აზრები როკ-მუსიკოსისა, რომლის სიმდიდრეს, თურმე ვერც ერთი მილიარდერი ვერ იყიდის
ქართული როკის ერთ-ერთ პიონერს, კაკო ვაშალომიძეს მიაჩნია, რომ საქართველოში დღეს უგემოვნო სიმღერებისა და გადაჭარბებული დოზებით მოწოდებული მუსიკის დიდი ზეწოლა იგრძნობა, რაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდების გემოვნებას აფუჭებს.
---------------------------------------
მცირე პრეს-დოსიე
---------------------------------------
კაკო ვაშალომიძე 1952 წლის 2 სექტემბერს, თბილისში დაიბადა.
პროფესია: მუსიკოსი, გიტარისტი, კომპოზიტორი, საქართველოს ტელერადიო საესტრადო ორკესტრის სოლისტი.
განათლება: დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და კლასიკური გიტარის ათწლედი.
სცენაზეა 1966 წლიდან.
ოჯახი: მეუღლე სოფიკო, შვილები – მაია, სალომე, თამუნა და შაკო.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ცნობილი როკმუსიკოსი თავს უფლებას არ აძლევს, ვინმემ უკარნახოს (საკუთარ შვილებსაც კი), რა არის კარგი ან ცუდი. უბრალოდ, მას შეუძლია ცუდი და კარგი მუსიკის ერთმანეთისგან გარჩევა. მისი შეხედულებით, მასა ამ დაბალი დონის მუსიკის გავლენის ქვეშაა, რადგან მათ სხვა, უკეთესი მუსიკა არ ესმით. თურმე იტალიის ზოგიერთ ციხეში იმისათვის, რომ პატიმრების ფსიქიკა მოეშალათ, მათ ყოველდღე ერთსა და იმავე მონოტონურ მუსიკას ასმენინებდნენ.
როკგიტარისტი დარწმუნებულია, რომ უამრავი ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი დიდ სცენაზე ვერ მოხვდება, რადგან, მისი აზრით, დღეს ნიჭის მაგივრად მთავარია, მუსიკოსს ჰქონდეს დიდი ფული და ნაცნობობა.
მისი შეხედულებით, ქართული თანამედროვე სიმღერების უმრავლესობა ტრაფარეტებივით ჰგავს ერთმანეთს და „ზემოდან“ იმართება.
„დასავლური მუსიკისგან განსხვავებით, ქართულ პოპმუსიკას სილაღე, ანუ მუსიკალური სივრცე აკლია, რაც დათრგუნულია სხვადასხვა პიროვნებების მიმართ კომპლექსების გამო. ვისაც კი ძალაუფლება ან ფინანსები აქვს, ცდილობს, საკუთარი გემოვნებით იმოქმედოს და საყვარელი შემსრულებელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფოს. დანაშაულად მიმაჩნია, როდესაც არაპროფესიონალი თავისი გემოვნებიდან გამომდინარე, წყვეტს, ვინ არის კარგი ან ცუდი მუსიკოსი. ვერ ხვდებიან იმას, რომ როგორც არაპროფესიონალ ექიმს შეუძლია ადამიანის ფიზიკურად დაღუპვა, ასევე, არაპროფესიონალის ხელოვნებაში ჩარევამ შესაძლებელია, ადამიანის გემოვნება და სულიერება შეიწიროს“, – ამბობს გიტარისტი.
კაკო ვაშალომიძის აზრით, საქართველოში ვერაფრით მოხერხდა ყველა თანამედროვე მუსიკალური სტილის თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მუსიკალური ექსპერიმენტებისთვისაა კარგი. ამავე დროს, ხალხსაც მიეცემოდა არჩევანის გაკეთების საშუალება: „საახალწლო ტელეგადაცემა ძალიან არ მომეწონა. ვიგრძენი, რომ ნანი ბრეგვაძე თითქმის აიძულეს, რაღაც იმდაგვარი ემღერა, რაც დღევანდელ „გემოვნებაში“ ჯდება. ასეთ რამეს ელა ფიცჯერალდს ვინ გაუბედავდა?“
კაკო ვაშალომიძე ბევრ ქართველ როკის მოყვარულს ახსოვს მერაბ მამულაშვილის ჯგუფიდან „ოკეანე“, თუმცა, როგორც ნონკონფორმისტმა მუსიკოსმა 70-იანი წლების დასწყისიდანვე დაიწყო სერიოზული მუშაობა. უბრალოდ, იმის გამო, რომ ის გიტარისტი იყო, ტექსტებთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა. გიტარისტი ფიქრობს, რომ იგი დღესაც არაკონფორმისტია, რადგან ბევრი სთავაზობს ახალგაზრდულ-თინეიჯერული მოდური მუსიკის დაკვრას, სადაც ბევრი ფული დევს, მაგრამ ასეთებს ის ყოველთვის უარით ისტუმრებს და საკუთარი სტილის ერთგული რჩება.
„ფულის გულისთვის არც ცოლი მომიყვანია, არც ბავშვები მოვანათვლინე ვინმე დიდი თანამდებობის მდიდარ ხალხს, არც ინსტიტუტში ჩამიბარებია. ეს ყველაფერი სიყვარულზეა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი არა ვარ, უდიდესი სიმდიდრე მაქვს საყვარელი საქმის სახით და ამ სიმდიდრეს ვერც ერთი მილიარდერი ვერ იყიდის“, – ამბობს ვაშალომიძე.
როკგიტარისტს უფროსი თაობის ის ზოგიერთი წარმომადგენელიც არ მოსწონს, მხოლოდ საკუთარ დროს და მუსიკას რომ აქებს, რადგან, მისი აზრით, ყველა დროს საკუთარი ბრწყინვალება აქვს და სწორედ ამის გამოჩენაა საჭირო. ვაშალომიძე მივიდა დასკვნამდე, რომ ჩვენში დიდი ხანია, არსებობს მხოლოდ ერთი ყველაზე ცნობილი და მაგარი მომღერლის, ერთი მაგარი მოცეკვავის და ა. შ. მოთხოვნილება, როცა ქვეყანა სავსეა ნიჭიერი ხალხით, ინდივიდებით. მისი შეხედულებით, ჩვენში ცუდი წამხედურობაცაა გავრცელებული.
No comments:
Post a Comment