ბრძოლა საკუთარ თავთან
დღე მშვენიერი გათენდა, მზიანი, მშვიდი, ივნისის უკანასკნელი ამოსუნთქვა. ქუთაისში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, ოშოისტების ნამუშევრების გამოფენას „ბაგრატის ფონდის“ დარბაზში, რის შესახებ ჩემი რესპოდენტი მოგვიანებით აუღელვებლად გაიკვირვებს: „რა უნდა ოშოს ტრანსულ გამოფენასა და მედიტაციებს ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდში? – პაუზის შემდეგ დაუმატა, – რა უნდა ჯგუფ „აუტსაიდერს“, ვთქვათ, სახელმწიფო ფილარმონიაში?..“ სწორედ, ამ მშვენიერ დღეს ავედით მე და ჩვენი გაზეთის ფოტოკორესპონდენტი ზურა ზენაიშვილი ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ჯგუფი „პულსი“ ატარებს რეპეტიციებს. ოთახში წესრიგია, მაგრამ ჭერიდან წყალი წვეთავს. „პულსის“ ბიჭები ამბობენ, რომ წყალი, რატომღაც, მხოლოდ მზიან ამინდში წვეთავს. პატარა „მაგიდაზე“ გაზეთ Я Молодой-ს ერთ-ერთ გვერდზე, სადაც ჯგუფ Prodigy-ს ფოტო და სტატიაა, ძველი პურის ნატეხი და მინის უცნაურად შეჭყლეტილ-შემოჭყლეტილი ღვინის ძველებური ბოთლი დევს. როგორც სოსო ივანეიშვილი – ჩვენი მასპინძელი, – ამბობს, ბოთლი ჩვენი საცოდაობით დადნა და ფორმა იცვალაო...
ვფიქრობ, დადგა დრო, გავიცნოთ ჯგუფი „პულსი“. ესენი არიან:
სოსო ივანეიშვილი – ვოკალი, გიტარა, სიმღერების ავტორი და საერთოდ, ჯგუფის დამაარსებელი;
მირიან თუმანიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ანუ დრამერი;
გოგა ქარსელაძე – ბას-გიტარა.
ჯგუფს ჰყავს კიდევ ერთი გასაიდუმლოებული წევრი.
***
ზუსტად იმ დღეს შევიძინე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, რომელშიც თავად ავტორის ნახატებია. „ნომერი პირველი“ ნახატი, რომელიც ეგზიუპერის ყოველთვის თან დაჰქონდა და ადამიანებს უჩვენებდა მათი აზრის გასაგებად, იმ დღეს ჩემს ხელში აღმოჩნდა. ვისარგებლე შემთხვევით და გადავწყვიტე ბიჭებისთვის მეჩვენებინა. აი, ეს ნახატიც:
ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“ ნახატი №1 |
სოსოს ვერსიები: ესაა მლოცველი, რომელსაც ნაჭერი გადაუფარებია და დაჩოქილი ლოცულობს, ან მკვდარი სპილოა, ან თუნდაც უდაბნოში ნახევრად ჩამარხული გიტარა.
მირიანის აზრით, ეს სველპირსახოცგადაფარებული სპილოა.
გოგას ძალიან შიოდა და სიცილით თქვა, რომ ახლა ეს ნახატი შემწვარ ქათამს მაგონებსო.
ეგზიუპერის აზრით, ვინც ამ სურათზე ქუდს დაინახავს, ის უკვე დიდია, რადგან სინამდვილეში მან დახატა მახრჩობელა გველი ბოა, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. ჩვენს შემთხვევაში, არც ერთის პასუხი არ იყო „ქუდი“...
საკონცერტო პროგრამა „ქუდი“...
საკონცერტო პროგრამა „პულსს“ მზად აქვს. ამაში მათ საათნახევრიანი რეპეტიციის დროს დამარწმუნეს. სოსო ივანეიშვილი უკრავს ძველ, ლეგენდარულ გიტარაზე, რომელზეც დაკრული აქვს თითქმის ყველას, ვინც 80-იანი წლების მიწურულს ქუთაისში როკ-გიტარისტად მიაჩნდა თავი. ამ გიტარამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჯგუფ „აუტსაიდერის“ წარმატებაშიც. ის ინათხოვრა რობი კუხიანიძემ და რეპეტიციებს ატარებდა. გიტარა რამდენიმე კონცერტზეც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც რობიმ საკუთარი გიტარა შეიძინა, როგორც თავად რობი ამბობს, სოსოიამ მორიდებით მითხრა, მათხოვე ჩემი გიტარაო, ე.ი. მან საკუთარი ნივთი ინათხოვრა.
ამჟამად გიტარა პატრონთანაა.
***
რეპეტიციის შემდეგ მე და სოსო პირისპირ დავჯექ-ჩამოვჯექით და დავიწყეთ საუბარი.
– ჯგუფი „პულსი“ – დაიწყო სოსომ – 1988 წელს შეიქმნა. მაშინ ბევრი კოოპერატივი ჩამოყალიბდა. მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა მუსიკის მოყვარულთა ორგანიზაციის გაკეთება, რომელიც სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებებს მოაწყობდა მაგრამ მაშინდელმა ქალაქკომმა ნება არ დაგვრთო, ახალგაზრდებს შორის ჩხუბსა და აურზაურს გამოიწვევსო. თურმე, ფულის მიცემა ყოფილა საჭირო, ან ნაცნობობა, რომ ასეთი საქმე გაგეკეთებინა. ჯგუფის ნამდვილი მუშაობა 1993 წლიდან დაიწყო. მაშინ ვსწავლობდი ხელოვნების ინსტიტუტში. ადრე ვსწავლობდი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც მივატოვე. ასევე მივატოვე ხელოვნების ინსტიტუტიც და ვეძებდი სარეპეტიციო ოთახს. ძალიან დამეხმარა ინსტიტუტის რექტორი, რომელიც, ამავე დროს, ოფიცერი იყო არმიის კავშირგაბმულობის ნაწილში, სადაც კლუბში მივედი და ჯგუფთან ერთად რეპეტიციებს ვატარებდი. ჩვენი პირველი კონცერტი თქვენს მიერ (იგულისხმება ტელეკომპანია „რიონის“ შ/ჯ „კედელი“) მოწყობილი მუსიკალური კონკურსი „ქუთაისი 94“ იყო, სადაც ჩვენ დიპლომატის წოდება და თქვენი ნაჩუქარი ავტოგრაფებიანი აგური მოვიპოვეთ. მალე მე და ჯგუფს კიდევ ერთი მაშინდელი წევრი წავედით ქალაქ მოსკოვში, რათა ინსტრუმენტები გვეყიდა იმ ფულით, რომელსაც ჩვენი შრომით ვიშოვნიდით. იქ ვცხოვრობდი ძალიან ლამაზ გორკის პარკში, მაგრამ არაეგზოტიკურ შენობაში. ეს იყო ავეჯის დამამზადებელი საამქროს ნახევრადსარდაფი. კედლის მიღმა ცხოვრობდნენ ე.წ. ბომჟები, ანუ უსახლკაროები, რომლებიც, მართალია, ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ძალზედ უინტერესოები და არაშრომისმოყვარულები. ერთ-ერთმა ერთხელ მითხრა, საერთოდ არ მაინტერესებს ამ კედლის მიღმა რა ხდებაო. მას არ აინტერესებდა ის მშვენიერი გარემო, რაც შენობის გარეთ სუფევდა. სწორედ მაშინ დავწერე სიმღერა „ამ კედელს იქით“. ბოლოს მოსკოვში ცოტა ფული შევაკოწიწე და ინსტრუმენტი Yamaha ჩამოვიტანე, რომელიც მაშინ ძალიან კარგ მოდელად ითვლებოდა.
– სოსო, შენი სიმღერები მშვენივრად ჟღერს და შეიძლება რამდენიმე კარგი ჰიტის შემოგდება, რატომ არ მიმართავ კომერციას?
– მართლაც შეიძლება კომერციაში ბევრი რამის კეთება, მაგრამ მაშინ საკუთარ სათქმელს ვეღარ ვიტყვი. მე არავის ვებრძვი და არც მინდა ვებრძოლო კონკრეტულად ვინმეს. ჩემი სიმღერები არის ბრძოლა საკუთარ თავთან და სწორედ ეს ბრძოლა გადაიქცა ჩემი ცხოვრების სტილად.
– გჯერა, რომ შენი ბრძოლა გაიყიდება?
– შემიძლია შევიქმნა კომფორტი, მაგრამ ეს აღარ იქნება ბრძოლა საკუთარ თავთან. მე მიყვარს უბრალო ცხოვრება და ბევრ ადგილას მიცხოვრია. საბოლოოდ, კი მინდა ჩემი ჩანაწერის მოსმენისას ვინმემ საკუთარ თავშიც აღმოაჩინოს ის, რაც ჩემშია. მთავარია, ჩემი იდეა მივიდეს ადამიანებამდე, ხოლო შემდეგ ისინი ამას სახლში მოუსმენენ, თუ ავტობუსში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
– აპირებთ ალბომის ჩაწერას?
– ვაპირებთ, არის თბილისში რაღაც ვარიანტები, მაგრამ ამის შესახებ წინდაწინ ნუ ვისაუბრებთ.
***
სოსოს სიმღერებში არის ასეთი ფრაზები: „გააჩერეთ დედამიწა, მე ჩავდივარ“, „შენ დაივიწყე ღმერთი, შენ გელოდება ცეცხლი“ და ა.შ. ჩვენს ქალაქში ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ერთ-ერთი უპოპულარესი სიმღერა „მერვეკლასელო“ სოსო ივანეიშვილის შეთხზულია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა:
– სოსო, ვინაა ეს მე-8 კლასელი?
– ბევრი მეკითხება ამას, მაგრამ სიმართლე არავისთან მითქვამს. მოდი, ახლა გავამხელ და შენ იქნები პირველი, ვინც სიმართლეს მოისმენს. როდესაც სამხედრო-სავალდებულო სამსახურში ვიყავი, ჩვენს ნაწილში იყო ერთი ოფიცერი, რომელიც ვიქტორ ცოისთან ერთად იყო გაზრდილი. ერთხელ მან მოუსმინა ჩემს გიტარაზე დაკრულს, შემაქო და მითხრა, მოდი, რაღაც თემა დაამუშავე, მაგალითად ვიქტორ ცოის Восьмикласница-ო. ავიღე ეს თემა და ჩემებურად, ქართულ ვარიანტს მივუსადაგე. სიმღერა რომ კარგად მეგრძნო, ერთი ობიექტის მიმართ მივმართე, რომელიც შეიძლება, მაშინ არ მიყვარდა, მაგრამ სიმღერის დაწერის შემდეგ შემიყვარდა. არ ვაპირებდი „მერვეკლასელოს“ რეპერტუარში შეტანას, მაგრამ რობიმ,– „აუტსაიდერიდან“, – მთხოვა, იმღერეო. ეს ჩემი საკუთარი ოთახის სიმღერა უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეუმჩნევლად „გაძვრა“ და ვიღაცეებისთვის კომერციის წყაროდ იქცა.
– ვინ, ან რა არის შენი სიყვარულის ობიექტი?
– კონკრეტულად არ ვიტყვი, მაგრამ ესაა სამყარო.
– ადრე შენს შემოქმედებაში მძიმე მუსიკა ჭარბობდა... რომელ ჯგუფებს უსმენდი მაშინ?
– ბოლოს რას მოვუსმინე, აღარ მახსოვს... ადრე ზოგადად ვუსმენდი ძველ ჯგუფებს. სასწაული წინასწარგრძნობები მქონდა, წინასწარ ვგრძნობდი უცხო რითმებს, რომელთაც შემდეგ სხვადასხვა სიმღერებში ვპოულობდი.
***
სოსო ივანეიშვილს მეგობრები იცნობენ, როგორც „სიზმრების პროფესორს“ და ხშირად თხოვენ, მოყვეს რაიმე ახალი, ანუ თოთო სიზმარი. მინდა შემოგთავაზოთ ჩემი და სოსოს რადიოინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც ჩაწერილია 1997 წლის მაისში.
– სოსო, მინდა გთხოვო, „შუაღამის გემის“ ეკიპაჟის წევრებს მოუყვე შენი ერთი სიზმართაგანი.
– მე სიზმრებს, როგორც სიურპრიზებს, არ ვნახულობ. ის არ მიდის განსაკუთრებული სცენარით იმიტომ, რომ შემიძლია სიზმრის მართვა. როდესაც სიზმარში მოვხვდები, უკვე ვიცი, რა უნდა დავისიზმრო. არ ვიცი, რა ჟანრის სიზმარი მოგიყვეთ, მაგრამ ღამის ეთერისთვის ერთს გავიხსენებ: გამოვდივარ ქუჩაში, უცებ რაღაც ძალა ფეხებში ხელს მავლებს და ზეცაში მიმაქანებს საშინელი, კოსმოსური სიჩქარით. ვცდები ღრუბლებს, დედამიწა რჩება ქვევით, ავდივარ ზევით და იქიდან საზიზღარი სისწრაფით ვვარდები ძირს – ალბათ, საკუთარი ცოდვების გამო. მანამ, სანამ უნდა დავენარცხო დედამიწას, ისევ ზევით მივქრივარ, შემდეგ ისევ ქვევით და ა.შ. ვატყობ, რომ განსაკუთრებულ ძალასთან მაქვს საქმე, ამიტომ არაფერი აღარ მშველის. მერე მახსენდება „მამაო ჩვენო“ და ვიწყებ ლოცვას. შუა ლოცვისას ეს ყველაფერი წყდება, მეღვიძება და უკვე მღვიძარი ვასრულებ ლოცვას. საშინელი სიზმრების დროს ყოველთვის „მამაო ჩვენო” მშველის.
***
ისევ სარეპეტიციო ოთახს ვუბრუნდებით. ერთ-ერთ კედელზე მაცხოვრის პატარა ხატია. ჩვენ ერთად ვსხედვართ, სიგარეტს არ ვეწევით და ისე ვსაუბრობთ:
– „პულსი“ – ეს ვისი ან რისი გულის ძგერაა?
– ჯგუფის მონათვლის შემდეგ, ენციკლოპედიაში ჩავიხედე და განმარტებაში ის ეწერა, რასაც შინაგანად ვგულისხმობდი. კერძოდ, ეს არის მოძრაობისა და ცხოვრების რიტმი და პლანეტის მაჯისცემა.
– მენეჯერი და პროდიუსერი თუ გყავთ?
– გვყავს და მისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამიტომ ჯერჯერობით არ გვინდა ვინაობის გამხელა.
– სოსო ივანეიშვილის აზრით, რა ხდება ქუთაისის მუსიკალურ სამყაროში?
– ხდება დაპირისპირება მცდელობებსა და უაზრო, დაბალგანვითარებულ და გაუთვალისწინებელ წინააღმდეგობებს შორის.
– ჩვენს პირად საუბარში შენ ახსენე ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ხედავ თუ არა, მათ შორის დიდ ზღვარს?
– მათ შორის ძალიან უმნიშვნელო ზღვარია, ისეთივე, როგორიც სიყვარულსა და სიძულვილს შორის.
– არის თუ არა შენი სიმღერები რელიგიური?
– არის, მაგრამ არც ერთი რელიგიური მიმდინარეობის წინააღმდეგ არ გამოვდივარ. ეს არის მოწოდება, ვიყოთ რელიგიაში, ჩვენს მართლმადიდებლურ რელიგიაში.
– სად გირჩევნია – ქალაქად თუ სოფლად ცხოვრება?
– ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
– არც ქვეყანას აქვს მნიშვნელობა?
– ქვეყანას, რა თქმა უნდა აქვს. მე საქართველოში მინდა ვიცხოვრო ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოა.
***
ჯგუფ „პულსის“ დრამერი მირიანი ადრე რუსულ ჯგუფებში უკრავდა, მაგრამ ვერსად ჩერდებოდა, რადგან სურდა, მოეძებნა ჯგუფი, რომელიც იქნებოდა მისიც. როგორც მირიანი ამბობს, ასეთი ადგილია „პულსი“. სოსო და მირიანი ქალაქის ქუჩებში და რეპეტიციებზე ერთად დადიან. სოსო ქუთაისში, სწორედ მირიანის ბინაში ათევს ღამეს.
ბას-გიტარისტმა გოგამ „პულსში“ მოულოდნელად ამოჰყო თავი. როგორც თავად იხსენებს, ერთ მშვენიერ დღეს გაბრუებული (ნასვამი) განცხრომით ჯგუფ Enigma-ს უსმენდა, როდესაც მეგობარმა (ზურა ზენაიშვილმა) გამოაფხიზლა და ურჩია, ჯგუფში მისულიყო. გოგა „პულსში“ როგორც გიტარისტი მოვიდა, მაგრამ საბოლოოდ ბას-გიტარა შერჩა ხელში.
***
– სოსო, ორიოდე სიტყვით ჯგუფის დღევანდელი შემადგენლობის შესახებ მითხარი რამე.
– გოგა და მირიანი პერსპექტიული და იმედის მომცემი ახალგაზრდები არიან (სიცილი ოთახში)... მე კარგად ვგრძნობ ერთობას და ვიცი, რომ ამ ერთიანობით რაღაც კარგი გაკეთდება ადამიანები რომ ჩვენსავით ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ, ნაღდად გვეშველება – ჩვენც და სამშობლოსაც. ჰო, ჯგუფს ჰყავს კიდევ ერთი წევრი, რომელიც უკრავდა და სუბიექტური მიზეზების გამო „პულსში“ აღარ იმყოფება.
– რა არის „პულსის“ მიზანი?
– მთავარია, არ გავჩერდეთ (წარმოიდგინეთ, პულსი რომ შეწყდეს ლ.გ.). ადამიანებს (ხალხს) ბევრი რამ აქვთ ჩვენთვის სათქმელი. გვინდა აი, ის მცირე, ძალიან მცირე ზღვარი, სიკეთესა და ბოროტებას შორის რომაა, მკვეთრად დაინახოს ხალხმა. იქნებ ჩვენმა წვალებამ და მათმა ხელის შეწყობამ ეს მცირე ზღვარი მკვეთრად გამოაჩინოს.
***
აქ მთავრდება ჩვენი საუბარი და დასასრულს, „პულსის“ 'შემოქმედებიდან ერთი ძალიან მელოდიური სიმღერის ლექსს წარმოგიდგენთ.
უფულო ვალსი
(ბრძოლა)
იმედის ქარი საიდან ქრის?
უაზრო ბრძოლა ნერვებს მიშლის,
უსიტყვო აზრი საშინლად მღლის,
არ მინდა ბრძოლა, მივდივარ შინ,
უსიტყვო აზრი საშინლად მღლის
არ მინდა ბრძოლა, მე წავედი.
ბრძოლა, ბრძოლა,
ამბობენ, რომ ეს არის სიცოცხლე.
ბრძოლა, ბრძოლა
ჩემთვის კი არის:
ცარიელი ჯიბე, ოთახი და კიბე,
ცოცხალი ვარ ისევ, ვინუგეშებ თავს.
სად ვიყავი გუშინ? ქუჩაში მიკითხე,
დაუტოვე ძვალი მაწანწალა ძაღლს.
ცარიელი ჯიბე, ოთახი და კიბე,
მეგობარი მხატვარი აფერადებს სახლს.
იმედის ქარი საიდან ქრის?
სიმართლის ფესვებს დრო ვერ წაშლის,
ქალაქი ზის, ჩუმად არჩევს,
ვინ დაიღუპოს და ვინ გადარჩეს,
ის დაიღუპა, ის გადარჩა,
მე გადავრჩი და დამრჩა
ცარიელი ჯიბე, ოთახი და კიბე...
* * *
1988 წლიდან დღემდე ჯგუფი „პულსის“ და საერთოდ, ჩვენი ქალაქის ისტორიაში ბევრი რამ კიდეც შეიცვალა და არც შეიცვალა. სოსო ივანეიშვილი განაგრძობს მუშაობას. ცხოვრობს ძალიან უბრალოდ, მკურნალობს ქუჩის მაწანწალა ძაღლებს და აკეთებს ძალიან კარგ სიმღერებს ჯგუფში, რომელშიც მთელი შეგნებით არსებობს, სუნთქავს და ქმნის. დღეს აქ ვემშვიდობები „პულსს“, სოსო ივანეიშვილს და გემშვიდობებით თქვენ, ჩვენო მკითხველებო, მომავალ შეხვედრამდე „L.G. სტენდზე“.
გაზეთი P.S. #46, 1999 წლის 8 – 14ივლისი
1988 წლიდან დღემდე ჯგუფი „პულსის“ და საერთოდ, ჩვენი ქალაქის ისტორიაში ბევრი რამ კიდეც შეიცვალა და არც შეიცვალა. სოსო ივანეიშვილი განაგრძობს მუშაობას. ცხოვრობს ძალიან უბრალოდ, მკურნალობს ქუჩის მაწანწალა ძაღლებს და აკეთებს ძალიან კარგ სიმღერებს ჯგუფში, რომელშიც მთელი შეგნებით არსებობს, სუნთქავს და ქმნის. დღეს აქ ვემშვიდობები „პულსს“, სოსო ივანეიშვილს და გემშვიდობებით თქვენ, ჩვენო მკითხველებო, მომავალ შეხვედრამდე „L.G. სტენდზე“.
გაზეთი P.S. #46, 1999 წლის 8 – 14ივლისი
No comments:
Post a Comment