Friday, March 5, 2010

ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი II)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე



ლაშა: – გამოჩნდა „ბითლზიც“ და ამ პერიოდში ევროპაში უკვე ხეტიალის მოყვარულმა გრძელთმიანმა ჰიპებმაც დაიწყეს ჩასვლა.

გაგა: – ერთი საინტერესო სქემა აღვიდგინოთ. ყველამ ვიცით 60-იან წლების ტერმინი „ბრიტანული შეჭრა“ ამერიკაში (British Invasion), ანუ როცა ბრიტანული თანამედროვე მუსიკა მასობრივად შეიჭრა შტატებში და ფეხზე დააყენა მთელი ამერიკა, მაგრამ მანამდე ევროპაში „ამერიკული შეჭრაც“ მოხდა, ანუ 50-იანებში რადიოების საშუალებით ამერიკული როკ-ენ-როლი გავრცელდა, რამაც მოხიბლა და საერთოდ გადარია ომის შემდგომი ევროპელი ახალგაზრდობა. ამის შემდეგ ევროპამ, განსაკუთრებით კი ბრიტანეთმა ეს ყველაფერი კარგად გადახარშა და იწყება ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნული მასირებული „ბრიტანული შეჭრა“ ამერიკაში მძიმე არტილერიით: – The Beatles, The Rolling Stones, The Who, The Kinks, The Yardbirds, Cream, The Animals და სხვები... ამერიკულმა პასუხმაც არ დააყოვნა – ეგრევე იწყება „ამერიკული შემოჭრა“ ბრიტანეთში – ჰიპებისა და ფსიქოდელიური მუსიკის The Byrds, The Doors, Grateful Dead, Jefferson Airplane, Jimi Hendrix და სხვების) სახით. საინტერესო სამკუთხედია, არა?

  ნება მიბოძეთ, დროშიც და გეოგრაფიაშიც ვიმოგზაურო და ტიბეტს ვესტუმრო. ვინც ნეპალში, კერძოდ კატმანდუშია ნამყოფი, დღესაც შეუძლია ქუჩაში შეხვდეს შუახანს გადაცილებულ, საკმაოდ ავადმყოფური გამომეტყველების ჰიპებს. ტიბეტში პირველყოფილი ჰიპები ჯერ კიდევ შემორჩნენ, რომლებიც თავის დროზე კალიფორნიაში დასეირნობდნენ და გამორიცხული არაა ვუდსტოკის ფესტივალზეც იყვნენ ნამყოფები. ეს ის ხალხია, რომელთაც მათმა კერპებმა და გურუებმა უღალატეს. თუმცა ღალატის თემაზე შეიძლება ბევრი შემეკამათოს.

ლაშა: – ტიბეტს იმიტომ, რომ სხვა ჰიპებივით, ისინიც, თავის დროზე, ძენ-ბუდიზმის მიმდევრები იყვნენ. ამის გარდა, ჰიპები თავისუფალი სიყვარულის და სამწუხაროდ, ნარკოტიკების მოყვარულებიც გახლდნენ – ეს ყველაზე საშინელი მისწრაფება იყო, რაც ჰიპებს ახასიათებდათ და პლანეტის ამ ნაწილში იპოვეს ბოლო „თავშესაფარი“. თუმცა ავთენტურ ჰიპს არა მარტო ტიბეტში, არამედ დედამიწის სხვა ნაწილშიც შეხვდებით. დანიაში ამ „შეჭრა-შემოჭრის“ შედეგად დაარსდა პირველი ჰიპური ქალაქი სახელად ქრისტიანია. იგი ძირითადად ჰიპებითაა დასახლებული და ტურისტს 60-იანიწლების კალიფორნიულ ჰიპურ კომუნას მოაგონებს. დღევანდელ ჰიპებს შორის ნარკოტიკები, ხშირ შემთხვევაში, ისევ მოდაშია.

გაგა: – სწორედ ამიტომ არ მიყვარს დიდად ჰიპების მოძრაობა. თუნდაც პურიტანად ჩამთვალოს მკითხველმა, მაინც ვიტყვი, რომ ჰიპებმა ნარკოტიკები გააიდეალეს და გააფეტიშეს. ამან კი მთელი თაობები დაღუპა, რომლებიც თავიანთ „გურუ მუსიკოსებს“ ბრმად გაჰყვნენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ იგივე ჯო კოკერი (ვუდსტოკის ერთ-ერთი გმირი) ახლაც ნარკოტიკზე იჯდეს და რამეს აპროტესტებდეს. რატომღაც მგონია, რომ დიდი რანჩო აქვს, რომელიც სამხრეთულ სტილშია ნაშენები, სადაც იგი, ჩემი აზრით, მშვიდად ცხოვრობს, საკუთარ თავს საკმაოდ უვლის და, აგერ, კინოვარსკვლავ კეტრინ დენევთან ერთად ფრანგულადაც კი შეასრულა რამდენიმე სიმღერა. საინტერესოა, ამის შემხედვარე როგორი ირონიული ღიმილი უთამაშებთ სახეებზე იგივე ტიბეტში შეხიზნულ ან დანიურ ქრისტიანიაში დასახლებულ ხანში შესულ ჰიპებს. ძველმა გურუ-მუსიკოსმა ჰიპებმა ხომ კაი ხანია დაკარგეს პროტესტის გრძნობა ან აღარც აინტერესებთ, აღარც ახსოვთ...

ლაშა: – შენი არ იყოს, ჰიპი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ, ერთ დროს, როცა ჩვენ ერთ დიდ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, არსებობდა „სოვიეტ როკ“ („საბჭოთა როკს“ დასავლეთში ასე ეძახდნენ) და მისი მსმენელი ვიყავი (დღესაც სიამოვნებით ვუსმენ). როდესაც ჯგუფ „კინოს“ ფრონტმენი ვიქტორ ცოი გარდაიცვალა, მოსკოვში არბატზე მისი სახელობის მემორიალური კედელი გაკეთდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ცოი 1990 წელს ლატვიაში იურმალას გზაზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მოსკოვში ცოის კედელთან აღმოვჩნდი და იქ გავიცანი „ტუსოვკა“, – ახალგაზრდა მუსიკის მოყვარული ადამიანები, რომლებიც მთელი დღე ამ კედელთან ისხდნენ და გიტარაზე ვიტიას სიმღერებს მღეროდნენ.

კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, ერთად ვისხედით ხოლმე, ვმღეროდით, ვსვამდით და ა.შ., რაც მსგავსი კომუნებისთვისაა დამახასიათებელი. ესენი იყვნენ საკმაოდ პროტესტულად განწყობილი ახალგაზრდები. არავინ იცოდა, რა ელოდათ მათ მომავალში. 2000-იანი წლების დასაწყისში კი ერთ-ერთ რუსულ სატელევიზიო არხზე ვნახე ძალზე საინტერესო გადაცემა, ზუსტად იმ „ტუსოვკაზე“, უკვე 30-ს გადაცილებულ ხალხზე, რომლებიც 90-იანების დასაწყისში „ცოის კედელთან“ ათენაღამებდნენ. მათ აღნიშნეს, რომ საბჭოთა როკი მათ აერთიანებდათ, ეს მუსიკა მათთვის თავისუფლების პირველი ყლუპი აღმოჩნდა, ეს იყო პირველი პროტესტი იმ ტყუილის მიმართ, რომელშიც ისინი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ გადაცემის ავტორმა მაყურებელს ერთგვარი სტატისტიკა გააცნო, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული „ტუსოვკის“ დაახლოებით 90%, ვინც იმ კედელთან იკრიბებოდა, „ახალ რუსად“ („ნოვი რუსკი“) ჩამოყალიბდა. ამიტომ სულაც არ გამიკვირდება, თავის დროზე მეამბოხე ჯო კოკერი ბურჟუა თუ გახდა.

იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც საკუთარ თავს ნონკონფორმისტს უწოდებს, ბოლოს, ხშირ შემთხვევაში, მაინც შემგუებელი ხდება იმის მიმართ, ვისაც (რასაც) ებრძოდა. გამონაკლისები ერთეულები და კიდევ ისინი არიან, ვინც ახალგაზრდები დაიღუპნენ. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ ახლა, მაგრამ ამის ფაქტები თუნდაც თანამედროვე მუსიკაში ძალიან ბევრია. გავიხსენოთ იგივე კურტ კობეინი, რომელიც 90-იან წლებში „დიდ ამერიკულ ოცნებებში“ ჩამფურთხებლის ცოცხალი სიმბოლო გახლდათ. სიცოცხლის ბოლო თვეებში, როცა მან თავისი პროტესტული მუსიკით ბევრი ფული იშოვა, წუხდა, რომ გაზულუქებულ პოპ-მომღერალს ემსგავსებოდა.

გაგა: – კარგი პარალელია. ნამდვილად საინტერესოა, ჯიმი ჰენდრიქსი ახლა 67 წლის ასაკში როგორი იქნებოდა ან კიდევ ჯიმ მორისონი და იგივე ჯენის ჯოპლინი (ან თუნდაც შენი ნახსენები კურტ კობეინი – მგონი „27-იანთა კლუბსაც“ შევეხეთ).

ლაშა: – გაგა, მოდი, მკითხველს განვუმარტოთ, რას ნიშნავს „27-იანთა კლუბი“. თანამედროვე მუსიკის ვარსკვლავებს შორის 27 წელი ერთგვარ საკრალურ, მისტიკურ და ფატალურ ასაკად მიიჩნევა, რადგან ბევრი მუსიკოსი (და ზოგი სხვა ხელოვნების ნიჭიერი წარმომადგენელი), სწორედ 27 წლის გამოეთხოვა ამ წუთისოფელს. „27-ანთა კლუბი“ ერთგვარი შავი იუმორით შექმნილი მისტიკური ორგანიზაციაა, რომელშიც არც ერთი მუსიკოსი შეგნებულად არ წევრდება.

გაგა: – ვუდსტოკის გმირებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ანუ გადავხედოთ დღეს ვინ ვინაა. ჯო კოკერმა ვუდსტოკზე ფურორი მოახდინა „ბითლზის“ იმ ცნობილი სიმღერის გადამღერებით და გვახსოვს რა ტიპაჟი იყო. იგი ახლა უკვე ფრანგულ რომანტიკულ სიმღერებსაც ასრულებს და პომპეზური მომღერალი გახდა. ჯო მაკდონალდი დღემდე ბრწყინვალე ქანთრი ბალადებს თხზავს, მაგრამ იმდენი მსმენელი აღარ ჰყავს, როგორიც ადრე. ქროსბი, სტილი და ნეში დღემდე ერთად არიან ნილ იანგის გარეშე, რომელიც ხანდახან ყმაწვილკაცობას იხსენებს და უერთდება ხოლმე პროექტს. თუმცა ნილ იანგი, ძირითადად, მაინც სოლო კარიერითაა დაკავებული და ამ სფეროში საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია. გავიხსენოთ თუნდაც მისი შესანიშნავი მუსიკა ჯარმუშის საკულტო ფილმისთვის DEAD MAN. კარლოს სანტანა იყო და დღემდე არის ის, რისთვისაც გვიყვარს. ეს კაცი ჭეშმარიტი მუსიკოსის შესანიშნავი მაგალითია. იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო თუნდაც ვუდსტოკზე, დღემდე ფორმაშია და აკეთებს იმას, რითაც 30 წლის წინ მილიონობით მსმენელს ახარებდა. თუმცა ისიც „ბურჟუაა“. ჯონი მიჩელი, თავის დროზე ფოლკში მღეროდა (სიმღერა „ვუდსტოკი“ მისი შექმნილია). ამჟამად ჯაზითაა გატაცებული და საკმაოდ წარმატებითაც, მისი ფირფიტები კარგად იყიდება. ჯერი გარსია და პოლ ბატერფილდი კი დაიღუპნენ...

ლაშა: – გადავიდეთ „მაშინდელ“ ჰიპებზე და მივადგებით ვუდსტოკსაც. ჰიპების მოძრაობას უფრო კომუნის სახე ჰქონდა, ვიდრე ბიტნიკების დაჯგუფებებს. ჰიპებს ერთმანეთი, კაცობრიობა უყვარდათ. სჯეროდათ, რომ სამყაროს მუსიკა, სიყვარული და ნარკოტიკები გადაარჩენდა. XXI საუკუნის გადმოსახედიდან ეს ყველაფერი თითქოს დიდი გულუბრყვილობა და ინფანტილურობაა. მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჰიპების გარეშე სამყარო უფრო მოწყენილი, ნაცრისფერი და პირქუში იქნებოდა და მისი უდიდებულესობა, როკ-ენ-როლის გვირგვინს მათი მუსიკის გარეშე ერთი დიდი და ყველაზე ნათელი ალმასი დააკლდებოდა.

მივადექით ვუდსტოკსაც და, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ ეს უდიდესი მუსიკალური თავყრილობა, რომელსაც „ვუდსტოკის ფესტივალი“ ერქვა, საერთოდ არ ჩატარებულა ვუდსტოკში...
გაგა: – აი, აქედან იწყება ყველაზე სახალისო ისტორია. ფესტივალს ერქვა „ვუდსტოკის ხელოვნებისა და მუსიკის ბაზრობა“, რომელსაც 500 000 მაყურებელი დაესწრო, მაგრამ ეს ზემოთ ნახსენები „ბაზრობა“ ვუდსტოკში არ ჩატარებულა. იგი სულ სხვა ადგილას გაიმართა. ოფიციალური მშრალი მონაცემები ასეთია: ვუდსტოკის ფესტივალი 1969 წლის 15, 16 და 17 აგვისტოს ჩატარდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბეტელში, ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე. ეს ადგილი ქალაქ ნიუ-იორკიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ბეტელის ფერმის მფლობელი მაქს იასგური გახლდათ, რომელსაც შვილმა სთხოვა აღნიშნული ტერიტორია ფესტივალის ორგანიზატორებისთვის მიექირავებინა. ვუდსტოკზე გადაღებულ ფილმში ეს პიროვნება მოხვდა, უფრო მეტიც, მან ფესტივალზე მორიდებული სიტყვაც წარმოთქვა. მის სიტყვას აპლოდისმენტები მოჰყვა, ხოლო იასგური ისტორიაში შევიდა.

ვუდსტოკ-ბეტელის ამბავი საკმაოდ სიმბოლურია ჰიპობისთვის. ყველაფერში „გაორება“ ჰიპების მუდმივი თანამგზავრი იყო. აგერ ფაქტიც – ყველაზე საკულტო და მნიშნელოვან თავყრილობას ჰქვია და საუკუნეების განმავლობაში ერქმევა „ვუდსტოკი“, რომელიც ამ დროს რაღაც ბანალურ ბეტელში ჩატარდა. ამ „გაუგებრობას“ კი საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს. ვუდსტოკი ფესტივალამდე უკვე საკულტო ადგილი იყო. იქ ხომ უკვე დიდი ხანია ცხოვრობდა, არც მეტი, არც ნაკლები, – ბობ დილანი. იმ პერიოდში იგი ყველანაირი მუსიკალური მოძრაობის უგვირგვინო მეფეა, იგი კერპია – ბობ დილანია! ამიტომაც ორგანიზატორებს უნდათ ვუდსტოკი და არა ბეტელი. ბეტელში ბოჰემა არ ცხოვრობს, ბეტელში იასგურები ცხოვრობენ.

ლაშა: – და ამ ყველაფრის ფონზე გაუგებარია (თან ძალიან საინტერესოცაა) ის, რომ თითქოს ბობ დილანმა ფესტივალში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ექსპერტების ვარაუდით, რობერტ ციმერმანს (ბობ დილანს) ორი მიზეზი ჰქონდა უარი ეთქვა ამ შემოთავაზებაზე. პირველი უფრო კეთილშობილურია: მიუხედავად იმისა, რომ დილანი უამრავი მოძრაობის უგვირგვინო მეფე გახლდათ და ძალიან პოპულარული იყო, არ უყვარდა ამ მოძრაობებთან თავის გაიგივება. მას გარკვეული „სიმორცხვე“ და თავმდაბლობა ახასიათებდა. იგი შინაგანად უფრო ბიტნიკი იყო, ვიდრე ჰიპი. მას თავისი სახელგანთქმულობა, როგორც ჩვენთან იტყვიან, თავში არ ჰქონდა ავარდნილი. არ იყო გამორიცხული ვუდსტოკის (ბეტელის) 500 000 მაყურებელს ეს ფესტივალი მის სახელთან გაეიგივებინა და ეს ბობ დილანს არ სურდა. რობერტ ციმერმანი მშვიდი კაცია. ეს ჩვენთან, საქართველოში უყვართ ხოლმე მუსიკოსებს საკუთარ თავზე რაღაც იარლიყების მიწებება, მაგალითად, „ქართული როკის მამა“, „ალტერნატიული მუსიკის იმპერატორი“ და სხვა. დილანს მსგავსი პრეტენზიები არასოდეს ჰქონია. ის ხომ ბობ დილანია...

გაგა: – არსებობს „უარის თქმის“ მეორე ვერსია. უფრო მიწიერი და უფრო მატერიალურ-პრაგმატული, ანუ ციმერმანი არ დააკმაყოფილა ჰონორარმა. ტყუილია, როცა ამბობენ, თითქოს მუსიკოსებისთვის ვუდსტოკზე ჰონორარები არ დაურიგებიათ. სიმბოლური ანაზღაურება მაინც იყო. ჯიმი ჰენდრიქსმა, რამდენადაც მახსოვს, გამოსვლაში დაახლოებით 15 000 დოლარი მიიღო. თუმცა კი, ვუდსტოკის კონცერტებიდან სულ რაღაც ორ კვირაში ბობ დილანმა კუნძულ უაითზე ჩატარებულ საკმაოდ სერიოზულ ფესტივალში არც ისე დიდი ჰონორარით მიიღო მონაწილეობა. ამიტომ, მე შენს ვერსიას უფრო ვემხრობი, მიუხედავად იმისა, რომ მეორეც მომწონს.

და მაქვს მესამე, სახუმარო-ჭორიკანული ახსნაც. ვუდსტოკზე იმღერა ჯოან ბაეზმა, ბობის მუდმივმა „თავის ტკივილმა“ ქალმა, რომელიც 6 თვის ფეხმძიმე იყო. ეჭვი მაქვს, რომ ბობ დილანს მასთან შეხვედრა უბრალოდ არ უნდოდა.

ლაშა: – მიუხედავად იმისა, რომ ჰიპებზე და მათ მუსიკაზე დიდად არ ვგიჟდები, სიამოვნებით ვისურვებდი ვუდსტოკის მსგავს ფესტივალზე მოხვედრას, რადგან ეს იყო თავისუფალ ადამიანთა პროტესტული, ანტისაომარი, ლამაზი და, ამავე დროს, ძალზე რომანტიკული სამდღეღამიანი თავყრილობა. სიმბოლურია ალბათ, ისიც, რომ ფესტივალზე სამი ადამიანი გარდაიცვალა და ზუსტად ამდენივე დაიბადა, რადგან მას ფეხმძიმე ჰიპუკებიც ესწრებოდნენ. გარდაცვლილებიდან ერთი ბრმა ნაწლავის გამიზეზების გამო დაიღუპა, მეორე გულის შეტევის მსხვერპლი გახდა და მესამე ტრაქტორმა იმსხვერპლა. ფესტივალის ამსახველ ფილმში ნაჩვენებია საპირფარეშოების დამლაგებელი, რომელიც ამბობს, რომ ორი მისი ვაჟიდან ერთი ფესტივალზე იყო და ხელს მასისკენ იშვერს, ხოლო მეორე, ვიეტნამში ვერტმფრენის მართვას სწავლობდა. შეგახსენებთ, რომ ამ დროს ამერიკა ვიეტნამში ომობდა. სხვათა შორის, ამ ანტისაომარ აქციაზე, ჯარისკაცები მაყურებლებს ვერტმფრენებიდან საჭმელს, წყალს, მედიკამენტებს და, რაც ყველაზე უცნაურად ნიშანდობლივია, ყვავილებს უყრიდნენ.

სხვათა შორის, ვუდსტოკის ფესტივალი 1969 წლის შემდეგ კიდევ ორჯერ ჩატარდა 90-იან წლებში (რომელიც იასგურის ვაჟმა, სემმა გახსნა) და ყველა აღნიშნავს, რომ ვუდსტოკის ეს „რიმეიკები“ საშინელი ორგანიზებული იყო. მეორე და მესამე ვუდსტოკს ისედაც აკლდა ის აღმაფრენა და რწმენა, რაც 60-იანების ბოლოს ჰიპებს ჰქონდათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე. ახალ ვუდსტოკებზე არც იდეები იყო და საზოგადოება მხოლოდ გასართობად იყო მისული.

ჩემის აზრით, ნამდვილი ვუდსტოკი იყო საყოველთაო, გლობალურ სიყვარულზე ილუზიებისა და ჰიპური მოძრაობის უკანასკნელი აკორდი. ევროპაში მაგ წელს „ბითლზი“ დაიშალა, ამერიკაში, ვუდსტოკზე კი ჰიპების უკანასკნელი თავყრილობა მოეწყო. როგორც მოსწრებულად თქვეს – „ვუდსტოკი არ იყო რამის დაბადებით, მშობიარობით გამოწვეული ტკივილი, იგი უფრო ორგაზმში სიკვდილს ჰგავდა“.

გაგა: – ძალიან საინტერესოა, რომ ფესტივალზე მაყურებლებს შორის საერთოდ არ ჰქონია ადგილი ჩხუბს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთ ინციდენტს, როდესაც ჯგუფ The Who-ს გიტარისტმა პიტ თაუშენდმა სცენაზე ავარდნილ ერთ-ერთ პოლიტიკური პარტიის ლიდერს და პაციფისტური მოძრაობის აქტივისტს, ები ჰოფმანს სცემა. ამ უკანასკნელმა ჯგუფის გამოსვლისას, სიმღერებს შორის პაუზით ისარგებლა, სცენაზე ავარდა და პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა, რის გამოც იგი თაუშენდმა „დასაჯა“. ეს ყველაფერი ფილმის კადრებშიც მოხვდა. ფილმში, აგრეთვე, შესულია ჯონ სებასტიანის გამოსვლაც, რომელსაც სცენაზე აპარატურა ჰქონდა ჩაბარებული. როდესაც წვიმა წამოვიდა, ელექტროენერგია გაითიშა და სანამ მასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრებოდა, სებასტიანი აკუსტიკური გიტარით წვიმის ქვეშ მდგარი მაყურებლის წინაშე წარსდგა და ისტორიაშიც შევიდა.

ლაშა: – გაგა, ჩვენ მგონი, უკვე ფილმის გარჩევაზე გადავედით. ჩვენს თაობაში ვუდსტოკზე ერთი მოსწრებული გამონათქვამი არსებობს: „ჩვენ არ გვიყვარს ვუდსტოკი იმიტომ, რომ ის არ ვიცით, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ფილმი ვუდსტოკზე“, ამიტომაც, ბოლო ნაწილში ვისაუბრებთ თვით ფესტივალზეც და ვუდსტოკზე გადაღებულ ფილმზეც. ორივე ფენომენის გარშემო არსებობს მრავალი ლამაზი მითი, ლეგენდა და სინამდვილე, რომლებიც, როგორც სუფთა ჰიპურ ტრადიციებს შეეფერება, გადახლართულია ერთმანეთში და შედეგად ერთ ლამაზ რეალობას გვაძლევს, რომელსაც ვუდსტოკის ფესტივალი ჰქვია.

გაგა: – თანახმა ვარ! მაშ ასე, სცენაზე გამოჩნდა მაქს იასგური და თქვა: „მე ფერმერი ვარ, არ შემიძლია ამოდენა აუდიტორიის წინაშე გამოვიდე. ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა ადამიანებისა, რომელიც ისტორიის განმავლობაში სადმე ასე ერთად შეკრებილა და კარგია, რომ ეს ჩემს ფერმაში ხდება. თქვენ წინ გართობის და მუსიკის სამი დღე გაქვთ და იმედი მაქვს, აქ მეტი აღარაფერი მოხდება“...

(თემის დასასრული შემდეგ ნომერში), ანუ აქ: ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი III)





















ჟურნალი „ათიანში“, მარტი, 2010 წელი

No comments:

Post a Comment