Tuesday, July 24, 2001

„ისინი გონებრივ პენსიაზე უნდა გავიდნენ“

რატომ არ მოსწონს შალვა რამიშვილს ილია ჭავჭავაძე

--------------------------------
მცირე პრეს–დოსიე
--------------------------------
სახელი, გვარი: შალვა რამიშვილი.
დაბადების თარიღი: 1971 წლის 27 აგვისტო.
განათლება: არასრული უმაღლესი (მე-100 საშუალო სკოლა და თსუ-ს მე-2 კურსი).
თანამდებობა: რადიო 105-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, მულტსერიალ „დარდუბალას“ პროდიუსერი, ჯგუფ „სახეს“ პროდიუსერი.
ეროვნება: ახალი გურული.
ხასიათი: ნორდიული, ჭეშმარიტი არიელი. მოსწონს ხალხის შოკირება და სტერეოტიპების მსხვრევა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელმწიფო პრესას ახალი სალაპარაკო თემა გამოუჩნდა – როგორ გაბედა ვიღაც შალვა რამიშვილმა ეთქვა, ილია ჭავჭავაძე არ მიყვარსო. ამაზე მთელი დებატები გაიმართა და რადიო „105“-ის უფროსმა რამდენიმე ლექცია მოისმინა (უფრო სწორად – წაიკითხა) პატრიოტობაზე, ენა-მამულ-სარწმუნოებასა და ტრადიციების ერთგულებაზე. ჩვენ მას ამ წერილებზე მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

– შალვა, გადაცემა „ფსიქოში“ შენმა გამოსვლამ საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. შენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

– საერთოდ, მოხარული ვარ, რომ გოგი გვახარიასთან ჩემს ერთსაათიან დიალოგს ასეთი მასშტაბის რეზონანსი მოჰყვა, რადგან მე არა ვარ პოლიტიკოსი და ალბათ, არც არასოდეს ვიქნები, ამიტომ მე არ მაინტერესებს, მექნება თუ არა დადებითი იმიჯი ქართველთა გულებში. მე შოუბიზნესის წარმომადგენელი ვარ და რაც მეტს ილაპარაკებენ ჩემზე, მით უკეთესი იქნება. მსიამოვნებს, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები (რომელთათვის მე, წესით, სულერთი უნდა ვიყო) ასე კამათობენ ჩემზე. დიდი მადლობა „ფსიქოს“ და ყველას, ვინც ჩემზე რამე დაწერა ან თქვა.

– არა აქვს მნიშვნელობა, რას ლაპარაკობენ?

– რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ მე მხოლოდ იმ ადამიანთა აზრი მაინტერესებს, ვისაც პატივს ვცემ. ასეთების ცუდი შეხედულება ჩემზე, მე ჯერ არ მომისმენია, ხოლო იმათი ნაწერი, ვისაც მე პატივს არ ვცემ, რა თქმა უნდა, არ მაღელვებს. მაინც სასიამოვნოა, რომ დრო დამითმეს და ჩემ შესახებ ზოგმა ანგარებით, ზოგმა უანგაროდ რაღაც დაწერა. აღშფოთება მათში არა მარტო ილია ჭავჭავაძისადმი ჩემმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, არამედ, ჩემი სახით კლასობრივი მტერი დაინახეს. ისინი ჩემნაირების კლასს ებრძვიან, ანუ, ჩემნაირად მოაზროვნეებს, ისევე, როგორც პროლეტარიატი ებრძოდა ბურჟუაზიას და მნიშვნელობა არა აქვს, ლუმპენპროლეტარი ქანჩების მომჭერი მუშის სახით, თუ ფსევდოინტელექტუალის სახით გამოვა.

– როგორ ფიქრობ, აუცილებელია თუ არა სკოლაში ბავშვმა ისწავლოს იგივე ილია ჭავჭავაძე, ან შოთა რუსთაველი?

– ჩემი აზრით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ბავშვის მონაწილეობა არ არის აუცილებელი. თუ განათლების სისტემას ბავშვი, მოზარდი გვერდს აუვლის და თვითგანათლებას მიიღებს, ამით არაფერი დაშავდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორი ხალხი ასწავლის სკოლებსა და ინსტიტუტებში, მე მგონი, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ამ აზრს დაეთანხმება. საკამათო საკითხია, ისწავლებოდეს თუ არა ილია ჭავჭავაძე. რა თქმა უნდა, საშუალო განათლების კუსრსში, ქართველი მწერლები და პოეტები უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ გააჩნია, როგორ ვასწავლით მათ.

– წაგიკითხავს თუ არა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები?


– ბავშვობაში მაძალებდნენ მის წაკითხვას და არ მომწონდა, რომ მაძალებდნენ. საერთოდ, არ მომწონს, როცა რაიმეს მაძალებენ. წაკითხული მაქვს და ზოგიერთი რამ ზედმეტად პათეტიკურად მეჩვენება, ზოგიერთი რამ მოძველებულად. მაგალითად, „ენა, მამული, სარწმუნოება“ მოძველებულად მეჩვენება. დღეს მსოფლიოს წინაშე სხვა პრობლემები დგას და მთელი მსოფლიო სხვა პრინციპებსა და პრიორიტეტებს აღიარებს, მაგალითად – ადამიანის უფლებებს.

– მაინც, რატომ თქვი, ილია ჭავჭავაძე არ მომწონსო?

– ჩვენი ქვეყანა სტერეოტიპებითაა სავსე, არსებობს კაი ბიჭობის, კაი ქართველობის და ა.შ. სტერეოტიპი. ბევრს, ვინც მაკრიტიკებს, დარწმუნებული ვარ, ილია ჭავჭავაძე სუფრაზე ახსენდება და საქართველოს სადღეგრძელოს შემდეგ ისევ ავიწყდება. დღეს რომ ილია ჭავჭავაძე ყოფილიყო, ბევრ რამეს შეცვლიდა, – ახალ ენას და ახალ პრინციპებს დაამკვიდრებდა. არ შეიძლება კიდევ ხუთასი წელი ვიძახოთ „ენა, მამული, სარწმუნოება“ და თან ცალ ხელში ყანწი გვეჭიროს.

– როგორც მასმედიის წარმომადგენელი, რას ფიქრობ პრესის შესახებ კანონის სავარაუდო შემოღებაზე?


– მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმი და პიროვნების კულტი არ არსებობს. არის აგონიმური მცდელობები, რომ პრესა ჩარჩოში მოაქციონ. არა მგონია, ამ კანონით პრესა ჩარჩოში მოამწყვდიონ. თუ ეს მოხდება, მაშინ ყველა მედიისა თუ ბიზნესის წარმომადგენელი ამ ქვეყნიდან გაიქცევა და ყველაფერი დამთავრდება, ამიტომ ამ კანონის შემოღება-არშემოღება პრობლემად არ მიმაჩნია. თუ ტოტალიტარული რეჟიმი დაბრუნდა, ყველა უნდა გავიქცეთ აქედან, მაგრამ მისი დამბრუნებელი არავინაა.

მე მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ, ვინც იმ საშინელ დროს ცხოვრობდა. არ გაიგოთ ისე, რომ ჩემი რომელიმე აზრის ან გამონათქვამის გამო ვიხდიდე ბოდიშს. ბოდიში უნდა მოვუხადო, რომ ასეთ ცუდ დროს იმოღვაწეს, იშრომეს და ასე დაუმახინჯდათ ფსიქიკა და ცნობიერება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩემი ბრალი. მინდა, რომ ისინი გონებრივ პენსიაზე გავიდნენ და ასპარეზი და გზა ახალგაზრდებს მისცენ.

პრინციპში, ეს ასეც მოხდება მაინც. ისინი ჩემი ნათქვამის ნახევარს ვერ გაიგებენ, ხოლო გაგებულ მეორე ნახევარს არასწორ ინტერპრეტაციას მისცემენ, ამიტომ ამ სხვა ცნობიერების გამო ჩემზე უფროს ადამიანს არ შევეკამათები. კომუნისტურ რეჟიმში ნაცხოვრებ ადამიანებს არ შეუძლიათ ლოგიკურად და საღად აღიქვან ეს, რა თქმა უნდა, გამონაკლისები ამათ შორის არიან. თუ იმ პერიოდში წარმატებას აღწევდი, ე.ი. სინდისთან ყოველთვის კომპრომისზე მიდიოდი. თითქმის ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ხელოვანს, მეცნიერს, მწერალს (მწერალი ქართველებს თითქმის არ გვყავს), ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც წარმატებას მიაღწია სინდისთან კომპრომისის გარეშე.

– გონებრივ პენსიაში რას გულისხმობ?


– ფუჭ, აქტიურ მდგომარეობასუნდა ჩამოშორდნენ. ეს ჩემი სურვილია, არ ვაკეთებ მოწოდებებს.

– პენსიაზე გასულს ხომ სოციალური დაცვა არ ექნება და ფულს ამ ფუჭი სტატიების წერის გარეშე ხომ ვეღარ მიიღებს?

– ყველას არ ეხება, მაგრამ თუ ვინმეს საჯდომის ლოკვა პენსიისა და ფულის გარანტიაა, იმ საჯდომისმლოკველმა საკუთარ ადამიანობასა და ღირსებაზე ხომ უნდა იფიქროს ადრე თუ გვიან. შესაძლოა, ეს რიტორიკული ნათქვამია და მან ამაზე არ იფიქროს, მაგრამ მე და ჩემნაირებს თავი უნდა დაგვანებონ.

– ქართველებს დღეს მწერალი არა გვყავსო, ახსენე. შენ რომელი ქართველი მწერალი მოგწონს?

– მე არანაირი კომპლექსი არა მაქვს აღვნიშნო, რომ ზოგადად მწერლობას ნაკლებად ვიცნობ. რაც შეეხება ქართველ მწერლობას. ძალიან ძნელია, წერო კომუნისტური იდეოლოგიური წნეხის ქვეშ. გარდა ამისა, საქართელოში ჩვენი ხასიათიდან, ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობდა დოგმები. ამას ემატება ჩვენი ქვეყნის აზიურ-სამხრეთული მდებარეობა, ისტორიული კომპლექსებიც. ამ კომპლექსების ქვეშ წერაც ძნელია. პირველივე სტრიქონიდან ჩანს, რომ ავტორი ძალიან იდეოლოგიზირებული ან რელიგიურია. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა.

მე მაქვს უფლება, წავიკითხო ან არ წავიკითხო წიგნი. თანაც, წიგნის კითხვის დროც არ მქონდა, რადგან უფრო პრაქტიკულად ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გამომენახა კითხვის დროც, როცა გაქვს მუსიკის მოსმენის, ან ცეკვის დრო, მაგრამ ეტყობა, ჩემი ხასიათია, რომ უფრო იოლად მისაღებმა ინფორმაციამ, ვთქვათ, ელექტრონულმა მედიამ გადამძალა და წიგნი მივივიწყე. ძალიან ბევრს ვკითხულობდი 18-19 წლის ასაკში. ეს ჩემი პირადი მოსაზრებით, რომლის ქონების უფლებაც მაქვს.

– ამას წინათ ქართველმა ნონკონფორმისტებმა დაწვეს გამოჩენილ მწერალთა სურათები იმისათვის, რომ გათავისუფლებულიყვნენ სტერეოტიპებისაგან...


– რატომ არ გამოიწვია ამან ისეთი საშინელი აჟიოტაჟი, როგორც ჩემმა ეკრანზე გამოჩენამ? მე ვამაყობ, რომ ასეთი აქცია ყოველგვარი აყალმაყალისა და სკანდალის გარეშე დარჩა და ჩემმა მოკრძალებული პერსონის გამოჩენამ ყველა აახმაურა. იმათ კი ცუდი აქცია გაუკეთებიათ, რადგან ამას სკანდალი არ მოჰყოლია. მათ არ ვეთანხმები, ეს სურათები არც უნდა დაიწვას, არც დაიმსხვრეს, მაგრამ ამის ჩამდენ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, გარანტია, რომ მათ არავინ შეაფურთხებთ და უინტერესო, სულელურ სტატიებს არ დაუწერენ ტუალეტის ქაღალდისებრი გაზეთები.

No comments:

Post a Comment