ქართული სატელევიზიო მუსიკალური ეთერი სავსეა ქუთაისელი რეპერის „შავი პრინცის“ კლიპებით. მისი და სხვა რეპერების თითქმის ყველა კლიპში, რომელთა სცენარებიც ძალზედ ბანალურია და ერთმანეთს წააგავს, შესანიშნავი სხეულების მქონე, ნახევრად შიშველი გოგონები იწონებენ თავს. ქართველი რეპერები დაგრიალებენ „ფირმა“ მანქანებით, თამაშობენ კაზინოებსა და ისვენებენ საუნებში. „შავი პრინცი“ ასაკით ყველა ქართველ რეპერზე უფროსია, რაც ლოგიკურად იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში „ეროვნული რეპის“ აკვანი „სავარდო და სამაისო“ ქუთაისში დაირწა. რატომ უნდა ჩასახულიყო საქართველოში ეს ამერიკული მეგაპოლისების ურბანისტული, ზანგური მუსიკა მაინცა და მაინც ქუთაისში?
თბილისში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, თითქოს, ქუთაისელი ახალგაზრდები დღესაც ე. წ. „ქურდულ მენტალიტეტს“ ეტრფიან. მისაღებია თუ არა „შავი გაგება“ თანამედროვე რეპერისთვის? ქართული რეპი შეიძლება იყოს სექსი, კრიმინალი, ნარკოტიკები, მაგრამ იგი არანაირად არ ეხმაურება ტრადიციულ ქურდულ კანონებს. რეპერის „შავი გაგება“ უფრო ახლოს დგას ამერიკელ შავკანიანთა ქუჩურ, განგსტერულ ცხოვრებასთან. „შავი პრინცისა“ და სხვა ქუთაისელი რეპერების შემოქმედება ადრე უფრო აგრესიულობით გამოირჩეოდა და შეიძლება ითქვას, ანდერგრაუნდშიც კი იყო, თუმცა მაშინ „შავ პრინცს“ ცოტა თუ იცნობდა. ერთ დროს უკომპრომისო „ქუჩის ბიჭი“ და აგრესიული მუსიკოსი დაწყნარდა, დამშვიდდა და დღეს, უფრო მსუბუქ, მელოდიურ სიმღერებსაც ასრულებს. თუმცა, მოდით, ისევ ქუთაისს დავუბრუნდეთ. ზემოთ დასმულ კითხვაზე თავად „შავი პრინცი“ პასუხობს: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემის აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები რა გინდა“.
„ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი“ – მღერიან ერთ-ერთ სიმღერაში... ეს ალბათ, ძალიან საამაყოდ ჟღერდა იმათთვის, ვინც საქართველოს ძალით გასაბჭოების პირველ წლებში გადაწყვიტა მსოფლიოს ამ უძველეს ქალაქში რამდენიმე უზარმაზარი „საკავშირო დონის“ წარმოება გაემართა. იმ ქართულ-აზიური მახინჯი ტენდენციის გამო, რომლის მიხედვითაც ყველაფერი საუკეთესო ქვეყნის დედაქალაქში უნდა ყოფილიყო, ქუთაისი ჯერ საქართველოს „მეორე ინდუსტრიულ ცენტრად“ გადააქციეს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი ქალაქი აბსოლუტურად უფუნქციოდ დარჩა. მიუხედავად ამისა, კულტურული ცხოვრება არ ჩამკვდარა. ნიჭიერი ლიტერატორები, თეატრალები, მხატვრები თუ მუსიკოსები არასოდეს აკლდა ქალაქს. ყველასაგან გამორჩეულობის პრეტენზია ქუთაისურ ხელოვნებას ისტორიულად ყოველთვის ახასიათებდა. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ქართული კულტურის მრავალი ნოვატორული მიმართულება სათავეს სწორედ აქ იღებდა. გასული საუკუნის მიწურულს კი ქუთაისში განსხვავებული, არატრადიციული ქართული მუსიკაც გაჩნდა.
თანამედროვე ალტერნატიული, არაფილარმონიული მუსიკა ქუთაისში გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაისახა ე. წ. „პერესტროიკის“ დროს. ყველაფერი დაიწყო გორბაჩოვის დადგენილებით „ინტერესების მიხედვით კლუბების შექმნის თაობაზე“, რომლის საფუძველზე თემურ ჯოხაძემ (იგივე „ტუსოვკა“) და ვახტანგ ნებიერიძემ („სტრადივარი“) ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოში პირველი საკონცერტო-საპროდიუსერო კლუბი „მელომანი“ ჩამოაყალიბეს. კლუბში რამდენიმე ქუთაისური როკ-ჯგუფი გაერთიანდა. სწორედ მაშინ შეიქმნა ცნობილი ჯგუფი „აუტსაიდერი“. „მელომანის“ ხელშეწყობით ჯგუფი რამდენიმე სერიოზულ საკავშირო ფესტივალზე მოხვდა რუსეთსა და ბალტიისპირეთში და პირველი დისკიც ჩაწერა. ქუთაისში თანამედროვე მუსიკის არნახული მოჭარბება დაიწყო. ქალაქში რამდენიმე ძლიერი კოლექტივი და შემსრულებელი გამოჩნდა, მათ შორის: „პულსი“, „ბუნკერი“, „ტრიბუნალი“, გოგა ჟორჟოლაძე (ერთ-ერთი ყველაზე ვეტერანი როკერი ქალაქში), ლელა ლომთაძე, ბაჯუ (ერთ-ერთი ნოვატორი და უნივერსალური მუსიკოსი საქართველოში, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ქართული რეპისა და ელექტრონიკის პიონერად) და სხვები. ოდნავ მოგვიანებით ქალაქში შეიქმნა საინტერესო და ასევე მძლავრი ჟღერადობის კოლექტივები: „ბესტ ჰისტორი“, „არქეოპტერ X“, „შავი ღვინო“, „რადიკალი“, „კომა“, „ალკო“, „ბურუსი“, „რეპლიქსი“, „ძებნილი“ და სხვები.
ქუთაისური ჯგუფები არასოდეს ასხამდნენ ხოტბას სენტიმენტალურ, ცრემლებსაღვარღვარებელ გრძნობებს, ამავე დროს, ინგლისურ ენაზე სიმღერითაც ნაკლებად იწონებენ თავს. ქუთაისური როკი და რეპი განსხვავდება საქართველოს სხვა ქალაქების მუსიკისგან თუნდაც თავისი განსაკუთრებულად წრფელი უკომპრომისობით. მუსიკოსებს აერთიანებდათ მძლავრი, რადიკალური სოციალური პროტესტი, რაც დღემდე იგრძნობა იმ მუსიკოსთა შემოქმედებაში, ვინც ჯერ კიდევ ამ ქალაქში ცხოვრობს.
ქუთაისური ჯგუფების პოეზია მეტად მკვეთრი და კონკრეტულია. ჯერ კიდევ 80-იანების მიწურულს ჯგუფი „აუტსაიდერი“ საკუთარ ქალაქზე მღეროდა: „ფურთხის ღირსია ყველა ნიღაბი ქვეყნად, ზოგი კერპებს ქმნის, ზოგიც სიკვდილთან ცეკვავს, დღეს ამ ქალაქში სინათლე ქრება, ბავშვების ნაცვლად სიგიჟე ჩნდება, ჩემს ქალაქში დღეს საშინლად ბნელა“. ძველი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ვეტერანმა მუსიკოსმა გოგა ჟორჟოლაძემ ახალი საუკუნის დასაწყისში ასეთი სიმღერა მიუძღვნა მაშინდელ სახელმწიფო მეთაურს: „შენ ჰეი, ასულხარ ზემოთ, და გიფიქრია კაცად მაქცია, დაფურთხებული აგილოკია, მიტომ იქეცი თავად მაქციად... ფული იშოვე, კიდევ ქონება, ძალაუფლებაც, მეტი რა გინდა? აღარ გაწუხებს ხალხის გოდება, საკუთარი ძმა გვერდზე გაგიდგა... მაქცია“! ხოლო ახალგაზრდა ჯგუფი „რეპლიქსი“ 2002 წელს ჩაწერილ კომპოზიციაში „შეჩერდი“ მღეროდა: „მეორედ მოსვლის დადგება ჟამი, ვერ დავამარცხეთ ეპიდემია, სიმართლის მთქმელებს ყველას გვდევნიან, ვეღარ გაძლებენ ცოდვის სენები, დრონი მეფობენ არა მეფენი! სიჩუმე კმარა! შეჩერდით“! საინტერესოა „ბესტ ჰისტორის“ ერთ-ერთი ტექტსიც: „მე არა ვარ ფროიდი, არც სპერმატოზოიდი, მე არა მყავს ტანკი და არა ვარ პანკი, მე არა ვარ ზომბი და არა მაქვს ბომბი, მე არ მიყვარს ხე, მიტომ მიყვარს მზე. მე ვარ კაცი“! ეს ჯგუფი ყოველთვის დასცინის უაზრო ქართულ ტრადიციებსა და უშნო მენტალიტეტს. საკმაოდ აგრესიულ და სოციალურ რეპს ასრულებდა თავის დროზე „ძებნილი“ (იგივე „შავი პრინცი“): „შიმშილი მე ნერვებს მიშლის და შიმშილი შენც ნერვებს გიშლის, მიირთვი სიცოცხლე თუ ძალიან გშია, მე დავანთებ ცეცხლს და ხვალინდელი დღე შენ ჩამოგართმევს ხელს, შიმშილი კი მაინც წაგართმევს ფერს“.
კლუბური მოძრაობა მხოლოდ „მელომანით“ არ ამოწურულა. 90-იანი წლების დასაწყისში ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ შეიქმნა „ნიღბების კლუბი“, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ყოველი თვის 8 რიცხვში სხვადასხვა ორიგინალურ მუსიკალურ აქციებსა და პერფორმანსებს აწყობდა. იკრიბებოდნენ ყველგან; ქუჩებში, ნანგრევებში, გარაჟებში, ბინებში, ორგანიზაციების შენობებში. ამავე დროს, შეიქმნა ანდერგრაუნდ მხატვართა და ლიტერატორთა კლუბი „მესამე კლასის ვაგონი“, რომლის წევრებმაც ორი წიგნი გამოსცეს. როკის მოყვარულებს რას არ ეძახდნენ ქალაქში: უპატრონოებით დაწყებული, სატანისტებით დამთავრებული. თუმცა, საქართველოს საყოველთაო, უმძიმესი გაჭირვების დროს, როდესაც ქალაქის ახალგაზრდების უმრავლესობა აპათიას ჰყავდა შეპყრობილი და თითქოს ინერტული იყო, მსგავსი კლუბები სხვადასხვა გემოვნების ადამიანთა თავშეყრის ადგილი გახდა.
ალტერნატიული მუსიკის ქუთაისელი მოყვარული რიგითი მოქალაქეებისგან გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით, თუ ჩაცმულობით. მძიმე მუსიკის ზოგიერთი მიმდევარი ატარებდა მოშვებულ თმებს და ტყავის ტანისამოსს. პანკისა და ალტერნატივის მოყვარულები თმებს მოკლედ იკრეჭდნენ, უპირატესობას შელანძღულ ჯინსებსა და სხვადასხვა ფერის „კედებს“ ანიჭებდნენ (წითელი ფერი განსაკუთრებულად ფასდებოდა). ბევრ მათგანს პანკ-მუსიკისადმი ერთგულების ნიშნად მკერდზე ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ე. წ. „ინგლისური ქინძისთავი“ („ბულავკა“) ჰქონდა მიბნეული. გოგონები კი ჩანთებში გაყრილ დიდი ზომის „ბულავკებით“ იწონებდნენ თავს და თმებს სხვადასხვაფრად იღებავდნენ, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. რეპერები უპირატესობას ბოტასებს, ჩაჩაჩულ ჯინსებს, შავ სათვალეებსა და ე. წ. „ბენდენებს“ ანიჭებდნენ. დღესაც, ამ მუსიკალურ დაჯგუფებათა წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილებში იკრიბებიან, თუმცა ხშირად „ღირსშესანიშნავი“ მოვლენების ასაღნიშნად „ტუსოვკები“ ერთიანდება. მიუხედავად განსხვავებული მსოფლმხედველობისა, სხვადასხვა სტილის მიმდევრები ერთად სვამენ, საუბრობენ ფილმებზე, ლიტერატურასა და რაღა თქმა უნდა, მუსიკაზე. ანცობებისას კი ერთმანეთს ყოველთვის უგინებენ მუსიკალურ სტილს, მაგრამ ეს ყოველთვის „უსისხლოდ“ მთავრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელი ახალგაზრდები ინტენსიურად უსმენდნენ დასავლურ მუსიკას, ქალაქში არსებული ეს მუსიკალური მოძრაობები და კლუბები დასავლური ღირებულებების მატარებელ კომუნებად არ ჩამოყალიბდა. ქართულ კულტურაზე და ტრადიციებზე უარი არავის უთქვამს. სწორედ ეს გამოარჩევს ქუთაისურ მუსიკას საქართველოს სხვა ქალაქების შემოქმედებისგან, რაც განუმეორებელი, ქუთაისური, ეთნიკურად სუფთა ქართული აურის დამსახურება უფროა. „აუტსაიდერელი“ რობი ყოველთვის იცილებს ჯგუფზე მიწებებულ პანკურ თუ „ალტერნატივშიკურ“ იარლიყს და ყველგან აცხადებს, რომ ის ქართულ მუსიკას უკრავს და მისი ყველაზე დიდი მასწავლებელი ჰამლეტ გონაშვილია. ხოლო ჯგუფ „ბესტ ჰისტორის“ ფრონტმენმა გიორგი ხონელიძემ ადრე ინტერვიუში მითხრა: „ჩემზე უწიგნურები ამბობენ, შეხედეთ, ეს როკერია, უწმინდურია და ა. შ. ასეთ ხალხს მე ვიწვევ თუნდაც ქართული ლექსებისა და სადღეგრძელოების წარმოთქმაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი ჯგუფის არც ერთი წევრი არასოდეს არ იქნება ვიღაც ჯონსონი, ტომსონი ან სხვა ვინმე. ჩვენ ვიყავით, ვართ ქართველები და ყოველთვის ქართველებად დავრჩებით სადაც არ უნდა მოვხვდეთ. უბრალოდ, ვცდილობთ ჩვენი ენერგია ჩავდოთ თანამედროვე როკ-მუსიკაში და საკუთარი სათქმელი ვთქვათ“. ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველი ქუთაისური ჯგუფი თუ ცალკეული შემსრულებელი საოცრად მეამბოხეა, ოღონდ თავისებურად, – რაღაც კონსერვატორულად. მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანის მუსიკა აუცილებლად ინოვაციაა ქვეყნის მასშტაბით. გინდათ როკში, გინდათ რეპში, გინდათ ელექტრონიკაში. მსოფლიოში ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე სოციალური და პროტესტული მუსიკა, რომელიც თავისუფალია ელიტურობისა და სნობიზმისგან, სწორედ, დიდი ქალაქების გარეუბნებში ან პატარა ქალაქებში იკვრება.
კარგია მშობლიურ ქალაქში ცხოვრება, მაგრამ აუტანელმა სოციალურმა პირობებმა, მასობრივმა უმუშევრობამ და უსახსრობამ ბევრი შემოქმედი ადამიანი აიძულა დაეტოვებინა ქუთაისი. ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილი კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ზოგიერთის შემოქმედებას ეს დაეტყო კიდეც. თუმცა ქალაქში დარჩენილი მუსიკოსები ტრადიციებს არ ღალატობენ და ბევრი მათგანის შემოქმედება კვლავაც უკომპრომისოა. ისინი საკუთარ სიმღერებს იწერენ მუსიკოს გოგა ჟორჟოლაძის სტუდიაში და ბოლო სამი წლის განმავლობაში ორი საინტერესო კომპილაცია: „ქართული ტალღა 1“ და „ქართული ტალღა 2“ გამოსცეს, რომელიც შეიძლება დიდად ვერ დაიკვეხნის ჩანაწერის ხარისხის სრულყოფილებას, მაგრამ ერთადერთი საშუალებაა საკუთარი მუსიკა მიაწოდონ ქართველ მსმენელს.
ქუთაისში რამდენიმე თვის წინ ისევ მოვხვდი და, რეზო გაბრიაძის არ იყოს, ნოსტალგიის საპოვნელად მეგობრებთან ერთად, ღამის სამ საათზე „თეთრ ხიდზე“ გავედი. იქ, ჩვენი ყურადღება მიიპყრო ძალიან უბრალოდ ჩაცმულ ყმაწვილების „ტუსოვკამ“. ისინი ხიდის ბორდიულზე ისხდნენ და მთელი ხმით მღეროდნენ გიტარის თანხლებით. უსახელო ჯგუფი აგრესიულად რეპავდა ცოცხლად, ყოველგვარი მანჭვა-გრეხისა და ხელების ქნევის გარეშე. პატარა ბიჭები იუმორით მღეროდნენ რეალობაზე, რომელშიც ცხოვრობდნენ და დასცინოდნენ სწორედ „ქურდულ მენტალიტეტს“. ასე რომ, ტრადიცია ქუთაისში გრძელდება.
ჟურნალი „ანაბეჭდი“ №1, თებერვალი, 2005 წელი
No comments:
Post a Comment