Tuesday, October 3, 2023

ქუთაისური მუსიკა

ქუთაისი უძველესი, როგორც ამბობენ, 3500 წლის ქალაქია, რომელსაც ნიჭიერი ხელოვანები არასოდეს აკლდა. ამერიკელი კლასიკოსი მწერალი, უილიამ ფოლკნერი ამბობდა, რომ „პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“. სიჩუმე და სიმშვიდე ყოველთვის ქუთაისის თანამდევი იყო. საბჭოთა ინდუსტრიალიზაციამდე ქალაქში რიონის ხმა თუ ისმოდა მხოლოდ, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმოდა გიტარაზე დამღერებული ქართული პოლიფონიური ფოლკი, რომელსაც დღეს „ქალაქურ მუსიკას“ უწოდებენ და კლასიკური მუსიკა. კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ კი, როცა საწარმოები გაჩერდა და ჩარხების ხმაურიც მიწყდა, ქუთაისი კიდევ უფრო დადუმდა. თუმცა ეს იყო ერთგვარი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ზოგადად, თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისი პოლიტიკური აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა და საზოგადოებაში დაგროვილი მუხტი მიტინგებზე კი არა, უფრო ხელოვნებაში აისახებოდა ხოლმე. მაშინ კი, პოსტ-საბჭოთა ქალაქში გამეფებული სიჩუმე დაარღვიეს მუსიკოსებმა – დამოუკიდებელმა ქართველმა როკერებმა, პანკებმა, მეტალისტებმა, ელექტრონისტებმა, ჰიპ-ჰოპერებმა... და მათი ეს ხმაური შემდეგში მთელმა საქართველომ გაიგონა. თუმცა ეს ხმა ნაკლებად ესმოდათ თავად ამ ქალაქში და ამ განსხვავებული მუსიკის მსმენელთა მხოლოდ მცირე წრეები არსებობდა.

რობი კუხიანიძე, 1997 წელი

ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერმა შავმა პრინცმა ადრე ინტერვიუში მითხრა: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები რა გინდა“.
 

ზოგადად ქუთაისელ არტისტებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ და პროტესტულ მუსიკის შემსრულებლებად იცნობენ. თუმცა მოდით ეს მუსიკალური პროტესტი ახლა დროებით გვერდზე გადავდოთ და ისიც ვთქვათ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლებიც ამ ქალაქში გაიზარდნენ. ზაქარია ფალიაშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე (მისი შვილები იყვნენ კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ამერიკული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი) ამის ნათელი მაგალითები არიან. ბაფთიან გიტარაზე დამღერებული ე.წ. ქალაქური პოლიფონიური მუსიკაც მთელი დასავლეთ საქართველოდან სწორედ ამ ქალაქში აკუმულირდა და დები იშხნელები იყვნენ ის პირველი შემსრულებლები, რომელთაც სწორედ ამ მუსიკით გაითქვეს სახელი. მე-18 საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს ასე ახასიათებს: „მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. უცქვიტესად მოუბარნი...“


მეტყველების ეს სიცქვიტე კი კარგად მოარგეს თავიანთ შემოქმედებას ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერებმა. მუსიკალური ცხოვრება ქუთაისში კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო ინტენსიური გახდა. აქ მთავარი იარაღი გიტარა იყო, რომლის შემსწავლელ წრეებში ბევრი ახალგაზრდა დადიოდა. ქვეყანაში ენერგოკრიზისის დროს, ისინი აკუსტიკურ გიტარებზე უკრავდნენ. გიტარა დღემდე რჩება გამორჩეულად სასურველ ინსტრუმენტად, რომელსაც მომავალი თაობა განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს. „აუტსაიდერელ“ რობი კუხიანიძეს კი ადრე ჩემთვის ინტერვიუში უთქვამს, რომ „ქუთაისს რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ახასიათებს კულტურული აფეთქება და სიახლეების დანერგვა“. მე-20 საუკუნის დასაწყისში ასეთი სიახლე თუნდაც პოეტური ორდენის „ცისფერყანწელები“ ჩამოყალიბება გახლდათ. 

რობი კუხიანიძე, 1998 წელი

პირველი ანდერგრაუნდ-დაჯგუფება ქუთაისში ჯერ კიდევ 1980 წელს, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, ე.წ. „პერესტროიკამდე“ გამოჩნდა და მას „თეთრი ფრთები“ ერქვა. იგი ქუთაისელმა მეგობრებმა – მხატვარმა, მუსიკოსმა და პოეტმა როლანდ, იგივე შალა შალამბერიძემ, მხატვარმა, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა  ავთო, იგივე ბაჩუ ავალიანმა და მხატვრებმა: მერაბ ამაღლობელმა, გია ხურციძემ, გოჩა დარახველიძემ და დათო გოფოძემ დააარსეს. დაჯგუფებას კიდევ დაემატნენ შემოქმედები და 1982 წლისთვის 20-მდე წევრს ითვლიდა. დაჯგუფება აწყობდა იატაკქვეშა პერფორმანსებს. როლანდ შალამბერიძემ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონება დაიწყო და დღემდე უამრავი ინსტრუმენტი აქვს დამზადებული, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ამ ინსტრუმენტებით მას რამდენიმე ავანგარდული ალბომი აქვს ჩაწერილი და გამოშვებული. „თეთრი ფრთების“ დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაიფანტა. 


სსრკ-ს დროს ქუთაისში ოპერისა და ბალეტის დასისა და ფოლკლორული ანსამბლების გარდა არსებობდა რამდენიმე თანამედროვე მუსიკალური კოლექტივი. ესენი იყვნენ: ნიკოლოზ ედგარიძის ბავშვთა ბიგ-ბენდი „ალიონი“, დავით ჯანელიძის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ანსამბლი და ყველაზე ძველი – ბორის შხიანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ფაზისი“. 


ამ კოლექტივებმა რამდენიმე ისეთი მუსიკოსი გამოზარდა, რომელთაც 1990-იანებში ალტერნატიული მუსიკის შესრულება დაიწყეს. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში კი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ორგანიზაცია „მელომანის“ შექმნა, რომელიც ოპერის თეატრთან თემურ, იგივე ტუსოვკა ჯოხაძემ და ვახტანგ, იგივე სტრადივარი ნებიერიძემ ჩამოაყალიბეს. ეს გახლდათ საქართველოში პირველი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი საკონცერტო-საპროდიუსერო ორგანიზაცია და სივრცე, სადაც ჯგუფებს შეეძლოთ რეპეტიცია. ასევე ორგანიზაცია ქუთაისში მართავდა ქართველი და უცხოელი მუსიკოსების კონცერტებს. მათ მოაწყვეს ჯგუფების, „ტაქსის“, „პრიზისა“ და რამდენიმე უცხოური ბენდის კონცერტი. სწორედ კლუბ „მელომანთან“ ჩამოყალიბდა ჯგუფი „აუტსაიდერი“, რომელსაც ადრე „რისკი“, მერე კი „პროვინციალ-ბენდი“ ერქვა. „აუტსაიდერმა“ 1991-92 წლებში მოაწყო კონცერტები ესტონეთში ტალინისა და რუსეთში მოსკოვის ანდერგრაუნდ მუსიკის ფესტივალებში. შემდეგ კი ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ვინილის ფირფიტაზე ალბომის Inside გამოშვებით, რომელსაც ბაზარზე დღეს საკმაოდ მაღალი ფასი ადევს.


ძველი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნილი ქუთაისური ჯგუფები კი, რომლებიც არ იყენებდნენ „მელომანის“ სივრცეს, სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხნების კლუბებში რეპეტიციობდნენ. ასეთ ჯგუფებს შორის იყვნენ ძველი ჯგუფები: „ბუნკერი“, „ტრიბუნალი“ (შემდგომში „მაჩია და co“), „პულსი“ და სხვები. თუმცა იყვნენ ინდივიდუალისტებიც. მათ შორის უნდა ვახსენო, ქუთაისელი ვეტერანი მუსიკოსი გოგა ჟორჟოლაძე. 

გოგა ჟორჟოლაძე, 2003 წელი

გოგა არა მარტო თავად წერდა მუსიკას, არამედ, მან თავის სახლში მუსიკოსებისთვის შექმნა სარეპეტიციო სივრცე და ხმისჩამწერი სტუდიაში, სადაც ორი კომპილაციური ალბომი ჩაიწერა ქუთაისელი მუსიკოსების მონაწილეობით: „ქართული ტალღა 1“ და „ქართული ტალღა 2“. თანაც, ის ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი იყო, რომელმაც სიმღერა საზღვარგარეთ, კერძოდ ნიდერლანდებში ჩაწერა.

 
მიუხედავად იმისა, რომ გიგა, იგივე „ბაჯუ“ ერისთავი რამდენიმე ჯგუფში უკრავდა, თუნდაც „აუტსაიდერში“, იგი ასევე შეგვიძლია გამოკვეთილად ინდივიდუალისტ მუსიკოსად მივიჩნიოთ. მას ადრე ყველაზე ნოვატორი მუსიკოსი ვუწოდე და ეს მართლაც ასეა, რადგან მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის პირველი ნაბიჯები. 

ლელა ლომთაძე, ბაჯუ, ლაშა გაბუნია და ირაკლი მაჩიტიძე, 1999 წელი

1990-იანი წლების პირველივე წლებში მან მოსინჯა ძალები ბევრ მიმდინარეობაში: ბრეიკ-დენსში, როკში, ჰიპ-ჰოპში თუ ელექტრონულ მუსიკაში და ყველგან თავისი ხელწერით. მისი შემოქმედება დღესაც ძალიან საინტერესოა.

ინდივიდუალისტებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენო მომღერალი და მევიოლინე ლელა ლომთაძეც, რომელიც თანამშრომლობდა სხვადასხვა მუსიკოსებთან. ჰქონდა და აქვს საკუთარი რეპერტუარიც. 1990-იანების მეორე ნახევარში მუსიკოსების ახალი თაობა გამოჩნდა, რომელთა შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ Best History, რომელიც FM რადიო „ძველი ქალაქის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა და მათი სამი წევრი ამ რადიოს წამყვანი იყო. ჯგუფმა დიდ წარმატებას მიაღწია ლადო ბურდულის მიერ ორგანიზებულ სამდღიან ფესტივალზე სხვა ქართულ და უცხოურ ჯგუფებს შორის, მისი აღმოჩენა გახდა. მაშინდელი სხვა ნიჭიერი მუსიკოსების შემოქმედებას შეგიძლია გაეცნოთ ნაკრებში „ქართული ტალღა 1“ და „ქართული ტალღა 2“, სადაც მოუსმენთ ჯგუფებს: „ბურუსი“, „ალკო“, „წამი“, „რეპლიქსი“ და „ხუან პაბლო ტატოია“ (იგივე „არქეოპტერ X“). 


აქამდე ვინც ჩამოვთვალე, უფრო ალტერნატიული შემსრულებლები არიან. თუმცა ქუთაისში არსებობდა პოპ-სცენაც. ამ სფეროდან უნდა ვახსენოთ ქეთი მერკვილაძე და ბოიბენდი „გოგლი-მოგლი“, რომელთა შემოქმედებაც საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში. ამის გარდა იყვნენ ჯაზ და ექსპერიმენტული მუსიკოსები. მათ შორის შეიძლება ვახსენოთ ქუთაისელი ჯაზ-მევიოლინე ვიტალი სამხარაძე, რომელიც დღეს დასავლეთში ცხოვრობს და ცნობილია, როგორც ვიტალი იმერელი. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, დრამერი, ვიბროფონისტი და კომპოზიტორი გია სალაღიშვილი, რომელმაც 1990-იან წლებში რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა და პლუს ამას, პროგრესივ-როკ ჯგუფიც ჩამოაყალიბა და რამდენიმე ალბომიც ჩაიწერა. თუმცა ტრიო „ბაროკოს“ ჩამოყალიბება და მისი „ბითლზის“ სიმღერების ტრანსკრიფცია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარია. 

 
განსაკუთრებით საინტერესო იყო შემოქმედებითი გაერთიანება „ნიღბების კლუბის“ ორგანიზებული აქციები, რომელიც ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ ჩამოყალიბდა. ამავე დროს კლუბის წიაღში ჩამოყალიბდა მხოლოდ გოგონებისგან შემდგარი ჯგუფი „მედპერსონალი“. „ნიღბები კლუბი“ მთელ ქალაქში ეძებდა სხვადასხვა სივრცეებს. იმ პერიოდში საკონცერტო სივრცეების უდიდესი დეფიციტი იყო, ამიტომ აქციები იმართებოდა სხვადასხვა შენობებში, ნანგრევებში, ქუჩებში, ავტოფარეხებში, მიწისქვეშა ბუნკერებში და კრივის დარბაზშიც კი. 

Best History, 1998 წელი

პარალელურად, ქალაქში კარგად განვითარდა ჰიპ-ჰოპი, რომლის გამორჩეული ფიგურა სწორედ შავი პრინცი იყო, რომელიც ასევე ალტერნატიული მუსიკიდან მოდიოდა. იგი თითქმის ყველა კონცერტს ესწრებოდა, როგორც მსმენელი და ცეკვავდა კიდეც. კარგად გამოსდიოდა ბრეიკ-დანსის ცეკვაც. ოდნავ გვიან მან ჩამოაყალიბა „ძებნილები“, რომელშიც ნიჭიერი რეპერები გაერთიანდნენ. ეს ერთგვარი რეპ-მოძრაობა იყო, რომლის მიზანი არ ყოფილა ტელევიზიასა თუ რადიოში მოხვედრა. ეს იყო ცხოვრების წესი. „ძებნილების“ წიაღში რამდენიმე ძალიან კარგი ჰიპ-ჰოპ არტისტი იშვა, მათ შორის ყველაზე ცნობილია ჯერონიმო. შავი პრინცი ხშირად სწორედ მასთან ერთად იწერდა დუეტს. ჰიპ-ჰოპში აუცილებლად უნდა ვახსენო აწგანსვენებული მუსიკოსი კაზი ჯაზი, რომელიც მართალია, წყალტუბოელი იყო, მაგრამ ქუთაისურ სცენას წარმოადგენდა.


2000-იანებში ქალაქში მუსიკის მხრივ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუმცა ჩამოყალიბდა ჯგუფი „ფრანი“ და კიდევ შეიქმნა ინგლისურენოვანი ჯგუფი Georgian Version. 1990-იანი წლების ინერცია მოქმედებდა. აი, 2010-იანი წლებიდან ჰიპ-ჰოპშიც ახალი თაობა წამოვიდა და მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ელექტრონულ სცენაზეც. ამ მხრივ უნდა აღვნიშნოთ კლუბების „რეფლექტორისა“ და „ბუდეს“ ჩამოყალიბება. ელექტრონული მუსიკის ამ ორი კლუბის განვითარებას ხელი შეუწყო ქუთაისის აეროპორტის აღდგენამ და იქ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების შემოსვლამ. ჯერ იყო „ბუდე“, რომელიც ათმა მეგობარმა 2011 წელს ჩამოაყალიბა. ორ წელიწადში კი მათ საკუთარი ხელით გაარემონტეს ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ერთ-ერთი საამქრო, რომელიც კლუბ „ბუდეს“ დღევანდელი ადგილი გახდა. ისინი როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისე საქართველოდან ანდერგრაუნდ ელექტრონულ მუსიკოსებს იწვევენ. კლუბი „რეფლექტორი“ 2016 წელს სამმა მეგობარმა შექმნა, რომელთაც ჰქონდათ ევროპის კლუბებში გართობის გამოცდილება. ეს ორი სივრცე ქართველი ელექტრონული მუსიკის მოყვარულების საყვარელი ადგილებია. 

„პულსი“, 1998 წელი
2010-იან წლებში ქუთაისში ძალიან კარგი ჯგუფები გაჩნდა. შეიძლება ვახსენოთ ჯგუფები – „ზეგ“, „ანარეკლი“, „გაგა ფრანი“, „ოჩოს ქოხი“, ასევე ერეკლე დეისაძე, რომლის ვინდა ფოლიოსთან ერთად 2014 წელს ჩაწერილმა სიმღერამ „რაც მამას უნდა“, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია... 2020-იან წლებში შექმნილი ბენდებიდან კი შეგვიძლია ვახსენოთ SKAZZ, „იზმირი“, „სტრესი 4621“, „სქიზმა“, „ბიბა“ და სხვები. თუმცა 1990-იანი წლებისგან განსხვავებით, ქუთაისში გაჩნდა სივრცეები, სადაც ადგილობრივ და ჩამოსულ მუსიკოსებს შეუძლიათ საკუთარი შემოქმედება დაინტერესებულ მსმენელს აჩვენონ. მაგალითად წითელ ხიდთან არსებობს კლუბი „ძველი გალეონი“, რომელშიც უფრო როკ-მუსიკოსები იყრიან თავს და კონცერტებს მართავენ. ელექტრომექანიკური ქარხნის კიდევ სხვა საამქროში ახალი კლუბი „2720“ შეიქმნა, სადაც არა მარტო კონცერტები, არამედ სხვადასხვა შეხვედრებიც იმართება და გაიმართება. ისევე როგორც ადრე, ქუთაისური ჯგუფების და ქუთაისელი მუსიკოსების უმეტესობა ქართულ ენაზე მღერის. სასიმღერო სტილებს შორის კი დღეს უმეტესად სრულდება ჰარდკორი, პანკი და პოსტ-პანკი. ამ შემსრულებლებს შორის კი ჯერჯერობით SKAZZ-ს იუტუბზე ყველაზე მეტი ნახვა აქვს, ზოგიერთ ვიდეოზე ნახვების რიცხვი უკვე მილიონნახევარს აღწევს. 


მუსიკალური ცხოვრება ქუთაისში გრძელდება. იმედი მაქვს ამჯერად მაინც დაარღვევენ ქუთაისში მცხოვრები მუსიკოსები ერთ ტრადიციას. ეს ტრადიცია კი 1900-იანი წლებიდან მოდის – ქუთაისელი მუსიკოსები (ზოგადად ხელოვანები) ამ ქალაქში იწყებენ და მერე  დედაქალაქში ან სხვა ქვეყნებში აგრძელებენ...

ფოტოების უმეტესობის ავტორი: ზურა ზენაიშვილი

სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“ 

No comments:

Post a Comment