ბიზანტიურ გალობას რამდენიმე მომხრე ჰყავს, თუმცა პატრიარქმა აკრძალა
საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ რამდენიმე ტაძარში ბიზანტიური საგალობელი იგალობება, რომელსაც ზოგიერთი ბერძნულსაც კი ეძახის. ეს გალობა ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქმა აკრძალა.
„ახალი ვერსია“ დაინტერესდა საიდან გაჩნდა ბიზანტიური გალობა ქართულ ავტოკეფალიურ სამოციქულო ეკლესიაში და რატომ გაუჩნდა მას მომხრეები.
გალობის მომხრე ბიზანტიური გალობის შემსწავლელი ჯგუფი მიიჩნევს, რომ რეალურად ნამდვილი, ძველი ქართული გალობა არის ბიზანტიური გალობა, რომელიც მე–8 საუკუნეში ღირსმა მამამ, იოანე დამასკელმა შექმნა. ეს ჯგუფი ამტკიცებს, რომ ბიზანტიური გალობა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დამახასიათებელი ჰანგები და მელოდიებია – მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის მუსიკა, რომელიც ადამიანები აზრს და გონებას ზეცისკენ მიმართავს: „ეს არ არის არც ერთი ერის გალობა; ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ერის – ღვთის ერის, ახალი ისრაელის გალობა, იმ ერის, რომლის სამშობლოა ზეციური იერუსალიმი“ („საპატრიარქოს უწყებანი“, #131).
ზურაბ ცხოვრებაძე (საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსის მოადგილე): „გარკვეული ჯგუფი ე. წ. ბიზანტიური საგალობლების ქართულ ეკლესიაში დამკვიდრებას ცდილობს. ეს ერთხმიანი გალობაა, სადაც მცდელობაა, ბერძნულ მუსიკაზე ქართული ლოცვის სიტყვები დაედოს. ეს არის სინკრეტული გალობა. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ამგვარი ექსპერიმენტის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამის მოთხოვნილება ჩვენს ეკლესიას არა აქვს.
ქართული სამხმიანი გალობა და პოლიფონია უნიკალურია. სრულიად თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ცივილიზაციის საგანძურში უფრო დიდი არაფერი შეგვიტანია. აქ მხედველობაში არა მაქვს მარტო სულიერი, სარწმუნოებრივი მხარე – ზოგადად კულტურას ვგულისხმობ. მასზე უარის თქმა არანაირი მიზეზით არაა გამართლებული. სასიხარულოა, რომ ბიზანტიურ გალობას მხოლოდ ეს მცირე ჯგუფი უჭერს მხარს და ეს რაღაც დაბნეულობის შედეგია“.
კუკური ჭოხონელიძე (თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი): „ჩვენ, მუსიკოსები ამ პრობლემით დავინტერესდით, კარგად შევისწავლეთ ეს ბერძნული გალობა, გაკეთდა მეცნიერული ანალიზი. ამ საქმეში ჩაერთო მეცნიერი დალი დოლიძე, რომელიც დიდი ხანია, ბიზანტიურ მუსიკაზე მუშაობს. მან ბერძენი ავტორის ცნობები მოიყვანა, რომლის თანახმად, ის საგალობლები, რომლებიც ახლა ზოგიერთ ქართულ ეკლესიაში იგალობება, საბერძნეთში მე-17 საუკუნის ბოლოს და მე-18 საუკუნის დასწყისშია შექმნილი.
ეს გალობა, ერთი მხრივ, მონოდიური (ერთხმიანი) გალობაა, მაგრამ გამრავალხმოვნების მცდელობაც შეიმჩნევა, ანუ ისმის კიდევ ერთი ახალი ხმა, ე. წ. ბურიდონის სახით, რომელიც არც თუ ორგანულადაა შერწყმული ძირითად მელოდიასთან და ნამდვილად ეტყობა, რომ ხელოვნურია. საერთოდ, ბიზანტიური მუსიკალური კულტურა და გალობა ერთხმიანია, მონოიდურია და მეორე ხმის დამატება მისთვის არადამახასიათებელი ელემენტია. სწორედ, ამ მახინჯი, არაბიზანტიური გალობის დანერგვას ცდილობენ დღეს საქართველოში და თავადაც არ იციან, რომ ეს არ არის იოანე დამასკელის მიერ შექმნილი საგალობელი. იოანე დამასკელის შექმნილი მხოლოდ ერთი-ორი ნიმუშია შემორჩენილი“.
ბიზანტიური გალობის შემსწავლელი ჯგუფი: „რატომ უწოდებენ ამ გალობას ბერძნულს? ეს არის მცდარი სახელწოდება, ისევე მცდარი, როგორც ის, მართლმადიდებლობას ზოგიერთები ბერძნულ სარწმუნოებას რომ უწოდებენ. სწორი სახელწოდებაა ბიზანტიური გალობა. ზოგი ბიზანტიასაც საბერძნეთს ეძახის. ეს გალობა ბიზანტიაში დაკანონდა და ბიზანტიიდან შევიდა ყველა ადგილობრივ ეკლესიაში, მათ შორის საქართველოში. ალბათ, ამიტომ ზოგიერთი მეცნიერიც ამ გალობას არასწორად უწოდებს ბერძნულს.
რატომ ჰქვია ამ გალობას ბიზანტიური? ბიზანტია იყო მართლმადიდებლური სახელმწიფო. მსოფლიო ეკლესიის კანონები სახელმწიფო კანონებში შედიოდა და ხშირად სახელმწიფო კანონებზე უპირატესიც იყო. ბიზანტიაში ოფიციალურად იდევნებოდა ყოველგვარი წარმართობა და მწვალებლობა... ბიზანტიური და მართლმადიდებლური სინონიმები იყო. ბიზანტიური გალობა იგივეა, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური გალობა“.
ზურაბ ცხოვრებაძე: „ქართულმა გალობამ საუკუნეები გამოიარა და უდიდესი მამები გალობდნენ ამ გალობით, მათ შორის ათონელი მამებიც. ყველა მართლმადიდებელ ერს საკუთარი საგალობელი აქვს და არც ერთ ერს სურვილი არ ჰქონია, მხოლოდ ერთი რომელიმე ერის (თუნდაც ბერძნების) საგალობელი ეგალობა. თანაც ეს არ არის ძველი გალობა. ეს არის მე-17, მე-18 საუკუნეების გალობა, რომელზეც აღმოსავლური მუსიკის ძლიერი გავლენა იგრძნობა, ამიტომ ამის ერთადერთ მართლმადიდებლურ საგალობლად გამოცხადება ცოტა წარმოუდგენელია“.
კუკური ჭოხონელიძე: „თურქების საბერძნეთში ბატონობამ მუსიკაზეც იქონია გავლენა. აღნიშნულ საგალობლებში ეს აღმოსავლური ინტონაციებია გამორეული, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მართალია, ჩვენზეც არსებობდა თურქული ზეწოლა, მაგრამ ამან ზიანი ვერ მიაყენა ქართულ კულტურას, ერთ ბგერაც კი ვერ შეცვალა. ჩვენ მრავალხმიანად მოაზროვნე ერი ვართ, არ შეგვიძლია ერთ ხმაში სიმღერა თვით სიმთვრალეშიც კი, ამიტომ მონოდია ჩვენთვის ინტონაციურადაც მიუღებელი იყო. ქართველმა კაცმა სწორედ ამის გამო შექმნა მრავალხმიანი საგალობელი.
ქართულმა გალობამ დიდებული მგალობლების ხელში გამოიარა, იოანე ზოსიმედან დაწყებული, მიქაელ მოდრეკილითა და სხვებით დამთავრებული. არავის უთქვამს, ეს რა არის, მოდით, ბიზანტიურად ვიმღეროთო.
იოანე პეტრიწი საგალობლის სამხმოვანებას სამებასთან აიგივებდა. ის გალობის ბრწყინვალე მცოდნე იყო. როდესაც არსენ იყალთოელმა ანდრია კრეტელის საგალობლები თარგმნა, დავით აღმაშენებელმა ქართლის კათალიკოსს „ხმის დადება“, ანუ მუსიკის შექმნა დაავალა. ხომ შეეძლო პირდაპირ ბიზანტიური მუსიკა დაედოთ? მაშინ არსებობდნენ გალობის მოძღვრები, მგალობელთუხუცესები“.
ბიზანტიური გალობის შემსწავლელი ჯგუფი: „იოანე დამასკელმა ეს მელოდიები ეკლესიაში იმ დროს არსებულ მრავალრიცხოვან მელოდიათაგან გამოარჩია. გამოარჩია იმიტომ, რომ ისინი ადამიანში აღძრავდნენ ღვთის შიშს, სინანულს, მადლიერების, სიყვარულის, საკუთარი უღირსობის შეგრძნებას და სხვა ქრისტიანულ სათნო გრძნობებს. იოანემ უარყო ის მელოდიები, რომლებიც ადამიანებში აღძრავდნენ სხვადასხვა ვნებებს და იწვევდნენ ფშვინვიერ შეგრძნებებს. იოანე დამასკელის მიერ დადგენილი კანონი მიიღო ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველოს ეკლესიამაც.
ამბობენ, რომ ბიზანტიური გალობის შემსწავლელი ჯგუფი ებრძვის ქართულ გალობას. როგორ შეიძლება ბრძოლა დაერქვას იმას, რასაც ჰქვია ძველი ქართული გალობის კვლევა?“
ზურაბ ცხოვრებაძე: „პატრიარქმა ეს გალობა ქვემო ბეთლემის ტაძარში აკრძალა. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ზოგიერთ ტაძარში მაინც იგალობება“.
კუკური ჭოხონელიძე: „განგაშის ზარია შემოსაკვრელი, რადგან ამ საგალობლებით მსოფლიო ამაყობს. ვფიქრობ, ქართული საგალობლების შექმნაში ღმერთის ხელი ურევია. ქართველებმა საკუთარი მუსიკალური დამწერლობაც კი გამოიგონეს, როცა შეეძლოთ, იგივე ბერძნულიც გამოეყენებინათ“.
„ახალ ვერსიას“ სურვილი ჰქონდა, ბიზანტიური გალობის შემსწავლელი ჯგუფის რომელიმე წარმომადგენელს უფრო კონკრეტულად გამოეთქვა თავისი შეხედულება ამ საკითხზე. შევხვდით კიდეც მამა დავითს (ქვლივიძეს), მაგრამ მან ინტერვიუზე დელიკატური უარი გვითხრა, რადგან არ სურს, ქართულ ეკლესიაში რაიმე დაპირისპირება მოხდეს. მისი თქმით, პატრიარქის თხოვნის შემდეგ, ბიზანტიური გალობა ტაძრებში შეწყდა. თუმცა მამა დავითმა ისიც აღნიშნა, რომ პატრიარქი ბიზანტიური გალობის წინააღმდეგი არ არის და მისი შესწავლა კვლავ მიმდინარეობს.
No comments:
Post a Comment