Saturday, June 30, 2001

„მესამე კლასის ვაგონის“ პრეზიდენტი პლანეტა აცეკორზე

მხატვარი ანდრეი ზვერევი საკუთარი სამყაროს შესახებ

მხატვარი ანდრეი ზვერევი დაიბადა 1974 წლის 28 სექტემბერს. ის ქუთაისურ სამხატვრო არტკლუბ „მესამე კლასის ვაგონის“ ერთ-ერთი პრეზიდენტია. ამ კლუბის შესანიშნავი ნახატები მრავალ დამთვალიერებელს იზიდავდა ფესტივალზე „მზიური“. ანდრეი და არტკლუბის წევრები საკუთარი ძალებით აწყობენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს, პერფორმანსებს. ანდრეის ნახატებმა არა მარტო ქართველი ხელოვნების მოყვარულები დააინტერესა, მისი ნამუშევრები უცხოეთშიც გავიდა. „ვარსკვლავებში“ პირველი პრეცენდენტია, როდესაც ჩვენი ჟურნალის სტუმარია ახალგაზრდა მხატვარი.

 

ანდრეი ზვერევი: – ჩვენი არტკლუბი „მე-3 კლასის ვაგონი“ უკვე წელიწადნახევარია არსებობს. მომავალი კლუბის წევრები მის შექმნამდეც ვიცნობდით ერთმანეთს და ვმეგობრობდით. ვაწყობდით საკუთარ გამოფენებს, გვქონდა ჩვენ-ჩვენი იდეები და სახელოსნოები, მაგრამ მეტ-ნაკლებად ერთნაირი სულიერი მისწრაფებები გვქონდა. თავდაპირველად ვიყავით მე და გია ჭიღლაძე, რომელიც ამავე დროს, ჩემი მეზობელიცაა. სხვათა შორის, გიამ მიმიყვანა მასწავლებელთან და ხატვა დამაწყებინა. ჩვენთან ერთად იყვნენ მაკა ვეკუა და თემურ ტუკვაძე. ვიფიქრეთ, თუ არსებობს მუსიკალური კოლექტივები, სრულიად შესაძლებელია შევქმნათ მხატვრული კოლექტივი-თქო. დასაშვებია ერთი იდეის ირგვლივ მხატვართა გაერთიანება.

ადრე ჩვენ გვერქვა „პალატა №108“, რომელიც საგიჟეთთან ასოცირდებოდა. მერე სახელწოდება შეიცვალა. ცხოვრებიდან გამომდინარე, საქართველოში გინდა თუ არა, ხელოვნება „მე-3 კლასის ვაგონში“ იმყოფება. დასავლეთში ვიცი, რაც ხდება, მაგრამ აქ ასეთი რეალობაა. ჩვენ ყველანი პრეზიდენტები ვართ, გააჩნია ვინ წარადგენს კლუბს.

– რომელი სასწავლებელი დაამთავრე და სად გქონდა გამოფენები?

– დავამთავრე ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის უნივერსიტეტი, თუმცა პედაგოგობის არაფერი მესმის. უბრალოდ, ვხატავ. მეორე კურსზე ავურიე სავალდებულო და საკუთარი თემები. ლექტორი მთხოვდა დამეხატა „იმერეთი“, ბარზე, თოხზე მომუშავე კაცი და ა.შ. ძალიან მიყვარს ქართული, ტრადიციული თემა, მაგრამ უკვე მაშინ დავიწყე მექსიკის, ჩინეთის, ტაილანდის კომპოზიციების ხატვა, როცა იქ საერთოდ არ ვყოფილვარ. ერთმა ტაილანდში ნამყოფმა პიროვნებამ გაიკვირვა, თუ იქ არ ყოფილხარ, ასე ზუსტად როგორ დახატეო. კურსიდან კინაღამ გამრიცხეს, მაგრამ ჩემი მაინც გავიტანე. მე-5 კურსზე მივხვდი, რომ ყინული დაიძრა და სადღაც შორს წავედი.

1999 წელს ჩემი პირველი სერიოზული გამოფენა თბილისში მოეწყო მუტაციის თემაზე. იოსებ ნონეშვილის შვილმა სანდრომ, რომელიც მხატვრებს ეხმარება, უფასოდ დამითმო ლესელიძის ქუჩაზე საგამოფენო დარბაზი. ამ მუტაციის წინააღმდეგ აქციას ერქვა „აჭრილი ჰორიზონტი“. ნახატები სხვადასხვა სიმაღლეზე იყო ჩამოკიდებული, ხოლო დარბაზში ნაგავი ეყარა. ანუ ზემოთ სულიერებაა, ქვემოთ კი ყოფითი, მიწიერი სიბინძურე, რაშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. ეს გრაფიკული გამოფენა იმავე წელს ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში გავიმეორეთ, სადაც დარბაზის დამლაგებელი ძირს დაყრილი ნაგვის გამო, ძალიან გაგვინაწყენდა. ეს გამოფენა მე, გიამ და მაკამ უკვე კლუბის სახელით გავაკეთეთ.

2000 წელს ქუთაისში ქუჩაში ავაშენეთ ცელოფნის დიდი 9-მეტრიანი ლაბირინთი, რომლის კედლებზეც ჩემი ლექსები იყო მიკრული. ამ დროისთვის სხვა პლანეტებზე ვმოგზაურობდი და დიდი კოსმოსური ხომალდი ავაგე, რომლის ლაბირინთებს დააბოლოებდა ცელოფნის კედლებმოხატული ოთხი ოთახი სკამებით. წინა დღით, როდესაც კონსტრუქციას ვამთავრებდით, ქუჩის უსაქმურებთან ხელჩართული ჩხუბი მოგვივიდა და ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. თუმცა აქცია მაინც მოეწყო, რომელიც ბევრს მოეწონა, მაგრამ ვიღაცეებმა ჯერ ლექსები მოიპარეს, მერე ცელოფნებს ცეცხლი წაუკიდეს და საღამოსთვის დეკორაცია სრულიად განადგურდა. მაშინ გულნატკენი ვფიქრობდი, რომ ეს ქალაქი მართლაც არაფრის ღირსია-მეთქი.

– ე.ი. საქმიანობას დედაქალაქში აგრძელებ?

– ამ ეტაპზე ასეა, რადგან აქ ბევრი მეგობარი შევიძინე და ამ საქმით დაინტერესებული ადამიანებიც გამოჩდნენ, რომელთაც მოსწონთ ჩვენი ნამუშევრები. ჯერ აქ ვარ, მერე საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებ, რადგან ყოფითი პრობლემები მეც მაწუხებს. ელემენტარულად მინდა, საღამოს  ერთი ბოთლი ლუდი დავლიო. ვიცი, რომ იქ ხელოვნებაზე მოთხოვნაა. რა თქმა უნდა, ქართველ ხალხსაც აინტერესებს, მაგრამ ადამიანები აქ ყელამდე პრობლემებში არიან და გვერდით ვერ გიდგანან. ამის გამო, ქუთაისში უბრალო ხალხისთვის ჩვენ მოძრავი გამოფენა საქალაქო ავტობუსში გავაკეთეთ. მაშინ ქუთაისის სამხატვრო გალერეაში ზოოპარკი გახლდათ დაბინავებული. ეს ამ ზოოპარკის საწინააღმდეგო აქცია იყო.

– „მზიურში“ შენი ნახატებით ბევრი დაინტერესდა, მათ შორის, მხატვარი გია ბუღაძეც...

– ის დაინტერესდა იმ მასალით, რომლითაც ვხატავ. სახატავი მასალის რეცეპტი ჩემია და ამ მხრივ, ორიგინალურია. დაინტერესდა თემით, როგორ ვაგებ პორტრეტების კომპოზიციებს და ა.შ. ჩემთვის დიდი პატივია გია ბუღაძესთან ურთიერთობა. ვთვლი, რომ მართლაც საოცრად საინტერესო და კარგი მხატვარი და პიროვნებაა.

– ანდრეი, რა თემებზე გიმუშავია და მიამბე პლანეტა აცეკორზე, რომლის თემასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შენს შემოქმედებაში.

– ძალიან მიყვარს ერთ კონკრეტულ თემაზე მუშაობა. მაყურებელი მკვეთრად არ უნდა გადაისროლო ერთი თემიდან მეორეზე. ზემოთ ნახსენები თემების გარდა, ვმუშაობდი აფრიკაზე. შემდეგ გადავინაცვლე პლანეტა აცეკორზე. წელიწადნახევრის წინ ეს სამყარო ჩემში შემოვიდა. არ ვიცი, ჩემი ფანტაზიაა თუ მუზის კარნახი, ყოველ საღამოს ახალ-ახალი კომპოზიციები მომდიოდა. ვოცნებობდი, რვა ხელი და სამი თავი მქონოდა, რომ ამ ყველაფრის დაფიქსირება მომესწრო. ზოგჯერ ოთხ ნახატზე ერთდროულად ვმუშაობდი, მაგრამ ყოველი მომდევნო ნახატი იმოდენა ენერგიას მაძლევდა, რომ არ ვიღლებოდი. მინდა მომავალში გამოფენა-აქცია და შოუ ერთად გავაკეთო „ცისფერ გალერეაში“. ეს იქნება თეატრალიზებული შოუ. ამ პლანეტის მოსახლეობაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. ჩვენგან განსხვავებით, იქაურები მხოლოდ სიკეთეზე ფიქრობენ, იქ ბოროტება არ არსებობს.

– ადამიანები არიან თუ ჰუმანოიდები?

– არც ერთი.

– ე.ი. აცეკორელები არიან?

– ჰო, კარგი მიგნებაა (იცინის), აცეკორელები დავარქვათ, თუმცა ყველას საკუთარი სახელი აქვს, რომელიც ცოტა ლათინურს წააგავს. მაგალითად, პლატონება, პიორენეობა, ანოტეუსი და ა.შ. თუმცა დანაშაული იქაც ხდება, ოღონდ არა ბოროტი განზრახვით. მე მაქვს ნახატი, სადაც ორი აცეკორელია. ერთი ზის ბაროკამერის მსგავს აპარატში, ხოლო მეორე ამ კამერის საშუალებით პირველს ორი თვით სულს ართმევს. ფუტლიარული ცხოვრება მათთვის სიკვდილზე საშინელია. დასჯილი აცეკორელი ორი თვით არაფერში იქნება, ამიტომ მომავალში იფიქრებს, რაიმე არ ჩაიდინოს.

მათ მკაცრი კანონები არა აქვთ, კაი ტიპები არიან. ისინი ხელებით, ჟესტიკულაციით საუბრობენ, ამიტომ ნახატებზე ყოველ პერსონაჟს ხელები სხვადასხვაგვარ მოძრაობაში აქვს. მათი პირი მხოლოდ ჭამის და სუნთქვის ფუნქციას ასრულებს. მათი გარდაცვალება რეინკარნაციულია (ცოტა ბუდისტური მომენტია). „პლატონებას რეინკარნაციაში“ იქაური ქალი ხელით ყვავილს წყვეტს, ანუ მისი სული ყვავილში გადადის.

– ისინი დედამიწაზე არ ჩამოდიან?

– დედამიწა იმდენად გაბინძურებულია, რომ არ ჩამოდიან. გია შილაკაძე, ჩემი მეგობარი, ჯგუფ „აუტსაიდერის“ დრამერი ამბობს, რომ ადამიანები მიწიერები არ ვართ, რადგან ვიმოსებით, განსხვავებით ცხოველებისგან, რომლებიც ტანისამოსის გარეშეც კარგად ცხოვრობენო. ეს მართალია. ჩვენ მზესაც კი ვემალებით. ნოდარ დუმბაძის არ იყოს, ხალხი ზამთარში მზეს ნატრობს, ზაფხულში კი ქოლგების ქვეშ იმალებაო. მიწა ჩვენი არ არის, აქ დროებით ვართ.

– რამდენად აკავშირებ მხატვრობას შოუბიზნესთან?

– ზოგი მხატვარი მიმტკიცებდა, რომ  ჩემი ნახატი მხოლოდ ხელოვნებას ემსახურება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს თავის სარჩენი წყაროცაა. გამოთქმებს – „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ და „ხელოვნება ხალხისთვის“ შორის უნდა მოძებნო შუალედი, როგორც ეს მუსიკოსმა სტინგმა მოახერხა. ის კარგი ხელოვანია, მაგრამ მის მუსიკაში კომერციაცაა. ხალხს ყველაფერი უნდა გააგებინო. ვერ ვუგებ ისეთ მხატვარს, რომელიც ამბობს, ჩემთვის ვხატავ და გამოფენები არ მჭირდებაო. ეს სისულელეა. ვიღაცამ ხომ უნდა შეგიქოს ან დაგიწუნოს ნახატი?

მარცხნიდან: გია ჭიღლაძე, ლაშა გაბუნია და ანდრეი ზვერევი (ქუთაისი)
– უცხოელები თუ დაინტერესდნენ შენით?

– ქუთაისის კათოლიკური ეკლესიიდან იტალიელი, კერძოდ, ვერონელი მხატვარი ქალი დაესწრო ჩემს გამოფენას. მერე სახელოსნოშიც მოვიდა. ნახატები ძალიან მოეწონა და სურვილი გამოთქვა ვერონაში გამოფენის მოწყობაზე. ასევე, დაინტერესდნენ შვეიცარიაშიც.

– რა როლს თამაშობს მუსიკა და მწერლობა შენს შემოქმედებაში?

– ძალიან დიდ როლს თამაშობს. მეც ვწერ რაღაცეებს (პიესებს, სცენარებს, ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს). ბოლოს ნახატები მუსიკის გარეშე არ შემიქმნია. ხშირად ვუსმენ ლიზა ჟერარდს, „დედ ქენ დენსს“, იან გარბარეკს და სხვებს. უფრო აღმოსავლური მუსიკა მიზიდავს. მუსიკა ჩემთვის ყველაფერია.

– რას უსურვებ „ვარსკვლავებს“?

– ჟურნალში ბევრი საინტერესო პიროვნება ვნახე. გისურვებთ, ზოგჯერ არაპოპულარული, მაგრამ საინტერესო თემა გააშუქოთ. ამის შედეგად უფრო მეტ კარგ მკითხველს, ნაღდ დამფასებელს შეიძენთ. კარგები ხართ და გისურვებთ 3000 წლის განმავლობაში კარგი ლუდი გესვათ (იცინის).

No comments:

Post a Comment