მუსირებს აზრი, რომ ყველაზე პოპულარულ ტელეარხს ენობრივი პრობლემები აქვს
კომუნისტური მმართველობის დროს, მთელი 70 წლის განმავლობაში არ არსებობდა დამოუკიდებელი ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები, რის გამოც, რბილად რომ ვთქვათ, ბნელში ვისხედით. მაგრამ დღეს ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზაზე დგას (იხ. ე. ა. შევარდნაძის ორშაბათის რადიოინტერვიუები). ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ დღეს საქართველოში ათეულობით დამოუკიდებელი, ეროვნული ტელეკომპანიაა.
დღეს არ განვიხილავთ მათ ინტელექტუალურ თუ პროფესიულ დონეს, მხოლოდ ქართულ მეტყველებაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
მაგალითისთვის ავიღოთ რომელიმე ტელეკომპანია, თუნდაც „რუსთავი 2“. ეჭვგარეშეა, ეს ტელეარხი დღეს ყველაზე პოპულარულია და ხალხის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს, რაც რამდენიმე თვის წინაც დადასტურდა. მაშ ასე, საქმეს შევუდგეთ. ჩვენ „რუსთავი 2“-ის სატელევიზიო ენით მოვამზადებთ რეპორტაჟს:
I ნაწილი – რუსთავიორულად
მელომანი: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საშტატო ერთეულები მაქსიმალურად ნონედუკატიურები არიან. ეს არ ეხება მხოლოდ უოჩმენს, რადგან ეს სუბიექტი ინფორმაციის მოწოდების მხრივ, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ობიექტს თვალ-ყური გაადევნა ჩვენმა კორესპონდენტმა. ჰუმანოიდო!“.
ჰუმანოიდი: „დღის არსებული ინფორმაციით ეთერშია ჰუმანოიდი. გამარჯობათ! დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე დილიდანვე დიდი ხმაური იყო. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა აჟიტირებული საინფორმაციო პროგრამა „კურიერი“, სადაც წამყვანმა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პარლამენტარი საკუთარი „ბი ემ დაბლიუ“-ს მარკის მანქანით სანაპიროზე მდგომ ხეს შეეჯახა, განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ პარლამენტარის ჯანმრთელობა დასტაბილურდა. მინდა გაცნობოთ, რომ ეს უკანასკნელი ტერმინი ლინგვისტურად ალოგიკურია, ვინაიდან ჯანმრთელობა დღის მონაკვეთში შეიძლება დაპროგრესირდეს, მაგრამ შეუძლებელია მისი დასტაბილურება. მელომანო!“.
მელომანი: „გმადლობთ, ჰუმანოიდო. მას შემდეგ, რაც მოუსმინეთ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის სუბიექტურ ინფორმაციას, ტელეკომპანიაში დიდი ხმაური იყო. მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა შოუ „ვის უნდა 20 000“, წამყვანმა დუტა სხირტლაძემ არაერთხელ გააკეთა განცხადება „ჩვენ ვთამაშობთ ვის უნდა ოცი ათასი“. მან დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა ლინგვისტს. გთავაზობთ პირდაპირ ჩართვას“.
ჰუმანოიდი: „კიდევ ერთხელ მოგესალმები მელომანო! ლინგვისტო, როგორ შეაფასებდით დუტას გამოსვლას“?
ლინგვისტი: „სასაცილოდ მეჩვენება ამ თემაზე სერიოზულად მსჯელობა, რადგან ამ ფრაზის ავტორს არა მხოლოდ ინსტიტუტსა და სკოლაში არ უსწავლია, არამედ, მგონი, საბავშვო ბაღშიც არ უვლია. გულწრფელად გეტყვით, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კაცი საქართველოში ნამყოფიც კი არ არის. თავად განსაჯეთ – „ჩვენ ვთამაშობთ ვის უნდა ოცი ათასი“...
მელომანი: „გმადლობთ ჰუმანოიდო. დღეს ხმაური იყო „რუსთავი 2“-ის სარეკლამო ბლოკშიც. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სარეკლამო ბლოკში გაიჟღერა ანგაჟირებულმა ფრაზებმა: „მშვენიერი საფერებელი თმა’, „და სითბოს, სიმშვიდის სიმბოლოს მივმართავ“, „მთის ჰაერივით სურნელოვანი“, „თქვენი ტანსაცმლის სურნელოვანი იერსახე“, „უკუქმედებები ჯერ არ აღმოუჩენიათ“, „უფრო მეტი არომატი სუნთქვაში“, „ფესვები წესრიგშია, დედა!“ და მრავალი სხვა, თამამად შეიძლება „რუსთავი 2“ ქართულ ენაში ნოუ-ჰაუს ავტორად ჩავთვალოთ. ამ რეკლამების გასვლა „რუსთავი 2“-ის ეთერში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჰუმანოიდო!“.
ჰუმანოიდი: „გმადლობთ მელომანო. მას შემდეგ, რაც „კურიერის“ ერთ-ერთმა წამყვანმა ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონს, უოშინგტონი უწოდა, თავს უფლებას მივცემ განცხადება გავაკეთო, რომ „რუსთავი 2“-მა ქართული ენის ნორმებში თვითდამკვიდრების პროცესი დაიწყო. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მალე ასეთ რეპორტაჟებსაც მოვისმენთ. ვიდეოფონის საშუალებით ლიტუანიის დედაქალაქ ვილნიუსიდან პირდაპირ ეთერში გვერთვება ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი მელომანი. მელომანო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გესმით ჩვენი?“
მელომანი: „დიახ, დიახ. გამარჯობა ჰუმანოიდო. დღეს, რაღა თქმა უნდა, დიდი ხმაური იყო იუნაითიდ სთეითს ოფ ემერიქას დედაქალაქ უოშინგტონში. მას შემდეგ, რაც საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ჰაიასტანის დედაქალაქ ერებუნიდან მაგუარის დედაქალაქ ბუდაპეშტის გავლით ჩარტერული რეისით გადაფრინდა როსსიას დედაქალაქ მოსკვაში, იქიდან გზად პრაჰაში, ალემანიაში, ოსთრალიასა და ქენედაში შეიარა. საბოლოოდ კი ის ემერიქას ქალაქ შიქაგოუში ჩაფრინდა, სადაც მას დახვდა გრეით ბრითეინის სამთავრობო დელეგაცია დედაქალაქ ლანდანიდან. მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია დაესწრო ინგლანდისა და ნორს აილენდის ფეხბურთელთა ნაკრებების ამხანაგურ მატჩს. დღეს საღამოს კი ის თბილისში ჩამოფრინდება“.
როგორც ხედავთ, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო-სატელევიზიო ენა იმდენად მაღალგანვითარებული და მდიდარია, მისი გაგება უბრალო მოკვდავისთვის თითქმის შეუძლებელია. ახლა კი ვნახოთ, როგორ შეიძლება იგივე რეპორტაჟები ჟღერდეს ქართულ ენაზე (თავადაც ხედავთ, რა აბდაუბდა გვატყდება თავს ყოველდღიურად):
II ნაწილი – შეძლებისდაგვარად ქართულად
მელომანი: „როგორც ჩანს, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა წერა-კითხვაც არ იციან. გამონაკლისი შესაძლოა იყოს მხოლოდ დარაჯი, რადგან ბუნებრივია, ამ საკითხზე მისი აზრი არავის აინტერესებს. ეს ნათლად გამოჩნდა, როცა ჩვენმა კორესპონდენტმა ამ არხის გადაცემები იხილა“.
ჰუმანოიდი: „საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ წამყვანმა მაყურებელს ამცნო, რომ ერთ-ერთი პარლამენტარი „ბე ემ ვეს“ მარკის მანქანით სანაპიროზე ხეს დაეჯახა და იქვე დასძინა – საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ მისი ჯანმრთელობა სტაბილური გახდაო. ეს ფრაზა თავისთავად არალოგიკურია, რადგან ერთ დღეში ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ შეუძლებელია გახდეს სტაბილური“.
მელომანი: „გადაცემაში „ვის უნდა 20 000“ წამყვანი დუტა სხირტლაძე წამდაუწუმ გაიძახის: „ჩვენ ვთამაშობთ ვის უნდა ოცი ათასი“. იგი ამას ისე თავდაჯერებულად აკეთებს, კაცს ეჭვი შეგეპარება, მე ხომ არ დამავიწყდა ქართულიო. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ენათმეცნიერის მოსაზრებას“.
ენათმეცნიერი: „სასაცილოდ მეჩვენება ამ თემაზე სერიოზულად მსჯელობა. ჩანს, ფრაზის ავტორი (ან ავტორები) არა მხოლოდ სკოლასა და ინსტიტუტში ყოფილა სწავლაზე მწყრალად, არამედ, მგონი, საბავშვო ბაღშიც არ უვლია. გულწრფელად გეტყვით, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კაცი საქართველოშიც კი არ არის ნამყოფი. თავად განსაჯეთ – „ჩვენ ვთამაშობთ ვის უნდა ოცი ათასი“...
მელომანი: „გამართულ ქართულს ვერც რეკლამებში მოისმენთ. დააკვირდით ფრაზებს: „მშვენიერი საფერებელი თმა“, „და სითბოს, სიმშვიდის სიმბოლოს მივმართავ“, „მთის ჰაერივით სურნელოვანი“, „თქვენი ტანსაცმლის სურნელოვანი იერსახე“, „უკუქმედებები ჯერ არ აღმოუჩენიათ“, „უფრო მეტი არომატი სუნთქვაში“, „ათჯერ უფრო აჯანმრთელებს“, „ფესვები წესრიგშია, დედა!“ და მრავალი სხვა“.
ჰუმანოიდი: „რუსთავი 2“ ძალიან ცდილობს ქართული ენის ნორმებში გარკვევას და ამ მხრივ ისე წინ გაიჭრა, რომ ახალ, ჯერარარსებულ წესებსაც კი ამკვიდრებს. მაგალითად, არხის წამყვანები ვაშინგტონს უოშინგტონს უწოდებენ. ისინი თუ არავინ შეაჩერა, ალბათ, ასეთ რეპორტაჟებსაც მოვისმენთ: „დღეს დიდი ხმაური იყო იუნაითიდ სთეითს ოფ ემერიქას დედაქალაქ უოშინგტონში. მას შემდეგ, რაც საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ჰაიასტანის დედაქალაქ ერებუნიდან მაგუარის გავლით ჩარტერული რეისით გადაფრინდა როსსიას დედაქალაქ მოსკვაში, იქიდან გზად პრაჰაში, ალემანიაში, ოსთრელიასა და ქენედაში შეიარა. საბოლოოდ კი ის ემერიქას ქალაქ შიქაგოუში ჩაფრინდა, სადაც მას დახვდა გრეით ბრითეინის სამთავრობო დელეგაცია დედაქალაქ ლანდანიდან. მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ინგლანდისა და ნორს აილენდის ფეხბურთელთა ნაკრებების ამხანაგურ მატჩს დაესწრო. დღეს საღამოს კი ის თბილისში ჩამოფრინდება“.
ყოველივე ამის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, პირობა დავდოთ, რომ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ჩვენს დამოუკიდებელ ტელევიზიას. თუ საჭირო გახდა, ჩვენ გავალთ ქუჩაში, წვიმასა და ქარში დავდგებით და დავიცავთ მას. სპეციალურად თქვენთვის, ჰუმანოიდი და მელომანი ჯორჯიიდან, უკაცრავად – საქართველოდან.
No comments:
Post a Comment