1995 წელს დევიდ ბოუიმ გამოუშვა კონცეპტუალური ალბომი Outside, რომლის შინაარსიც აგებულია ალბომის პერსონაჟის, დეტექტივ ნათან ადლერის დღიურებზე. მისი დღიურები ალბომის საკმაოდ სქელ ბუკლეტს მოჰყვება. ისევე როგორც ამ მუსიკოსის სხვა ბევრი ნამუშევარი, ალბომი ეპოქალური გახდა, თუმცა, ახლა ამაზე აღარ დავწვრილმანდები. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სინამდვილეში ასეთივე შეკრული ალბომი გამოჩნდა, რომელიც ეკუთვნის ახალბედა ჯგუფს The Rylans-ს. ისევე როგორც Outside, „რაილანსების“ ეს სადებიუტო მინიალბომი კონცეპტუალურია და ასევე აგებულია მთავარი გმირის დღიურებზე. ალბომს ლათინური სახელწოდება აქვს – Ab Aeterno, რაც ქართულად ნიშნავს „უსასრულობიდან“.
ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ინდი-როკ კოლექტივის The National-ის სიმღერას Rylan. ქართული ბენდის ყველა წევრს ძალიან მოსწონს ეს სიმღერა და ჯგუფი. Rylan მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი თავი იპოვოს. ჯგუფის წევრების ერთ-ერთი მიზანი არის გახდნენ რაილანები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბენდით და მუსიკით შეეცდებიან პირდაპირ თქვან ის, რისი თქმაც სურთ.
ჯგუფის წევრები არიან მუსიკოსები: ლევან (ფრანკო) სიდიანი – ვოკალი, გიტარა, ბასი, კლავიშები, ჭუნირი, ხემიანი ინსტრუმენტები, დასარტყამები; დემეტრე (დემე) ადოლაშვილი – გიტარა, ბასი, სინთეზატორი; მებო შენგელია – ბექ-ვოკალი, აკუსტიკური და ელექტრო გიტარები, ქსილოფონი, კლავიშები, პერკუსია; სანდრო ტუღუში – ბექ-ვოკალი, ბასი, კლავიშები, აკუსტიკური გიტარა, პერკუსია, ჩანგი და მებო ნუცუბიძე – ვოკალი, გიტარა, კლავიშები და ჩანგი.
კონცერტის დროს შემადგენლობაში კიდევ ორ ადამიანს, დრამერსა და ბასისტს იმატებენ. საერთოდ, ჯგუფის მულტიინსტრუმენტალისტი წევრები სხვადასხვა სიმღერაში სხვადასხვა საკრავზე უკრავენ – ეს მათი მხრიდან ერთგვარი ექსპერიმენტია. სიმღერების მუსიკის შექმნაში მთელი ჯგუფი იღებს მონაწილეობას, ხოლო ტექსტებს მებო ნუცუბიძე წერს ინგლისურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ The Rylans-მა 2020-ში ერთსიმღერიანი სინგლი გამოსცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ სახით ჯგუფი მაინც 2021 წელს ჩამოყალიბდა.
მიუხედავად ექსპერიმენტებისა და ძიებისა, ჯგუფის შემოქმედება შეგვიძლია მივაკუთვნოთ მელოდიურ როკს და ინდი-როკს. შესაბამისად, მუსიკის მოსმენისას შეიძლება გაგახსენდეთ ჯგუფები Coldplay, Travis ან The National... ალბომი ჯგუფმა მებო ნუცუბიძის სტუდიად გადაქცეულ სახლში ჩაწერა. მისი პროდიუსერი კი მებოს ძველი მეგობარი და თანამოაზრე ირაკლი, იგივე ბეთხო მანჩხაშვილია. შეიძლება ითქვას, რომ The Rylans ახალი კორონავირუსის პანდემიაში ჩასახული და განხორციელებული მუსიკალური პროექტია.
ალბომ Ab Aeterno-ში სულ 4 სიმღერა შევიდა, რომელთა შორისაც წყვეტა, პაუზები არაა და ეს ხაზს უსვამს ამ სადებიუტო ნამუშევრის ერთიანობას.
პირველი Intro და მეორე Black Lies ფაქტობრივად ერთი სიმღერაა. მას ერთიანი სხეულის გარდა აერთიანებს ქართული ფოლკლორული მოტივები, რომელსაც ჯგუფის წევრი სანდრო ტუღუში ასრულებს. იგი ადრე მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ „გეორგიკაში“. ნაწარმოები შეგვიძლია მივაკუთვნოთ ე.წ. „სტადიონის სიმღერებს“, რომელთა მისამღერის, თუ ცალკეული ემოციური სასიმღერო ფრაგმენტის შესრულება მუსიკოსებთან ერთად კონცერტზე მისულ მსმენელსაც შეეძლება. მესამე სიმღერა Rising Waves საფორტეპიანო პარტიით იწყება, რომელიც თითქოს რაღაც საკრალურის შესახებ გვიყვება. კომპოზიციის შუაში მებო ნუცუბიძე ტრადიციული ჰაეროვნებით ასრულებს საგალობელს „კირიე ელეისონ“, ანუ „უფალო შეგვიწყალენ“, რაც მისტიკურს ხდის მთელ სიმღერას. ამ სიმღერის მიხედვით, ჯგუფმა ანიმაციური მუსიკალური ვიდეო გადაიღო, რომლის ავტორი და მხატვარი მაშიკო მინდიაშვილია, ხოლო ანიმატორი – სალომე სამადბეგიშვილი.
ალბომის უკანასკნელი კომპოზიცია Last Of Us მეტად ატმოსფერული და ოპტიმისტურია, თუმცა სიმღერის ბოლოს ამ ჰარმონიაში დისონანსი შემოაქვს გაწელილ ელექტრონულ ბგერას, რომელიც კითხვის ნიშანივით ისმის. სწორედ ასე სრულდება „რეილანსების“ ეს ძალიან კარგი სადებიუტო ალბომი-მინიონი „უსასრულობიდან“.
მთლიანი მინიონის კონცეფციის შესახებ მოდით, ჯგუფის ლიდერს, მებო ნუცუბიძეს მოვუსმინოთ, რომელმაც გასაგებად ახსნა ბენდის შემოქმედების ყოველი დეტალი.
მებო ნუცუბიძე: „ამ ალბომის კონცეფცია და იდეა, მე-3 სიმღერა Rising Waves-ს დაწერის შემდეგ გაჩნდა. მასში ფოლკლორი არ გამოგვიყენებია, სამაგიეროდ, ისმის უკულელეს ფილტრში გატარებული ხმები. ეს იყო პირველი სიმღერა, რომელშიც მივხვდით, რომ მსგავსი ექსპერიმენტები გვაინტერესებდა. ჩვენმა პროდიუსერმა ბეთხომ მეორე და ბოლო სიმღერას სინთეზატორით თავისი დეტალები დაუმატა. ეს მინიალბომი ასე ჩავწერეთ – გაჩნდა ერთი სიმღერა, რომელსაც მოჰყვა სანდროს ქართულად წამღერების იდეა, მერე ფრანკომ ჭუნირზე დაუკრა, მე ჩანგზე დავუკარი და ასე... წინასწარ არ ვიცოდით, რას ვიზამდით. მუსიკამ მიგვიყვანა ამ იდეებამდე.
ჩვენს ინსტრუმენტებზე ვიექსპერიმენტეთ და ეს არაა ისეთი რამ, რაც მსოფლიოში ჯერ არ გაკეთებულა. თუმცა შეიძლება ვინმემ თქვას, ინდი-როკში ჭუნირი, ჩანგი და კრიმანჭული არ შეიძლებაო. ან, პირიქით, კონსერვატორმა ფოლკლორისტმა გაგვაკრიტიკოს, მსგავს მუსიკაში კრიმანჭულის და ქართული ინსტრუმენტები რატომ გამოიყენეთო. მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და გვინდა ვაკეთოთ ისე, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია.
მინიალბომში ჩვენი ამბავია გადმოცემული, რაც თითქმის ყველამ გამოვიარეთ ბავშვობიდან დღემდე. ბავშვობისას ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ასეთი (ან ისეთი) არ უნდა ვყოფილიყავით. რაზეც ვმღერით, ეს პრობლემები მხოლოდ ქართველებს არ გვეხება. მინდოდა, ეს სათქმელი ბევრისთვის გამხდარიყო გასაგები. ჩვენ გვინდა ვიყოთ ქართული ჯგუფი, რომლის ენაც გასაგები იქნება თუნდაც პოლონელი, უკრაინელი, ფრანგი ან ინგლისელი მსმენელისთვის. ინგლისურად ვმღერით იმაზე, რაც გვაწუხებს, მაგრამ შეიძლება ქართულადაც ავმღერდეთ.
Ab Aeterno-ს გაფორმების ავტორია ბიძინა სიდიანი, ფრანკოს ძმა. იგი უნიჭიერესი მხატვარია და თან ხატწერის გამოცდილებაც აქვს. ყდაზე მისი მოფიქრებული პერსონაჟებია გამოსახული. ჩვენ გვსურდა, რომ ყდას ხატის, ფრესკის მსგავსი ვიზუალი ჰქონოდა. ჩვენი ალბომის იდეაც ეგაა: მთავარი გმირი პირველ სიმღერაში Intro იბადება, მეორეში Black Lies მას უფროსები ატყუებენ. ის ვერ აცნობიერებს, რომ ირგვლივ ცრუობენ, სიმღერის ბოლოში „კრიმანჭულის“ თანხლებით მღერის Glory to the Leaders, ანუ „დიდება ლიდერებს“ და ემორჩილება მათ. ისინი ასწავლიან მას, თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად. Rising Waves-ში მთავარი გმირი თვითგამორკვევას იწყებს, ის აცნობიერებს, რომ ლიდერების სწავლებაში ბევრი ტყუილიცაა, რასაც მას ჭეშმარიტებად უსაღებდნენ. სიმღერის ბოლოსკენ, „კირიე ელეისონის“ შემდეგ, ბავშვების სიცილს მოჰყვება ფრაზა – „შენ უნდა შეცვალო შენი ბედისწერა“. Last Of Us-ში კი უკვე ვინც გამოფხიზლდა და გააცნობიერა რეალობა, მოგვიწოდებს, წამოდით, ახალი სამყარო ავაშენოთო. თუმცა ჯერ უცნობია რამდენად გააცნობიერა მთავარმა გმირმა ეს ყველაფერი, რადგან ბოლოში ისმის ფრაზა We have to go back, „ჩვენ უნდა დავბრუნდეთ“. ანუ როცა გვგონია რომ გავთავისუფლდით, შეიძლება ასე არაა და უბრალოდ წრეზე დავდივართ. მთავარი გმირი გამოერკვა თუ არა, უცნობი რჩება.
ესაა ბიჭის დღიურები, რომელიც როცა იბადება, ეუბნებიან, რომ უნდა იყოს კარგი ბავშვი, როგორსაც მისი ოჯახი იმსახურებს – დამჯერე შვილი. რომ გაიზრდება, უჩნდება კითხვა – რა უნდა აკეთოს, რაც საზოგადოებას უნდა, თუ რაც თავად უნდა? გმირი დამოუკიდებელი ხდება.
ნახატზეც ზუსტად ესაა გადმოტანილი: შინდისფერ მანტიებში გამოსახული არიან ბავშვები, რომლებსაც შუბლზე სისხლის წვეთები აქვთ, თითქოს მათ მსხვერპლშეწირვისთვის ამზადებენ. მარჯვნივ კი ყავისფერ მანტიაში ასაკოვანი კაცია დახატული, რომელიც ვაშლს, ანუ საცდურს აწვდის ამ ხელგაწვდილ ბავშვებს, თითქოს ეუბნება, რომ აი, ესაა ჭეშმარიტება. ეს პრობლემა სულ იდგა კაცობრიობის წინაშე. პრობლემა, რომ რაღაცას უნდა მოერგო. ჯემალ ქარჩხაძის წიგნში „იგი“ ერთი პერსონაჟი ამბობს, წელში მოხრილმა უნდა იარო და არ უნდა გაიმართოო. ეს ბიჭი კი ცდილობს წელში გასწორდეს. ჩვენც ყოველთვის წელში გამართვას ვცდილობთ. მე 30 წლის ვარ, ფრანკო – 21-ს, მაგრამ რომ ვსაუბრობთ, ჩვენი თაობებისთვის საერთო კითხვის ნიშნები არსებობს, რომელიც უსასრულობიდან მოდის და უსასრულობაში გრძელდება“.
ფოტოების ავტორი: სოფი მდივნიშვილი
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
No comments:
Post a Comment