ესაა ჩემი ერთ-ერთი პირველი საჟურნალო სტატია (უფრო სვეტი), რომელიც 1994 წელს ქუთაისში გამომავალ ჟურნალში „ბაგრატის ტაძარი“ დაიბეჭდა.
„რაოდენ სამწუხაროა, რომ ურთიერთშორის დარჩა ერთი, ერთადერთი ბარიერი – ჰაერი. როგორ ახლოსაც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენს შორის ყოველთვის იქნება ჰაერი...“ (იოკო ონო)
ჩაკეტილ, რკინის გისოსებით გარშემოწერილ სივრცეში ვდგავართ და სამყაროს ისე ვაკვირდებით. ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს. გიჟური სურვილი წამოგვივლის ხოლმე – ეს რკინის ბადე გავარღვიოთ, გარეთ გავიჭრათ და თავისუფლებისგან მინიჭებული სიხარულით ხმისჩახლეჩამდე ვიყვიროთ: ეს ჩვენი გარღვევაა! მაგრამ რად გინდა? აქ თავისუფლება ხომ მოჩვენებითია.
ვინ ვართ ჩვენ?!
რწმენაგატეხილი, გაზარმაცებული, მხოლოდ მეოცნებე თაობა, რომელსაც ზოგჯერ ოცნებასაც უშლიან.
ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც შემფასებელი არა ჰყავს!
ამიტომ ვდგავართ ჩვენამდე აშენებულ რკინის საპყრობილეში, ერთმანეთში აღრეულები, ათქვეფილები და ვინარჩუნებთ სტაციონარულ დინამიზმს ამ შემოფარგლულ სივრცეში. ჩვენ ერთი მოწამლული ატმოსფეროთი ვიკვებებით. ყველას ჩვენ-ჩვენი პერსონალური საკანი გაგვაჩნია ამ უზარმაზარ საპყრობილეში. ჩვენი უბედური მასა კი ჭრელია: ზოგი ჭკვიანია, ზოგიც – სულელი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთნაირები ვართ, შორიდან ერთმანეთისგან არც კი განვსხვავდებით. ჩვენ სამშობლო გაგვაჩნია.
ჩვენი ქვეყანა მამების ქვეყანაა. აქ შვილიც უკვე მამაა. აქ საჭიროა გარკვეული რაღაც (ვიღაც) გიყვარდეს და გარკვეული რაღაც (ვიღაც) გძულდეს. სიყვარულის ობიექტი შენს დაბადებამდეა უკვე დაკანონებული.
(მე მიყვარს სიყვარული!
მე მძულს სიძულვილი!)
აქ წინასწარ იციან, ვინ ჩაითვალოს მოაზროვნედ და ვინ – სულელად. შემუშავებულია პატრიოტულობის საზომი ერთიანი სისტემა. მაქსიმუმს ერთი ბალიც რომ დააკლდეს, – მოღალატე ხარ. არადა, ერთ-ერთი უბრალო და ჩვეულებრივი ხალხი ვართ მთელს მსოფლიოში. არა, მე არ შევუპყრივარ ნიჰილიზმს. ეს, უბრალოდ, ჩემი სიმართლეა. კულტურის ძეგლები ხალხმა კი არა, პიროვნებებმა შექმნეს.
ჩვენთან პიროვნებების ჩაქოლვის კულტია!
მართალია, ჩვენ ამ უჩვეულო საკნებში ვსხედვართ, მაგრამ ბევრ რამეს შიგნიდან ვხედავთ.
პროტესტი. პროტესტი. პროტესტი.
ვისაც პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, ის კარგად ჩასუქებული, დინებას თანყოლილი წვეროსანი „მამაა“. ჩვენ არ გვჯერა მისი. ამიტომ, როდესაც სეირნობიდან ჩვენ-ჩვენს საკნებში ვბრუნდებით, ყურსასმენებს ვიკეთებთ და „ხმაურიან“ მუსიკას ვრთავთ.
ჩვენ თითქოს აღარაფერი გვადარდებს, რაც ირგვლივ ხდება. ნერვებს გვიშლის მიცვალებულთა გადიდებული, ფანჯრებში გამოჩრილი სურათები. ნერვებს გვიშლიან: ეკლესიაში მუხლმოდრეკილი ფარისეველი მლოცველები, ტელევიზორის ეკრანიდან პატრიოტიზმისა და ურთიერთსიყვარულის მქადაგებელი უჭკუო შეიარაღებული „ვაჟკაცები“, აგრეთვე, მთელი წლის განმავლობაში მოქეიფე ქალაქის „კოლორიტები“...
არის თუ არა გამოსავალი?
დღეს პრობლემის გადასაწყვეტად ხელში იარაღს იღებენ...
ჩვენ მოვუწოდებთ ყველას და ერთმანეთს: მივცეთ ადამიანს თავისუფლება და არჩევანის გაკეთების უფლება! ნუ შევქმნით დოგმებს და ნუ დავუმორჩილებთ ადამიანებს უაზრო, ფსკერგავარდნილ ტრადიციებს! ნუ ჩავქოლავთ განსხვავებულად მოაზროვნეთ! ნუ დავუშლით ერთმანეთს სიყვარულს!
ჩვენ, ამ ციხის ბინადართ, გვინდა გავარღვიოთ ურთიერთშორის ასვეტილი ლითონის გისოსები, გავუგოთ ერთმანეთს, დავაიმედოთ ერთმანეთი.
„რა კარგია, რომ ჩვენ გვაქვს ჰაერი. მნიშვნელობა არა აქვს, რაოდენ დაშორებულნი ვართ ერთმანეთისაგან, მაგრამ ჰაერი გვაერთიანებს ჩვენ!“ (იოკო ონო)
ჟურნალი „ბაგრატის ტაძარი“ №2, ივლისი, 1994
No comments:
Post a Comment