Thursday, January 18, 2018

ქართული ჯაზის ისტორია გელა ჩარკვიანთან ერთად

ცნობილი ქართველი დიპლომატი და პედაგოგი გელა ჩარკვიანი ჩემს ცნობიერებაში თავისი ტელეგადაცემით „გლობუსი“ შემოვიდა, სადაც იგი საინტერესოდ მოგვითხრობდა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხზე, მათ ისტორიაზე, პოლიტიკასა და კულტურაზე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში გელა ჩარკვიანი პოპულარულ მწერლადაც მოგვევლინა. მისი წიგნები – „ნაგერალა“, „ნაგერალა 2“, „ინტერვიუ მამასთან“ და „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ ბესტსელერები გახდა. გელა ჩარკვიანი მუსიკოსი და კომპოზიტორიცაა. იგი დიდი ხანია მუსიკას ქმნის და რამდენიმე ალბომიც აქვს გამოშვებული. ვიცოდი, რომ ის ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ორკესტრებთან. იყო და არის ჯაზის უდიდესი თაყვანისმცემელი. მას სწორედ მუსიკაზე სასაუბროდ ვეწვიე.

– ბატონო გელა, მუსიკას როგორ სწავლობდით?

– მე-6 კლასში ვიყავი, როცა სიმფონიურთან ერთად დავუკარი ანდრია ბალანჩივაძის მე-3 კონცერტის მე-3 ნაწილი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწარმოების პირველი შემსრულებელი ვარ. მოსკოვში რომ გადავედით საცხოვრებლად, იქ მთელი წელიწადნახევარი ნიჭიერთა ათწლედში ვიყავი, სადაც თავის დროზე ბევრი ცნობილი კომპოზიტორი სწავლობდა. მერე თავი მივანებე, მასწავლებელი არ მომეწონა. მოგვიანებით, მუსიკის წერა და ჯაზის შესრულებაც დავიწყე.

– აკრძალული იყო თუ არა ჯაზი სსრკ-ში?

– ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ პერიოდს გულისხმობთ. 1930-იან წლებში სსრკ-ში ჯაზი დაშვებული იყო, არავის აუკრძალავს. ალექსანდრე ცვასმანი უკრავდა, ედი როზნერის ორკესტრი იყო. ნამდვილი, დიდი სვინგ-ორკესტრები უკრავდნენ. ზოგადად მსოფლიო ჯაზშიც სვინგი იყო ტენდენცია და სსრკ-შიც უკრავდნენ სვინგს. ლეონიდ უტიოსოვი უფრო მსუბუქად უკრავდა, მაგრამ ესეც ჯაზი იყო. კომპოზიტორი მაქსიმ დუნაევსკი წერდა, უფრო მეტს გავაკეთებდი ჯაზისთვის, მეტი შესაძლებლობები რომ მქონოდაო. რა თქმა უნდა, საბჭოთა ჯაზი ვერ იქნებოდა ამერიკულის სიმაღლის, რადგან ეს უკანასკნელი ჯაზის სამშობლოა და ყოველთვის წინ იყო თავისი განვითარებით, მაგრამ 1930-იან წლებში სსრკ-ში უკრავდნენ ჯაზს და მსმენელს ეს მოსწონდა. იგი ომის შემდეგ აიკრძალა. სტალინი მუსიკაში კარგად ერკვეოდა – თავის დროზე ეგზარქოსის გუნდშიც მღეროდა, ნოტებიც კარგად იცოდა, უყვარდა ოპერა. მამაჩემი ყვებოდა, რომ თითქმის ყველა ოპერის პატეფონის ფირფიტები ჰქონდა, ხშირად უსმენდა და ზეპირადაც იცოდაო. აი, ასეთი გემოვნება ჰქონდა, ამიტომ მისთვის განსხვავებული მუსიკა მიუღებელი გახდა და ეს არ იყო მხოლოდ ჯაზი. მან მკაცრად გააკრიტიკა კომპოზიტორები – შოსტაკოვიჩი, პროკოფიევი ან თუნდაც ვანო მურადელი. მართალია ეს პირადად არ გაუკეთებია, მაგრამ ერთ-ერთ მდივანს ათქმევინა.

– და ჯაზის აკრძალვის კონკრეტული მიზეზი რა გახდა?

– ომის შემდეგ, როდესაც საბჭოთა მეომრები შინ დაბრუნდნენ, საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა – მათ ნახეს ევროპა, ცხოვრების მაღალი დონე, წესრიგი ამ ქვეყნებში და ბუნებრივია, შედარება დაიწყეს. მაშინ სტალინმა შემოიღო ტერმინი – Низкопоклонство перед Западом (დასავლეთისადმი ქედის მოხრა). როცა მამა საქართველოში თანამდებობიდან გათავისუფლდა, საცხოვრებლად მოსკოვში გადავედით და იქ მე-7 კლასიდან ვსწავლობდი. მაშინ უკვე დაიწყო საუბრები, რომ დასავლეთს ქედი არ უნდა მოვუხაროთ, რადგან არაფრითაა ჩვენზე უკეთესიო... სწორედ ამ პერიოდში ყველა დიდი მეცნიერული მიღწევა, რაც კი მსოფლიოში არსებობდა, რუსებს მიაწერეს. მე ისეთი სახელმძღვანელოებით ვსწავლობდი, სადაც არც ალექსანდრე ვოლტა იყო ნახსენები, არც ჯეიმზ ვატი... ეს ამან აღმოაჩინა, ეს იმან გამოიგონაო – ვიღაც რუსებზე ეწერათ. ეს ისტერია რამდენიმე წელი გაგრძელდა. სტალინი რომ გარდაიცვალა, მერე მიხვდნენ, რომ ასე აღარ შეიძლებოდა, თუმცა რაღაცეები მაინც შემორჩა.

გელა ჩარკვიანი ინსტრუმენტთან, 1974 წელი
იგივე ეხებოდა ჯაზსაც. ჯაზი დასავლური, კერძოდ, ამერიკული მუსიკა იყო. იმ პერიოდში ამერიკას უკვე ჰქონდა მთავარი იარაღი – ატომური ბომბი. მოგვიანებით, 1949 წელს საბჭოთა კავშირმაც შექმნა ეს იარაღი. სწორედ ამ სამხედრო ჭიდილში სსრკ-სთვის მთავარი ანტაგონისტი ამერიკა გახდა, ხოლო ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი თავისუფლების მუსიკა მაშინ ჯაზი იყო. ამიტომ ჯაზი უმაღლეს დონეზე აიკრძალა. წმინდა მუსიკალურ-პროფესიულ რანგში თუ განვიხილავთ, ჯაზისთვის დამახასიათებელი დისონანსური აკორდის გამოყენებაც კი აღარ შეიძლებოდა. ეს აკრძალვა სტალინის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ჯაზს კრძალავდა, მან სახელმწიფოსთვის მომგებიან ფინანსურ ცდუნებას ვერ გაუძლო და ომის ნადავლი ფილმები ეკრანებზე გაუშვა. ამ ფილმებს შორის ამერიკული ცნობილი „მზიური ველის სერენადაც“ იყო თავისი უბრწყინვალესი მუსიკით. სურათში კვარტეტიც მღეროდა The Modernaires ერქვა. როდესაც ლონდონში ვმუშაობდი, მაშინ ვთქვი, რომ „ჩატანუგა ჩუჩუმ“ (სიმღერა აღნიშნული ფილმიდან ლ.გ.) უფრო მეტი გააკეთა სსრკ-ს დაშლისთვის, ვიდრე ამერიკულმა CIA-მ (დაზვერვის ცენტრალური სააგენტო)-მეთქი და ეს ჩემი ნათქვამი მერე ინტერნეტში გავრცელდა. მართლაც ასეა, რადგან მაშინ დადიოდნენ და ამას მღეროდნენ, ქართულ ვარიანტებშიც კი.

– რა ხდებოდა საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ?

– 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა და 9-ში დაკრძალეს. ხრუშოვი და ბერია დარჩნენ, რომელთაც ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებდათ. სტალინისგან განსხვავებით, მათ მუსიკა არც ესმოდათ, არ იცოდნენ. სტალინს მუსიკა რომ ესმოდა, ერთის მხრივ კარგი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან ცუდიც, რადგან რომ არ ცოდნოდა, ასეთ დეტალებს ყურადღებას აღარც მიაქცევდა და ჯაზს პროპაგანდად არ მიიჩნევდა. როგორც კი სტალინი გარდაიცვალა, მაშინვე აჟღერდა ჯაზი რადიოებში. იმ პერიოდში, როდესაც რადიოს ვუსმენდი, ერთ ჩვეულებრივ სიმღერას უკრავდა ფრუმკინის ორკესტრი. სიმღერის ბოლოსკენ ორკესტრმა რამდენიმე ჯაზური დისონანსური აკორდი აიღო და მახსოვს, გამაჟრჟოლა – ბიოლოგიური რეაქცია იყო.

ტელეგადაცემა „გლობუსის“ წაყვანისას
– ქართულ მუსიკაზე როგორ აისახა აკრძალვის გაუქმება?

– მაშინ რამდენიმე ისეთ სიმღერას მოვუსმინე, მერე სულ ვეძებდი. ერთ-ერთი ოთარ გორდელის სიმღერაა, რომლის ფირფიტაც სადღაც 1956 წელს გამოვიდა. მახსოვს ამ სიმღერას ვოკალისტთან ერთად მღეროდა კვარტეტი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ელდარ და გიორგი შენგელაიები. იწყებოდა ასე „გუშინ სიზმარში გნახე...“ ეს იყო ნელი ტემპით შესრულებული ნამდვილი ჯაზსიმღერა, თანაც ოთხ ხმაში გაშლილი. ამ დროს „გეპეის ჯაზი“ (საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ჯაზორკესტრი ლ.გ.) უკვე არსებობდა. სხვათა შორის, „გეპეის ჯაზი“ პირველად მოსკოვში ვნახე. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე ვიყავი და ჩემი უფროსი ძმა უკვე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. სწორედ მან წამიყვანა კონცერტზე. იქ ისეთი სენსაციური ამბავი ხდებოდა, ვერც კი წარმოიდგენთ. „გეპეის ჯაზი“ მაშინდელ მოსკოვის ორკესტრებთან შედარებით ბევრად წინ იყო. ჩვენები პირდაპირ ამერიკული პარტიტურებით უკრავდნენ. მაგალითად, ჰარი ჯეიმსის „ოთხი საყვირის რაფსოდიას“ ასრულებდნენ. თან „გეპეის კვარტეტიც“ ჰყავდათ ჩამოყვანილი. მსგავსი რამ რუსებს საერთოდ არ ჰქონდათ. მიმაჩნია, რომ ჩვენს ამ სფეროში წარმატებაზე ქართულმა პოლიფონიამ იმოქმედა. მართალია, ჩვენ სხვანაირი პოლიფონია გვაქვს, მაგრამ მისი წყალობით ქართველისთვის ჯაზური ხმოვანება ბევრად უფრო ადვილად მისაღები და საინტერესო გახდა. „გეპეის კვარტეტის“ კონცერტზე სრული ანშლაგის გამო, მეორე განყოფილება ვერ შედგა, რადგან შეეშინდათ, დარბაზი არ ჩამონგრეულიყო... ამიტომ მეორე ნაწილი ვეღარ ვნახე. რასაც ვუყურე, ძალიან კარგი იყო – ვოკალიც, გაორკესტრებაც.

– ანუ ქართველებს ჯაზი იმთავითვე კარგად გამოგვდიოდა?

– ჯაზისადმი მიზიდულობა, როგორც ჩანს, ქართველებს გვქონდა, რადგან ვალერიან ძაგნიძესა და შალვა ჩხიკვაძის დუეტიც რომ ავიღოთ, ჯაზური რიტმი და სინკოპირება ისმის მათ სიმღერებშიც. ამის მაგალითია სიმღერა „ჩემო ჩიტუნია“, რომელსაც შემდეგ „გეპეის ჯაზიც“ უკრავდა და შესანიშნავი სოლო ჰქონდა მესაყვირე ენვერი ხმირიოვს. ჩემი აზრით, ჯაზის ფესვები სწორედ ძაგნიძე-ჩხიკვაძის დუეტში შეგვიძლია ვეძებოთ. თუმცა ომამდე, უფროსი ჯანო ბაგრატიონიც ჯაზს უკრავდა. უბრალოდ, მე ნაკლებად ვიცნობდი მის შემოქმედებას. დედაჩემი მღეროდა ხოლმე ძველ სიმღერას: „ტოკავდა ტოკავდა პატარა ნარგიზი, ტოკავდა უქაროდ, სუსტი და ფაქიზი, ტოკავდა, არ ვიცი, თუ რამ აატოკა“... დედა მთხოვდა ხოლმე და ვუკრავდი როგორც რეგტაიმს. სამწუხაროდ, არ მახსოვს ამას უფროსი ჯანო ბაგრატიონი ასრულებდა თუ არა. სამაგიეროდ ვიცი, რომ „ყვავილების ქვეყანა“ სწორედ მან და მისმა ორკესტრმა დაუკრეს. სხვათა შორის, მაგ სიმღერით დავიწყე ჯაზის შესრულება. როდესაც კლასიკურ მუსიკას თავი მივანებე, ჩვენთან მოსკოვში დედას მეგობარი – ლარისა მოქია ჩამოვიდა და მან დაუკრა „ყვავილების ქვეყანა“. ვთხოვე, ესწავლებინა. მას შემდეგ მივხვდი, როგორ უნდა ამეწყო ჯაზკომპოზიციები. ამის შემდეგ დავიწყე ჯაზური სიმღერების შესრულება. „გეპეის ჯაზი“ უკრავდა ნალბანდიშვილის „ლურჯ იებს“ – უმარტივესი და შესანიშნავი სიმღერაა. ლონდონში რომ ვცხოვრობდი, „რუსთავი 2“-მა ჩემზე გადაცემა გააკეთა, რომელსაც ერქვა „ჩვენი კაცი ლონდონში“ და მანდ დავუკარი „ტოკავდა, ტოკავდა“, ხოლო ჩემი ნამღერი „ლურჯი იები“ მთელ გადაცემას მიჰყვებოდა ფონად. ამერიკაში სტაჟირებაზე ყოფნისას, იქაურებმა გვთხოვეს, რამე კონცერტივით გააკეთეთო. „ლურჯი იები“ ერთ რუს ქალს ვასწავლე და აქცენტებით ვამღერე.

– ბატონო გელა, როგორ ფიქრობთ, ქართულ მუსიკაში რა პრობლემები არსებობდა?

– საქართველოში სულ იდგა გაორკესტრების პრობლემა. არ იყვნენ ადამიანები, ვისაც ხარისხიანი ჯაზური გაორკესტრება შეეძლო. ინსტრუმენტალისტების დეფიციტი სულ გვქონდა, რადგან ქართველები ვმღეროდით, ფორტეპიანოზე ბევრი უკრავდა კარგად, მაგრამ ქართულ ოჯახებში რატომღაც თაკილობდნენ თუნდაც საყვირსა და კლარნეტზე დაკვრას, ბავშვებს არ ასწავლიდნენ. ამიტომ ჩვენს ორკესტრებში ინსტრუმენტებზე უფრო ხშირად რუსები, სომხები და აზერბაიჯანლები უკრავდნენ. ორკესტრირებისთვის კონსტანტინე პევზნერიც ბაქოდან ჩამოიყვანეს, როგორც მახსოვს. ადიკა ოვანოვი იყო კიდევ კარგი გამაორკესტრებელი.

– გივი გაჩეჩილაძე ხომ იყო უკვე 1960-იანებში?

– მოსკოვში ვისწავლე საყვირზე დაკვრა, იქ პატარა ორკესტრი გვქონდა და ვუკრავდი. თბილისში რომ დავბრუნდი, გივი გაჩიჩელაძემ ჩემი ამბავი შეიტყო, მოვიდა და ძალიან მთხოვა, ორკესტრი გავაკეთოთო. იმ დროს გივი ნოტებში კარგად არ იყო გათვითცნობიერებული, მაგრამ საოცარი ნიჭი და სმენა ჰქონდა და აქვს. ბებიასთან მივიყვანე, სადაც ჩემი „ბერნშტეინის“ როიალი იდგა. გივი მიუჯდა და „მზიური ველის სერენადიდან“ Moonlight Serenade საკმაოდ მოუქნელი ხელით დაუკრა, რადგან სახლში ფორტეპიანო არ ჰქონდა, მაგრამ აბსოლუტური სიზუსტით. გაოცებული დავრჩი. ყველა ინსტრუმენტის პარტია იცოდა, რაც ამ სიმღერაში ჟღერს. ნოტები მერე ისწავლა და კიევის კონსერვატორია დაამთავრა, მაგრამ ისეთი ნიჭიერი ადამიანია, პარტიტურა, ფაქტობრივად, არ ჭირდება.

– სტალინის შემდეგ სსრკ-ში რა ფორმით და რა გზებით შემოდიოდა დასავლური მუსიკა?

– 1950-იანებით დავიწყოთ. როგორც კი ოდნავ თავისუფლება ვიგრძენით, ჯაზისადმი სიყვარული გაგვიჩნდა, ჩემი ძმა და მე ვუსმენდით რადიო „ამერიკის ხმას“, რომლის ეთერშიც გადმოიცემოდა პროგრამა Music USA, რომელიც უილის კანოვერს მიჰყავდა. თითქმის ყოველდღე ვუსმენდით ამ ორსაათიან გადაცემას. მისი წყალობით, იმ პერიოდის ყველაფერი თითქმის ზეპირად ვიცოდი, თუნდაც დიუკ ელინგტონის შესრულებულ Take The A Train-ს ვმღეროდი. ამ გადაცემას ვუსმენდით თავისუფლად, რადგან მას არ ახშობდნენ – ხელისუფლებას ფულის დახარჯვა ენანებოდა. რადიოსადგურის ჩახშობა, საამისო ტექნოლოგიების შეძენა სსრკ-ს 100 მილიონი დოლარი უჯდებოდა. ეს ძალიან დიდი ფულია, ამიტომ მთავრობა ახშობდა რუსულენოვან, ქართულენოვან და „სფეშალ ინგლიშ“ ენაზე წაყვანილ გადაცემებს. ამ უკანასკნელში წამყვანი ტექსტს ნელა კითხულობდა, რომ მსმენელს კარგად გაეგო. აი, ასეთ გადაცემებსა და რადიოსადგურებს ახშობდნენ, მაგრამ ჩვეულებრივად წაყვანილს არ ერჩოდნენ. ფიქრობდნენ, რომ მათ ცოტა ვინმე თუ მოუსმენდა და გაიგებდა. შესაბამისად Music USA-ს არ ახშობდნენ.

რადიო იყო ერთი გზა. მეორე იყო რენტგენის ფოტოფირებზე ჩაწერილი სიმღერები. ამ ფირფიტებს „ტუბერკულოზს“ ეძახდნენ. არ ვიცი, როგორ და სად წერდნენ ამ ფირფიტებს. საშინელი ხარისხის ჩანაწერები კი იყო. ამათთან ერთად შემოდიოდა ოფიციალური ფირფიტებიც, რომლებსაც ზოგჯერ ტურისტებიც გვიტოვებდნენ... მე მქონდა ასე ნაჩუქარი ფირფიტები. ბევრი არ შემოდიოდა, მაგრამ მაინც აღწევდა. ძალიან დეფიციტიც არ იყო ეს მუსიკა. მეტს გეტყვით – ლიტერატურაც კი რაღაცნაირად შემოდიოდა. მახსოვს, მაშინ ე.წ. ქსეროქსი არ არსებობდა, მაგრამ ვაკეთებდით ფოტოასლებს. 1964-65 წლებში ამ გზით მივიღე ლეონარდ ფედერის „ჯაზის ენციკლოპედია“ და თეორიულად ვერკვეოდი ჯაზში. არც რაიმე სანქციები არსებობდა ამისთვის – ჯაზზე ლიტერატურის წაკითხვაც შეგეძლო და მუსიკის დაკვრაც, ჯემ-სეშენები ეწყობოდა. ბოლოს და ბოლოს 1960-იანების ბოლოს ბენი გუდმენი ჩამოვიდა საქართველოში. მან ჯემ-სეშენი გეპეიშიც მოაწყო, შემდეგ ფუნიკულიორის რესტორანში მისმა ბენდმა დაუკრა და იმას დავესწარი. არ იყო ეს ყველაფერი აკრძალული, უბრალოდ, შეიძლება ითქვას, რომ არ ახალისებდნენ. ჯაზის დაკვრა თავისუფლად შეგეძლო.

მოგეხსენებათ, დასაწყისში ჯაზი – დიქსილენდი, რეგტაიმი უფრო მსუბუქი ხასიათის მუსიკა იყო. დროთა განმავლობაში ჯაზში უფრო და უფრო მეტი აკადემიური მუსიკოსი ხვდებოდა. ამ ხალხმა მუსიკა გაართულა. 1950-იანების ბოლოს და 1960-იანების დასაწყისში ჯაზი მეტისმეტად სერიოზულ მუსიკად ჩამოყალიბდა. თუნდაც მაილს დევისი, თელონიუს მონკი – საკმაოდ რთულ მუსიკას უკრავდნენ. ბილ ევანსის მოსმენასაც უკვე სხვა ყური სჭირდებოდა, რადგან საცეკვაო მუსიკას არ უკრავდა. ჯაზი აკადემიური გახდა. ამიტომ ჯაზს მსმენელი მოაკლდა და შერჩა ის ხალხი, ვისაც მუსიკა კარგად ესმოდა. ამ დროს შემოვიდა როკი და მსმენელის უმეტესობა გადაიბირა, რადგან უფრო მსუბუქი იყო. მაგალითად, „ბითლზებს“ მშვენიერი მელოდიები ჰქონდა და ვოკალი წინ იყო წამოწეული. ფაქტობრივად, როკი ვოკალთანაა უფრო დაკავშირებული, ჯაზი – ინსტრუმენტთან. სწორედ ამიტომ, 1960-იანებში მუსიკაში აქცენტი „ბითლზებსა“ და „როლინგებზე“ უფრო გადავიდა. არც როკმუსიკის გამო დევნიდნენ ვინმეს.

– რუსულ ტელეარხებზე ისტორიები მომისმენია, როგორ ავიწროვებდა მილიცია მელომანებს რუსეთში.

– კი ბატონო, რუსეთში იყო უფრო დევნა და ზოგადად, მანდ ადამიანებს ყველაფერზე ავიწროებდნენ. ჩვენთან ყოველთვის გაცილებით უფრო მეტი თავისუფლება იყო. გავიხსენოთ თუნდაც  „გეპეის ჯაზი“. რუსეთში მაგ დროს ჯაზი საერთოდ აღარ იყო. 1970-იანების ბოლოს და 1980-იანების დასაწყისში ჟენია მაჭავარიანის მუსიკალური გადაცემა გადიოდა ტელევიზიით, რომელშიც უფრო როკზე იყო აქცენტი, თუმცა ჯაზზეც ლაპარაკობდა ხოლმე. 1978 წელს თბილისში ჩატარებული პირველი საკავშირო ჯაზ-ფესტივალი დიდი გარღვევა იყო. როგორც მახსოვს, ამ პერიოდში თბილისში ჩატარდა ფსიქოლოგების სიმპოზიუმი ქვეცნობიერზე. მოგეხსენებათ, სსრკ-ში ფროიდიზმი მიუღებელი იყო და ამ დროს, თბილისში ქვეცნობიერზე პირველი სიმპოზიუმი გაიმართა, სადაც ამერიკელი და დასავლეთევროპელი მეცნიერებიც იყვნენ ჩამოსულები. ესეც საკმაოდ დიდი გარღვევა იყო. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო თუნდაც რუსეთზე გაცილებით უფრო თავისუფალი იყო, განსაკუთრებით – 1970-იანებში.

1970-იანების და 1980-იანების შევარდნაძის ეპოქა, იდეოლოგიის თვალსაზრისით, ყველაზე თავისუფალი პერიოდი იყო. თავად შევარდნაძე არ გახლდათ ისეთი ადამიანი, რომელსაც იდეოლოგიური წნეხი ჭირდებოდა. გადახედეთ იმ პერიოდის ჩვენს ფილმებს, თეატრებს, რამხელა წარმატებები ჰქონდათ მსოფლიოში. უფრო მეტიც – ფილოსოფიის ინსტიტუტი გაიხსენეთ, ნიკო ჭავჭავაძე დანიშნა მის დირექტორად. მახსოვს, ერთი კიევიდან ჩამოსული ქალი დისერტაციის ოპონენტი იყო და ფილოსოფიის ინსტიტუტში სემინარს დაესწრო. საღამოს შემხვდა და გაოცებულმა მკითხა, რა ხდება თქვენთანო? ჩვენთან ნებისმიერი სიტყვა მარქსით და ლენინით თუ არ დაიწყე, მოგხსნიან სამსახურიდან. თქვენთან მთელი დღე ვიჯექი ამ სემინარზე და ლენინი საერთოდ არ გიხსენებიათ, მარქსზე რომ აღარაფერი ვთქვაო. ასე იყო კინოხელოვნებაშიც. იმ დროს არც ერთი კინო არ შემოუდვიათ თაროზე, სტურუას სპექტაკლებზე აღარაფერს ვამბობ.

– ბატონო გელა, შვილებს რას ასმენინებდით პატარები რომ იყვნენ?

– ჯაზს ხომ ვუკრავდი და შვილები უსმენდნენ. ირაკლი ყოველთვის ყურადღებით მისმენდა. თუ ამერიკაში ან დასავლეთში მოვხვდებოდი, იმ დროის მნიშვნელოვანი მიუზიკლები ჩამომქონდა ხოლმე, ამიტომ ირაკლიმ და თეონამ ზეპირად იცოდნენ Hair და Jesus Christ Superstar... ძალიან მინდოდა იმ ეპოქის შეგრძნება ჰქონოდათ. ბრწყინვალე იყო Hair-ის მუსიკა, რომლის კომპოზიტორია გალტ მაკდერმონტი და მართალი გითხრათ, „თმები“ Jesus Christ Superstar-ს დღემდე მირჩევნია.

ირაკლი ჩარკვიანი და გელა ჩარკვიანი
– ფირფიტების კოლექცია თუ შემოგრჩათ?

– არა. იმის შემდეგ იმდენი რამ მოხდა... ირაკლი საცხოვრებლად რომ გადავიდა, რაღაცეები წაიღო, ზოგიერთები სხვებმა წაიღეს. ახლა მუსიკას თითქმის არ ვუსმენ, რადგან ცუდად მესმის. როცა კარგად არ გესმის, მუსიკის სიმაღლეებს ზუსტად ვეღარ აღიქვამ. მართალია, მაქვს ისეთი აპარატურა, რომლის დახმარებითაც შემიძლია მოვუსმინო, მაგრამ დიდი ამბავი ჭირდება და მაინცადამაინც აღარ ვუსმენ.

– ვია-ებიდან თუ მოგწონდათ რომელიმე?

– „დიელო“ მომწონდა. მართალია ბაძავდა, მაგრამ ბაძავდა The Four Freshmen-ს. ჰარმონიის თვალსაზრისით, „დიელო“ კიდევ უფრო რთული იყო. კიდევ ალექსანდრე კილაძის „ჯაზ ნონეტი“ მომწონდა. ვოკალის თვალსაზრისით, მსგავსი რთული მუსიკა არავის გაუკეთებია. ამჟამად კილაძე მოსკოვშია. ჩემთანაც ჰყავდა ერთხელ მოყვანილი ნონეტის წევრები და იმღერეს. მაშინ მთხოვეს იმპრესარიოს როლი შემესრულებინა, მაგრამ მაგის ნიჭი არა მაქვს და უარი ვუთხარი.

– როგორ ფიქრობთ, საბჭოთა ესტრადას რამე პლუსი თუ ჰქონდა?

– 1930-იანი წლების საბჭოთა მუსიკა ორიგინალური იყო და პლუსებიც ჰქონდა. 1950-იანებში არაფერი საინტერესო არ შექმნილა, მათ გარდა, ვინც დასავლეთს ბაძავდა. რუსული ესტრადა არც ადრე მომწონდა და მით უმეტეს, არც ახლა მომწონს. ძალიან მიკვირს ხოლმე: როგორ უსმენს ამას ხალხი თუნდაც რესტორნებში? მე მგონი, კარგი არაფერი იყო საბჭოთა ესტრადაში.

– „ქართული როკის“ ცნება ვისთან ასოცირდება თქვენთვის?

ნანა ჩარკვიანი და გელა ჩარკვიანი
– ირაკლისთან ასოცირდება. მან შეძლო ქართულ ენაზე დაესვა ეს მუსიკა. ზუსტად ვიცი, როდესაც ოპერა შემოდიოდა, ძალიან რთული აღმოჩნდა ქართულად ოპერის გაკეთება, რადგან ყველას ეცინებოდა. საერთოდ რთულია, როდესაც ახალი რამ შემოდის ქვეყანაში, იმ ენის მორგება. ასე იყო ირაკლის ამბავიც. მეტსაც გეტყვით: 1958 წელს ქართულ სიტყვებზე კლასიკური როკენროლი დავწერე. მაშინ „გეპეიში“ სამშენებლო ფაკულტეტზე არქიტექტურას ვსწავლობდი. დამავალეს ფაკულტეტის ორკესტრი გამეკეთებინა მუსიკალური ოლიმპიადისთვის, რომელსაც ადრე ხშირად აწყობდნენ. გავაკეთე ორკესტრი, რამდენიმე კაცი მოვიყვანე სხვა ორკესტრებიდან, რომლებიც ასევე ჩემი იყო და ფულს მიხდიდნენ. მაგალითად, მაუდ-კამვოლის კომბინატის ორკესტრი მყავდა და ა.შ. გავაკეთეთ პროგრამა, რომელშიც რამდენიმე ჩემი სიმღერა შედიოდა. ერთ-ერთი იყო ეს როკენროლიც ქართულ სიტყვებზე. უნდა გითხრათ, რომ ორჯერ „ბისზე“ გამოვედით. მაგრამ, მოხდა მეორე ამბავიც: გამოდიოდა ასეთი ქართული გაზეთი, რომელსაც ერქვა „კიროველი“ („გეპეი“ უშვებდა). მეორე დღეს იმ გაზეთში გაჩნდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ „სამშენებლო ფაკულტეტის ორკესტრმა გელა ჩარკვიანის ხელმძღვანელობით წარადგინა გულისამრევი პროგრამა. კონცერტი დამთავრდა მისივე სიმღერით, რომელიც იყო როკენროლის აკორდების უნიჭო კომბინაცია და მუსიკა მსმენელამდე ვერ დაიყვანაო“. მოკლედ რომ ვთქვათ, გამანადგურეს. როგორ ვერ დავიყვანე მსმენელამდე, როცა ორ „ბისზე“ მომიხდა სცენაზე დაბრუნება? ეს სიმღერა შეასრულა ნინო ორაგველიძემ, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილია. ძალიან გიჟურად შეასრულა. კომპოზიცია დასაწყისში ჩვეულებრივი სიმღერასავით იწყებოდა და მერე ჰქონდა როკენროლის რეფრენი. ეჭვი არ მეპარება, ის ადამიანი, ვინც ეს ჩემზე დაწერა, გააღიზიანა სწორედ იმან, რომ ეს სიმღერა ქართულად შესრულდა.

– თქვენი აზრით, დღეს არიან საინტერესო ქართველი მომღერლები?

– ახლანდელებს კარგად არ ვიცნობ, არ ვუსმენ და ვინმე რომ დავასახელო, ყალბი ნათქვამი გამომივა. ისე, რობი კუხიანიძის ენერგია ძალიან მომწონს.

ჟურნალი „მატარებელში საკითხავი“ #10  ზამთარი, 2018 წელი

4 comments:

  1. ძალიან საინტერესო სტატიაა. კარგი ხალხია!

    ReplyDelete
  2. ბატონო ლაშა, ამ სტატიაში საინტერესო თემას წავაწყდი. ბატონი გელა ახსენებს ძველ სიმღერას "ტოკავდა ტოკავდა".ამ სიმღერის ავტორია შალვა ჩხიკვაძე და ასრულებდნენ ძაგნიძე და ჩხიკვაძის დუეტი 1939 წელს.ეს სიმღერა შეიქმნა ფელეტონისთვის "რუმბა".ამ სიმღერის ფონოგრამაზე სრულდებოდა ცეკვა "რუმბა".youtube-s ძაგნიძე და ჩხიკვაძის გვერდზე დევს ეს სიმღერა

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, ინფორმაციისთვის! ♥

      Delete