© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე
I ნაწილი იხილეთ აქ: პინკ ფლოიდი (ნაწილი I)
ლაშა: – როგორც ვთქვით, სიდ ბარეტი წავიდა ჯგუფიდან და იგი დეივ გილმორმა შეცვალა. ჯგუფის წევრები დეივზე შესანიშნავ სიტყვებს არ იშურებდნენ და შეიძლება ითქვას, რომ დეივის მოსვლის შემდეგ „ფლოიდების“ შემოქმედება უფრო რბილი, ღრმა და ნაკლებად ფსიქოდელიური გახდა. როჯერ უოტერსი ამტკიცებდა: „დეივ გილმორის მოსვლის შემდეგ ჩვენ სულ უფრო და უფრო უკეთესები ვხდებით. ჩვენი წარმოდგენები ახლა უფრო სრულყოფილი და პროფესიონალური გახდა“. ჯგუფიდან წასულ სიდ ბარეტზე კი როჯერმა უბრალოდ თქვა: „მან გააფრინა“.
გაგა: – სიდის წასვლის შემდეგ კრიტიკოსები იმასაც ამბობდნენ, რომ ჯგუფმა ის იუმორის გრძნობა დაკარგა, რაც ბარეტთან ერთად მას მუდამ ჰქონდაო. არიან მელომანები, რომლებიც დღემდე ამტკიცებენ, რომ ნამდვილი „პინკ ფლოიდი“ მხოლოდ ბარეტის დროს არსებობდა. არ ვიცი... არ ვეთანხმები ამ მოსაზრებებს, თუნდაც იმიტომ, რომ „ფლოიდებმა“ დევიდ გილმორთან ერთად საერთოდ სხვა მწვერვალების დაპყრობა დაიწყეს. გილმორის გახსენებაზე ისიც აღვნიშნოთ, რომ ევროპასა და პარიზში მარად მოხეტიალე დევიდმა უამრავი პროფესია გამოიცვალა (მტვირთავიდან მხატვრების მენატურემდე) და ფრანგულ ენას ბრწყინვალედ დაეუფლა. ამავე დროს სერიოზული გიტარისტიც აღმოჩნდა და რაც მთავარია, მშვენივრად მღეროდა.
ლაშა: – გილმორის დროინდელი „პინკ ფლოიდი“ ბევრად უფრო მხიბლავს, ვიდრე მანამდელი ფსიქოდელიური ექსპერიმენტები. ბიჭებმა მთელი სერიოზულობით მიიღეს გამოწვევა და გადაწყვიტეს, რომ ალბომი ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ჩაეწერათ, რომლებთან ერთადაც მანამდე რამდენიმე კონცერტიც გამართეს. ეს ფაქტი ჟურნალისტებმა სენსაციად მონათლეს. ხოლო უოტერსმა განაცხადა: „ჩვენ არა ვართ მიწისქვეშა ჯგუფი, ჩვენ მიწისზედა ჯგუფი ვართ!“. ამ სიტყვებით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მუსიკაში წარმატება არ განისაზღვრება მხოლოდ სოციალური პროტესტით ან მარტო გაურკვეველი ექსპერიმენტებით. იმავე პერიოდში დეივმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „ჰიტ-პარადებს ჩვენნაირი ჯგუფებისთვის მორალური სიკვდილი მოაქვს ხოლმე. მიუხედავად ამისა, მომდევნო სინგლის გამოშვების შემდეგ, მოხარული ვიქნები, თუკი იგი პოპულარულ ცხრილებში მოხვდება“.
გაგა: – ალბათ ამის გამოძახილი იყო, რომ „ფლოიდები“ უკვე თავს იკავებდნენ და კონცერტებს საცეკვაო დარბაზებში ან მსგავს დაწესებულებში აღარ ატარებდნენ. მთელი ყურადღება ისევ საუნივერსიტეტო დარბაზებისკენ, ანუ მოაზროვნე აუდიტორიისკენ გადაიტანეს. სხვათა შორის, ბენდი სხვადასხვა ნოვაციისთვის სახსრებს არ იშურებდა და ყოველ წელს თავიანთ აპარატურას ტექნიკის ბოლო ნიმუშებით ამდიდრებდა. ზუსტად ამ უნიკალური აპარატურის წყალობით „ფლოიდებს“ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე შეეძლოთ სცენაზე ის ატმოსფერო და ეფექტი შეექმნათ, რასაც ვერც ერთი სხვა ბენდი ვერ ახერხებდა. ბიჭებმა სასცენო იმიჯი ოდნავ შეცვალეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ცნობილ „სინათლის შოუებზე“, რომელსაც თავად „მოციმციმე ნათურებსაც“ ეძახდნენ. ჯგუფი სცენაზე უკვე სიბნელეში დადგა, მაყურებელი მხოლოდ ბიჭების სილუეტებს და უამრავ სხვა ეფექტს ხედავდა. ეს იმ დროისთვის ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ხოლო შოუ More Furious Madness From The Massed Gadgets Of Auximenes საერთოდ შოკის მომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. აქ ჯგუფმა პირველად გამოიყენა ბგერის პანორამული რეგულატორი, რომლის საშუალებითაც დარბაზში შესაძლებელი გახდა ბგერითი ფონის ინტენსიური ცვლა.
ლაშა: – ამ ბგერით საოცრებას ჯგუფის წევრებმა „აზიმუტ-კოორდინატორი“ შეარქვეს. „პინკ ფლოიდის“ კონცერტებზე უკვე რეალურად ისმოდა ჩაიდნის სტვენის ან ჩანჩქერის ხმა, გუგუნებდნენ რეაქტიული თვითმფრინავები, ფეთქდებოდა ყუმბარები. დარბაზის ყველა კუთხეში 100-ვატიანი დინამიკები მონტაჟდებოდა, ხოლო „აზიმუტ-კოორდინატორის“ საშუალებით უჩვეულო ექოებისა და დახვეწილი კვადრო-ეფექტების მიღება ხერხდებოდა. იმ პერიოდის ერთ-ერთმა კრიტიკოსმა განაცხადა: „ეს ნამდვილი სასწაულია! მუსიკა თითქოს შენი მეზობლიდან, დარბაზის ჭერიდან, კედლებიდან, სავარძლიდან და ხანდახან შენივე ტვინიდან იღვრება“.
გაგა: – ზემოთ „მოციმციმე ნათურები“ ვახსენეთ და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ „პინკ ფლოიდის“ სასცენო მუსიკა უბრალო კონცერტი არასოდეს ყოფილა. იგი დღემდე გრანდიოზული და მრავალფეროვანი შოუა. პირველ წლებში, „ფლოიდები“ უმეტესწილად სინათლის სხვადასხვა ეფექტს იყენებდნენ. რიკ რაიტმა ერთხელ თქვა, რომ მუსიკა უფრო მეტად მოქმედებს შუქთან ერთად. რიკი იმასაც აღნიშნავდა, რომ „ფლოიდები“ არასოდეს იფარგლებოდნენ ერთნაირი ეფექტებით. ისინი დიდ ყურადღებას სასცენო ჩაცმულობასაც უთმობდნენ. 60-იანების ბოლოს მათ მრავალფეროვანი ბრჭყვიალა პერანგები ეცვათ, რომელიც ლონდონში მოდური გახდა. რაიტი იმასაც ამბობდა, რომ მათ კონცერტზე მისულ ადამიანს არ შეეძლო რაიმე სასმელის შეკვეთა და მერე სხვებთან ლაყბობა.
ლაშა: – ასეთმა წარმატებამ არ დააბრმავა ჩვენი „გეპეიშნიკი“ ბიჭები (ჯგუფის წევრების უმრავლესობამ პოლიტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა). ძველი საგაზეთო ინტერვიუებიდან კარგად ჩანს, რომ ჯგუფის წევრები არც ელოდნენ ასეთ წარმატებას და უფრო მოკრძალებულები იყვნენ, ვიდრე მომდევნო წლებში. 1967 წელს „რეკორდ მირორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნიკ მეისონი ამბობდა: „არქიტექტორისთვის კლიენტების მოზიდვის ყველაზე კარგი საშუალება შოუ-ბიზნესში ყოფნაა. ყოველთვის ვეძებ ვინმეს, ვისაც ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგი ექნება და სურს, სახლი დავუპროექტო. გადაეცით „რეკორდ მირორის“ მკითხველებს, თუკი მათ შორის არიან მდიდარი ადამიანები, რომელთაც ჩემი მომსახურება სჭირდებათ, აუცილებლად დამიკავშირდნენ“.
გაგა: – მეისონის ეს ფრაზა ან ტრადიციული ინგლისური იუმორის ნაყოფია, ან დრამერში უბრალოდ კაი ხანს არ ჩაკვდა „გეპეიშნიკური“ სული. საინტერესო ფენომენია – იყო „პინკ ფლოიდის“ დრამერი და პარალელურად ცალი თვალი მაინც ნახაზებისკენ გეჭიროს. თუმცა, მიუხედავად მეისონის ხაზვისკენ ლტოლვისა, ჯგუფმა 1970 წელს გამოუშვა ალბომი Atom Heart Mother, რომელმაც ინგლისურ ჩარტებში მოწინავე პოზიციები დაიკავა და ჯგუფს ოფიციალურად „სუპერბენდის“ სტატუსი მოუტანა. მალე (1971 წლის ნოემბერში) შემდგომი ალბომი Meddle გამოჩნდა, რომელიც კრიტიკამ რატომღაც ცივად მიიღო.
ლაშა: – ეს ალბათ იმიტომ, რომ Meddle საკმაოდ არ ჰგავდა წინამორბედს. „ატომისგულიანი დედისგან“ განსხვავებით, მასში საერთოდ სხვა ტიპისა და ხასიათის კომპოზიციები ჟღერდა, თუნდაც San Tropez, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ნაღვლიანი და ნელი ფოქსტროტია. მაგრამ ახალი ალბომის შედევრი მაინც სუიტა Echoes აღმოჩნდა, სადაც ჯგუფის წევრებმა მრავლად გამოიყენეს ახალი, თითქმის დამთრგუნველი, უცხო ელექტრონული ჟღერადობა. Meddle ოდნავ მოგვიანებით უფრო ჯეროვნად დააფასეს. სხვათა შორის, ამ ალბომში მონაწილეობდა ელექტრონული მუსიკის მაღალი რანგის ექსპერიმენტატორი რონ გრიზინი.
გაგა: – ჯგუფი მიუახლოვდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს – „ჭეშმარიტების მომენტს“. ამას ალბომი The Dark Side Of The Moon ჰქვია.
ახლა „ფლოიდების“ კინონამუშევრებზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. არა, ჯგუფის წევრებს არ იღებდნენ ფილმებში, თუმცა ასეთი ფაქტები როკ-სამყაროში ჯერ კიდევ „ბითლზების“ შემდეგ უკვე მრავლად არსებობდა. 1969-1972 წლების ალბომები საკმაოდ კინოგენური და თეატრალური აღმოჩნდა. ფრანგმა ქორეოგრაფმა როლან პეტიმ მარსელ პრუსტის გადატანა სცადა სცენაზე და დაწერა პარტიტურა ბალეტისთვის „დაკარგული დროის ძიებაში“, სადაც ყველა მუსიკალური მოტივიდან Atom Heart Mother-ის ნოტები იფრქვეოდა. 1970 წელს მიქელანჯელო ანტონიონის შეკვეთით ჯგუფმა შექმნა მუსიკა ფილმისთვის Zabriskie Point, რომელიც დღემდე საკულტო ნამუშევრად ითვლება. ხოლო „პინკების“ ალბომი Obscured By Clouds, რომელიც არც ისე პოპულარულია ჩვენს მელომანურ წრეებში, ბარბეტ შრედერის ფილმის „ხეობა“ ძირითადი საუნდტრეკია. ფილმს და თავისთავად ალბომსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. იმავე წელს Pink Floyd - Live At Pompei გამოვიდა, რომელიც „ევროვიზიისთვის“ (აი, როგორი მუსიკით ინტერესდებოდა მაშინდელი „ევროვიზია“) რეჟისორმა ადრიან მეიბენმა გადაიღო. ამ ფილმმა და რომის კოლიზეუმის ნანგრევებში გამართულმა ეფექტურმა სანახაობამ კიდევ ერთხელ დაანახვა სკეპტიკოსებს, რომ ჯგუფი სწორ გზას ადგას. თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენე, 1973 წელს ჯგუფის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა...
ლაშა: – ჯგუფმა The Dark Side Of The Moon-ზე მუშაობას მთელი 9 თვე მოანდომა. მის ჩაწერაზე ტიტანური შრომა დაიხარჯა, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახალი ალბომის ფირფიტები გამოსვლისთანავე (1973 წელს,) საარაკო სიმრავლით გაიყიდა და მასზე მოთხოვნა დღემდე არ განელებულა. ბრიტანულ ჰიტაღლუმებში ეს დისკი მთელი ორი წლის (!) განმავლობაში ლიდერობდა. მსგავსი შემთხვევა როკ-მუსიკის ისტორიას არ ახსოვდა. დღემდე ფირფიტა მსოფლიოში დისკების გაყიდვის ლიდერია. ალბომის საკონცერტო პროგრამამ მთელი მსოფლიოს მსმენელი ისტერიაში ჩააგდო. ამ შოუზე ბილეთის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. აღნიშვნის ღირსია სან-ფრანცისკოსა და ლონდონის LIVE-ები. ეს ჩანაწერები დეფიციტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჯგუფის ერთგულ ფანებს ექნებათ. აი, ამ კონცერტებზე „ფლოიდებმა“ თავიანთ ფანტაზიებს გასაოცარი გასაქანი მისცეს, რომლებიც უამრავ ვიზუალურ თუ მუსიკალურ ეფექტებში აისახა. დარბაზში ისმოდა ავიაკატასტროფის ხმები, მშრალი ყინულის ორთქლისა და თვალისმომჭრელი პროჟექტორების გარემოცვაში მწვანეთვალებიანი გასაბერი ადამიანი დაფრინავდა. პერიოდულად ჟღერდა ავბედითი გონგის ხმაც, ეკრანზე ჩანდა ცეცხლი ჰიროსიმას დაბომბვის შენელებული კადრები, რომელსაც კულისებიდან ნამდვილი აფეთქების ხმა ახმოვანებდა. ეს იყო ალბომი გაფრთხილება, საიდანაც ჯგუფი მსმენელს მოუწოდებდა, რომ მის მაგივრად არავინ გააკეთებს იმ საქმეს, რაც მისი გასაკეთებელია; რომ არავინ არავის დაანახვებს, თუ როგორ უნდა ეძებოს გამოსავალი, რადგან ეს ადრე ერთმა სცადა, მაგრამ მას არ დაუჯერეს. ხოლო ამ ყველაფერზე ადამიანი იწყებს ფიქრს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ხანში შედის და მარტოოდენ ამაზე ფიქრი და სინანული შეუძლია. ეპოქალური The Dark Side Of The Moon-ის საშუალებით სრულიად ახალი, მუსიკალური აზროვნება გვაჩვენა ჯგუფმა. „ფლოიდებმა“ მუსიკაში ინტელექტი ჩადეს, ხოლო დაუჯერა თუ არა მათ მსმენელმა, ეს კიდევ საკითხავია...
გაგა: – „ფლოიდომანია“ საყოველთაო გახდა, ამიტომ აუცილებელია, ოდნავ უკან დავიწიოთ და თავად „ფლოიდების“ მუსიკოსებს დავანგრევინოთ ის მითი, რომელიც მაშინდელმა მედიამ მათ მიაწება და ბიჭები მთელი არსებით მისგან თავის დაძვრენას ცდილობდნენ. მათ აღიზიანებდათ ის, რომ ჯგუფს ფსიქოდელიურ კოლექტივებს შორის იხსენიებდნენ. მათ არ სიამოვნებდათ, როცა ჟურნალისტები ჯგუფს სხვებთან ერთად ერთ ფსიქოდელიურ ქვაბში ხარშავდნენ. „ფსიქოდელიური? ჩვენ არ გვესმის ეს რას ნიშნავს. თუ ამაში მოციმციმე ნათურები იგულისხმება, მაშინ გახლავართ ფსიქოდელიური ჯგუფი“ – 1966 წლიდან მოყოლებული იმეორებდნენ პრესაში ამ სიტყვებს „ფლოიდების“ წევრები.
ლაშა: – თავის დროზე, დანარჩენებისგან განსხვავებით, იმავე სიდ ბარეტს ამ სიტყვაზე ნაკლებად ეშლებოდა ნერვები და უფრო მშვიდად ამბობდა: „ჩვენს შემოქმედებას რაც უნდათ, ის დაუძახონ. ჩვენ არ გვიყვარს იარლიყები, მაგრამ სანამ ჩვენს მუსიკას უსმენენ, წინააღმდეგი არ ვარ, ფსიქოდელიური უწოდონ“. რიკ რაიტმა კი ალბათ, ყველაზე ზუსტად განმარტა, თუ რატომ არ სიამოვნებდათ ჯგუფის წევრებს მათ მუსიკას ფსიქოდელიურს რომ უწოდებდნენ: „სიტყვა „ფსიქოდელიური“ აღნიშნავს „ცნობიერების განვრცობას“, უკიდურეს შემთხვევაში, ეს იგულისხმებოდა, როცა თავდაპირველად მისი გამოყენება დაიწყეს. მაგრამ ბრიტანეთში თუკი ვინმე „ფსიქოდელიურს“ ახსენებს, აუცილებლად „ნარკოტიკებზე მიბმული“ იგულისხმება, ამიტომ არ გვსურს, ეს სიტყვა ჩვენთან დაკავშირებით გამოიყენებოდეს“.
გაგა: – ამ მითის მსხვრევას „პინკ ფლოიდი“ შემდგომშიც გააგრძელებს და შეეცდება საზოგადოებას სულ სხვადასხვა იპოსტასში მოევლინოს. თან ჩვენ ნელ-ნელა მივადექით ჯგუფის შემოქმედების ყველაზე საინტერესო ეტაპს, რაც აუცილებლად უნდა დაწყებულიყო. ის თამასა, რომელიც The Dark Side Of The Moon-ზე დაფიქსირდა, უფრო დაბალ ნიშნულზე არ უნდა ჩამოწეულიყო და ამ მხრივ ამბიციურ ჯგუფს წინ უდიდესი სამუშაო ელოდა. როგორც შემდგომი მოვლენები გვანახვებს, „პინკ ფლოიდი“ თავს არ შეირცხვენს. თუმცა ეს ეტაპი აღსანიშნავია, აგრეთვე, იმ სამწუხარო ტენდენციით, რასაც ამ დიდებულ ბენდში არსებული უთანხმოებები ჰქვია. ეს ყველაფერი კი ბოლოს რაღაც ლოგიკურ წერტილამდე მივა, რომელმაც თითქოსდა დაასრულა როკ-მუსიკის ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქა.
ლაშა: – გაგას ნათქვამს ოდნავ განვმარტავ და ვიტყვი, რომ წერილის მომდევნო, დამასრულებელ ნაწილში ვისაუბრებთ იმ ალბომებზე, რომელთაც დიდი ფურორი მოახდინეს (Wish You Were Here - Animals - The Wall), კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით სიდ ბარეტს, მის პოსტ-ფლოიდურ ამბებშიც გავერკვევით, ვისაუბრებთ ჯგუფის წევრთა უმდიდრეს სოლო მემკვიდრეობაზეც და იმ არასასიამოვნო ფაქტებსაც განვიხილავთ, რასაც „პინკფლოიდური“ შინაომები ჰქვია.
თემის დასასრული შემდეგ ნომერში, ანუ აქ:პინკ ფლოიდი (ნაწილი III)
ჟურნალი „ათიანში“ #10, სექტემბერი, 2010 წელი
No comments:
Post a Comment