„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...“ – ბრძანა თავის დროზე გრიგოლ ორბელიანმა. არ ვიცი, ამჯერად რამდენად კისერ და კინჩხ-მოტეხილები ვართ, მაგრამ ინგლისური სიტყვების ყოველ მეორე წინადადებაში ჩასმით და ამით თავის მოწონებით, მასობრივ გაქაჯებასთან ნამდვილად ახლოს ვართ. ქაჯუნიები გვყვანან პატარები და დიდები – თვით სახელმწიფო მოხელეებს შორისაც კი. ადრე, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში, მერე კი საბჭოთა კავშირში ჩვენს ენაში უცხო სიტყვები შემოიჭრა და ბევრი რუსული სიტყვა სალაპარაკო ენაში დამკვიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა იყო, ქართველები ეწინააღმდეგებოდნენ ენის გარუსულებას. თუმცა მაშინ არსებობდა ადამიანების კატეგორია, რომელთათვის რუსულად საუბარი და ბევრი რუსული სიტყვის მშობლიურ ენაში ჩატენა, ერთგვარად პრესტიჟული და მისი „მაღალი დონის“ მაჩვენებლობის სიმბოლოც კი იყო. „სტოლი“, „სტაქანი“, „პეპელნიცა“, „შკაფი“, „პოლი“, „კუხნა“ (და კიდევ სხვა მრავალი) ის სიტყვებია, რომელთაც ქართული შესატყვისი ჰქონდა და აქვს, მაგრამ რუსულმა ექსპანსიამ ბევრს კინაღამ გადაავიწყა. ქართული ენის სადარაჯოზე ქართველი მწერლები, ჟურნალისტები და რადიო-ტელევიზიის მუშაკები დადგნენ. თუმცა ზოგიერთი მატრაკვეცა თანამოქალაქე არც მაშინ კადრულობდა მშობლიურ ენაზე ლაპარაკს და რუსულად მუსაიფს ამჯობინებდა.
დაახლოებით 8-9 წლის წინ ამერიკელებმა ქართული ჯარის „წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა“ წამოიწყეს და ჩვენმა ქვეყანამ მზერა ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ გადაიტანა. ყველას პირზე ეკერა „ამერიკელები მოდიან“, „რაღაც აუცილებლად გვეშველება“ და ა. შ... მახსოვს, ერთი ჩემი ნაცნობი ისეთი აღფრთოვანებული იყო ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობის დაწყებით, კმაყოფილებას ვერ მალავდა და განუწყვეტლივ ამ ფაქტზე საუბრობდა. ხშირად იმეორებდა, როგორ საჭიროა დღეს, ამ გაგანია გლობალიზაციისას, ინგლისურის ცოდნა და გვარწმუნებდა, რომ თავის ჯერ არდაბადებულ ბავშვს აუცილებლად ასწავლიდა ინგლისურს. რა თქმა უნდა, ამ სურვილში არაფერი უცნაური არაა, თუმცა მან საუბრის ბოლოს დასძინა, რომ ერჩივნა ბავშვს ინგლისური ენა უფრო კარგად ესწავლა, ვიდრე მშობლიური! თან ეს ცხოვრებისადმი „პრაგმატული“ დამოკიდებულებით ახსნა. ამერიკელ სამხედროთა ზემოთხსენებულ პროგრამამდე საზოგადოებაში თანდათან ისედაც მკვიდრდებოდა აზრი, რომ ინგლისურის და კომპიუტერის გარეშე, ადამიანს პერსპექტივა არ აქვს. მართლაც, დღეს კარიერის გასაკეთებლად ეს ორი რამ აუცილებელია და ამაზე არავინ დავობს. თუმცა რატომ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი საკუთარი ენის დაკნინების ხარჯზე, ცოტა გაუგებარია.
სწორედ იმ პერიოდიდან პარალელურად დაიწყო ცოტა არ იყოს ზედმეტად ნევროზული ისტერია: „ენას გვართმევენ!“, „ქართველობას გვართმევენ!“ და ა. შ. ზოგიერთების პანიკა ამ მხრივ ისე შორს წავიდა, ამერიკელების თუ ანგლო-საქსების „თავზარდამცემ ექსპანსიაზეც“ ალაპარაკდნენ. არავინ აკვირდებოდა და აკვირდება იმას, რომ ეს „მოძალადე“ ამერიკელები ჩვენს ენას დღემდე უფრთხილდებიან. საქართველოში რამდენიმე დასახელების ამერიკული მსხვილი ფირმის პროდუქცია შემოვიდა და დამკვიდრდა. ამერიკელებმა შემოსვლისთანავე თავად მოითხოვეს თავიანთი პროდუქტების გაქართულება. თუნდაც „კოკა-კოლას“ მაგალითი ავიღოთ, – ამ გამაგრილებელი სასმელის ნებისმიერ ბოთლზე თუ ქილაზე აუცილებლად ნახავთ ქართულ წარწერას. მოხდა „მაიკროსოფტის“ – უმსხვილესი კომპიუტერული სისტემის Windows-ის გაქართულება და ეს პროცესი, ასევე ამერიკელი ბოსების დაჟინებული მოთხოვნითა და დაფინანსებით დაიწყო...
ასე რომ, მშობლიურ ენას არც არავინ გვართმევს და არც გვიკნინებს. ენის მნიშვნელობის გაუფასურებასა და მის დამცირებაში მთავარი დამნაშავე დღეს რუსი ან ამერიკელი კი არა, თავად ჩვენა ვართ – ვითომ ჩვენი საგნებისადმი „პრაგმატული“ მიდგომებით, უაზრო მოდის დამკვიდრებით, ჩვენი პროვინციალიზმითა და მატრაკვეცობით. თუნდაც ინტერნეტის სოციალურ ქსელებში ძალიან ცოტა უთმობს ყურადღებას ქართული ენის ინგლისურიზაციის პრობლემას და, ამ დროს, მთელი აქცენტი გადატანილია სამეტყველო ენაში რბილი „ლ“-ს არსებობაზე და ამ ენით მოუბარი სხვა ქართველების დაცინვა-გაკიცხვაზე. ესეც კიდევ ერთი დიდი და მსუქანი სნობობაა!
არ არის გამორიცხული, ის ჩემი ანგლოფილი ნაცნობი ახლა სადმე სამინისტროშია მოკალათებული და იქიდან ქაჯობს. იმისთვის, რომ „ნონედუკატიურად“ (გაუნათლებლად) არ ჩათვალონ, ალბათ პრესას ეცნობა, კითხულობს ინტერნეტ-გამოცემებს, დარეგისტრირებულია სოციალურ საიტებზე და დასცინის იმ ქართველებს, ვინც მეტყველებისას (სხვათა შორის, ქართულად მეტყველებისას) შიგადაშიგ რბილ „ლ“-საც გამოურევს... იგი ზოგჯერ თავის „სქედულს“ (დღიურს) ჩახედავს და დაადგენს რომელ „ივენთზე“ (საღამოზე) ან „ფართიზეა“ (წვეულებაზე) მისასვლელი, რათა იქ „ძაან ქული“ (უმაგრესი) „სფიჩი“ (სიტყვა) წარმოთქვას. იქ ხომ ტელევიზიები იქნება და კამერების საშუალებით, როგორც მოხელე, მნიშვნელოვან „მესიჯს“ (გზავნილს) გაუგზავნის ხალხს.
ამასობაში კი ქვეყანაში იხსნება: სასტუმრო „რედისონ ბლუ“, ფილარმონიაში „ივენთ-ჰოლი“ (ღონისძიებათა დარბაზი), „ფეშენ-უიქი“ (მოდის კვირეული), ათასნაირი გაუგებარი სახელის მქონე მაღაზია, მაგალითად „არაი თუმოროუ“, სადაც ხელმძღვანელობამ შეიძლება სეზონური „სეილიც“ (ფასდაკლება) გამოაცხადოს... თუ რაიმე ინგლისური სიტყვის შესაბამისი თარგმანი არ არსებობს, ვისაც რა უნდა, ის ტერმინოლოგია თუ ფრაზა გამოიყენოს და ისე ილაპარაკოს, მაგრამ მართლა ქაჯობაა, როცა გვაქვს ამ სიტყვების ქართული შესატყვისები, თანაც უკვე დროში გამოცდილი და ჩვენ მაინც ვცდილობთ ამ უტვინობის ძალით დანერგვას. ზემოთ ვახსენე, სსრკ-ს დროს ტელე და რადიო ჟურნალისტები მშობლიურ ენას იცავდნენ-მეთქი და ქართულად მეტყველებდნენ. დღეს კი, როდესაც მხოლოდ ქართულია სახელმწიფო ენა, ჟურნალისტებს შორისაც მატრაკვეცები მრავლობენ, რომლებიც საკმაოდ წარმატებით ამკვიდრებენ სამეტყველო ენაში ამ აბსოლუტურად უცხო სიტყვებს.
ქაჯები კი არ მოდიან, არამედ უკვე აქ არიან და ისე გამაგრდნენ ციხეში, ხმა თუ არ ამოვიღეთ, ენას მართლა გადაგვიგვარებენ.
თუ ეგ მხოლოდ მიმბაძველობაა - ეგ კიდევ გამოსწორდება. როგორც "დასაქოქ ფორთოხალშია" რუსული სიტყვები... მაგრამ მგონი მთავარი ისაა, რომ ჩვენი სიტყვათა მარაგი გაღარიბდა. ელოჩკას დონეზე ვართ დასული. ჰოდა ამ დანაკლისს ინგლისური სიტყვები ავსებს.
ReplyDeleteეგ რომ არ იყოს, ბევრი საერთოდ წინადადებას ვერ დაალაგებდა. :)
ეს ამბავი სხვათა შორის ბლოგებსაც ეტყობა.
შენს ბლოგს არ ვგულისხმობ, მაგრამ ბევრია ეგეთიც - რაღაცის თქმა უნდა ადამიანს და სიტყვებს ვერ პოულობს.
ჟურნალისტების დიდი ნაწილი კიდე ბლოგერებზე უარეს დღეშია.
ჰოდა მმმმმმ.... ეეეეეე.... და სხვა მრავალი. :)
"დასაქოქ ფორთოხალში" სლენგზეა უფრო აქცენტი, რასაც დიდად არც ვერჩი, ეგ პროცესი მთელს მსოფლიოში ბუნებრივია და, რასაკვირველია, ქართულსაც ახასიათებს. ჩემის აზრით, ჩვენს შემთხვევაში, უფრო მასობრივ გაუნათლებლობასთან და მატრაკვეცობასთან გვაქვს საქმე, რაც ოთხივე ხელისუფლებაშია თვალშისაცემი.
ReplyDeleteელოჩკა მაგარი შედარება იყო! Ого! Хо-хо! :)
ყველაზე დიდი ქაჯობაა, როცა სიტყვათა მარაგი გაქვს და მაინც ხმარობ ფეშენ ვიქს, ფართის და ა.შ. მე ყველაზე დიდი ქაჯი ვარ :დ
ReplyDeleteსტატიებში შენც იცი რომ ვერიდები, მაგრამ ყოველდღიურ საუბარში არანაირად, განსაკუთრებით თანატოლებთან და ჩემზე პატარებთან, იმიტომ რომ ეს უფრო კომფორტულ და ეფექტურ კომუნიკაციას ნიშნავს. ჩემი თაობა მარტო რაღაც ინგლისურ სიტყვებს კი არ იყენებს, ინგლისური ფრაზებით ლაპარაკობს. ჩემი ახსნა ასეთია: ინგლისური მარტივი ენაა და ინტერნეტში საკონტაქტოდ მისწრებაა, როცა გეზარება რთული ფრაზებით მუსაიფი : )) აი სად 'ttyl' და სად 'მოგვიანებით დაგელაპარაკები' :დ ამ კუთხით მსოფლიოში ერთადერთი ენაა, ინგლისურს რომ დაეჯახა - ფრანგული.
დაწერე ნინ მაგაზე ან საგაზეთო სტატია, ან გაბლოგე. საინტერესო თვალსაზრისია. :)
ReplyDeleteბატონო ლაშა
ReplyDeleteმე ვარ როლანდ სინატაშვილი ვცხოვრობ თბილისში, გავეცანი თქვენს სტატიას, ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოში არიან თქვენნაირი ადამიანები, ვისაც აქვს ღირსება, თავმოყვარეობა და ყველაფერი ქართულის სიყვარული. ამჟამად პენსიონერი ვარ, ისე გავატარე ჩემი ახალგაზრდობა, ცხოვრების წლები, რომ არც რუსული და არც ინგლისური სიტყვებით არ დამიბინძურებია ჩემი საამაყო ლამაზი ქართული ენა და მეტყველება
ჭოტი კივის, ყვავი ყრანტალებს, ბულბული გალობს
ReplyDeleteგამგები გაიგებს...
როლანდ სინატაშვილი
დიდი მადლობა ბატონო როლანდ. :)
ReplyDeleteამაზე როცა დავწერე, ყველა შემეწინააღმდეგა. რატომ უნდა იყოს ინგლისურის ცოდნა ადამიანის კარიერის განმსაზღვრელი. მაგალითად, გერმანიაში, სადაც ვცხოვრობ და კარგად ვიცი რა ხდება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ უწყებებში ბევრმა არ იცის ინგლისური, ან თუ იცის, ამ ენაზე არ გაგესაუბრება პრინციპულად. საფრანგეთს ხომ აღარაფერს ვამბობ. გასაგებია, რომ პატარა ქვეყანა ვართ და სულ ვიღაცას "ვეწებებით", მაგრამ როცა ქართველი მასწავლებლები უმუშევრები რჩებიან და ა.შ.შ.–დან მოჰყავთ ხალხი, უსამართლობაა და მეტი არაფერი.
ReplyDeleteიცი რას მაგონებს ეს ყველაფერი? ინგლისის კოლონიურ ქვეყნებს, ინდოეთი, ინდონეზია და ა.შ. – სადაც არც ინგლისური იციან წესიერად და აღარც მშობლიური ენა :(
სოფი, ჯობს.ჯი-ზე ზოგჯერ ისეთი განცხადებაა, თმები ყალყზე დაგიდგება კაცს. ინგლისურის ცოდნას ზოგჯერ დამლაგებელსაც კი თხოვენ.
ReplyDeleteბატონო ერმონია,
ReplyDeleteამ სტატიაზე უფრო თქვენი იუთუბის (არ ვიცი ქართული შესატყვისი უკაცრავად)არხი მომეწონა. სიტყვები მუსაიფი და რაღაც ამდაგვარი არქაიზმები არაბუნებრივად ჟღერს, თუმცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ემერჯენსი რო აწერია ინგლისურად და ხალხი ემემჯემსის რომ ეძახის ეგეც არაბუნებრივია.არ მიყვარს თითიდან გამოწოვილი სიტყვები. არც ყელფანდური და არც ნიუსების მესიჯები ვიღაცამ იკითხა ამასწინათ გეტრს ქართულად რა ქვიაო. მე ქართული ენის სადარაჯოზე დგომას არ ვაპირებ. თქვენ წარმატებას გისურვებთ და ჩემ ბლოგზე შესვლას არ გირჩევთ :)))
ქალბატონო ირინა,
ReplyDeleteდიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და საკუთარი აზრისთვის. თუმცა ვთვლი, როცა ამ ენაზე ვინმე მეტყველებს და რაღაცას წერს, კარგი იქნება თავისი წილი პასუხისმგებლობა თუ ექნება. მეტი არაფერი. თუ არ ვცდები თქვენი ბლოგი ჩემს ბლოგ-როლში უკვე უნდა იყოს "ერმონიას" ბლოგზედ. ახლა ვფიქრობ გავითვალისწინო თუ არა თქვენი რჩევა და ამოგშალოთ თუ არა ბლოგროლიდან – რა თქმა უნდა, ვხუმრობ! :)
jer amomshaleT da mere chamqolet!:)
ReplyDelete:)))
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteვფიქრობ რომ ძალიან გოიმი და საზოგადოება გამოვდექით.ეს ჩემი აზრია.ჟურნალისტების ეს გაუთავებელი ,,ანუ''.აზრს ვერ აყალიბებენ და გამონახეს იოლი გამოსავალი...ტოტალური გაუნათლებლობა...ახლა თანამედროვე ქართული ფილმები?მე სახელს ვერ ვარქმევ..ქალები ისტერიულად ეწევიან...ეს გაწელილი სიტყვებით საუბარი.ამას წინათ ვუყურე ,,გოგონა სლაიდიდან'',არც ღირს საუბრად...მერე კი ოდრი ტოტუს ფილმის ვუყურე:) თითქოსს თვალებით ლაპარაკობდა
ReplyDelete