მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ვიოლინოს ხემის ნაცვლად ხელში საფარიკაო დაშნა დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა ქალაქში ერთგვარი როკ-ლაბორატორია ჩამოაყალიბა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერის თეატრის სიმფონიური დასი ესპანეთში ამოგზაურა და კონცერტები გაამართვინა, მიუხედავად იმისა, რომ მას განსაკუთრებით უყვარს ჯგუფები The Rolling Stones, Sex Pistols და სულიერი შვილობილი „აუტსაიდერი“, მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოს ერთ-ერთი პირველი, გამოცდილი პანკია, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და ქალ-ვაჟი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქვია ვახტანგ ნებიერიძე, მისი ნამდვილი ზედმეტსახელი მაინც „სტრადივარია“.
– ჩვენს ქალაქში პერესტროიკის დროს შენი და ტუსოვკას (თემურ ჯოხაძე) მიერ დაწყებული საქმე, საქართველოს მასშტაბით, შეიძლება ითქვას, პირველი ნაბიჯები იყო შოუბიზნესში. თქვენ რუსეთიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოგყავდათ ჯგუფები. თქვენს გაერთიანება „მელომანში“ ჩამოყალიბდა პირველი ქუთაისური როკჯგუფები, მახსოვს, რა მადლიერები იყვნენ თქვენი, მაშინდელი ახლადფეხადგმული თბილისური შემსრულებლები: „ტაქსი“, „გენეტიკური კოდი“, ირაკლი ჩარკვიანი, კახა კიკაბიძე და სხვები. შენი აზრით, რა მოხდა ჩვენს ქალაქში? რატომ გადაინაცვლა ცენტრმა თბილისში?
– ეს ორგანიზაცია, რომ ე.წ. „პოპსა“ ყოფილიყო, ჩვენ რომ ქალაქში კომერციული ჯგუფები ჩამოგვეყვანა, უფრო გამოვჩნდებოდით. ადრე თბილისში ბობ დილანი იყო ჩამოსული, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხი ვერ ხვდებოდა ვინ იყო ის. ამბობდნენ ვიღაც პოეტი ბობ დილანია ჩამოსულიო. აი, B.B. King-ს შესანიშნავად დახვდნენ.
ჩვენ უფრო ანდერგრაუნდის (იატაკქვეშა) მუსიკას ვემსახურებოდით და ნაღდად არ ვჩანდით ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, ისეთ ქალაქში, როგორიც ქუთაისია. მაშინ ფილარმონია ბატონობდა. ეს დღესაც ასეა. ახლაც ხდება საინტერესო რაღაცეები, მაგრამ მასას ეს არ აინტერესებს. ეს მხოლოდ გარკვეული ფენების ყურადღების ცენტრშია.
– თბილისში არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული არიან შოუბიზნესის განვითარებით, მაგრამ ისინი უფრო „პოპსა“ ჯგუფებში დებენ ფულს, დიდ ფულს.
– „მელომანი“ ცდილობდა პოპულარიზაცია გაეწია ანდერგრაუნდის ისეთი მიმდინარეობებისათვის, როგორებიცაა: პანკი, ალტერნატივა და ა.შ. აი, მაგალითად, ჯგუფი „აუტსაიდერი“ ჩვენთან სწორედ, ასეთ ბაზაზე შეიქმნა. როდესაც მომავალი აუტსაიდერელები „მელომანში“ მოვიდნენ, მათ არ იცოდნენ რა უნდოდათ, ვერ ხვდებოდნენ, ჩვენ რას ვთავაზობდით. მაგრამ შემდეგ ბიჭებმა მოგვისმინეს, მოეწონათ ჩვენ მიერ მიწოდებული მუსიკა, დაფიქრდნენ და ეს ყველაფერი გაითავისეს. თავდაპირველად კი ისინი აზრზე არ იყვნენ თუ რას წარმოადგენდა პანკმუსიკა, ალტერნატივა.
პირადად ჩემთვის ეს არის სწორი გზა თანამედროვე მუსიკაში, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ. ვფიქრობ, რაც მეტი იქნება ასეთი ორგანიზაცია, რომელიც, ჩემის აზრით, ახალგაზრდებს სწორ გზაზე დააყენებს, უფრო მოხარული ვიქნები. ამ ჩემს ნათქვამს ალბათ, ცოტანი გაითავისებენ.
– ვატო, რატომ მაინცა და მაინც ანდერგრაუნდს უნდა უსმინონ ახალგაზრდებმა?
– ჯაზიც კარგია და კლასიკაც, მაგრამ ეს ისეთი მუსიკაა (ანდერგრაუნდი), რომელიც აწონასწორებს ყველაფერს. ეს მიმდინარეობა, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად გამოხატავს სულის თავისუფლებას. აქ არაფერი არ გბოჭავს. თუნდაც მეტალსა თუ ჯაზში რაღაც გაკავებს, რაღაცას ჩაწვდომა სჭირდება. აქ კი, შენ რასაც გინდა იმას აკეთებ.
– თვით პანკი ზედმეტად აგრესიული ხომ არ არის?
– მიმაჩნია, რომ ეს აგრესია არ არის. რთული ასახსნელია... აი, ადამიანმა, რომელიც ახლა დაიწყებს პანკის მოსმენასა და გაგებას, თავდაპირველად იქნებ, მართლა აგრესია შენიშნოს მასში. ხოლო მისთვის, ვის თვალწინაც 1975-76 წლებში დაიბადა პანკი და საერთოდ, პანკ-კულტურა, ასეთი კაცისთვის, ეს არ არის აგრესია. ხოლო პანკური ატრიბუტიკა, – თმების ოფოფივით შეპარსვა, შეღებვა, დაგლეჯილი ტანისამოსი – უკვე ქუჩის პანკმა შემოიტანა. ნამდვილი, იდეური პანკი კი თავისი ვარცხნილობით, ჩაცმულობით, არავითარი განსაკუთრებული ატრიბუტით არ გამოირჩევა სხვა მოკვდავებისაგან. უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, ის ატარებს ე.წ. „ზღარბის“ ვარცხნილობას და მორჩა. დანარჩენი, რაზეც ვსაუბრობდით, ქუჩის ნაყოფია.
– შენი აზრით, რა აკლია ქართველ ახალგაზრდას იმისათვის, რომ იყოს თავისუფალი?
– დღევანდელ ქართველ ახალგაზრდას იმისათვის, რომ იყოს თავისუფალი, აკლია თავისუფლება.
– ქუთაისში და თბილისში ხშირად როკ-ტუსოვკებში გაიგონებდი ასეთ გამოთქმას: „მე ვცხოვრობ როკენროლში“. რას ნიშნავს ეს გამოთქმა?
– როკენროლი არის ფორმა, რომელმაც შვა ძალზედ ბევრი მოძრაობა, უამრავი მუსიკალური და არამუსიკალური მიმდინარეობა. გეთანხმებით, რომ ეს დიდი კულტურაა, რომელიც სწორედ პრიმიტიული როკენროლის წიაღში დაიბადა. ძალიან კარგია, რომ ამ სიტყვას არ ივიწყებენ, ის უნდა ახსოვდეთ, არ შეიძლება ფესვების დავიწყება.
ჩვენთან ბევრი როკენროლს აღიქვამს, როგორც, სახელდობრ Rock 'N' Roll-ს, მისი ადრინდელი ფორმით. საქმეში ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ ამ სიტყვაში მარტო ელვის პრესლი, თუ სხვა როკენროლერი არ იგულისხმება, იგი როკენროლში ბევრ რამეს ხედავს.
– „მე ვცხოვრობ როკენროლში“ ხომ არ ნიშნავს „მე ვარ ძალიან კარგად“, ან „მე ვარ მაგრად“?
– რთული კითხვაა. ვინც ამ ბოლო ორ ფრაზას იგულისხმებს, ის თვითკმაყოფილი ადამიანი იქნება. ვფიქრობ, ეს გამოთქმა ადამიანის შინაგანი ფორმა უნდა იყოს. ეს იგივეა, ალბათ, რომ თქვა: „მე ჩემს სულთან ერთად მაგრად ვგრძნობ თავს“. ეს გამოთქმა იმდენად შენში უნდა იყოს, რომ... სიტყვებით ვერ გამოხატო.
– ვისთვის როგორ?! მაგალითად, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის სავსებით მიუღებელია, სკანდინავიაში ასეთ მუსიკას ითავისებს მსმენელთა 90 პროცენტი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ სად ცხოვრობს, რა ეროვნებისაა. მსოფლიოში ყალიბდება საერთო მუსიკალური გემოვნება. მუსიკალური ფორმების შეცვლას მსოფლიოში სხვადასხვანაირად იგებენ და იღებენ. ზოგიერთი რამ რაც საზღვარგარეთ მისაღებია, ჩვენს პრესაში შესაძლოა საშინლად გააკრიტიკონ. დაწერონ, რომ ეს საზიზღრობაა, საშინელებაა და ა.შ. მე მოვიყვან ერთ ასეთ მაგალითს კონკრეტულ ჯგუფზე, რომელსაც Marilyn Manson ჰქვია. ასეთი ჯგუფი საქართველოში იმ გაგებით არ არსებობს, რომ მათი მუსიკის უკან რაღაცას ხედავენ და ასკვნიან, ესენი სატანები არიან, ეშმაკს ემსახურებიანო. აქედან გამომდინარე, მას აღარ უსმენენ. ფინეთში, სკანდინავიაში მას მოუსმინა მსმენელთა 100-მა პროცენტმა. მათთვის არ არსებობს მუსიკაში ისეთი გაგება, რომ ესენი ვიღაცას, ან რაღაცას ემსახურებიან, მათ ეს ყველაფერი უკვე გაიარეს. ჩვენთან ამაზე ყურადღებას, ალბათ, უფრო იმიტომ ამახვილებენ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ისინი, ფინეთში კი – ლუთერანები. მე კი რელიგიას ყურადღებას არ ვაქცევ, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მწამს.
– თუ ხედავ პოტენციას ქართულ როკსამყაროში, რომელიც საზღვარგარეთ კარგად გავა და გაიყიდება?
– ჩვენებური როკის გატანა დღეს ძალიან ძნელია, რადგან ირგვლივ ვაკუუმია. რუსეთში, მაგალითად ასეთი ვაკუუმი გაიხსნა, რადგან მოსკოვში თვე არ გადის, რომ იქ სოლიდურმა კარგმა ჯგუფმა კონცერტი არ გამართოს, ამიტომ ხალხის გემოვნება იცვლება. „მელომანზე“ საუბრისას აღვნიშნე, რომ ჩვენ ბიჭებს ვასმენინებდით ამა თუ იმ ლეგენდარულ ჯგუფს. აი, მოსკოვში კი უკვე შესაძლებელია მსმენელმა ეს სამაგალითო შემსრულებლები სცენაზე პირისპირ ნახოს. კონცერტზე, ზოგჯერ შემთხვევით ამ მუსიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანიც ხვდება, რომელიც მომავალში უკვე ინტერესდება როკით.
– სხვათა შორის, თუკი დოლის ფონზე, როდესაც დიმპიტაურ-დამპიტაური ისმის, ქართველი ეცდება რიტმში ილაპარაკოს, მშვენიერი რეპ-სიმღერა გამოვა. ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ეროვნული საფუძველი გააჩნია რეპის განვითარებას. ძლიერი როკ-პოტენცია საქართველოში გამოვლინდა 80-იანი წლების მიწურულს. მაგრამ ვინც მაშინ როკს უკრავდა, ყველა გავიდა აქედან. ჯგუფ „ვაკის პარკის“ სიმღერა მახსენდება, სადაც მღერიან, რომ დადა წავიდა (იგულისხმება ჯგუფ „ტაქსის“ სულისჩამდგმელი დადა დადიანი), ყველა წავიდა და ჩვენ დავრჩით მარტოო. საქართველოში, ვისაც შეეძლო ქართული როკის შექმნა და განვითარება, წავიდა. მართალია, ისინი იქაც რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ამას ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. 10 წლის წინანდელ პოტენციას დღეს მე ვეღარ ვხედავ. ის წავიდა, დაიკარგა. არ ვიცი, რა მოხდება დღეს, ისეთივე ენერგია რომ აღმოცენდეს.
– ჩემის აზრით, ვატო, ეს პოტენცია კი არ დაიკარგა, უბრალოდ, სხვა მიმართულებით განვითარდა: წავიდა ოჯახში, ბიზნესში ან „თბილ ქვეყნებში“ გაფრინდა.
– არ ვიცი, შესაძლოა. მეც ვფიქრობ, რომ წავიდა, სხვაგან წავიდა, სადაც შესაძლებლობა იქნება მისი განვითარებისა.
– ივნისის თვეში შენ იყავი ფინეთში და დაესწარი გრანდიოზულ მუსიკალურ ფესტივალს. ვატო, რა ხდება იქ, როგორაა საქმეები?
– ფინეთში ყველაფერი კარგადაა. ყოველნაირ კონცერტს შეგიძლია დაესწრო Rollins Band-იდან დაწყებული, Ray Charles-ით დამთავრებული. სარეკლამო ბუკლეტები, რომლებიც ჭრელი თუთიყუშებივით გამოიყურებიან, იტყობინებიან, თუ სად რა კონცერტი ტარდება. ქალაქ კორეში, მაგალითად, ტრადიციულად, შესანიშნავი ჯაზფესტივალი ეწყობა, რომელიც მსოფლიოშია განთქმული. იგივე მასშტაბის ფესტივალია Ruisrock, რომელიც ივნისის თვეში 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქ მონაწილეობა მიიღეს ისეთმა დიდმა ჯგუფებმა, როგორებიც არიან: Blondie, Metallica, Killing Joke, Apocaliptica და სხვა მრავალი სახელგანთქმული ადგილობრივი, თუ ჩასული ჯგუფი. Apocaliptica-მ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. წარმოიდგინე, ოთხი პროფესიონალი ჩელისტი, რომელიც სხვადასხვა მძიმე ჯგუფების სიმღერებს ასრულებს, რა თქმა უნდა, ჩელოზე. ამ ჯგუფის ჩანაწერებს, მართალია, ქუთაისში ადრე ვუსმენდი, მაგრამ ცოცხლად ნანახმა და განცდილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ფესტივალზე ყველაზე „ბებრები“ ჯგუფ Blondie-ს წევრები იყვნენ, რომლებიც ძველი და ახალი, შესანიშნავი პროგრამით წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე.
– მაინტერესებს, კონცერტებზე რა სიტუაციაა. შესაძლებელია თუ არა იქ ალკოჰოლი და ლუდი მიიღო, შემდეგ ბოთლი დაამტვრიო, როგორც ჩვენთან?
– იქ ბოთლს კონცერტზე არავინ შეგატანინებს. საერთოდ, ვერსად ვერანაირ შუშას ვერ ნახავ. შენ წარმოიდგინე, პლასტიკის ბოთლიც კი არ შემატანინეს და ჩემი სასმელი (350 000 მაყურებელს შორის მარტო მე მქონდა ჭაჭა) მუყაოს ქაღალდის შესანიშნავ ჭურჭელში ჩამისხეს. ჩხუბი და დებოში იქ ნაღდად არ მინახავს. იქ, საერთოდ არ იციან გინება, თუ გინდა ფინელი გააბრაზო, სატანა უნდა დაუძახო. ისინი ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს გამოთქმები „შენი დედა ... მამა, მკვდარი, ცოცხალი“ და რატომ ეუბნებიან ადამიანები ერთმანეთს ასეთ ფრაზებს. ამ შემთხვევაში ისინი შენ სექსუალურ მანიაკად ჩაგთვლიან. ძალიან მომეწონა, რომ მაყურებელი ერთსულოვნად ცეკვავდა პოგოს. ისინი ხტუნაობდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, არავინ ბრაზობდა, არავინ ხიპიშობდა, პირიქით, ყველა იცინოდა და იღიმებოდა.
მინდა კიდევ ერთი საოცრება მოვყვე, რომელიც დაადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის განსხვავებას. გზატკეცილზე დგას ვინმე ფერმერის მაღაზია, სადაც იყიდება ხილი, ბოსტნეული, თუ ბაღჩეული. შედიხარ, იღებ რაც გჭირდება დაფასოებულ მდგომარეობაში, წონი სასწორზე, კითხულობ დიდ აბრაზე გამოკრულ ფასებს, ანგარიშობ, იღებ თანხას და აგდებ შუშის გამჭვირვალე ყულაბაში. თუ ხურდა გეკუთვნის, შეგიძლია მუშის ყულაბიდანვე ამოიღო ფული და არავითარი გამყიდველი. მაღაზიას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა, მხოლოდ დილით და საღამოს აკითხავს მფლობელი, ამატებს პროდუქტს და მიაქვს ფული. მართალია, ქალაქებში ასეთი მაღაზიები იშვიათობაა, მაგრამ არც იქ არ იციან ქურდობა. ქურდობენ მარტო ბოშები. ფინელებმა არ იციან რა არის ქრთამი, ამიტომ ფულს, ერთგვარად ძალა დაკარგული აქვს. არ შეიძლება ფულით ე.წ. „კარგი სამსახური“ იშოვო. ქრთამი დიდი შეურაცხყოფაა.
– შენ კარგად იცნობ ესპანეთსაც. ვატო, რით სჯობს ჩვენი საქართველო დანარჩენ მსოფლიოს?
– თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობით და ბუნებით. ავიღოთ აფხაზეთი, რაჭა, სვანეთი. ასეთ სილამაზეს ვერსად ნახავ. ესპანეთში ირგვლივ ძირითადად ხრიოკია. ფინეთი კი განთქმულია ულამაზესი ტყეებითა და ტბებით. ქართველებმა ვიცით მეზობლობისა და მეგობრობის ფასი. იქ მეზობლები ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ. ყველა თავისთვის ცხოვრობს.
– შენმა ახალმა ორგანიზაციამ, ფირმა „ლეგე არტისმა“ ჩვენ ქალაქს ორი ანშლაგიანი საღამო აჩუქა: პანჩოს კონცერტი მესხიშვილის თეატრში და „აუტსაიდერის“ 13 წლის იუბილე ახალგაზრდულ თეატრში. აწი რას აპირებთ?
– „ლეგე არტისი“ გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობარმა, ზაზა გოდერიძემ. ფინეთში ყოფნისას შევხვდი ქალაქ ტურკუს (1812 წლამდე ფინეთის დედაქალაქი) ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს და შევთავაზე ერთობლივი პროექტების მომზადება. მისი სურვილია, ჩვენი ქალაქების დაძმობილება. მე მას უკვე გავუგზავნე უამრავი მასალა ჩვენს ქალაქზე. თუ ამას ფინეთიდან შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვა და მუსიკის მხრივ რაღაც ძვრები მოხდა, მე პირობას ვდებ, რომ კონცერტებზე იჟღერებს ცოცხალი მუსიკა. პირველი ნაბიჯი ფინური ჯგუფის ჩამოყვანა იქნება, რომელსაც დაინტერესებული მსმენელები „შუაღამის გემის“ კაიუტებში მოუსმენენ წინდაწინ. შესაბამისად, ქუთაისური კოლექტივები გაემგზავრებიან ფინეთში. არის კიდევ საინტერესო გეგმები სანკტ-პეტერბურგთან დაკავშირებით, რომელსაც ზაზა აგვარებს.
– „აუტსაიდერი“ და Best History. „აუტსაიდერში“ ამწუთას ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ მასთან მუშაობის გამოცდილება მაქვს („მელომანის“ არსებობისას ვატო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მენეჯერი იყო. ლ.გ.), კარგად ვიცნობ რობერტის და ვიცი თუ რა შესაძლებლობები აქვს მას. თუ ისინი საზღვარგარეთ გავლენ, ძალიან ბევრი რამ ექნებათ რეპერტუარში შესაცვლელი. ასევე ბევრი მუშაობა დაჭირდება ჯგუფ Best History-ს.
– რა განსხვავებაა ქუთაისისა და თბილისის როკ-სამყაროებს შორის?
– ჩვენთან უფრო დაჭაობებული სიტუაციაა, ამიტომ უფრო ყვირილით ითქმება პროტესტი. ეს დადებითი ფაქტორია. თბილისში კი, უკვე კარგად იგრძნობა სიცოცხლე. ქუთაისი სოფლის დონეზეა. რაც უფრო დამყაყებულ ადგილზე იბადება ჯგუფი, მით მეტს ყვირის. თბილისელი ამას ვერასოდეს გაიგებს. მართალია, იქაცაა სოციალური პრობლემები, მაგრამ აქ უარესია, რაც ჯგუფის პროტესტსა და ენერგიას განსაზღვრავს მუსიკასა და ტექსტებში. პირადად, პირველ რიგში, ყურადღებას მუსიკას ვაქცევ, მერე ტექსტს, უფრო სწორედ პოეზიას. „აუტსაიდერს“ ძლიერი პოეზია აქვს.
– ვატო, საითკენ მიექანება თანამედროვე პოპმუსიკა?
– პოპულარულ მუსიკას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და თუკი მათ აზრს არ გავითვალისწინებთ, თანამედროვე მუსიკა აღმავლობისკენ მიდის. სამწუხაროდ, ეს კარგად იგრძნობა იქ, დასავლეთში. ტელევიზორში ნანახით და წაკითხულით ვერაფერს ბოლომდე ვერ შეიგრძნობ. ეს უნდა ნახო ცოცხლად.
– მე მგონი კონცერტზე ნაღდად მიხვდები რას, ან ვის ემსახურება ესა თუ ის ჯგუფი.
– ჰო, მიხვდები, ნაღდად მიხვდები, ოღონდ გავიდეთ ამ ვაკუუმიდან!
გაზეთი P.S. #52, 1999 წლის 17 – 23 სექტემბერი
No comments:
Post a Comment