იმისათვის, რომ საქართველოში ვარსკვლავი გახდე არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა. ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოსტულატს და დაემორჩილეთ მას.
1. პირველ რიგში აუცილებელია გქონდეთ ვარსკვლავობის მძაფრი მოთხოვნილება. უნდა იცოდე, რომ საქართველოში ვარსკვლავად გახდომა არ არის რთული, ამისათვის მხოლოდ სურვილია საჭირო. მთავარია, შუბლის ძარღვი მოვადუნოთ და გადავიდეთ პირდაპირ მოქმედებებზე. არ არის სავალდებულო გქონდეს ხმა, სმენა, სასცენო ნიჭი და მუსიკალური განათლება.
2. მუსიკალური სტილებიდან მხოლოდ სოულს ჩაუღრმავდი. ამისათვის ბევრი უსმინე უიტნი ჰიუსტონს, მერაია ქერის, „ბოიზ თუ მენს“, „უესტლაიფს“, „ბექსტრიტ ბოიზს“, „ენ სინქს“ და ა. შ. იცოდე, რომ ზემოდ ჩამოთვლილი მუსიკოსები ჩვენი „ვარსკვლავების“ უმეტესობის საყვარელი შემსრულებლებია. შესაძლებლობის შემთხვევაში აუცილებლად იმეგობრე (ყველანაირი გაგებით) აფრიკული წარმოშობის ადამიანებთან, მათგან ბევრ საჭირო რამეს ისწავლი.
შენიშვნა: უკუაგდე ევროპული მუსიკა და ცხოვრების სტილი. გაითავისე მხოლოდ ამერიკული, თანაც ქუჩურ-ზანგური.
3. სამარშრუტო ტაქსში თუ მეგობრის „მერსედესში“ ჩართულ რადიოსთან დაწერე სიმღერის ტექსტი, ან იყიდე ის რომელიმე პრესტიჟული საესტრადო პოეტისაგან (50 ან 100 $-ად). არ დაგავიწყდეს ახლა მოდაშია „ტასკა“ სიმღერები. არავითარ შემთხვევაში არ წაიკითხო გალაკტიონის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, შექსპირის, პუშკინის, ბოდლერის ან თუნდაც ჯიმ მორისონის ლექსები. ეს შენს გონებას ავნებს, რადგან ფიქრს მიეჩვევი. უკიდურეს შემთხვევაში, მთლად უწიგნური რომ არ დაგიძახონ, გაეცანი ზოგი თანამედროვე პოეტის ლირიკას.
4. აუცილებლად შეიძინე ექსტრავაგანტული მზის სათვალე. ეს სათვალე გეკეთოს ყველგან ქუჩაში, რესტორანში, ღამით მანქანაში, სახლში, ტუალეტსა და აბაზანაშიც კი.
5. ახლა უკვე გადავიდეთ სიმღერის მელოდიაზეც. სიმღერის მუსიკის შექმნისას აუცილებლად გამოიყენე მე-2 პუნქტში ნახსენებ შემსრულებელთა მელოდიები. მოტივები შეგიძლია მოპარო აგრეთვე, შერის, ელტონ ჯონს, ჯორჯ მაიკლს, ბოი ჯორჯს და საკუთარ სიმღერას მოარგო. ასე აკეთებს დღეს თითქმის ყველა ვარსკვლავთ-კომპოზიტორი. ამის შემდეგ ტექსტიან-მელოდიანი სიმღერა რომელიმე ხმის ჩამწერ სტუდიაში მიიტანე და დაბალ ფასებში გააკეთე მისი „პლიუს“ და „მინუს“ ფონოგრამები. ეს ზოგჯერ ერთ დღეშიც კი კეთდება. სტუდიაში ყოფნისას დასცინე „ბითლზსა“ და „პინკ ფლოიდს“ (ასეთი ჯგუფები არსებობდნენ ოდესღაც, მაგრამ მათი მოსმენა შენ არ გარგია), რომლებიც ერთი სიმღერის ჩაწერას რამდენიმე თვეს ანდომებდნენ. თანამედროვეებიდან შეგიძლია დასცინო (იგივე მიზეზით) „რადიოჰედსა“ და თუნდაც „ჯამიროქუაის“. სიმღერაზე ხმის, ანუ შენი ვოკალის დადებისას აუცილებელია რამდენჯერმე წაიყმუვლო. დაიმახსოვრე, ყმუილი სიმღერას მოდურს ხდის.
6. ახლა პრომოუშენსაც მიხედე. დაუკავშირდი რომელიმე „ყვითელი“ ჟურნალის ან გაზეთის მეგობარ რედაქტორს. პატარა „პატივისცემის“ შემდეგ საკუთარ თავთან ინტერვიუ შეუკვეთე. მასალას დაარქვი „ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან, ანუ სკანდალი ქართულ შოუბიზნესში“. აუცილებლად დააბეჭდინე შენი ფერადი პოსტერიც, სადაც მზის სათვალე (იხილე პუნქტი #4) გიკეთია, ხოლო ხელები მაღლა, ცისკენ გაქვს აპყრობილი. სურათის გადაღებისას შარვლის ღილები იმ დონეზე შეიხსენი ტრუსიც რომ გამოჩნდეს. ინტერვიუს ჩამორთმევისას ბევრი ისაუბრე, თუ რამოდენა ენერგია დახარჯე სიმღერის ჩაწერაზე. აღიარე, რომ მოგწონს ნელი და კელი, შაგი, დიჯეი ბობო, ბრიტნი სპირსი, კრისტინა აგილიერა, რომ პატივს სცემ ემინემს. შეაქე აღნიშნული ჟურნალი (ან გაზეთი) და თქვი, რომ ნომერს არ ტოვებ წაუკითხავს. ჟურნალისტს ისიც უთხარი, რომ გამოცქვიტინებული ხარ და ფოტოგრაფს სთხოვე რამდენიმე სურათი შენი კარგამოღებული გარდერობის ფონზეც გადაგიღოს. ბევრი ილაპარაკე შენი ბედკრული სიყვარულის ისტორიაზე. გულზე მჯიღების რტყმევით აღნიშნე, რომ ძალიან გიყვარს შენი სამშობლო – საქართველო, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა დავიცვათ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები.
7. მინი-დისკი, რომელზეც შენი ახალი სიმღერა „მე ვერასოდეს დავწვები შენთან“ არის ჩაწერილი, აუცილებლად მიიტანე სხვადასხვა რადიოებში. ჩააწყვე ინტერვიუები რადიოსა და ტელევიზიების თინეიჯერულ გადაცემებში.
8. ბევრი აქნიე ხელები სარკესთან, ეს კონცერტებზე გამოგადგება. „პლიუსზე“ სიმღერისას შიგადაშიგ მიკროფონში ჩაურთე ფრაზები: „აჰა, აჰა, იეეე!“, ხშირად იყვირე „აბა, ტაშიი“, „ყველამ ერთად“ და მსგავსი რაღაცეები. ეცადე მოხვდე ფილარმონიის სცენაზე, რაც საერთოდ არ არის რთული.
9. დაიქირავე ე. წ. პაპარაცი, გადააღებინე უხერხული სურათი და საკუთარი ხელით გაავრცელე პუნქტ 6-ში ნახსენებ მასმედიის საშუალებებში. მერე ამის შესახებ სახალხოდ აღშფოთდი და მასმედია იქეთ დაანამუსე, რომ მომავალში ცხვირი აღარ ჩაჰყონ შენს პირად ცხოვრებაში.
10. ვიდეოკლიპის გადასაღებად აუცილებლად ქალ კლიპმეიკერს მიმართე, რომელსაც უფრო კარგად ესმის შენი მოთხოვნილებები და პრეტენზიები. სიმღერა „მე ვეღარ დავწვები შენთან“ საჭიდაო ტატამზე გადაიღე, ოღონდ თავად არ იჭიდაო. ახლა ეროტიკული კლიპებია მოდაში და ამიტომ სჯობს ბიკინებში გამოწყობილი გოგონებისა და შიშველი ბიჭუნების სხეულები აიზილოს ერთმანეთში. მართალია ვიზუალური მხარე არ დაემთხვევა შენი „ტასკა“ სიმღერის ტექსტობრივ შინაარსს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობაა აქვს?
11. როდესაც პოპულარობას მიაღწევ და ზაფხულობით ზღვისპირა ქალაქში ფესტივალზე მიგიწვევენ, არ დაგავიწყდეს მადლიერება გამოხატო „ბაბუების“ მიმართ, რომლებიც ასე ეხმარებიან ქართული შოუბიზნესის ზეგანვითარებას. შენი გავარსკვლავებული სილუეტი ამ სიტყვების შემდეგ პომპეზურად წარმოჩინდება გრანდიოზული ფეიერვერკის ფონზე. ამის შემდეგ კი მიდი და იმარიაჟე რამდენიც გინდა. ამას აღარავინ დაგიშლის.
No comments:
Post a Comment