წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბუნებასთან ჰარმონიაში ცოცხლობენ ქართული და არა მარტო ქართული ზღაპრების და მითების გმირები, სადაც ყველას შეუძლია შელოცვებით, რწმენით სიკეთის კეთება, სადაც მზე ანათებს, სადაც მელიები, ტოროლები, ოლოლები, თაგვები, ცხვრები, თხები, მტრედები და მწყრები ერთად დასეირნობენ, მეცხვარე თავის სათქმელს გიტარაზე ამღერებს, სადაც გემების ღუზებთან თევზები მღერიან, სადაც პატარა ზღარბუნები მგლებთან ერთად ცხოვრობენ და კიდევ უამრავი ზღაპრული ამბავი…
წარმოიდგინეთ მეთქი, კი გითხარით, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს და მას „სტუმარის“ შემოქმედება, მათი მუსიკა ჰქვია, რომელიც აგერ უკვე 18 წელია ჟღერს. მინდა ვთქვა, „სტუმარის“ ეკოლოგიურად სუფთა მუსიკა ძველ ფრესკებს წააგავს. ეს ფრესკები ზოგი მოზაიკურია, ზოგიც საღებავებითაა შესრულებული.
„სტუმარი“ იმ მხრივაც საინტერესოა, რომ იგი ოჯახური ანსამბლია. ამ ჯგუფის ბირთვს წარმოადგენენ: კომპოზიტორი, ვოკალისტი, ფლეიტისტი და კლავიშისტი ნინო ჯანჯღავა, მისი და – მევიოლინე მარინე ჯანჯღავა და ნინოს მეუღლე – გიტარისტი, კომპოზიტორი და ხმის რეჟისორი დავით ხოსიტაშვილი.
საოჯახო მუზიცირება საქართველოსთვის უცხო არაა და ასეთ ოჯახებს არაერთი გენიალური ქართული ნაწარმოები შეუქმნიათ თუ აუჟღერებიათ. შეგვიძლია გავიხსენოთ ქართველი მსმენელისთვის კარგად ცნობილი დები იშხნელები, დები ჩაფიჩაძეები, ჩიქოვანების ოჯახი, არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების დუეტი, ლეჟავების ოჯახი და სხვა. „სტუმარიც“ ღირსეულად აგრძელებს საოჯახო მუზიცირების ტრადიციას და აბსოლუტურად ახალ სიტყვას ამბობს ამ სფეროში. მათ მუსიკაში ჰარმონიულადაა შერწყმული როგორც ქართული, ისე დასავლური თუ აღმოსავლური მოტივები, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, რომელიც ზოგ სიმღერაში ძირითადად ფონის ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ფოლკი + ფიუჟენი + პროგრესივ როკი + უორლდ მუსიკა. გამოშვებული აქვს ორი ალბომი: 2004 წელს – „ბეწვის ხიდი“ და 2009 წელს – „დილა“.
რამდენიმე დღის წინ „სტუმარის“ მესამე სტუდიური ალბომი გამოვიდა – „1227 მეტრი ზღვის დონიდან“ , რომელიც წინა ალბომების მსგავსად, „სტუმარის“ წევრების მიერ დაარსებულ „საავტორო სტუდიაშია“ ჩაწერილი. ახალი ნამუშევრის მუსიკალური ქსოვილი წინანდელებთან შედარებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. ალბათ უფრო რთულიც, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ სპეციფიკური მსმენელისა და მუსიკისმცოდნეებისთვის იყოს მისაღები.
ალბომს სიამოვნებით მოუსმენს ყველა ასაკის წარმომადგენელი, იმდენად გასაგები და კარგად აღსაქმელია. „სტუმარი“ ზემოთ ნახსენები ბირთვის გარდა, კიდევ რამდენიმე მუსიკოსისგან შედგება, შემადგენლობა კი სხვადასხვა დროს იცვლებოდა. ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ჯავად ჯავადზადე (კონტრაბასი), ავთო თაბუკაშვილი (დრამი), კაკი ჯაფარიძე (დაირა), ნოდარ მანჩხაშვილი (პერკუსია) და ვატსალ პრაშერი (ტაბლა).
ალბომის პირველი სიმღერა „ფუძის ანგელოსო“, რომელიც შექმნილია შოთა ნიშნიანიძის ლექსის მიხედვით, ამავდროულად, წინა, 2009 წლის ალბომის – „დილას“ ბოლო კომპოზიციაა, თუმცა მათ შორის არანჟირებაში საგრძნობი სხვაობაა. ახალმა ვერსიამ ფრანგი ჯაზ-მევიოლინე და კომპოზიტორი ჟან-ლუკ პონტი და მისი ფიუჟენ კომპოზიციებიც კი მომაგონა. ძალიან სახასიათო შტრიხი შეიტანა ამ სიმღერის ჟღერადობაში კონტრაბასისტმა ჯავად ჯავადზადემ და მისმა მეტად მიმზიდველმა აზერბაიჯანული მუღამის მოტივებმა. სხვათა შორის, ჯავადი „სტუმარის“ ბოლო წლების კონცერტებზე ყოველთვის ჯგუფთან ერთად უკრავს.
მეტად ორიგინალურია თამარ იშხნელის მიერ დაწერილი სიმღერის – „ყოველ სნეულებაზე“ სტუმრისეული გადამღერება. რომ არა იშხნელებისეული შესრულება, მსმენელმა შეიძლება იფიქროს, რომ აბსოლუტურად სხვა სიმღერაა. ამაში თავისი დიდი წვლილი ოჯახის წევრების მიერ შესანიშნავ და ორიგინალურ არანჟირებასაც მიუძღვის.
სიმღერის – „არარა ვარ, არარა“ ტექსტი აღებულია აღმოსავლური პოეზიიდან, ხოლო მისი წამყვანი მუსიკალური ხაზი რაჭული მესტვირეების მელოდიაა, რომელიც „სტუმარმა“ გიტარისთვის გადააწყო. ამ სიმღერას მოსდევს „აჰურა“, რომლის ტექსტი ზოროასტრული წიგნების კრებულ „ავესტას“ გოთადან, ანუ საგალობლებიდანაა აღებული. სიმღერას ამშვენებს ნინო ჯანჯღავას სოლო ფლეიტაზე.
აზიურ ხაზს აგრძელებს სიმღერა „იმხიარულე“, რომელიც ომარ ხაიამის ტექსტზეა დაწერილი. ოღონდ ესაა სიმღერა-რეჩიტატივი. „სამ-ხმოვანება“ ინსტრუმენტული ნაწარმოებია შესანიშნავი მელოდიური ხაზითა და ჰარმონიით. ეს ნაწარმოები რომელიმე ფილმს, ან სპექტაკლს დაამშვენებდა. შოთა ნიშნიანიძის ლექსს კიდევ ერთხელ ვხვდებით სიმღერაში „არული“, რომელიც შელოცვაა და კოცონთან წასაკითხია კუდიანების განსადევნად.
„სტუმარის“ მუსიკისთვის იშვიათია ხაზგასმულად სევდიანი განწყობა. თუმცა სევდიანია სიმღერა „ძილისპირული“, რომელიც ძილის წინ წასაკითხ ასევე ქართულ შელოცვებს წარმოადგენს.
ალბომის ბოლო სიმღერაა „შენ ცისკარი ხარ“, რომლის ტექსტიც ჰაფეზის პოეზიდანაა აღებული, ხოლო მუსიკალური ხაზი აბსოლუტურად ქართულია.
ამ ალბომზე კიდევ ბევრი სასიკეთოს დაწერა შეიძლება. იგი სერიოზული ნამუშევარია, რომლის ძირითადი რეპერტუარი პანდემიის დროსაა ჩაწერილი თბილისთან ახლოს, კიკეთში, ზღვის დონიდან ზუსტად 1227 მეტრზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ოჯახის წევრებმა, ალბომისთვის ეს სახელი დაერქვათ.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ნამუშევრის ძალიან კარგი გაფორმება – ნახატი, რომელიც შესანიშნავი მხატვრის, დავით ხიდაშელის ნამუშევარია. ზემოთ ვახსენე, რომ ანსამბლის მუსიკა ფრესკას წააგავს მეთქი და გაფორმებაც ზუსტად ასეთი ფრესკულია.
დავამატებ, რომ „სტუმარის“ ეკოლოგიურად სუფთა მუსიკის თამასა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ბეწვის ხიდიდან უკვე 1227 მეტრამდე ამაღლდა და დარწმუნებული ვარ, ეს თამასა დაბლა არასოდეს დაეშვება.
ახალი ალბომის მოსმენა და ყიდვა შეიძლება bandcamp-ზე
საკონცერტო ფოტოების ავტორია © ნინო ჩერქეზიშვილი
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
შესანიშნავი კომპოზიციები და სტატია.
ReplyDelete