებლები იყვნენ: „დები იშხნელები“, ინოლა გურგულია, „ცისფერი ტრიო“, კომპოზიტორთაგან რევაზ ლაღიძე (მისი საესტრადო სიმღერებით) და ა. შ. აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქურ სიმღერებში შეგვიძლია შევიყვანოთ ყარაჩოხელური ბაიათები, მანანა მენაბდის გიტარაზე დამღერებული სიმღერები, კომპოზიტორთაგან – გოგი ცაბაძე (მისი საესტრადო სიმღერებით) და სხვანი. სხვათა შორის, საქართველოში თანამედროვე მუსიკის, თუნდაც როკის შემსრულებლებშიც იგრძნობა ხოლმე „ქალაქური მუსიკის“ ზეგავლენა. ირაკლი ჩარკვიანი ამის შესანიშნავი მაგალითია. ჩემის აზრით, ირაკლი სუფთა თბილისური მოვლენაა, ისევე, როგორც რობი კუხიანიძე და მისი ჯგუფი „აუტსაიდერი“ – ქუთაისური. ბევრი თვლის, რომ ოთარ რამიშვილის და ავთო შარვაძის შემოქმედებაც „ქალაქური სიმღერებში“ გადის, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს მეტად პატივცემული მომღერლები ქართველი ბარდები უფრო არიან.

რიტუალი მარშრუტკაში (სადო-მაზო)

აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, ჩვენი დედაქალაქის მერიას ვთავაზობ ქალაქ თბილისის გერბში აუცილებლად ჩავამატოთ მარშრუტკა – ეს უძვირფასესი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩვენს ყოფას და ყოველდღიურობას ისე ორგანულად შეერწყა, მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ქართველის სივრცეში გადაადგილება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადაკეთებული საბარგო მიკროავტობუსია, რომელშიც ფანჯრები ჩასვეს, „სიდენიები“ ჩაამაგრეს და მერე „ხაზზე“ გაუშვეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ჭირს მასში მოკალათება. სკამები ისე ახლოს ჩაუდგამთ ერთმანეთთან, მოკალათებას თავი გავანებოთ, საერთოდ ჯდომა ჭირს. დაჯდომამდე კი ჯერ კაბინაში უნდა შეძვრე და ამ დროს ვიღაცის ფეხს, ხელს, თავს ან კარებიდან გამოშვერილ მაზუთიან ჭანჭიკს უნდა გაედო. მერე უკვე მგზავრობის დაუვიწყარი რიტუალი იწყება.

ბევრმა მძღოლმა იცის, რომ ტექნიკა ისეა წინ წასული, საყვარელი კასეტების მოსმენა საჭირო აღარაა. მით უმეტეს, როცა არსებობს FM რადიო და მის სივრცეში მისი საყვარელი რადიოარხები: „არ დაიდარდო“ და „საქართველოს ხმა“. ამ უკანასკნელზე ხშირად მდარე რუსული ესტრადას ატრიალებენ და მის ფონზე ბევრ ჭარმაგ ადამიანს ის „ბედნიერ ეპოქა“ აგონდება, როცა „აეროფლოტის“ ტუ-134-ით (ან 154-ით) მოსკოვში 37 მანეთად დაფრინავდა, რუბლდვაცატიან „კალბასს“ ყიდულობდა, ფულს შემნახველ სალაროში ინახავდა, ალა პუგაჩოვას და ვია „სამოცვეტის“ უსმენდა, ხოლო ზაფხულობით კისლავოდსკში და სოჭში ტანცპლოშადკებზე რუს ნაშებს კერავდა... ამის გახსენებაზე იგი სენტიმენტალურდება, მაგრამ მარშრუტკის შემუხრუჭებისას ფხიზლდება, გაიხედავს, გამოიხედავს, ამოიოხრებს და ჩუმად თავისთვის ამ მთავრობას შეუკურთხებს – ისე, უბრალოდ, ტრადიციულად, ყოველმიზეზგარეშე. კაბინაში, რა თქმა უნდა, მგზავრობის რიტუალის განუყოფელი სურნელებაც იგრძნობა, ხშირად გაუმართავი „გლუშიტელის“ გამო გამონაბოლქვი კვამლის მხუთავი სუნი დგას, ზოგჯერ კი ზედმეტად ადამიანური არომატებიც დათარეშობენ. ამ დროს მარშრუტკაში სუფრა იშლება, რადგან რადიო „არ დაიდარდოს“ ტალღაზე ერთმანეთს ჯერ სადღეგრძელოებში ეჯიბრებიან, მერე მიძღვნებსა და სიების ჩამოთვლაში, ბოლოს ამ ყველაფერს რაიმე ჰიტი აგვირგვინებს, სადაც ვინმე გულჩათხრობილი, სევდიანი, მარა სიმთვრალისგან აჟიტირებული „ჯუზიკანტელი“ მორიგ სასმისს სვამს და დუკატა-დუკატა-დუკატა-დუკატა რიტმის ფონზე სიმღერით ითხოვს დაუკარით ერთიც უნდა დავლიოს ან სამი დალიე შეგერგებას ან აღარ მეძახიან ბიჭები დასალევადს...

აღნიშნული რადიო, მართალია, ზოგჯერ ნამდვილ ქალაქურ და ხალხურ სიმღერებსაც წყალობს, მაგრამ ეს მხოლოდ ზოგჯერ. დანარჩენ დროს კი, ქართული ენა რომ არ გესმოდეს, ეშმაკიც ვერ გაარჩევს რა ეროვნების ან რა რჯულის მომღერალი მღერის და საერთოდ ვის უმღერის. ხვდები რომ მთვრალია, მაგრამ ვერ ხვდები რატომ. გრძნობ, რომ ბრაზობს, მაგრამ თუ ბრაზობს, რატომ არ იგინება? ან თუ ასეთი უმწიკვლოა და გინება არ შეუძლია, რატომ ბრაზობს და საერთოდ რისთვის სვამს? ან თუ სვამს და სიმღერა არ შეუძლია რატომ არ გაჩუმდება და ა. შ. გასაგებია, რომ ამ რადიოს პრეტენზიული ფორმატი აქვს – „ქართული სულის ზეიმი“ (თავის დროზე მისი პრეზენტაციისას ასეთი ფრაზა მოვისმინე), მაგრამ მუსიკის უმრავლესობა, რაც მის ეთერში გადის, ქართული კი არა მახინჯი გურჯისტანული სინამდვილეა, სადაც ყველა მთვრალი უნდა იყოს და დღენიადაგ ქეიფზე უნდა ფიქრობდეს. ეს „ქართული სულის ზეიმი“ არ არის ბატონებო, არც ის სიმღერების უმეტესობაა ჩვენებური, რაც ეთერში ჟღერს. ესაა საბჭოეთის დროს გადაგვარებულ-დამახინჯებული გურჯისტანი, ან ГССР და არა ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენ თქვენთან ერთად გვინდა გვქონდეს.

ანალოგიური სიტუაციაა პოსტ-საბჭოთა სივრცის უმეტეს ქვეყნებში. მსგავსი „შოფრული“ სიმღერები ჟღერს კავკასიაში, რუსეთში, უკრაინასა და თუ ბელორუსიაში. ყალბმა ყოფილმა სახელმწიფომ და იმპერიამ შვა ყალბი ფსევდო ინტერნაციონალური მუსიკა, რომელიც ჩვენ ყველგან დაგვსდევს და ხშირად ნერვებსაც გვიშლის ხოლმე. მათზე არსებობს მოთხოვნა და „ჩორნიე გლაზა“ თავისუფლად შეიძლება მოისმინოთ როგორც ქართულ, ასევე, რუსულ და, გნებავთ, სომხურ სარეისო ტრანსპორტში.

ბოლოთქმა

არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მარშრუტკის მძღოლებისა და ქორწილის მუსიკოსების საქმიანობაზე ცუდი შეხედულების ვარ, პირიქით, ძალიან ვაფასებ მათ შრომას. უამრავი ასეთი მუსიკოსი უზომოდ დიდი ნიჭის პატრონია და ბარე ორ ე. წ. ესტრადის ვარსკვლავსაც ჯობია. ისიც ვიცი, რომ ბევრი მათგანი იძულებულია ისეთი სიმღერა შეასრულოს, რომელსაც გასაგონად ვერ იტანს. გასაგებია ისიც, რომ ყველას გვიჭირს. უბრალოდ ვეცადე ყურადღება გამემახვილებინა იმ სიმახინჯეებზე, რომელიც თვალსა და ყურს ჭრის, ბევრ ადამიანს განწყობასა და ხალისს უკარგავს. სამწუხაროა, რომ ასეთ უმდარესი გემოვნების მქონე სიმღერების პოპულარიზაციას რადიოები აკეთებენ. ამას ალბათ ახსნიან იმით, რომ ხალხში ასეთი მუსიკის მოთხოვნილება არსებობს და ეს საზოგადოებრივი დაკვეთაა. აი, ამ დაკვეთის ნამდვილად არ მჯერა, რადგან საქართველოს ბევრ სოფელსა თუ პატარა ქალაქში ვარ ნამყოფი, სადაც უყვართ და თავადაც შესანიშნავად ასრულებენ ხალხურ თუ ქალაქურ სიმღერებს...

ქართველ მსმენელს ნაღდისა და ყალბის ერთმანეთისგან გარჩევის უდიდესი ნიჭი აქვს და, დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა მაინც ერთხელ და სამუდამოდ მოიცილებს იმ მახინჯ ფსევდოტრადიციულ რიტუალებს და უყალბეს გურჯისტანულ მუსიკას, რომელსაც არანაირი ფასეულობა არა აქვს და ამის შემდეგ ქართული კულტურა ბევრად მიმზიდველი და, რაც მთავარია, უფრო ჩვენი გახდება.

სტატია დაიწერა ჟურნალისთვის „სინდრომი“ 2009 წელს.

3 comments:

  1. როგორ ფიქრობ, შეიცვალა რამე 3 წლის მანძილზე? ოდნავ მაინც..

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, შეიცვალა... ახლა ასეთი მუსიკა ძალიან ბევრ რადიოში ჟღერს, ლამის ეროვნული სიმბოლო გახდა.

      Delete
  2. what have we done... :D კიმარა ჩვენ რას გვერჩიან ? უდანაშაულო მსმენელებს :D

    ReplyDelete