თბილისური ჩანახატები მინდა დავიწყო ჩემის აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტით, რომ ამ ქალაქის ქუჩები, ადრინდელთან შედარებით, დაგვილ-დასუფთავებულია, ყველა უბანში მიმდინარეობს მშენებლობა. იქნებ, სასწაულია, მაგრამ თითქმის აღარ ითიშება ელექტროენერგია და წყალი გარეუბნებშიც კი. მომეჩვენა, თითქოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომელსაც ქუჩაში ვხვდები, აღარა აქვს გატანჯული სახე. არ გაგიკვირდეთ, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. როგორც ჩანს, თბილისელები გრძნობენ მერის მხარდაჭერას. სხვათა შორის, იმ სამდღიანი როკ-ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც 17-19 სექტემბერს ჩატარდა, იყო სწორედ თბილისის მერია. სპონსორები იყვნენ: Tbilisi Pastimes და British Airways, საინფორმაციო უზრუნველყოფის სპონსორები – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხი და რადიო 106,4 FM. ამ ფესტივალის სული, გული და მთავარი ორგანიზატორი კი იყო ლადო ბურდული, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ბოლო 15 წლის ქართული როკენროლი. მიუხედავად იმისა, რომ საღამოებისა და კონცერტების ამ სამდღიან ციკლს როკფესტივალი ერქვა, მე პირადად მას დავარქმევდი უფრო ალტერნატიული მუსიკის ფესტივალს, რომლის შემადგენლობაც საკმაოდ ჭრელი იყო. აქ იყვნენ ჯგუფები და შემსრულებლები: Tblisi (ლონდონი), Восьмая Марта (მოსკოვი), Бабслей (პეტერბურგი), Vostan (ერევანი), „ლაბირინთი (სამტრედია), Insight (ბათუმი), Outsider, Bajoo, Best History (ქუთაისი), ლადო ბურდული, ბაკურ ბურდული, „კონტრაბანდა“, „ამორალი“, Nevermind, „დეპრესიული არდადეგები“, ლიკა ნადარაია, Afternoon Version (თბილისი).
17 და 18 სექტემბერს საღამოები გაიმართა ვერის უბნის ერთმანეთთან ახლოს მყოფ კაფეებში, ბარებსა თუ პაბებში, რომელთა უმრავლესობაც „პეროვსკაიაზე“, ანუ ახლანდელ ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს. ესენია: „ჩობას ჯაზ-როკ კაფე“, Dima’s Heineken, Earth Wind And Fire, Metro, Vienna Bar, Toucan Pub. ღამის ქალაქის ამ მყუდრო ბუდეებში გადანაწილდნენ ჯგუფები.
თითოეულ ბარში დაახლოებით 4-5 შემსრულებელს უნდა დაეკრა. საღამოები საღამოს 7 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქართული, უკვე ტრადიციული წესის თანახმად, გვიანდებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქუთაისიდან თბილისში ორი ჯგუფი ჩავიდა, ერთიც – ბაჯუ, ჩვენი გაზეთის მკითხველთათვის უკვე საკმაოდ ცნობილი პიროვნება. ჩვენს მუსიკოსებს თან გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ამალა ჩაჰყვა დედაქალაქში, ზოგიც – ადგილზე დახვდა. ასე რომ, ამ ორი დღის განმავლობაში 17:00 სთ-დან ზემოთნახსენებ ღამის თავშესაფრებთან უამრავი ხალხი ირეოდა. შესვლა 5 ლარი ღირდა, რაც უმრავლესობას ეძვირა, ამიტომ ბევრი უბილეთოდ (აქ: ხელზე ბეჭედდაურტყმელად) შესვლას ლამობდა, თუმცა თავდაპირველად, ანუ კონცერტის დაწყებამდე, არაფერი გამოსდიოდათ. უნდა ითქვას, რომ ქუთაისელი გულშემატკივრების ნახევარი, უსახსრობის გამო, ვერც ერთ საღამოზე ვერ მოხვდა. რეპორტიორებს, ანუ კორესპონდენტებს ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე შეგვეძლო შესვლა. მე, ძირითადად, ვესწრებოდი იმ საღამოებს, რომელშიც ქუთაისური ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი ბაჯუს გამოსვლებს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
რობი კუხიანიძე („აუტსაიდერი“) |
მინდა გავიხსენო ფესტივალის თითოეული დღე და საუბრები, რომელსაც მაგნიტურ ფირზე ვიწერდი. სურათები კი, ჩვენი ფოტოკორესპონდენტის, ზურა ზენაიშვილის მიერაა გადაღებული.
ლადო ბურდული |
სანამ საღამოები დაიწყებოდა, ჟურნალისტები, მუსიკოსები თავიანთ გულშემატკივრებთან ერთად და უბრალოდ, იქ მისულები უახლოეს გასტრონომებსა თუ სუპერმარკეტებს შევესიეთ, რა თქმა უნდა, „საწვავის“ მისაღებად, ანუ ცივი, ქაფქაფა ლუდის დასალევად. სამწუხაროდ, „არგო“ და „ყაზბეგი“ 1 ლარზე იაფად ვერსად ვიშოვეთ. ეს არაფერია იმ ფასებთან შედარებით, რაც ღამის სავანეებში ბატონობდა. ერთი ბოთლი ნაციონალური წარმოების ლუდი ერთ-ერთ ბარში 2,50 ლარი ღირდა, თუმცა, ეს კანონზომიერია ნებისმიერ ასეთ დაწესებულებაში. ყველანი ვცდილობდით კონცერტების მსვლელობისას, ლუდი შენობაში კონტრაბანდული მეთოდებით გარედან შემოგვეტანა. ამ შემთხვევაში, მე დაუფარავად, შეიძლება ითქვას, უსირცხვილოდ ვსარგებლობდი ჩემი ჟურნალისტის მოწმობით. საღამო კაფე Earth Wind And Fire-ში 8 სთ-ზე დაიწყო. აქ პირველები გამოვიდნენ სომხური ჯგუფი „ვოსტანის“ წევრები. კონცერტის დაწყებამდე გავესაუბრე ვოკალისტს, ოვანეს მუნგენიანს არა ქართულ, არა სომხურ, არამედ რუსულ ენაზე.
***
ოვანეს მუნგენიანი („ვოსტანი“) |
– ოვანეს, შენი აზრით, როგორაა მუსიკის საქმე კავკასიაში?
– პერესტროიკის დაწყებიდან დიდი აღმავლობა დაიწყო როკმუსიკაში. 1987 წელს ერევანში დიდი ფესტივალი ჩატარდა, სადაც 40-მა ჯგუფმა დაუკრა. 3 დღის განმავლობაში ველოტრეკი, სადაც ეს ფორუმი ტარდებოდა, პირთამდე იყო გადაჭედილი. მაყურებელთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყარაბაღის ომმა ძლიერი უარყოფითი დარტყმა მიაყენა როკს. მხოლოდ ახლა ვცდილობთ, აღვადგინოთ ყველაფერი. უკვე წელიწადია, მოქმედებს როკკლუბი. გასულ წელს ჩვენ სომხეთის დახურული ფესტივალი მოვაწყვეთ. საინტერესოა, რომ მასში 25-მდე ახალგაზრდა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის ისაა, რომ სომხეთში, ძირითადად, ინგლისურენოვანი ჯგუფები არიან. ჩვენ ვუკრავთ სომხურ როკს სუფთა მუსიკალური ხედვით. ესაა ტრადიციული როკისა და სომხური ჟღერადობის სინთეზი. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ კალიფორნიელი სომხების ჯგუფს (სამწუხაროდ, ხმაურის გამო, ჯგუფის სახელწოდება ჩანაწერში თითქმის არ ისმის და სავარაუდოდ, System Of A Down-ზე ლაპარაკობდა. ლ.გ.), რომელთა მიერ გამოშვებული დისკი ამერიკაში აღიარეს წლის 10 საუკეთესო ალბომს შორის. ვფიქრობ, რომ სომხური როკი არსებობს. სამწუხაროა, რომ კავკასიაში როკი არაკომერციულია. რაც დღეს თბილისში ტარდება, შესანიშნავია. საჭიროა ჩვენ ერთმანეთს ხშირად შევხვდეთ, მოვაწყოთ ერთობლივი პროექტები და მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.
– შენი აზრით, მსოფლიოს როკმუსიკაში შეიმჩნევა თუ არა პროგრესი?
– ვფიქრობ, რომ რეალური პროგრესი მსოფლიოს როკკულტურაში არ არსებობს, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. არის პროგრესი ინდივიდუალურ მომენტებში. საინტერესოდ გამოიყურებიან ახალი შემადგენლობები, საინტერესოა ახალი აზროვნება. ბოლოდროინდელ როკში უფრო დიდი ადგილი კომპოზიციურ აზროვნებას უჭირავს, ვიდრე სასიმღეროს. სასიამოვნოა, რომ, ადრინდელთან შედარებით, მუსიკის ჟღერადობა და ჩანაწერების ხარისხი უკეთესი გახდა.
– რომელიმე ქართულ ჯგუფს თუ იცნობ?
– მხოლოდ ბათუმელების ჯგუფს, სახელწოდებით Insight, მათაც უბრალოდ პიროვნულად ვიცნობ, თორემ მუსიკალურად ჯერ არც ერთის შემოქმედებას არ გავცნობივარ. ისე კი, Да здравствует Рок-Н-Ролл! – გეთანხმები.
***
ამის შემდეგ ოვანესი სცენაზე ავიდა. ჯგუფმა თავდაპირველად Red Hot Chili Peppers-ის, Jimi Hendrix-ისა და Status Quo-ს სიმღერები შეასრულა. მხოლოდ ამის შემდეგ წარსდგა „ვოსტანი“ მსმენელთა წინაშე მშობლიური, სომხური სიმღერებით. ამასობაში მე გადავინაცვლე მეზობელ „ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“, სადაც იმჟამად სამტრედიული ჯგუფი „ლაბირინთი“ საკუთარ სიმღერებს ნახევრად აკუსტიკურ ვარიანტში ასრულებდა. სამწუხაროდ, ფესტივალის ბოლო დღემდე არ ვიცოდი ამ ჯგუფის წარმომავლობა.
გია თოიძე („ამორალი“) |
საბა კუპრაშვილი („აუტსაიდერი“) |
***
– ვუკრავთ 1995 წლიდან. დებიუტი 1996 წელს „მარგარიტას“ ფესტივალზე გვქონდა. „ამორალში“ ბევრი მუსიკოსი მოვიდა და წავიდა. ძირითადები ვართ მე და ბასისტი ლევან სვანაძე. ამჟამად მეორე გიტარაზე დათო მაჭავარიანი უკრავს. არა გვყავს დრამერი, რომლის ფუნქციას ახლა დრამ-მანქანა ასრულებს. 1997 წელს ჩავწერეთ ალბომი, სახელწოდებით „უძირო გზა“. ვცდილობთ ასეთ ფესტივალებში მივიღოთ მონაწილეობა. „უძირო გზის“ მოსმენის შემდეგ საქართველოში ჩვენ მოგვნათლეს გოთიკური როკის პიონერებად. მართლაც, ჩვენს მუსიკაში არის გოთიკური პანკის ელემენტები, მაგრამ ვუკრავთ პირადულ მუსიკას, რომელსაც საკუთარი გრძნობები და გემოვნება გვკარნახობს. შეიძლება პუბლიკამ ამას რაღაც სახელი დაარქვას, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ჩემი მუსიკაა.
გია თოიძე და ლაშა გაბუნია |
– საქართველოში ძალიან დიდი ხანია, რაც როკი არსებობს, მაგრამ რამდენადაც დიდია მისი პოტენცია, იმდენად დანგრეულია ეს კულტურა. ის არავის უნდა. თუკი ვინმეს რაღაცის გაკეთება უნდოდა, მან ამ მუსიკას ზურგი შეაქცია. ლადო ბურდული ერთი პანკი კაცია და ამხელა ფესტივალი გააკეთა. ლადოსთვის ეს არის ძალიან დიდი საქმე, მაგრამ ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ის საერთოდ არ ინტერესდება ასეთი კონცერტებით.
– როკენროლი მოკვდა – ასეთ ნათქვამსაც გაიგონებ უკვე. გიო, შენ რას ფიქრობ?
– პირველად ეს ფრაზა ჰიპებმა თქვეს, როდესაც მათი დრო ამოიწურა. მე მარტო როკენროლს არ ვეყრდნობი ცხოვრებაში და ვამბობ რომ მუსიკა არის მუსიკა. ჩემი აზრით, სანამ ელექტროგიტარა, ჰიპური და პანკური მოძრაობა არსებობს, როკენროლი არ მოკვდება.
– შენი აზრით, რამდენად რელიგიური მუსიკა ჟღერს დღეს მსოფლიოში და რამდენად ატარებს ეს მუსიკა უარყოფით ენერგიას?
– მე რელიგიას და მუსიკას ერთმანეთთან არ ვაკავშირებ, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიაც და მუსიკაც შინაგან განცდებზეა აგებული. ასეთ დაკონკრეტებას ვერ ვიგებ. მუსიკა ისეთი რამაა, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარ სტილს. ვიღაცას უხარია, რომ სატანურ როკს უკრავს, ეს ჩემთვის მიუღებელია. თუ მკითხავენ რატომ უკრავ, ვუპასუხებ, რომ მუსიკის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ ვიყო ქრისტიანი, მე უბრალოდ ვუკრავ მუსიკას.
– ხვალინდელ დღეს როგორ უყურებ?
– გულახდილად გეტყვი, რასაც 21-ე საუკუნე გვპირდება, მაგრად არ მომწონს. მე არ მომწონს არც პროგრესი, არც ცივილიზაცია და საერთოდ, არაფერს არ ვეთანხმები. თუ საქართველოში ყველაფერი ეს ზენიტს მიაღწევს, ვერაფრით დავეხმარები. სამწუხაროდ, ხვალ ელექტრომუსიკა იჟღერებს, მაგრამ გავიხსენოთ 60-იანი წლები იყო ჰიპების, 70-იანი, 80-იანი – პანკების, 90-იანი – გრანჟის და ახლა, ვფიქრობ, ის დროა, ყველამ სათითაოდ თავისი გზა ნახოს, საკუთარ თავში ჩაიხედოს და რაც სურს, ის გააკეთოს. ესაა ჩემთვის ერთგვარი თავისუფლება.
– ხომ არაფერს ეტყვი ჩვენი გაზეთის მკითხველებს?
– როდესაც 1996 წელს Outsider ჩამოვიდა თბილისში და მე მას მოვუსმინე, მივხვდი, რომ ბედნიერებაა, როდესაც ასეთი ჯგუფი, საერთოდ, საქართველოში არსებობს. დიდი პატივისცემის გრძნობით ვარ გამსჭვალული ქუთაისის როკ კულტურისადმი. როდესაც ქუთაისში თქვენ კონცერტი მოაწყვეთ, ჩვენ ჩამოვედით და ძალიან მომეწონა თქვენი პუბლიკა. ხალხს, სამწუხაროდ, არ აინტერესებს, რას ვაკეთებთ, ამიტომ ვმუშაობთ იატაკქვეშეთში. ქუთაისში ვინც ჩვენს კონცერტს დაესწრო, ნაღდად მუსიკის მოსასმენად იყო მოსული. აქ გაიხედე, ამდენ ხალხში ბევრს არ აინტერესებს მუსიკა, უბრალოდ იციან, რომ რაღაც ფესტივალი ტარდება და მოვიდნენ. თქვენთან კი, კონცერტებზე ისეთი ხალხი დადის, ვისაც ძალიან აინტერესებს.
***
რეიჩელი („თბლისი“) |
„თბლისელები“ თბილისელებმა შეცვალეს, როდესაც სცენაზე ჯგუფი „კონტრაბანდა“ აიჭრა. ამ ჯგუფის შემოქმედებას ჩვენი მკითხველი რადიოგადაცემა „შუაღამის გემში“ გაეცნობა, რომელიც ტრადიციულად რადიო „ნოსტალგიის“ ეთერში ყოველ ხუთშაბათს 20 სთ-დან FM 105 მგჰც სიხშირის ტალღებში შეცურავს, ხოლო ბესელასთან საუბარს, მომდევნო ნომერში წაიკითხავთ.
(დასასრული შემდეგ ნომერში)
მეორე ნაწილი: თბილისის როკ ფესტივალი, 17-19 სექტემბერი (ნაწილი II)
გაზეთი P.S. #53, 1999 წლის 24 – 30 სექტემბერი
No comments:
Post a Comment