Tuesday, April 30, 2019

მოგზაურობა როკ-ენ-როლში


„მე არაფერი ვიცი მუსიკის შესახებ. მე ეს არ მჭირდება“
ელვის პრესლი

როკ-ენ-როლს სხვა მუსიკალურ ჟანრებთან შედარებით ერთგვარი უპირატესობა ჰქონდა და აქვს – მას არ სჭირდება პროფესიული მუსიკალური განათლება. მთავარია, გქონდეს რიტმის შეგრძნება და სმენა, იცოდე გიტარაზე რამდენიმე აკორდის დაკვრა და შენ მიერ შესრულებულ მუსიკას ჰქონდეს დრაივი. წარმატების მისაღწევად, ნოტების ცოდნაც კი არაა აუცილებელი.

ჟანრის დაბადების ოფიციალური თარიღია 1954 წლის 20 მაისი. სწორედ ამ დღეს გამოვიდა ქანთრი მუსიკოსის, ბილ ჰეილის სიმღერა Rock Around the Clock. იმ დროს სიტყვა „როკ-ენ-როლი“ ჯერ არ არსებობდა და ფირფიტაზე ეწერა, რომ ეს იყო ფოქსტროტი. თუმცა, 1955 წლის ივლისში კომპოზიცია ბილბორდის ჩარტის სათავეში მოექცა, სადაც მას უკვე როკ-ენ-როლად მოიხსენიებდნენ. 


თუმცა, არსებობს ალტერნატიული შეხედულებაც, რომლის თანახმად, პირველი როკ-ენ-როლი აფროამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მუსიკოსის, აიკ ტერნერის მიერ შესრულებული Rocket 88 იყო, რომელიც 1951 წლის 5 მარტს გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, რომელშიც ელექტროგიტარის დისტორშენის ეფექტია გამოყენებული. 


როკ-ენ-როლი პირველი სერიოზული მუსიკალური მიმართულება გახდა, რომელსაც თანაბრად ასრულებდნენ როგორც შავკანიანი, ისე თეთრკანიანი მუსიკოსები. თავად ტერმინი კი კლივლენდის რადიოს დიჯეის, ალან ფრიდს ეკუთვნის, რომელიც ახალი ჟანრის წინააღმდეგ განწყობილი მრავალრიცხოვანი და საკმაოდ აგრესიული აუდიტორიის წინაშე მედგრად იცავდა საკუთარი მსმენელების ინტერესებს.
 

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მუსიკის ისტორიაში როკ-ენ-როლი ის ჟანრი გახდა, რომელიც დიდ სოციალურ მუხტს ატარებდა. მან გააერთიანა არა მარტო ცეკვის მოყვარული ახალგაზრდები, არამედ მეამბოხეებიც. 1950-იან წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და ადამიანები ნანატრი მშვიდობით ტკბებოდნენ, შვილები დაუპირისპირდნენ მამებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ საშინელი ომის თავიდან აცილება. ამ ბრძოლაში როკ-ენ-როლი შვილების თაობის მთავარ იარაღად იქცა.


როკ-ენ-როლის პროგრესზე უდიდესი გავლენა იქონია ხმის ჩამწერი ინდუსტრიის განვითარებამ. 1948 წელს პირველად გამოჩნდა ვინილისგან დამზადებული გამძლე ფირფიტები, მანამდე მასალად ადვილად მსხვრევადი ებონიტი და საკმაოდ სუსტი შელაკი გამოიყენებოდა. ამასთანავე, ადრე გრამოფონისა და პატეფონის ფირფიტების სიჩქარე იყო 78 ბრუნი წუთში და თითოეულ გვერდზე მხოლოდ ერთი სიმღერა ეტეოდა. 1949 წელს კი RCA Records-მა 45 ბრ/წთ-ში სიჩქარე შემოიღო, რომელიც სინგლებისთვის სტანდარტად იქცა და მინი-სინგლის ფირფიტის ზომა 7 დუიმამდე შეამცირა. 

Columbia Records-ის ინიციატივით კი, იმხანად ყველაზე გავრცელებული, 12-დუიმიანი ზომის ფირფიტის სიჩქარედ 33⅓ ბრ/წთ-ში დამკვიდრდა, რაც საშუალებას იძლეოდა ფირფიტის ერთ გვერდზე 20-25 წუთის მასალა ჩაწერილიყო. ფირსაკრავების ნემსის განვითარების შემდეგ, 1958 წლიდან პირველი სტერეოფონური ფირფიტებიც გამოჩნდა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ვინილის ზომები, ჩაწერისა და აღწარმოების ტექნოლოგია საერთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ აპარატურა დაიხვეწა.


როკ-ენ-როლის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა იმ პერიოდისათვის ახალმა და რევოლუციურმა გამოგონებამ, ელემენტებზე მომუშავე ტრანზისტორულმა რადიომიმღებმა, რომელიც ძველ, დიდ, ლამპებიან და სტატიკურ რადიოლებთან შედარებით პატარა და კომპაქტური იყო. შესაბამისად, მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა სირთულეს აღარ წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ FM რადიოების სტანდარტიზაციაც მოხდა. ულტრამოკლე ტალღებზე მომუშავე რადიოსადგურები დანარჩენებთან შედარებით მაღალი ხარისხით მაუწყებლობდნენ, სწორედ ამიტომ, მთელ მსოფლიოში რადიოს ბუმი დაიწყო. სადგურები კი დაუსრულებლად გადმოსცემდნენ ყველაზე პოპულარულ მუსიკას, როკ-ენ-როლს. 


როკ-ენ-როლი რიტმ-ენდ-ბლუზის, ქანთრისა და ბუგი-ვუგის (ჯაზის ერთ-ერთი ქვეჟანრი, რომელიც 1920-იანებში ჩამოყალიბდა) შერწყმით შეიქმნა. როკ-ენ-როლის პარალელურად, გაჩნდა ამავე სახელწოდების მეტად ენერგიული ცეკვა, რომელიც კარგ ტექნიკასა და აკრობატული ილეთების ცოდნასაც კი მოითხოვდა. დროთა განმავლობაში ეს ცეკვა დაიხვეწა როგორც ქორეოგრაფიულად, ისე ილეთების მხრივ და 1970-იანი წლების დასაწყისში სპორტულ სახეობადაც კი იქცა. გაჩნდა როკ-ენ-როლის მსოფლიო და ევროპული ასოციაციები. 


როკ-ენ-როლი დიდ ქალაქებში – სენტ ლუისში, მემფისში, ნიუ იორკში, დეტროიტში, ჩიკაგოში, კლივლენდსა და ბუფალოში იკვრებოდა. ჟანრის პირველი ვარსკვლავები ისეთი შემსრულებლები გახდნენ, როგორებიც არიან: ჩაკ ბერი, ჯერი ლი ლიუისი, ბადი ჰოლი, ლითლ რიჩარდი, ჩაბი ჩეკერი, დიკ დეილი, ფეტს დომინო, რიჩი ვალენსი, ედი კოკრანი, ბიგ ბოპერი, ჯგუფები The Platters, The Ventures და სხვები. ამ მიმდინარეობამ საკუთარ წიაღში მოაქცია მაშინდელი რიტმ-ენდ-ბლუზის, სოულის, გოსპელის, ბლუზისა თუ ქანთრის მუსიკოსებიც. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია რეი ჩარლზის შემოქმედებაც, რომელიც თანაბრად შეიყვარა როგორც რიტმ-ენდ-ბლუზის, ასევე როკ-ენ-როლის მსმენელმა. 


როკ-ენ-როლის აღიარებულ მეფედ ელვის პრესლი მიიჩნევა, არა მარტო მისი ქარიზმის, არამედ გამორჩეული ნიჭის გამოც. ელვისი ჟანრის პიონერი არ ყოფილა, თუმცა, სწორედ მან გამოიწვია ნამდვილი ისტერია ამ მიმდინარეობის მსმენელთა შორის. მისი პირველი წარმატებული სიმღერა That’s All Right გახდა, რომელიც მუსიკოსმა მემფისის სტუდია Sun Records-ში ჩაწერა. კომპოზიცია 1954 წლის 19 ივლისს გამოვიდა და რადიოჩარტების ლიდერი გახდა. პრესლიმ თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია და ამერიკაში „ბრიტანული შეჭრის“ დროსაც კი, რომლის ფლაგმანებიც The Beatles და The Rolling Stones იყვნენ, არნახულ პოპულარობას ინარჩუნებდა. 

1977 წელს ელვისი სამედიცინო პრეპარატების ზედოზირებით გამოწვეული გულის უკმარისობით დაიღუპა. 42 წლის მუსიკოსის გარდაცვალება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა არ დაიჯერა. ფანებმა გადასამოწმებლად მისი საფლავის ამოთხრაც კი სცადეს. დღემდე უამრავ ადამიანს სწამს ლეგენდის, რომ როკ-ენ-როლის მეფე ცოცხალია. ამერიკაში ელვისი საკულტო ფიგურაა. კონკურსებიც კი ტარდება იმის დასადგენად, ვინ უფრო ჰგავს (ან ბაძავს) პრესლის. ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციაც კი არსებობს, რომელიც 1980-იან წლებში შეიქმნა და მუსიკოსის მეორედ მოსვლას ელოდება.


1950-იან წლებში როკ-ენ-როლმა ევროპაშიც შეაღწია. მისი ცენტრი დიდი ბრიტანეთი გახდა, სადაც ჟანრის მსმენელთა კერპად ტომი სტილი იქცა. მის მიერ შესრულებული სიმღერა Singing The Blues 1957 წელს გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში პირველ პოზიციაზე გავიდა. ამავე წელს ჰიტ-აღლუმის ლიდერი მისი ალბომი The Tommy Steele Story გახდა. 


როკ-ენ-როლის შესახებ ბევრი საინტერესო ფილმია გადაღებული. მათ შორის გამოვარჩევდი ჯონ უოტერსის მუსიკალურ კომედიას „მტირალა“, რომელშიც მთავარ როლებს ჯონი დეპი, იგი პოპი, ემი ლოკეინი და სუზან ტირელი ასრულებენ. საინტერესოა, ჯერი ლი ლუისის ცხოვრების შესახებ გადაღებული კინოსურათი „დიდი ცეცხლოვანი ბურთები“, რომელშიც დენის ქუეიდი, ვაინონა რაიდერი და ალეკ ბოლდუინი თამაშობენ. როკ-ენ-როლის სული ტრიალებს ფილმებში: „მეამბოხე მიზეზის გარეშე“, „მიდი, ჯონი, მიდი!“, „მრბოლელები“ და სხვა.


როკ-ენ-როლის ოქროს ხანა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1959 წლის 3 თებერვალს ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც ბადი ჰოლი, რიჩი ვალენსი და ბიგ ბოპერი იმყოფებოდნენ. სამივე მუსიკოსი დაიღუპა. 1960 წლის 16 აპრილს კი ტაქსი, რომლითაც ბრიტანეთში საგასტროლოდ ჩასული ედი კოკრანი, მისი საცოლე და როკ-ენ-როლის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ჯინ ვინსენტი მგზავრობდნენ, მთელი სიჩქარით განათების ბოძს შეასკდა. ედი კოკრანი გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში ჩაკ ბერი ციხეში ჩასვეს, ხოლო ელვის პრესლი ჯარში წავიდა. დანარჩენი მუსიკოსები თანდათან სხვა ჟანრებში გადაბარგდნენ. როკ-ენ-როლის სიცოცხლის გახანგრძლივებას არც ჩაბი ჩეკერის ტვისტი შველოდა და არც The Beach Boys-ის სერფ-როკი, თუმცა, მიმდინარეობას მხსნელად ბრიტანეთიდან დაბერილი ქარიშხალი მოევლინა, რომელსაც სათავეში ლეგენდარული The Beatles ედგა. 


გამოცემა: popmusic.ge

No comments:

Post a Comment