Friday, November 29, 2024

მუსიკის გავრცელება ქუთაისში

შესავალი

მუსიკასთან ზიარება დიდი სიამოვნებაა და ბევრი მელომანისთვის იგი უკავშირდება არა მარტო ჩანაწერების თუ ცოცხლად კონცერტების მოსმენას, არამედ მათ ფლობასაც. ადამიანი მესაკუთრეა, მას სურს ჰქონდეს და ეხებოდეს იმას, რაც ძალიან უყვარს. ამიტომ მელომანების დიდი ნაწილი მუსიკას აგროვებს. მუსიკის ქონა კი 21-ე საუკუნის დასაწყისამდე მუსიკალურ მატარებლების – ფირფიტების, კასეტების თუ კომპაქტ-დისკების დაგროვებასთან ასოცირდებოდა. მუსიკას ჰქონდა ფიზიკური ფორმა, მისი შენახვა შეიძლებოდა მაგიდაზე, თაროებზე, ჯიბეშიც კი. მასზე მუშაობდნენ არა მარტო ხმის ტექნოლოგები, არამედ დიზაინერები, სტამბის მუშები, გამავრცელებლები, გადამზიდველები და ა.შ. უკვე მზა პროდუქტს ჰქონდა სპეციფიკური ვიზუალი, ფერი, სუნი. შეგეძლო მუსიკა საკრავზე ჩაგერთო და შენ ფირფიტის, კასეტის ან სიდის ყდა და ბუკლეტი დაგეთვალიერებინა.  21-ე საუკუნიდან კი მუსიკის ქონა ნაწილობრივ აბსტრაქტულ ცნებად იქცა. იგი მხოლოდ კომპიუტერის ან აიპოდის მყარ დისკზე შენახული ციფრულ ფაილებს ან ონლაინ ღრუბლებში განთავსებულ მუსიკას გულისხმობს, რომლებსაც არც ფორმა აქვთ, არც სხეული, შესაბამისად ვერც შეეხები, ვერც დაათვალიერებ, ვერც მის სუნს იგრძნობ. ჰოდა, სწორედ ამიტომ 2010-იანების მეორე ნახევრიდან ვინილის ფირფიტები და კასეტები ისევ მოთხოვნადი გახდა.


ადრე, როცა ჩვენს ქვეყანასა და შესაბამისად ქუთაისში არ არსებობდა ინტერნეტი, სმარტფონები, თხელი ტელევიზორები, თანამგზავრული ტელევიზიები, FM რადიო და პლასტმასის ბოთლები, როცა ყველაზე სწრაფი კავშირგაბმულობის საშუალება დეპეშის გაგზავნა ან ხაზის ტელეფონი იყო, როცა სხვა ქალაქში დასარეკად ე.წ. სალაპარაკოში უნდა მისულიყავი, ზარი შეგეკვეთა და მერე ხშირად დიდი ხნით დალოდებოდი, როცა ორცხობილას მართლა ორცხობილა ერქვა, ადგილებს კი ადგილები და არა ლოკაცია, როცა ქუთაისში ჯერ კიდევ ტროლეიბუსი მოძრაობდა და მგზავრები გადაჰყავდა, როცა ფალიაშვილის ქუჩაზე სპორტულ მაღაზია „სპარტაკში“ ფეხბურთის ტყავის ბურთი 11 მანეთი ღირდა, როცა სარაგბო კლუბ „აიას“ ჯერ კიდევ „სახლმშენი“ ერქვა, როცა ადამიანები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ფოტოებს მეტწილად ფოტო-ატელიეებში იღებდნენ ისეთ ფოტომეტრებთან, როგორიც ილო ხახიაშვილი იყო, როცა წყალი მაღაზიებში არ იყიდებოდა და სიცხეში წყურვილის მოკვლა პირდაპირ ქუჩებში მდგარი „ფანტანებიდან“ იყო შესაძლებელი, როცა ქალაქში 2-კაპიკიანი ტაქსოფონები და 5-კაპიკიანი გაზირებული ლიმონათების ჩამოსასხმელი ავტომატები იდგა, როცა კინოთეატრების ფოიეებში 15-კაპიკიანი სათამაშო ავტომატებით ვერთობოდით, მუსიკა ისეთი იოლად ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც დღესაა. დღეს მუსიკა ყველგან ისმის – სმარტფონებში, პლანშეტებში, კომპიუტერებში, ტელევიზორებში, FM რადიოებში, სავაჭრო ცენტრებში, სადგურებში, კაფეებში, სტადიონებსა თუ უბრალოდ ქუჩაში. რა თქმა უნდა, მაშინ მუსიკალური ტელე და რადიო გადაცემები არსებობდა, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ დროს და საერთო ჯამში, კვირაში ალბათ 2-ჯერ ან 3-ჯერ იყო მათი ნახვის ბედნიერება. კლასიკური მუსიკის მოსმენა გაცილებით ხშირად შეიძლებოდა ე.წ. ხაზის რადიოებში, რომლებიც ქუთაისის თითქმის ყველა შენობაში იყო შეყვანილი. დიახ, სადენებით შეჰყავდათ და მასზე სპეციალური რადიომიმღებები იყო დაერთებული, რომელსაც მხოლოდ ხმის ასაწევ-დასაწევის ღილაკი ჰქონდა. ამ რადიოების მოსმენაში კი ხალხი ყოველთვიურად ფულს იხდიდა. ხაზის რადიო კი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო რადიოს გადაცემებს უკეთებდა რეტრანსლაციას. ამას ემატებოდა ადგილობრივი ქუთაისური რადიო სტუდიის მაუწყებლობაც, რომელსაც დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათი თუ ეთმობოდა.

რა მუსიკა ისმოდა საბჭოთა ქუთაისში

სანამ სსრკ დაიშლებოდა, საქართველოს სსრ ჰიმნი ალბათ ყველაზე ხშირად მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოები იყო, რადგან იგი ხაზის რადიოში ყოველ დილით 6 საათზე და შუაღამის ზუსტად 12 საათზე აჟღერდებოდა ხოლმე. მუსიკა ჟღერდა სტადიონზეც, სანამ „ტორპედოსა“ და რომელიმე გუნდის თამაში დაიწყებოდა და შესვენებებზე ტაიმებს შორის. რეპერტუარში ძირითადად ქართული ე.წ. ესტრადა იყო, მაშინდელი ან უფრო ადრინდელი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ან მომღერლების სიმღერები. მუსიკა ისმოდა კაფეებშიც, რომელთა რეპერტუარშიც მეტწილად საბჭოთა საესტრადო მუსიკა გახლდათ. რესტორნებსა და ქორწილებში კი 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე მუსიკალური კოლექტივები (კვარტეტები, კვინტეტები, სექსტეტები და ა.შ.) უკრავდნენ, რომლებიც სწორედ ამ საქმიანობით ირჩენდნენ თავს. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ე.წ. „პერესტროიკის“ ეპოქაში, საქართველოში იაპონური სინთეზატორები (მეტწილად „იამაჰას“ ფირმის) გაჩნდა და სარესტორნო თუ საქორწინო ბიზნესის ბენდებში მუსიკოსების რაოდენობა შემცირდა ჯერ ტრიომდე, შემდეგ დუეტამდე, ბოლოს კი ერთი ადამიანიც მშვენივრად ართმევდა ყველაფერს თავს. სარესტორნო თუ საქორწინო რეპერტუარში შედიოდა იმ პერიოდის პოპულარული საესტრადო სიმღერები, ხოლო 1980-იან წლების მეორე ნახევრიდან მსოფლიო თუ ევროპული ჰიტებიც.