Monday, July 23, 2001

გაუქმებული კონტრკულტურა

მეგობარმა CD პლეერი მათხოვა. ყურსასმენებს ვიკეთებ, ნიკ ქეივის ახალთახალ ალბომს ვრთავ და ქუჩაში სასეირნოდ გამოვდივარ. სიტყვა „სეირნობა“ ცოტა არ იყოს, მეხამუშა. არ ვიცი, სეირნობა ჰქვია თუ არა იმ ადამიანებს შორის სვლას, რომლებსაც სახეებზე ნევროზული გამომეტყველება აქვთ, რომელთა გარკვეული ნაწილი ბორდიურებზე ბავშვებთან ერთად ასფალტზე წევს და ხელგამოწვდილი 20 თეთრს გთხოვს. სეირნობა, ალბათ, მხოლოდ ბუნების წიაღში ან საღამოს პლაჟზე შეიძლება. თბილისის ქუჩებში სეირნობა შეუძლებელია. აქ მხოლოდ დადიან ან დაჰქრიან.

ნიკ ქეივის მუსიკის ფონზე ადამიანებს, საგნებს და ყველა არსებას საოცრად რეალურად აღვიქვამ. მათი ცქერა მსიამოვნებს. არავითარი ასოციაცია, არავითარი სიმბოლოები. ყველა და ყველაფერი თავს ჩემს გარეშედაც მშვენივრად გრძნობს. სიმბოლოებზე გამახსენდა.

ამას წინათ ერთ-ერთ ალტერნატიულ პერფორმანსზე მოვხვდი, სადაც იმდენი სიმბოლო ვნახე, კინაღამ მეც სიმბოლოდ ვიქეცი და ასეთი კითხვა გამიჩნდა: რატომ ცდილობს ზოგიერთი ხელოვანი თუ შემოქმედი, მისი ნამუშევარი სხვებმა ვერ გაიგონ? გაგებას თავი გავანებოთ. ეცადოს მაინც, რომ მნახველი (მსმენელი) ასიამოვნოს, მისცეს ფიქრისა და განსჯის საშუალება, ბოლოსდაბოლოს, გააღიზიანოს. სხვათა შორის, ქართული თანამედროვე კულტურა (თუ კონტრკულტურა) გაივსო არაფრისმთქმელი სიმბოლოებით, რომელთა არსიც მხოლოდ ავტორებს ესმით და არა უბრალო მოკვდავთ. იწერება უშინაარსო ლექსები, სიმღერების სულელური ტექსტები, იღებენ მოსაწყენ ფილმებს, უნიათო კლიპებს, ხატავენ ბურუსით მოცულ უაზრო სურათებს. შთაბეჭდილება მრჩება, ზოგიერთი ავტორი სპეციალურად ცდილობს ჭკვიანურად მოაჩვენოს თავი. მოედ-მოედებიან რაღაც ბუნდოვან თემებს, რომელთა შინაარსიც არც არასოდეს უგრძვნიათ და ასე იტყუებენ თავს სხვების თვალსა და ხელს შუა.

საქართველოში ახლა მოდაშია არაპროფესიონალიზმი. გამკითხავიც არავინაა, რადგან პროფესიონალთა უმრავლესობა ქვეყნიდან წავიდა. დარჩენილთ ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან უმცირესობაში არიან.

ნონკონფორმისტი ნიკ ქეივი კი ახალ, შესანიშნავ ბალადას მღერის. ქართველმა ნონკონფორმისტმა რატომ უნდა დაწვას საჯაროდ დოსტოევსკის, ბორხესის, კაფკას, კ. გამსახურდიას, თუნდაც მარქსის ან ლენინის სურათები. რას ნიშნავს ეს? ნონკონფორმისტობას, ანდერგრაუნდში ყოფნას, გაუნათლებლობას თუ გაბოროტებას? არ მესმის, რატომ ჰგავს ასე ძლიერ ერთმანეთს ბოლო 15 წლის განმავლობაში გადაღებული ქართული ფილმების უმეტესობა ერთმანეთს ბნელი კადრებით, პირქუში სახეებით, მატარებლების ხმაურით, პირგაუპარსავი (ზოგჯერ ბინძური) მთავარი გმირებით და გმირებს შორის არაბუნებრივი საუბრებით?

მომწყინდა ამდენი სიმბოლოები და გონების ხელოვნური დაძაბვა. საერთოდ აღარ მსურს არც ახალი ქართული ფილმების, არც გადაპრანჭული გამოფენების ნახვა, სადაც გაუგებარი ნახატების ავტორებს მნახველები რატომღაც პირში აქებენ, ზურგს უკან კი ამ სურათების უშინაარსობაზე ერთმანეთს ეჩურჩულებიან. ჯობს ქუჩაში ვიარო, ნიკ ქეივს ვუსმინო და შაბათობით ტელევიზორში „ფსიქო“ ან რომელიმე ძველი ქართული ფილმი ვნახო.

კონტრკულტურა ისევე, როგორც კულტურა, კარგია, თუ გასაგები იქნება ბევრისთვის. არაა აუცილებელი, ის ყველასათვის იყოს მისაღები. პატივსაცემია ნებისმიერი (თუნდაც უდიპლომოს) შემოქმედება, თუ ის მართლაც ნაღდია.

ნიკ ქეივი came along the road-ს ასრულებს. მეც მივუყვები ქუჩას. ოპტიმისტივით ვფიქრობ. ბედნიერებაა, ამდენ რამეს რომ მოვესწარით: იმპერიის დაშლას, ქართულ რევოლუციებს, ცივ და ცხელ ომებს, ახალ ათასწლეულს, საუკუნეს, კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების ეპოქას, პლანეტების პარადს (აღლუმს), მზის სრულ დაბნელებას და თუნდაც ამდენ გასაჭირს, რაც გავგრძნობინებს, რომ ჩვენ მართლა ვცხოვრობთ. მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ ჩვენ ცოტათი დავბრძენდით კიდეც. CD პლეერში დასატენი ბატარეები აწყვია, ომნანახი ქუჩა კი ძალიან ლამაზია. მასზე ძალიან ლამაზი ადამიანები დადიან ლამაზი, სევდიანი თვალებით. სევდიანი თვალები მგონი, კარგი სიმბოლოა. ფილმი ხომ არ გადავიღო?

No comments:

Post a Comment