© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე
ლაშა: – დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ორი დიდი მოძრაობაა. ესენია ბიტნიკებისა და ჰიპების მოძრაობები. გავიხსენებთ, თუ როგორ გაჩნდნენ ბიტნიკები და ჰიპები, ხოლო ამ თემის ლოგიკური ფინალი კი ვუდსტოკის ფესტივალის ისტორია იქნება. თუ გავითვალისწინებთ, დღეს მსოფლიოში რა ხდება ან რა ფესტივალები ტარდება, ეს იყო დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, უფრო უტოპისტებისა და იდეალისტების შეკრება. ჰიპების შემდეგ კიდევ არსებობდა რამდენიმე მოძრაობა, 70-იანების ბოლოს პანკკულტურა გაჩნდა, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს შეგვიძლია ვისაუბროთ. ახლა კი იმაზე, თუ როგორ და სად დაიბადა ეს ყველაფერი...
გაგა: – სანამ ჰიპებამდე და ვუდსტოკამდე მივალთ, ორი ათეული წლით წინ გადავიდეთ, როდესაც ე. წ. „დამსხვრეულთა თაობის“ წარმომადგენლები, ანუ ბიტნიკები გამოჩნდნენ. სწორედ მათ იდეებზე, უკვე 60-იანი წლებში აღმოცენდნენ ჰიპები. შეიძლებოდა სხვა წიაღსვლებიც გვეკეთებინა და... ანრი სენ-სიმონიც გაგვეხსენებინა, მაგრამ ეს ყველაფერი შორს წაგვიყვანს.
ლაშა: – შევეცდები შეძლებისდაგვარად განვმარტო, თუ რას ნიშნავს ბიტნიკი. Beat ქართულად ნიშნავს მსხვრევას, ცემას, პულსაციას, ხოლო ბოლოსართი „ნიკ“ რუსული ენიდან არის წარმოებული.
გაგა: – ჩვენს საუბარში ბიტნიკსაც ვახსენებთ და „დამსხვრეულთა თაობასაც“. ესენი ძირითადად მწერლები და პოეტები იყვნენ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, 1944 წელს დაიწყო ეს ყველაფერი, როცა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომი არ იყო დასრულებული.
უშუალოდ ომი, დანგრეული სახლები, ქალაქები, სტალინგრადის მსგავსი საშინელებები ამერიკელებს საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ. არ გადამწვარა არც ერთი ამერიკული ქალაქი, არ იყო შიმშილი, არ უნახავთ საკონცენტრაციო ბანაკები, ანუ ყველა ის საშინელება, რაც ევროპამ გამოიარა. იმ მომენტისთვის ამერიკელებისთვის ყველაზე დიდი ომის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი მუსიკოსი გლენ მილერი იყო, რომელიც 1944 წელს ლამანშის სრუტის თავზე ან ჩამოაგდეს, ან ჩამოვარდა და დაიკარგა. თუმცა, ვიყოთ სამართლიანები და ვთქვათ: ამერიკელებმა პერლჰარბორიც იწვნიეს და ნორმანდიაში დიდი დესანტიც გადასხეს დიდი მსხვერპლის ფასად.
ლაშა: – ომს, რომელიც ევროპაში მძვინვარებდა იმ თაობის ამერიკელი ახალგაზრდები გულგრილად უყურებდნენ, კორეის და ვიეტნამის ომები ამერიკელებს ჯერ წინ ჰქონდათ.
გაგა: – ამერიკას წინ ჰქონდა ომი ვიეტნამში და ომი საკუთარ ახალგაზრდობასთან. ამბობენ, რომ იგი ორივე ომში დამარცხდა. თუმცა მე პირადად ვეჭვობ, დამარცხდა კი ეს ქვეყანა, და მისი სისტემა საკუთარ ახალგაზრდებთან ომში?
ლაშა: – ახლა კი ყურადღებით – ლეგენდის თანახმად, 1944 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ერთმანეთი გაიცნო სამმა ადამიანმა – ალენ გინზბერგმა, ჯეკ კერუაკმა და უილიამ ბეროუზმა. მათი შეხვედრით იწყება ბიტნიკების მოძრაობა.
გაგა: – ამ სამეულის კიდევ ერთ მეგობარს, ლოურენს ფორინგეტის ჰქონდა წიგნის მაღაზია. ეს სახელიც დავიმახსოვროთ, იგი კიდევ გამოჩნდება თხრობისას.
ლაშა: – ისტორიისთვის უცხო არაა მამათა და შვილთა დაპირისპირება, რომელიც შვილების მხრიდან ზოგჯერ კარის გამოჯახუნებით გამოიხატება. მამის ჯიბრზე შეიძლება ვიღაცამ სავაჭრო ცენტრი ააფეთქოს და ტერორისტული აქტიც კი ჩაიდინოს. პროტესტი ბევრნაირია, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში შვილები მაინც მამებს ემსგავსებიან. პროტესტის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ბიტნიკების მოძრაობა იყო. „დამსხვრეულთა თაობას“ პროტესტი ჰქონდა ამერიკელი საზოგადოების მიმართ... პრაქტიკულად ისინი რადიკალ-მემარცხენეები იყვნენ, რომლებსაც მოსწონდათ მარქსიზმი, ტროცკიზმი, ლენინიც კი, აღიარებდნენ არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას და ამავე დროს გატაცებულები იყვნენ ძენ-ბუდიზმით... უილიამ ბეროუზი მეგობრებთან სწორედ ჰომოსექსუალიზმით იწონებდა თავს და საყვარელი ბიჭუნაც ჰყავდა. სწორედ მაშინ შეიქმნა ამავე თემაზე გინზბერგის პოემა „ყმუილი“. ალანმა გამოიწვია და გააღიზიანა ამერიკელი საზოგადოება და ამ უკანასკნელის რეაქციამაც არ დააყოვნა. ეს იყო ძალიან მკაცრი და სასტიკი პასუხი. ბიჭები სწორედ მსგავსი სკანდალების შედეგად მოექცნენ საყოველთაო ყურადღების ცენტრში.
გაგა: – ბეროუზი პირველი იყო, ვინც ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი ჰომოსექსუალიზმზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ჰყოლოდა ტრადიციული ოჯახი. მან შეირთო ცოლი, ვინმე ჯოანი, რომელიც 1956 წელს ნარკოტიკების ზემოქმედების დროს მოკლა (სხვათა შორის, ნარკოტიკები თანდათან ამ მოძრაობის ერთერთი განმსაზღვრელი ატრიბუტი გახდა). იგი ვილჰელმ ტელის სცენას ათამაშებდა სახლში, ასე ვთქვათ, რეპეტიცია ჰქონდა. გეცოდინებათ, შვეიცარიელი ვილჰელმ ტელის გმირი მშვილდ-ისარს ესვრის შვილის თავზე დადებულ ვაშლს. ბეროუზმა ამ სცენისთვის მშვილდის ნაცვლად ნამდვილი პისტოლეტი გამოიყენა, ცოლს თავზე ვაშლი დაადო და... ამის შემდეგ იგი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობდა და იქ სხვადასხვანაირ ნარკოტიკს გაუსინჯა გემო. ამ პერიოდში დაწერა წიგნი „შიშველი საუზმე“, სადაც წერის კოლაჟური ტექნიკა გამოიყენა. ეს წიგნი ბოჰემაში საოცრად პოპულარული გახდა. ხოლო მუსიკოსმა დევიდ ბოუვიმ (რომელსაც ჰიპებთან არანაირი შეხება არც ჰქონია, მაგრამ მეგობრობდა ბეროუზთან) მოგვიანებით კოლაჟური ტექნიკა საკუთარ სიმღერებში გამოიყენა.
ლაშა: – ისიც ვთქვათ, ყველაზე მეტად რა იტაცებდათ „დამსხვრეული თაობის“ წარმომადგენლებს. ბიტნიკები აღმერთებდნენ ხეტიალს, მოგზაურობას და, პირდაპირ რომ ვთქვათ... გაქცევას. ავტოსტოპებით მოგზაურობა, რომელიც დღემდე მოდაშია ახალგაზრდებს შორის, სწორედ ბიტნიკების წამოწყებაა. ხეტიალი, ღია ცის ქვეშ ღამეების გათენება, მუზებთან ზიარება – სწორედ ეს ხიბლავდათ „დამსხვრეულთა თაობის“ წარმომადგენლებს. მათ პროტესტის ნიშნად ახალგაზრდებს „გაქცევა“, ანუ საკუთარ თავში ჩაკეტვა შესთავაზეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის ჯერ როკ-მუსიკა არ არსებობს...
გაგა: – ახალგაზრდები ქვეცნობიერში თითქოს უფრო მეტს ელოდნენ მათგან, მაგრამ ბიტნიკებმა თავიანთ თანატოლებს მხოლოდ საკუთარ თავში „გაქცევა“ შესთავაზეს, სხვა მნიშვნელოვანი არაფერი. ამას ყველაფერს ცუდი შედეგი მოჰყვა, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო...
ასპარეზზე გამოდის მისი უდიდებულესობა Lucy In The Sky With Diamonds, აქ „ბითლზის“ სიმღერას არ ვგულისხმობ, არამედ – სინთეზურ ნარკოტიკ LSD-ს. აი, აქ შეგვიძლია უკვე გავიხსენოთ მწერალი კენ კიზი, რომელიც, ასევე, ბიტნიკი გახლდათ. იგი სწავლობდა სტენფორდის უნივერსიტეტში და ვეტერანთა ფსიქიატრიული კლინიკის „მელლო პარკის“ ლაბორატორიაში დამატებითი შემოსავლისთვის დაიწყო მუშაობა. მან სურვილი გამოთქვა, მოხალისეთა ჯგუფი ჩამოეყალიბებინა ახალი პრეპარატის გამოცდისთვის, სადაც პაციენტებთან ერთად მისი მეგობრები – ბეროუზი, კერუაკი და გინზბერგი გაერთიანდნენ. ეს პრეპარატი სწორედ ძლიერი ჰალუცინოგენი ელესდე იყო.
ლაშა: – ჩვენს მკითხველს, ალბათ, მოეხსენება, თუ ვინ იყო კენ კიზი. იგი საკულტო ამერიკელი მწერალია, რომლის კალამსაც ეკუთვნის რომანი „...ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (ბოლო ქართულ თარგმანში წიგნს ქვია „...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“), მგონი, მისი სხვა ნაწარმოებების ხსენება აღარცაა აუცილებელი...
გაგა: – ამ ნაწარმოების მიხედვით 1975 წელს ცნობილმა კინორეჟისორმა მილოშ ფორმანმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. სხვათა შორის, ამ ფილმით კენ კიზი ძალიან უკმაყოფილო დარჩა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ რეჟისორმა რომანის მთავარი გმირი, ინდიელი ბრომდენი, ფილმში შედარებით მეორეხარისხოვან პერსონაჟად წარმოაჩინა. ჩემი აზრით, კენ კიზის ეს პრეტენზია საკამათოა.
ლაშა: – ისევ ელესდეს ექსპერიმენტებს დავუბრუნდები. კენ კიზის ამ პრეპარატის გამოცდებზე ბიტნიკების მთელი სამეგობრო სტუმრობდა. მათ ძალიან მოსწონდათ ჰალუცინოგენი ელესდე, მისი ზემოქმედების ქვეშ სული მსუბუქდებაო, ასე ამბობდნენ ხოლმე და ამ აბებს მიეძალნენ. თვლიდნენ, რომ ეს წამალი რევოლუციური გამოგონება იყო. კიზი ნარკოტიკულ-ლიტერატურულ საღამოებს აწყობდა. მან შექმნა ორგანიზაცია Merry Pranksters, ანუ „მხიარული ოინბაზები“.
გაგა: – ამ წვეულებების სული და გული ნილ კესიდი იყო. იგი უკრავდა ჯგუფში The Warlocks.
მკითხველს ეს სახელი შეიძლება არაფერს ეუბნება, არადა, ლაპარაკია ლეგენდარულ ჯერი გარსიასა და ჯგუფ Grateful Dead -ზე, რომელიც „ვარლოკებს“ მოგვიანებით დაარქვეს. უამრავი მუსიკათმცოდნე დღემდე ამტკიცებს, რომ „ბითლზი“ არ იყო ისეთი ნოვატორი მუსიკაში, როგორც მას წარმოადგენენ. არანაკლები ნოვატორი გახლდათ „გრეიტფულ დედი“ ჯერი გარსიას თამადობით, რომლებმაც სათავე „მხიარული ოინბაზების“ ეპოქიდან აიღეს.
ლაშა: – კენ კიზიმ 1939 წელს გამოშვებული სასკოლო ავტობუსი იყიდა, გააფერადა, თავის „მხიარულ ოინბაზებს“ უხმო და რამდენიმეკვირიანი მოგზაურობა დაიწყეს. ავტობუსის მძღოლი იყო ნილ კესიდი, რომელიც კერუაკის თითქმის ყველა რომანის პერსონაჟია და ამავე დროს დრამერიც გახლდათ. და ამ მოგზაურობის დროს დაიწერა კერუაკის რომანი „გზაზე“. როგორც ამბობენ, ეს ნაწარმოები სხვა ენებზე არ (თუ ვერ) ითარგმნება, რადგან ესაა მხოლოდ კერუაკის ემოციების ნაკრები და არა კლასიკური რომანი.
გაგა: – ეს მოგზაურობა ტომ ვულფმა თავის საკულტო ნაწარმოებში – „ელექტროგამაგრილებელი მჟავის ტესტში“ აღწერა, რომელიც დღემდე საუკეთესო რომანად ითვლება, რაც ჰიპებზე დაწერილა.
ლაშა: – კენ კიზის ეს ცნობილი ფერადი ავტობუსი სამაგალითო გახდა ჰიპების თაობისთვისაც. ჰიპებმაც ბიტნიკების მსგავსად დაიწყეს მანქანების შეღებვა და მოგზაურობა. ისინი საკუთარ მანქანებს თუ მიკროავტობუსებს ახატავდნენ მზეს, ყვავილებს, ცისარტყელებს, პაციფისტების სიმბოლოებს. მოგვიანებით გადაღებულ ფილმებში ეს ყველაფერი კარგად ჩანს. კერუაკის მიერ შეღებილი ავტობუსი ერთგვარი ბრენდი გახდა. მახსენდება შონ პენის 2007 წელს გადაღებული ფილმი „ველურ ბუნებაში“, რომელშიც მთავარი გმირი, ფსევდონიმით ალექსანდერ სუპერტრამპი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მთელ დანაზოგს სწირავს ქველმოქმედებას, წვავს პირადობის საბუთებს, ემშვიდობება მშობლებს და გარბის ალასკაზე ველურ პირობებში საცხოვრებლად. ერთ-ერთ ეპიზოდში მას მოხეტიალე ჰიპები შეიფარებენ. ძალიან საინტერესო ფილმია და მასში გადმოცემულია ბიტნიკებისა და ჰიპების ცხოვრების გათანამედროვებული ფილოსოფია, ამჯერად ნარკოტიკების გარეშე. ეს ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა.
გაგა: – დროში კიდევ ერთხელ გადავხტეთ უკან... „დამსხვრეულთა თაობის“ სამშობლოდ კალიფორნია, კერძოდ ქალაქი სან-ფრანცისკოა მიჩნეული. ესაა შტატი, რომელმაც კაცობრიობას მისცა ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, „გრეიტფულ დედი“, „ჯეფერსონ აირფლეინი“ და საერთოდ ფსიქოდელიული მუსიკა. 1953 წელს დამწყებმა პოეტმა ლოურენს ფერლინგეტმა პატარა ჟურნალ-ალმანახის „სიტი ლაითის“ (ლოურენსი ჩარლი ჩაპლინის ფილმის „დიდი ქალაქის ჩირაღდნების“ მოტრფიალე იყო) გამოცემა დაიწყო. სან-ფრანცისკოში, კოლამბუსის ქუჩაზე გახსნა იგივე სახელწოდების მქონე წიგნის მაღაზიათა ქსელი და გააკეთა გამომცემლობაც.
ლაშა: – 1957 წელს სწორედ ფერლინგეტის გამომცემლობამ დასტამბა კერუაკის „გზაზე“, 1955 წელს კი ალან გინზბერგის „ყმუილი“. ეს გამომცემლობა ბიტნიკური მოძრაობის ერთგვარ მანიფესტებს ბეჭდავდა. ბიტნიკური მოძრაობა თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც შემოქმედებითი გაერთიანება, რომელშიც მხოლოდ პოეტები და მწერლები იყვნენ. მოგვიანებით იგი საკმაოდ აგრესიულ, შეიძლება ითქვას, ექსტრემისტულ ორგანიზაციად იქცა. იმ თაობაში სიმპათიები ჰქონდათ მარქსიზმის, ტროცკიზმის, რუსული ანარქიზმის მიმართ.
გაგა: – თუმცა, ვერაფრით მივხვდი, თუ რას ნიშნავს სინთეზირებული მარქსიზმ-ფროიდიზმი, რომელიც ასევე მოსწონდათ „დამსხვრეულებს“, მაგრამ ესეც იყო... და საერთოდ, 50-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს რატომღაც ლენინისადმი ჰქონდათ სიმპათიები. სან-ფრანცისკოში ტროცკისტური ჟურნალ-გაზეთები ისევე, როგორც ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანასა და ჩინეთში, დღესაც გამოდის. ყველაფერ ამას თუ დავუმატებთ იმ მწვავე რეაქციას, რაც მაშინდელ ახალგაზრდობას ჰქონდა ამერიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკისადმი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საერთო სურათი. მერე რატომღაც უკვირთ ამერიკელებს სენატორ ჯოზეფ მაკარტის და საერთოდ „მაკარტიზმის“ გამოჩენა ასპარზზე... საინტერესო დრო იყო.
ლაშა: – 1997 წელს ლეგენდარულმა ამერიკელმა მომღერალმა ქალმა პატი სმიტმა გამოუშვა ალბომი Peace And Noise, რომელიც ერთგვარი მიძღვნა იყო პატრიარქი ბიტნიკებისადმი, რადგან ზუსტად ამ წელს გარდაიცვალნენ უილიამ ბეროუზი და ალან გინზბერგი...
დავუბრუნდეთ ბიტნიკებს და ელესდეს, რომელსაც ბეროუზი ეთაყვანებოდა, და 60-იანებში ამერიკაში აკრძალულიც კი არ იყო. ჰიპების მოძრაობა გადაჯაჭვული იყო ნარკოტიკებთან და ძენ-ბუდიზმთან. ჰიპების შემოსვლის პერიოდში ჯერ კიდევ არსებობდნენ ბიტნიკები, თუმცა ამ მოძრაობას არანაირი კავშირი არ ჰქონდა როკ-ენ-როლთან. ყურადღებით თუ დავაკვირდებით, როკ-ენ-როლი სრულიად დამოუკიდებლად ვითარდება, ბიტნიკების მოძრაობა კი თითქოს სულ სხვაგან იყო. თუმცა 60-იანების მეორე ნახევარში, ამ ორივე კულტურულმა მიმდინარეობამ – ბიტნიკების ფილოსოფიამ და როკ-მუსიკის ენერგიამ, თავი მოიყარა ჰიპების მოძრაობაში.
ბიტნიკებსა და ჰიპებს შორის მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ახალ მუსიკალურ მიმდინარეობას, რომელმაც რევოლუცია მოახდინა აზროვნებაში, ბიტნიკებზე გავლენა არ მოუხდენია. მათ ახალ პოპულარულ მუსიკასთან შეხება არ ჰქონდათ. ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, The Warlocks იყო, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენეთ, კენ კიზის საღამოებზე უკრავდა. მას შემდეგ, რაც ეს ჯგუფი Grateful Dead-ად გადაკეთდა, უკვე ჰიპების მოძრაობაში აღმოჩნდა და სამუდამოდ დაერქვა ყველაზე ამერიკული და ყველაზე სახალხო ბენდის სახელი.
ამერიკაში ბიტნიკებმა და ჰიპებმა აზროვნებაში რევოლუცია მოახდინეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპაც, სადაც 50-60-იან წლებში ახალგაზრდების კულტურულ ცენტრად, დედაქალაქად და მექად ლონდონი იქცა. აქაც საინტერესო პროცესები ხდება. თუნდაც ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი და მისი რევოლუციური ნაწარმოებები გავიხსენოთ: „ცხოველთა ფერმა“ (დაიწერა 1944 წელს) და „1984“ (დაიწერა 1949 წელს). ეს პროცესები ევროპაში უფრო კულტურულად მიმდინარეობდა, რადგან აქ არ იყო თუნდაც ნარკოტიკების ასეთი აშკარა პროპაგანდა. ახალი მოდაც ამ ქალაქიდან მკვიდრდებოდა. პირველი მინიკაბები გამოჩნდა. რა თქმა უნდა, აქაც იყო მამების თაობასთან დაპირისპირება, მაგრამ არა რელიგიურ თუ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე. ეს, ალბათ, იმითაც აიხსნება, რომ რომ ევროპაში ომის სიმწარე უფრო კარგად იცოდნენ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ ახალგაზრდები უფრო ტკბებოდნენ ნანატრი მშვიდობით. გამოჩნდა „ბითლზიც“... და ამ პერიოდში ევროპაში უკვე ხეტიალის მოყვარულმა გრძელთმიანმა ჰიპებმაც დაიწყეს ჩასვლა...
(თემის გაგრძელება შემდეგ ნომერში), ანუ აქ: ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი II)
ჟურნალი „ათიანში“, იანვარ-თებერვალი, 2010 წელი
მოგიკითხე ლაშ :)
ReplyDeleteსტატია ჟურნალში წავიკითხე
გაიხარე რამაზ. :) არადა, ისეთ დროს ვარ რადიოში, ვეღარ გნახულობ. .)
ReplyDeleteძალიან სასიამოვნო წასაკითხია... დიდი მადლობა
ReplyDeleteერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მაგარია
ReplyDeleteშენი ფოტო ვაბშე გლიჯავს ფიქრო. :D :)))
ReplyDelete8 წლის დაგვიანებით ვკითხულობ სტატიას,ძალიან კარგია ^_^
ReplyDeleteმადლობა! :))
Deleteრავკარგი სტატიაა ❤️
ReplyDeleteდიიდი მადლობა ♥
Delete