Friday, December 25, 2009

პროტესტი, გმობა, აღშფოთება და მშვიდობა

ლაშა გაბუნია ინტერნეტ-გაზეთი „ანარეკლი“

2009 წლის მთავარი მუსიკალურ მოვლენებზე ფიქრი ცოტა რთული ასაკვიატებელია პოლიტიკურად ისეთ ზეაქტიურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აქ თითქმის ყველაფერი პოლიტიკაა და, ამავე დროს, თითქმის ყველაფერი შოუა. ბიზნესიც არის თითქოს, მაგრამ, ამავე დროს, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის მომიზეზებაც შეიძლება, როცა რაიმე ხეირიანის დაფინანსებაზე მიდგება საქმე. ისიც მინდა ვთქვა, რომ მთავრობამ წელს ერთი ძალიან კარგი, საჭირო და ხეირიანი აქცია დააფინანსა. ამაზე ცოტა ქვემოთ.

მიუხედავად ძალზედ მწირი მოვლენებისა, 2009 წელს რამდენიმე ქართველი პოპ-მუსიკოსი პლანეტის ყურადღების ცენტში მოექცა და უკვე ძალზე პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა გოგონამ, როგორც იქნა, სამშობლოში სოლო კონცერტი გამართა. შეიძლება ეს იმის ბრალიცაა, რომ ქალაქის მთავარი საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის რემონტი დიდი ხანია გაიწელა და ანშლაგებიანმა „იუმორინამაც“ კი ამ ხარაჩოებში მოქცეული შენობიდან კულტურის პროფკავშირების შენობაში გადაინაცვლა.

ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრი

ბოლო წლებში საქართველოში, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე თითქოსდა მოფერებით რატომღაც გურჯისტანს ეძახის (საკუთარ თავს და ხალხს – გურჯებს), სულ უფრო და უფრო შემცირდა მუსიკალური პოპსას ხვედრითი წილი. ოდესღაც მნათმა „ვარსკვლავებმა“ ან საერთოდ მიანებეს თავი ფონოგრამებზე სიმღერას, ან მათი ჭეშმარიტი, ერთ დროს ღრმადმიძინებული მოწოდება აღმოაჩინეს და რესტორნების ესტრადებს შეესივნენ. მავანმა „იუმორინაში“ დაიმკვიდრა ადგილი, ზოგიერთები კი ბოლო ორი ათწლეულის ჩვენი გაუხუნარი ტრადიციის თანახმად, პოლიტიკურად დაპირისპირებულ ბანაკებში გადანაწილდნენ. მაგალითად, „ფორტეს“, „ქუჩის ბიჭებისა“ და „ვაკის პარკის“ მუსიკოსებს, ჯემალ სეფიაშვილს და სხვებს, რაღა თქმა უნდა, „უცნობის“ თამადობით, მსმენელი ოპოზიციონერთა აქციებსა თუ მათ მხარდასაჭერ ვიდეორგოლებში ხედავდა და შესაბამისად, მათ ოპო-მუსიკოსები შეარქვა. სხვა დანარჩენების უმრავლესობას ხალხი ხელისუფლების მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე ამჩნევდა და ამიტომ ისინი მთავრობის (მიშას) მუსიკოსებად მონათლა. არ იფიქროთ, რომ ჩვენმა ესტრადის ვარსკვლავებმა გულებზე ხელი დაიკრიფეს. უბრალოდ, დარბაზებში მათი „გრანდიოზულად“ წოდებული კონცერტების რაოდენობა შემცირდა, ფაქტობრივად, შეწყდა. ამის გამო, ნაწილი მომღერლების ნაწილი მთავრობაზე დაიბოღმა, ნაწილი კი ოპოზიციას ტელევიზიებიდან ენას უყოფდა.

ქართველ მუსიკოსთა ხვედრითი წილი ელექტრონულ მედიაშიც შემცირდა, თავად ასეთი მუსიკის მოთხოვნილებაც დაეცა და, შესაბამისად, ტელევიზიები და რადიოები უფრო ქართულ რეტრო-მუსიკას „მიაწვნენ“. სამაგიეროდ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ე.წ. ქალაქურებზე გაიზარდა მოთხოვნილება. ამას რამდენიმე რადიოს გახსნამაც შეუწყო ხელი. მათ შორის, „არ დაიდარდო“ და „ნაცნობი“ ყველაზე პოპულარულია. ასეა თუ ისე, „ნაცნობზე“ იქვე სტუდიაში ცოცხლად ჩაწერილი სიმღერები სრულდება, რომელიც უფრო ახლოს დგას ავთენტურ ქალაქურ მუსიკასთან, ვიდრე „არ დაიდარდოს“ რეპერტუარის უმრავლესი სიმღერა. იმას, რაც ამ უკანასკნელში ბოლო დროს განსაკუთრებული სიხშირით ჟღერს, ადრე, 80-იანებსა და 90-იანებში „საქეიფოებს“ და „შოფრულებს“ ეძახდნენ. აღნიშნული ალკოჰოლურ-ინტერნაციონალური (ძირითადად სომხურ-აზერბაიჯანული) მელიზმებით გაჟღენთილი სიმღერები მაშინ საქალაქთაშორისო ავტობუსებსა და სამარშრუტო თუ ჩვეულებრივ ტაქსებში სევდიანად ჟღერდა. ახალი საუკუნის დადგომისას კი თითქმის აღარავის ახსოვდა. მერე ვიღაც „გენიოსმა“ მძღოლთა „სიდენიების“ ქვეშიდან ეს მანიკურით ფირგადაწებებული არქაული კასეტები ამოქექა, სიმღერები გააციფრულა, ახალი ვერსიები ჩაწერა და რადიოს ეთერში ფართო ასპარეზი მისცა.

„ქალაქურებად“ წოდებული „საქეიფოები“, „ბლატნოები“ და „შოფრულები“ წელს განსაკუთრებით მოდაშია. ძველი კასეტური ჰიტების გვერდით ახალი, უკვე ციფრული „შედევრები“ იქმნება. ამ სიმღერის მთავარი ხიბლი ხმის კანკალსა და რაც შეიძლება დარდიმანდულ-ლოთურ განწყობაშია. მერე რა, რომ აუდიტორიის აბსოლუტურ უმრავლესობა არათინეიჯერია, რომელთაც ჯერ კიდევ დიდი ნოსტალგია აქვთ 37-მანეთიან თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავის ბილეთებსა და ორმანეთდაოცკაპიაკიან ძეხვზე. ყველას აქვს უფლება, უსმინოს იმას, რაც მოსწონს. თუმცა ალტერნატივის გარეშე ნამეტანი გვიჭირს და, ესეც – უალტერნატიულობა – გარკვეულწილად, ჩვენი ტრადიციული სენია. ამ „საქეიფოების“, „ბლატნოების“ და „შოფრულების“ მოსმენისას ის ადამიანები შეიძლება გაახსენდეს კაცს, რომლებიც საქართველოს გურჯისტანს ან გრუზიას ეძახის.

აგრესიული პროტესტი და კაი ბიჭების მუსიკა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პრაქტიკულად ჩაკვდა შოუ-ბიზნესი. იგი დიდად არც მანამდე ყვაოდა, მაგრამ ხალისიცა და დაფინანსებაც ამ დარგში აშკარად შემცირდა. შესაბამისად გაიზარდა აგრესია. ბევრი ამას ყველაფერ უბედურებასთან ერთად გლობალურ ეკონომიკურ კრიზისსაც გადააბრალებს და, ალბათ, არც უმაგისობა იქნება. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე საყურადღებო ვიდეო შეიქმნა, რომლებიც ძირითადად ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა. ამ მხრივ კი ნამეტნავად კომიკური სიტუაცია გვაქვს. ქართველი ინტერნეტ-მომხმარებელი კარგად იცნობს ვაზისუბნელ რეპერს – ტოქსის, რომელმაც შარშან ტელეეკრანზე მოხვედრაც კი შეძლო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი, რომ ტოქსი ქუჩის რეპერია, რომელიც დედის გენიტალიებს უტრიალებს როკერებს და პატივს სცემს რეპერებსა და „კაი ბიჭებს“. რამდენიმე მსხვილ ინტერნეტ-ფორუმზე ტოქსის შემოქმედებას რამდენიმენაწილიანი თემებიც კი დაეთმო.

2009 წელს ტოქსი თავისი ფანების გასაკვირად „ჩიპოლინოდ“ გარდაიქმნა და ამ ფსევდონიმით ალბომიც კი გამოაცხო. ის და მისი სულიერი ძმები დაუნდობლად აგინებენ მტრებს – რუსებს, როკერებსა და ბოზებს. ამ საქმეში მათ არც ლეგალიზებული და „დარასკრუტკებული“ რეპერი – ლექს-სენი ჩამორჩა. ინტერნეტში გავრცელდა მისი სიმღერა (თავისი ვიდეო-კლიპით), სადაც რეპერი რუსეთს აგინებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ლეგალურ თუ იატაკქვეშა რეპერებისთვის 2009 წელს „ფაქ რაშა“ ყველაზე ხშირად წარმოთქმადი ფრაზაა.

ინტერნეტში ისევ პოპულარულია შარშანდელი სიმღერა, რომელიც ზურა დოიჯაშვილმა რუსულად შეასრულა და, ასევე, ანტირუსული ხასიათისაა და მასში პუტინისა და მედვედევის გინებაცაა. „იუტუბის“ ქსელში განთავსებული ამ სიმღერის კომენტარებში ქართველები და რუსები ისევ გამწარებით ლანძღავენ ერთმანეთს.

სხვანაირი პროტესტი

რუსული აგრესიისადმი საპროტესტო მუსიკა 2009 წლის 7 აგვისტოს ჟღერდა აქციაზე „We Remember“, რომელშიც ქართულმა როკ-ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა და იგი რუსეთის მიერ განხორციელებულ შარშანდელ აგრესიის წლისთავზე ჩატარდა. უფრო ადრე კი, 21 მაისს რუსთაველის თეატრში შესანიშნავი აქცია – „თქვენ ვერ წაშლით ნაკვალევს“ მოაწყო გიგი გეგელაშვილმა და მისმა ჯგუფმა „სინათლის წელიწადმა“. აქცია საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ მეომართა სახელზე ასაგებ ტაძრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს იყო შესანიშნავი კონცერტი, რომელშიც ჯფუგ „სინათლის წელიწადის“ გარდა მონაწილეობა მიიღეს ორკესტრმა, გუნდმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა – „მგზავრებმა“, მარიამ როინიშვილმა და ემქეიმ. საქართველოში მსგავსი მასშტაბის კონცერტები, სადაც სცენაზე 100 მუსიკოსზე მეტია, ან არ ტარდება, ან, როგორც წესი, უგემოვნო აჯაფსანდალი გამოდის. ყოველ შემთხვევაში, დიდი რისკია, რამე საინტერესო გამოვიდეს. „სინათლის წელიწადმა“ კი ამ ამოცანას თავი მშვენივრად გაართვა და შოუ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე 2006 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მათივე მოწყობილი მსგავსი კონცერტი.

საქველმოქმედო კონცერტებს შორის, რაც 2009-ში ჩატარდა, აუცილებლად ხაზგასასმელია მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავის, ქეთი მელუას შესანიშნავი კონცერტი ღია ცის ქვეშ ბათუმში, რომელიც ფონდმა „იავნანამ“ მოაწყო. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ქეთის ცალკეულ მცირე გამოსვლებს, ეს მისი პირველი დიდი კონცერტი იყო საქართველოში. მასზე კარგად გამოჩნდა, რომ ქეთი მელუა ბრწყინვალე ფორმაშია და ქართველი მაყურებელი, მიუხედავად უამინდობისა და წვიმისა, ნამდვილად მოიხიბლა მისი შემოქმედებით, რომელსაც მანამდე მხოლოდ უცხოური ტელე-არხებითა და ინტერნეტში არალეგალურად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით იცნობდა. ქუთაისში დაბადებულმა და დედოფალ ელიზაბეტ II-ს საყვარელმა 23 წლის მუსიკოსმა გოგონამ პაატა ბურჭულაძესთან ერთად გია ყანჩელის სიმღერაც – „ყვითელი ფოთლები“ შეასრულა.

მოგეხსენებათ, ოპოზიციის რამდენიმეთვიანი უწყვეტი ქუჩის აქციები აპრილში დაიწყო. მაისის ბოლოს ქართველმა პოპ-მუსიკოსმა – ანრი ჯოხაძემ გადაწყვიტა ამ პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე, ყველაზე ცნობად სახეებზე ვიდეოკლიპი გადაეღო. სიმღერა ილიას ლექსზე „ბედნიერი ერი“ დაიწერა. ანრი ჯოხაძემ მუსიკალურ ვიდეოში თავად განასახიერა ყველა პოლიტიკოსი და ე. წ. ცნობადი სახე, მათ შორის, ქალები – ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ინგა გრიგოლია და სხვები. ქალების როლის მორგება ანრის ისევე კარგად გამოუვიდა, როგორც კაცების. უფრო მეტიც, კლიპის მნახველები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ჯოხაძის განსახიერებული ნინო ბურჯანაძე ძალიან მომხიბვლელი იყო. თუმცა კლიპს რაიმე განსაკუთრებული სკანდალი არ გამოუწვევია, როგორც ვარაუდობდნენ. მიუხედავად ამისა, სიმღერისადმი საკმაოდ დიდი ინტერესი არც მომდევნო თვეებში განელებულა და ინტერნეტში განთავსებულ კლიპს დღესაც ბევრი მნახველი ჰყავს.

სკანდალური „ევროვიზია“ და „ალტერვიზია“ თბილისში

საქართველოზე ევროპაში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც მოსკოვში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ ქართული ჯგუფი „სტეფანე და 3 ჯი“ არ დაუშვეს. ამ დისკო-კვარტეტმა შესარჩევ ტურში გაიმარჯვა სიმღერით „We Don’t Wanna Put In“, რომლის ორაზროვანი მისამღერიც სიმღერის დროს დაახლოებით ასე ჟღერს: „ჩვენ არ გვინდა პუტინი, ეს ნგრევაა, ის მთელს კაიფს გვიტეხავს“. „სტეფანემ და 3 ჯიმ“ ამ სიმღერით „ევროვიზიაზე“ გასვლა გადაწყვიტეს. რუსებმა ჩათვალეს, რომ სიმღერის ტექსტი რუსი ხელისუფლების, შესაბამისად, რუსი ხალხის შეურაცხყოფა იყო, ამიტომ სიტყვების შეცვლა მოითხოვეს, თუმცა ქართველმა მუსიკოსებმა ეს არ გააკეთეს და კონკურსში მონაწილეობის მიღებაზეც უარი განაცხადეს. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. ევროვიზიის რუსი ორგანიზატორების წყალობით ისეთი სკანდალი აგორდა, აღნიშნული სიმღერით და ქართველი მუსიკოსებით მთელი ევროპა დაინტერესდა. „We Don’t Wanna Put In“ პოპულარულ რადიოებში დატრიალდა, ჯგუფი კი თითქმის ყველა ქვეყანაში კონცერტებზე მიიწვიეს. ამ საცეკვაო დისკო-სიმღერის მიხედვით კლიპიც გადაიღეს და პოპულარობამაც არ დაახანა. მოკლედ, „სტეფანემ და 3 ჯიმ“ მთელს კონტინენტზე ფურორი მოახდინა, უამრავი გულშემატკივარი მოიპოვა, მუსიკალური ჩარტების სათავეებშიც მოექცა და საქართველოს სახელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოაქცია.

მაშ ასე, 2009 წელს ქართველები რუსულ „ევროვიზიაზე“ არ გაემგზავრნენ, თუმცა ქვეყანაში გაჩნდა შესანიშნავი იდეა – ჩატარებულიყო ალტერნატიული რამდენიმედღიანი როკ-ფესტივალი, რომელსაც „ალტერვიზია“ ეწოდა. მისი მთავარი ორგანიზატორი კულტურის სამინისტრო იყო. სამდღიანი თბილისი Open Air-ის ფესტივალის ბოლო ორი დღის მოსაწყობად იპოდრომი გამოარჩიეს და ჩემის აზრით, ძალიანაც კარგად გადაწყვიტეს. დაინტერესება ევროპული ქვეყნების მხრიდან საკმაოდ დიდი იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს შემსრულებლებმა – საქართველოდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ისლანდიიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან და თვით რუსეთიდანაც კი. სხვათა შორის, რუსულ-უკრაინული კოლექტივი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენა გახდა. ეს პროექტი ძალიან ბევრს მოეწონა. გემოვნებიან მუსიკასთან ერთად მაყურებელთა განწყობაც შესანიშნავი გახლდათ. „ალტერვიზია“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რაც კი ოდესმე საქართველოში ღია ცის ქვეშ ჩატარებულა. იმ დღეებში ქალაქში საკმაოდ ბევრი ჭორი აგორდა ამ ფესტივალის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ბევრი ამბობდა, რომ მის მოსაწყობად საკმაოდ დიდი სახსრები დაიხარჯა. ასახელებდნენ რამდენიმე ათეულ და ზოგჯერ ასეულ მილიონობით დოლარს. თუმცა, ორგანიზატორების ინფორმაციით, მთელი სამდღიანი ფესტივალი დაახლოებით 860 000 ევრო დაჯდა. ეს თანხა კი, როგორც აღვნიშნე, კულტურის სამინისტრომ და 23 სპონსორმა გადაიხადა. სწორედ ამიტომ მასზე დასწრება უფასო იყო. ორგანიზატორთა ინფორმაციით, Tbilisi Open Air ტრადიციული და უფრო მასშტაბური გახდება. მომავალი წლისთვის ფესტივალზე ბევრად უფრო ცნობილ შემსრულებლებს უნდა ველოდოთ.

კიდევ რა მოხდა

2009 წელს მთელი მსოფლიო პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებამ შეძრა. დამწუხრებულმა პლანეტის მოსახლეობამ მისი სახელი ქუჩებს, მოედნებსა და თვით პატარა დასახლებებსაც კი დაარქვა. ამ საყოველთაო მწუხარებას არც ქართველები ჩამოვრჩით. ყოველი მელომანი და ისე, უბრალოდ ცნობისმოყვარე ქართველი გულისწყვეტით ადევნებდა თვალს ვარსკვლავის დაკრძალვის პირდაპირ ეთერს, რომელიც შოუს მოყვარულმა ამერიკელებმა ლამის ზეიმად აქციეს. ამის დანახვაზე ბევრი მამაპაპური ტრადიციების მცოდნე და მნახველი ქართველი საკმაოდ აღშფოთდა და, პირველ რიგში, მაიკლის მშობლებზე და დედმამიშვილებზე გაჯავრდა. მისი პატარა გოგოს გამოსათხოვარ ემოციურ სიტყვებზე თვალთაგან კურცხალიც გადმოაგდო. შემდეგ ზოგიერთმა, როგორც წესია და მიცვალებულის ხსოვნას ეკადრება, მაიკლ ჯექსონის სახელობის წყაროც კი გააკეთა.

საქართველოს შოუ-ბიზნესში 2009 წელსაც ისევ და ისევ პოლიტიკა იყო წამმართველი. გემახსოვრებათ, თბილისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი გახლდათ ჩამოსული და ქართველები მას ახლადაშენებული პრეზიდენტის სასახლის ეზოში საკადრისად, სიმღერითა და ცეკვით დავხვდით. საპატიო სტუმრის საპატივცემულოდ მოწყობილ კონცერტზე ნინო ქათამაძემაც იმღერა, რომელიც პირველად აღმოჩნდა მსგავს ღონისძიებაზე – სახელმწიფოთა უმაღლესი რანგის პირების შეხვედრაზე.

ამ პოლიტიკურ გაწამაწიასა და გნიასში პირველი სერიოზული კლიპი გადაიღო რობი კუხიანიძემ და მისმა ჯგუფმა „აუტსაიდერმა“ სიმღერაზე – „დიმპიტაური“, რომელიც გამოსვლისთანავე საოცრად წარმატებული აღმოჩნდა. „აუტსაიდერი“ 1989 წლიდან არსებობს, მაგრამ ასეთი პოპულარული ჯერ არასოდეს ყოფილა და ამაში თავისი დიდი წვლილი სწორედ ახალმა კლიპმა – „დიმპიტაური“ შეიტანა. მუსიკალურ ვიდეოში მთავარ როლს მსახიობი ნუცა კუხიანიძე თამაშობს.

რა თქმა უნდა, ზაფხულში უკვე მე-6-ჯერ ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „არტ-გენი“ ჩატარდა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გახდა მთლად საერთაშორისო, თუმცა საინტერესო იყო ჩრდილო კავკასიელთა სტუმრობა და მათი ხალხური შემოქმედების მოსმენა.

მინდა დავიჯერო, რომ მალე შოუ-ბიზნესს ჩამოსცილდება პოლიტიკა, ანუ პოლიტიზირებული მუსიკა თანდათანობით გაქრება. „მეტი არაა ჩემი მტერი“ – იმერეთში იტყვიან ხოლმე, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. სხვაგვარად თანამედროვე კულტურა არ განვითარდება და „საქეიფოების“ არ იყოს, პირველივე მშვიდობის სადღეგრძელოზე გაიყინება.


No comments:

Post a Comment