Tuesday, February 12, 2019

სოციალური მუსიკა საქართველოში

საქართველოში თანამედროვე მუსიკა საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში ფაქტობრივად ყოველგვარი სოციალური მუხტის გარეშე ჟღერდა. ერთპარტიულ ქვეყანაში მმართველი ძალა საჯაროდ სოციალურ პრობლემებზე უბრალო საუბარსაც კი არ მიესალმებოდა. მიუხედავად ამისა, ლიტერატურაში, თეატრში ან კინოხელოვნებაში შეფარვით მაინც ახერხებდნენ სხვადასხვა პრობლემაზე აქცენტების გამახვილებას. თანამედროვე მუსიკაში ე.წ. ესტრადის მუსიკოსების დიდი ნაწილი კი უმღეროდა სიყვარულს, ხალხთა შორის მეგობრობას, სოციალისტურ ქვეყანას, კომუნისტურ პარტიას, ლენინს, სტალინს და ა.შ. ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ნაწილი ოსტატურად ახერხებდა ამ ვალდებულებებისთვის გვერდის ავლას. ფილარმონიული მუსიკოსები ვერ ბედავდნენ თუნდაც საგიტარო „მძიმე“ ეფექტის – „დისტორშენის“, „ფუზის“ გამოყენებას, რადგან ოფიციოზისთვის ესეც „წყეულ კაპიტალისტურ“ ჟღერადობასთან ასოცირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი შემსრულებლები ფაქტობრივად არ არსებობდნენ, რამდენიმე იატაკქვეშა მუსიკოსის გარდა, რომლებიც სოციალური ტექსტებით დიდად არ გამოირჩეოდნენ, ზემოთნახსენებ მძიმე საგიტარო ეფექტებს კი საკუთარ კონცერტებზე თამამად იყენებდნენ. ამავე დროს, საკუთარ სათქმელს შეფარულად ამბობდნენ ბარდები, თუმცა მათ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებში არ აწევრიანებდნენ. მაშინდელი პოლიტიკოსები კი პოპმუსიკოსებს (ე.წ. ესტრადის შემსრულებლებს) არასოდეს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, რადგან ისედაც აკონტროლებდნენ და გარანტირებულად იცოდნენ, რომ ისინი რამე მნიშვნელოვან პრობლემურ თემაზე არასდროს იმღერებდნენ.

1980-იანი წლების მეორე ნახევარში სსრკ-ში გორბაჩევისეული „გარდაქმნა“ („პერესტროიკა“) გამოცხადდა და ხელოვანებმა შვებით ამოისუნთქეს. საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა სიმღერებში თავისუფალი ლირიკა გამოეყენებინათ. ზუსტად ამ პერიოდში პატრიოტული მუსიკის შემსრულებლები მომრავლდნენ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უკვე უშიშრად, ღიად უმღეროდნენ. ზოგს დღემდე მიაჩნია, რომ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ივერიას“ მიერ დადგმული მიუზიკლებში მეტ-ნაკლებად იყო წარმოჩენილი მაშინდელი სოციალური თემები და პრობლემები, თუმცა ეს სხვა სტატიის საკამათო თემაა. 

ლადო ბურდული, ზაზა ხუციშვილი და დადა დადიანი
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში ბევრი ისეთი შემსრულებელი გამოჩნდა, რომლებიც არც ერთი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის წევრი არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 1990-იანი წლებიდან იწყება სოციალური მუსიკის ისტორია საქართველოში. პირველი მუსიკოსები, რომლებმაც შეუნიღბავად თქვეს საკუთარი სათქმელი, იყვნენ: დადა დადიანი (ჯგუფი „ტაქსი“), ლადო ბურდული (ჯგუფი „რეცეპტი“), ქიშო გლუნჩაძე, რობი კუხიანიძე („აუტსაიდერი“) და კიდევ სხვები. დადა დადიანი სიმღერაში „ზამთარი“ მღეროდა: „მე მინდა, ბავშვს, რომელიც ჩნდება, ჰქონდეს ჰაერი; მე მინდა, ქალს, რომელიც ცდება, ჰყავდეს მომვლელი; მე მინდა, კაცს, რომელიც ყვირის, ჰქონდეს რწმენა; მე მინდა, ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“... ეს სიტყვები დღემდე ძალიან აქტუალურია.



გავიხსენოთ ლადო ბურდულის ლირიკის ფრაგმენტიც: „ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები, ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს“. ასევე, რობი კუხიანიძე სიმღერაში „ქალაქში ბნელა“ („ზამთარი“) მღეროდა: „დღეს ამ ქალაქში სინათლე ქრება, ბავშვების ნაცვლად სიგიჟე ჩნდება, ჩემს ქალაქში დღეს საშინლად ბნელა“.




სოციალური ტექსტები გაჩნდა ბევრი მუსიკოსის შემოქმედებაში, მათ შორის იყო ირაკლი ჩარკვიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოახერხა საკუთარი შემოქმედება ანდერგრაუნდიდან პოპ-მუსიკაში გადაეყვანა. ირაკლიმ საკუთარი სათქმელი ძალიან კარგად მიიტანა მსმენელამდე. მისი გზავნილები დღესაც აქტუალურია ისეთ მსმენელებს შორისაც კი, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. მოგვიანებით, პრობლემური თემები თუნდაც გოგა ჟორჟოლაძის, „ვაკის პარკის“, „ზუმბას“, „ბესტ ჰისტორის“, „ამორალის“ (დღეს „წერილი“ ჰქვია), „ოვერბალანსი“, „ზე“ და სხვა შემსრულებელთა სიმღერებშიც გაჟღერდა. 

რობი კუხიანიძე (Outsider). ზურა ზენაიშვილის ფოტო
1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქართველმა პოლიტიკოსებმა კარგად დაინახეს თანამედროვე მუსიკის ძალა და მოსახლეობაში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გასავრცელებლად პოპმუსიკოსების და როკჯგუფების გამოყენება დაიწყეს. პოლიტიკური ძალები განსაკუთრებით არჩევნების წინ აქტიურდებოდნენ. ასე დაიწყო პოლიტიკურ პარტიათა მხარდამჭერი კონცერტების მოწყობა საქართველოს კუთხეებსა და თბილისში. ამ მხრივ, ძირითადად მმართველი პარტიები გამოირჩეოდნენ, როგორებიც იყვნენ: ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ ან ასლან აბაშიძის „აღორძინება“. საკმაოდ ბევრი მაშინდელი პოპ-შემსრულებელი თუ კომპოზიტორი მოექცა მათი გავლენის ქვეშ. პოლიტიკური პარტიების დაკვეთით იწერებოდა და სრულდებოდა ისეთი სიმღერები, რომლებშიც ამომრჩეველს კეთილდღეობას, წინსვლას, დასაქმებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმედიან მომავალს, ანუ სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდნენ. ეს სიმღერები საკმაოდ კარგად მუშაობდა. ამის მაგალითად 1990-იანების მიწურულის პოლიტიკური სიმღერა „გიხაროდენ“ შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პარტია „მოქალაქეთა კავშირმა“ კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს დაუკვეთა. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ პერიოდის ცნობილმა პოპ-შემსრულებლებმა, რომელთაც მაშინ ესტრადის მუსიკოსებს ეძახდნენ. ისე კი, საბჭოთა ტერმინი – „ესტრადის მუსიკოსი“ დღემდეა შემორჩენილი.


2000-იანების დასაწყისში, როცა შევარდნაძის ხელისუფლების მწვავე კრიზისი დაიწყო, ტელევიზიაში ვმუშაობდი და სოციალური მუსიკის შესახებ სიუჟეტზე მუშაობისას, ბატონ ჯემალ სეფიაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. მან ჩემთან საუბრისას აღიარა, რომ „გიხაროდენ“ დაკვეთილი სიმღერა იყო და ამაში სათაკილოს ვერაფერს ხედავდა. სატელევიზიო სიუჟეტისთვის მაშინ ინტერვიუ ჩავწერე ირაკლი ჩარკვიანთანაც, რომელმაც მითხრა: „საქართველოში სოციალური მუსიკა არ ჩამოყალიბებულა. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანი აქ არ მღერის იმას, რასაც ფიქრობს. ესაა ქართველის უბედურება. სახლში ლაპარაკობს სოციალურ პრობლემებზე, აგინებს ვიღაცებს. მერე კი სცენაზე გამოდის და რომელიღაც დებილი კომპოზიტორის სიმღერას მღერის დათუნებზე და ხათუნებზე. ტიპი გიჟია, გესმის? რასაც გრძნობს, იმას არ მღერის. ეს უკულტურობაა. ფაშის ან მეფის კარზე უნდა ქართველს ყოფნა, დამოუკიდებლობა არ შეუძლია ამ ჩემისას. ჩვენ რაღაცები ვცადეთ, ახლაც ვცდილობთ, მაგრამ ხომ ხედავ, თუ ფაშა არ იქნება, რუსი იქნება... მას ვიღაცის ქვეშ უნდა ყოფნა. აქაურ მომღერალს დამოუკიდებლობა ფსიქოლოგიურად არ შეუძლია. ფაშა სჭირდება, რომ ვიღაცის კარზე იყოს, იქ მღეროდეს, – პარტია იქნება ეს თუ რა იქნება, ჩორტ ევო ზნაეტ“.


ახალი საუკუნის პირველი ათწლეულის დასაწყისში კიდევ საინტერესო ფაქტი მოხდა, როდესაც ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ერთგვარი საპროდიუსერო ცენტრი „არტ-იმედი“ შექმნა, სადაც სწორედ ე.წ. ესტრადის მომღერლები გაერთიანდნენ. ეს ახალი ორგანიზაცია მომღერლებისთვის ფაქტობრივად პოსტსაბჭოთა ფილარმონიული სტრუქტურა იყო, რომელიც აფინანსებდა იქ გაერთიანებული მუსიკოსების გასტროლებს, კონცერტებს, დისკების ჩაწერას და სხვა მსგავს რამეებს. სააკაშვილის მმართველობის დროს მუსიკოსთა დიდი ნაწილის მკვეთრი პოლარიზაცია მოხდა – გაჩნდნენ ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე შემსრულებელთა დაჯგუფებები. ეს ტენდენცია, პრინციპში, დღემდე გრძელდება. ამის მიზეზი მუსიკოსებში არ უნდა ვეძებოთ, რადგან ზოგადად, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან პოლიტიზირებულია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დაჯგუფებებში მოხვედრილი შემსრულებლები სოციალური თემატიკით საერთოდ არ გამოირჩეოდნენ და არ გამოირჩევიან. უბრალოდ, ზოგიერთს ერთი ლიდერი მოსწონს, ზოგს – მეორე. როგორც წესი, დიდი პოლიტიკური კრიზისების დროს, საქართველოში მუდამ ჩნდება რამდენიმე შემსრულებელი, რომელთა შემოქმედებაც საკმაოდ პროტესტულია.

2010-იანი წლების დასაწყისი პოლიტიკურად საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასმედიაში ციხეებში ადამიანების წამების კადრები გავრცელდა. 2012 წელს ერეკლე დეისაძის სიმღერა „სისტემა უნდა დაინგრეს“ ჩაწერეს შემსრულებლებმა: Kung Fu Junkie-მ, Landmark-მა, Me And My Monkey-მ, სერგი გვარჯალაძემ, Svansikh-მა, ჯერონიმომ, KazzyJazz-მა, მაქს მაჩაიძემ, Dreamsoiuz-მა და თავად ერეკლე დეისაძემ. ამ სიმღერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის საქმეში.



სტატიის მომზადების დროს, მე შევხვდი ამ სიმღერის ავტორს, ერეკლე დეისაძეს, რომელიც დღეს ნამდვილად გამორჩეულია მუსიკოსებს შორის თავის საპროტესტო შემოქმედებით. ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა ერეკლეს 2014 წელს ვინდა ფოლიოსთან ერთად გამოქვეყნებულ სიმღერას და ვიდეოს „რაც მამას უნდა“, რომელიც ახალი მეამბოხე თაობის ერთგვარ ჰიმნადაც იქცა და „მამების თაობის“ დიდი ნაწილის საკმაო გაღიზიანება გამოიწვია. 

ერეკლე დეისაძე
ერეკლე დეისაძე: „ის, რომ დღეს, სოციალურ თემებზე მუსიკოსები ნაკლებად მღერიან, მგონია, რომ პირდაპირ კავშირშია კონფორმიზმთან. რაღაცებზე საჯაროდ აზრის გამოთქმა ძალიან მარტივია, მაგრამ რთულია ხელოვნების ენით ამ პრობლემებზე ლაპარაკი. სწორედ ამიტომ, ამ წინასაარჩევნო ვიდეოებში შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული, დღემდე, ჩვენ სულ ერთსა და იმავე სახეებს ვუყურებთ. ისინი სხვადასხვა კანდიდატებს უმღერიან, თუმცა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ სიმღერაც კი ვერ ისწავლეს ამ დროის განმავლობაში. ასეთ ფონზე ყოველთვის ჩნდება საპირისპიროს გაკეთების სურვილი. სწორედ, ამ მიზეზმა და სოციალურმა სიდუხჭირემ განაპირობა ჩემი არჩევანიც“

2018 წლის გაზაფხულზე ნამდვილი ამბოხი მოყვა პოლიციის რეიდებს ღამის კლუბებში და იქ ადამიანების დაკავებას. თბილისის ელექტრონული მუსიკის კლუბებს სახელი გაუვარდათ დასავლეთში და თბილისს ამ ჟანრის მსოფლიოს სუპერპოპულარული მუსიკოსები სტუმრობენ. სტატიებში თბილისი უკვე ბერლინის გვერდით მოიხსენიება, როგორც ევროპაში ელექტრონული მუსიკის ცენტრი. სწორედ ამიტომ, პოლიციის ამ რეიდს, რომელიც ნარკოდილერების გამოსავლენად კლუბ „ბასიანში“ ჩატარდა, დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მედიაში. ამ მოვლენის შედეგი მასობრივი გამოსვლები და აქციათა ტალღა იყო, რომელიც არ დაიშალა, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში არ მოიხადა. ასე გადაიქცა, ერთი შეხედვით, უბრალო საცეკვაო მუსიკა საპროტესტო მოძრაობად, რომელსაც უცხოურ პრესაში „რეივოლუცია“ დაარქვეს. თუმცა ერეკლე დეისაძეს მიაჩნია, რომ როკენროლის მსგავსად, ესეც დიდწილად ამბოხების მუხტს შეიცავს. ერეკლემ ამ აქციებს ორი სიმღერა „ხალხური“ და „მე ვცეკვავ“ მიუძღვნა, რომლებიც ასევე ჰიტები გახდა.


ერეკლე დეისაძე: „ტექნომუსიკაში არსებობს წინააღმდეგობის ელემენტები, რომლებიც კარგად მოერგო ქართულ ხასიათს. ქართველ ადამიანში გენეტიკურად დევს ცეკვისადმი მისწრაფება. ოდითგანვე ქართველი ომობდა, მერე სახლში ბრუნდებოდა, ღვინოს სვამდა, ცეკვავდა და ამით გადარჩა. მე მგონია, ზუსტად ეს გენეტიკური კოდის გამოძახილი იყო, რაც კლუბ „ბასიანში“ მოხდა. დასავლეთში „ვუდსტოკის ფესტივალზე“ მოხდა ერთგვარი რევოლუცია. მაშინ როკენროლმა მთელი თაობის ცნობიერებაში  ახალი ფასეულობები დაამკვიდრა. იგივე მოხდა ახლა ჩვენთანაც დიდი ხნის დაგვიანებით, ოღონდ არა როკენროლის, არამედ ელექტრონული მუსიკის საშუალებით. ესაა ცეკვა – როგორც წინააღმდეგობა და ცეკვა – როგორც პოლიტიკური აქტი. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია. კულტურულ რევოლუციას არა აქვთ კონკრეტული სახე – სხვადასხვა ეპოქაში იგი განსხვავებული სახეებით გვევლინება ხოლმე. მე მგონი, კულტურული რევოლუციის ნიშნები შეიმჩნევა საქართველოში და საზოგადოების მოთხოვნებიც უფრო კონკრეტულია“.

ბოლო წლებში საკმაოდ სოციალური გახდა ქართული ჰიპ-ჰოპი. საცეკვაო მუსიკის მსმენელთაგან განსხვავებით, რომელსაც უფრო დასაქმებული ახალგაზრდა თაობა უსმენს და ღამის კლუბებში ერთობა, ქართული ჰიპ-ჰოპის მოყვარულთა აუდიტორია თითქმის ყველა სოციალურ ფენას მოიცავს. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც (ე.წ. „თინეიჯერები“), რომელთაც ღამის კლუბებში ჯერ არ უშვებენ. ერეკლეს რომ დავესესხო, ქართული ჰიპ-ჰოპიც კულტურული რევოლუციის განუყოფელი მუსიკალური ჟანრია, რომელსაც ძირითადად სწორედ სოციალური დატვირთვა აქვს. 

დასასრულ, მინდა დავძინო, რომ 1990-იანი წლების და თუნდაც 2000-იანების დასაწყისის მუსიკის მსმენელებთან შედარებით, ახალგაზრდები ბევრად სოციალურები და აქტიურები გახდნენ. და ეს დიდწილად სწორედ ქართველი სოციალურად აქტიური მუსიკოსების დამსახურებაა. როკი, ელექტრონული მუსიკა და ჰიპ-ჰოპი კი ის სამი მუსიკალური ჟანრია, რომლებმაც მეტი აქტიურობისკენ და საკუთარი უფლებების დასაცავად უბიძგა ახალგაზრდებს.

ჟურნალი „მატარებელში საკითხავი“ #12  ზამთარი, 2019 წელი

No comments:

Post a Comment