ჰიპების დროიდან, როცა სექსუალური რევოლუცია მოხდა და თავისუფალი სიყვარულისკენ მოწოდებები არა მარტო მუსიკალური სცენიდან ისმოდა, ძალიან მომრავლდნენ გრუპიები (groupie), ანუ ცნობილ მუსიკოსთა თაყვანისმცემელი „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები. რა საბოლოო მიზანიც არ უნდა ჰქონოდა გრუპის, მისი სექსუალური მომსახურეობა მთავარ საბაზრო მოთხოვნილებად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფასური ხშირად შეურაცხმყოფელად დაბალი იყო. თავის დროზე ლოს-ანჯელესელი შერი ქუჩებში მარტოკა დასეირნობდა და ძვირადღირებული სასტუმროების აივნებზე გადმომდგარ გრძელთმიან ბიჭებს ათვალიერებდა. თუ ვინმე მოეწონებოდა, მისი ოთახის ნომერს იგებდა და სავიზიტო ბარათს უგზავნიდა წარწერით: „ძალიან მსურხარ“ ან, უბრალოდ, „მოდი, ვიჟიმაოთ“. ერთმა გრუპიმ მიკ ჯაგერს ასეთი მოკლე ბარათი გაუგზავნა: „სცენაზე მაგარი ხარ, მანახე როგორი ხარ საწოლში“, ბოლოში მისი ტელეფონის ნომერი და მისამართი იყო მიწერილი. გრუპიები საკუთარი კერპების გულის (და არა მარტო გულის) მოსაგებად და ყურადღების მისაქცევად ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ: უგზავნიდნენ ქვედა საცვლებსა და სასიყვარულო წერილებს, ვერტმფრენებსაც კი ქირაობდნენ, რომ მათი სათაყვანებელი მუსიკოსის ან ჯგუფის ვილის ეზოში ჩაფრენილიყვნენ.
„ლედ ზეპელინელი“ ჯიმი პეიჯი გრუპიებზე ამბობდა: „ისინი შენს ირგვლივ ბუზებივით ირევიან, იღებენ მაცდურ პოზებს, ყველანაირად ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, მაგრამ საკმარისია, ერთხელ მაინც დაუყვავო, იმწამსვე აბრეშუმს ემსგავსებიან“. გრუპის არსებობის აზრი მის ადვილად ხელმისაწვდომობაში და სექსუალურ მომსახურეობაში მდგომარეობს. პრინციპში გრუპი ნებაყოფლობითი მონაა, რადგან ძალიან იოლია მისი დამცირება. ნაწილობრივ ამიტომაც ორალური სექსი (blow job, giving head, cocksucking), რომელიც ასე გავრცელებული იყო გრუპიებთან ურთიერთობებისას, მათ ადვილად დამორჩილებაზე მეტყველებდა. ამავე დროს, ამ ხერხით ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ რაიმე გადამდები დაავადება.
ბრიტანული ჯგუფის, ELO-ს დრამერი ბივ ბივენი ორეგონის შტატის ქალაქ სალემის ოტელის ბარში მომხდარ შემთხვევას იხსენებდა, სადაც ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ისვენებდნენ. მათ გარდა ბარში მხოლოდ მოწყენილი ბარმენი და დაქირავებული პიანისტი იყო, რომელიც შლიაგერების სტანდარტულ კომპილაციას უკრავდა. ამ დროს 4 ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა, რომელთა საქმიანობაც ეჭვს არ იწვევდა. ისინი ძლიერ თვითდაჯერებულად იქცეოდნენ. წინამძღოლიც კი ჰყავდათ, ვინმე პენი, რომელიც მუსიკოსებს ასე წარუდგა: „ძვირფასებო, ჩვენ გვქვია Flying Garter Girls („მფრინავი წვივსაკრავების გოგონები“) და მე ვხელმძღვანელობ ამ მხარის ორალური სექსის საუკეთესო აკადემიას“. ამის შემდეგ პენი და მისი „რაზმი“ შეეცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მუსიკოსების დარწმუნებას. პენიმ და მის მემფისმა ორი მუსიკოსი საცეკვაოდ გამოიწვიეს, ხოლო შერილი და სინდი-ლუ იატაკზე გაგორდნენ და ერთმანეთის კოცნა დაიწყეს. ეს საქციელი პენიმ ასე განმარტა: „ჩვენ ბისექსუალები ვართ და ერთმანეთთან სექსიც გვეკაიფება“.
გრუპი აიტანს ყველაფერს: ვუაერიზმს, ჯგუფურ სექსს, მსუბუქ სადიზმსაც კი. მისი ამოცანაა როკ-ვარსკვლავის სექსუალური დაკმაყოფილების რაც შეიძლება ფართო სპექტრი წარმოაჩინოს – საყოფაცხოვრებო მომსახურეობით დაწყებული, ბორდელით დამთავრებული. ეს ყველაფერი კი უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგად „უკანონო შვილებიც“ იბადებიან. ამბობენ, რომ „როლინგ სტოუნზის“ გარდაცვლილი წევრი, ბრაიან ჯონსი 6 შვილის მამა იყო. ჯიმი ჰენდრიქსსაც, რომელმაც გრუპიებს სახელიც კი მოუგონა – Band Aids (სიტყვათა თამაშია: band-aid – სახვევი და band aid – „ჯგუფის დახმარება“), სიკვდილის შემდეგ აურაცხელი ბავშვი დარჩა. მას სიცოცხლეშივე მოუწია სასამართლოებში სირბილი, რათა რომელიმე უკანონო ბავშვის შვილად აყვანა-არაყვანის საქმეები გადაეწყვიტა. 1980 წელს ბერლინის მკვიდრმა, ერიკა ჰიუბერსმა განაცხადა, რომ მას პოლ მაკარტნისგან 17 წლის გოგონა ჰყავდა, რომელიც თითქოს იმ პერიოდში ჩაისახა, როცა „ბითლზები“ ჰამბურგის კლუბებში უკრავდნენ. „მომკალით და არ მახსოვს ეს ქალი!“ – ამტკიცებდა მაკარტნი. მარშა ჰანტმა კი სასამართლოს დახმარებით აიძულა მიკი ჯაგერი მისი შვილის მამობა ეღიარებინა.
„ყველა ქალაქის გრუპი თავისებურია, – აღნიშნა ჯიმი პეიჯმა. – მაგალითად, ჩიკაგოში ერთ საწოლში ერთდროულად ორ-სამ გოგოსთან ჟიმაობა შეგიძლია“. 1969 წელს, ჟურნალმა Rolling Stone-მა გრუპის ფენომენისადმი მიძღვნილი ნომერი გამოსცა. მაშინ ჟურნალი გააკრიტიკეს იმ სტატიის გამო, სადაც ავტორი ამტკიცებდა, რომ ნიუ-იორკელი გრუპიები „სულ სხვა ჯიშისანი“ არიან. იგივე პეიჯის განმარტებით, სან-ფრანცისკოელი გრუპიები თითქმის მეგობრები არიან, როცა ნიუ-იორკელი და ლოს-ანჯელესელი გრუპიები იმის თვლაზე არიან დაციკლულები, თუ ვინ უფრო მეტი პოპ-ვარსკვლავი მოინადირა. ერიკ კლეპტონი იხსენებს 1967 წელს, როცა ჯგუფ The Who-სთან ერთად Murray the К Show-ში გამოდიოდა: „ირგვლივ ტონობით გოგონა ირეოდა... ზოგი საშინელი შესახედაობის, ნათრევ ბებერ ძუკნას ჰგავდა, თუმცა მათთან ერთად ძალიან პატარა გოგონებიც იყვნენ, რომელთაც ბოლომდე არ ესმოდათ, რომ გრუპიებად ყალიბდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მათ ზედმეტად უმწიკვლო გამომეტყველება ჰქონდათ“.
მსგავსმა კლასიფიკაციამ საკმაოდ გაამართლა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაჩნდა „მუდმივი გრუპის (ხარჭის) ინსტიტუტი“. ჯენი ფაბიანი, რომელიც სხვადასხვა დროს რამდენიმე ინგლისური გრუპის დაჯგუფების წევრი იყო და ჯონი ბირნთან ერთად წიგნის Groupie-ის, თანაავტორიც გახდა, ამტკიცებს, რომ მათ წრეში ძალიან მძლავრი კონკურენცია არსებობდა.
ფსკერზე იყვნენ ე.წ. „ძუკნები“, რომელთა „დათრევაც“ ნებისმიერ მომენტში იყო შესაძლებელი. მათ არ უხდიდნენ ფულს, მადლობასაც კი არ ეუბნებოდნენ. იყენებდნენ მაშინ, როცა ამის მოთხოვნილება გაუჩნდებოდათ. ბობი კოლომბო, Blood, Sweat And Tears-ის დრამერი, რომელიც შარშან თბილისშიც იყო, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: „ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ჯგუფი ვართ. ქალებიც ასეთივე მახინჯები გვყავს, ამაზრზენები და სქელტრაკიანები“. დეტროიტში გასტროლისას „ზეპელინის“ მუსიკოსებს ორი ზედმეტად შეუხედავი, მაგრამ გაჯინებული არსება აეკიდა. მუსიკოსებმა ისინი თავიდან ვერაფრით მოიცილეს, ბოლოს კი შურისძიება გადაწყვიტეს. გეგმა ასეთი ჰქონდათ: ორთავე სასტუმროს ნომერში უნდა შეეთრიათ, გაეშიშვლებინათ და ტანზე ფუნთუშების კრემი წაეთხიპნათ. ფუნთუშების მოსატანად რობერტ პლანტი გაგზავნეს, მაგრამ გვიანი ღამის გამო მან „საწამებელი მასალა“ ვერ იშოვა. მუსიკოსებს ჩანაფიქრი ჩაეშალათ. „ძუკნებს“ შორის იყო ცნობილი გრუპი რინი, რომელიც ორალური მეთოდებით ართობდა თვითმფრინავში „როლინგების“ მუსიკოსებს. ერთხელ შიშველი რინი დაქანცული და ოფლიანი იწვა თვითმფრინავის იატაკზე. ამ დროს სალონში ფორთოხლის წვენით მისი „კოლეგა“ შემოვიდა. დაღლილმა რინიმ ერთი ყლუპი წვენი მოსთხოვა, რაზეც მეორე გრუპიმ უპასუხა: „იმის შემდეგ, რასაც შენ აკეთებდი, ვერ დაგალევინებ მეგობარო“.
მწვერვალზე „ქალბატონები“ ბინადრობდნენ, რომელთა უმრავლესობა თავს გრუპიებად აღარც კი თვლიდა. მათ ისე ეპყრობოდნენ, როგორც ცოლებს ან უმაღლესი კლასის მეძავებს. 60-იანების მიწურულს ვიეტნამის ომის ვეტერანი და მუსიკოსი, ქანთრი ჯო მაკდონალდსი ამბობდა: „რა მნიშვნელობა აქვს რა მოტივები აქვთ მათ? თუ თქვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, კმაყოფილები დარჩებით. გრუპი ასწორებს. ის შენს კონცერტებზე დადის, სცენაზე ყვავილებსა და ტრუსებს გესვრის, საწოლში გიწვება... მოკლედ, მაგარია!“ ერიკ კლეპტონი იხსენებს: „უმრავლეს შემთხვევაში გრუპიები ძალიან თბილები და გულისხმიერები იყვნენ. თუკი მათთან სიყვარული მოგინდებოდათ, უარს არ მიიღებდით. როცა იღლებოდი, ისინი საჭმელს აკეთებდნენ და ნომერს ალაგებდნენ. მათთან ერთად თავს ისე გრძნობდი, როგორც სახლში“. იგივეს ამტკიცებდა ჯიმი ჰენდრიქსიც: „ისინი ტყუილუბრალოდ არ ამბობენ, რომ „სიყვარულს ვატარებთ“, ეს მართლაც ასეა. სანამ იმ ქალაქში სტუმრად ხარ, ზრუნავენ შენზე, წინდებს გირეცხავენ, თან გყვებიან, რადგან იციან, რომ სამუდამოდ ვერ დაგეუფლებიან“. თუმცა ამ რომანტიკული ილუზიების მიღმა მამაკაცური შოვინიზმის მკაცრი რეალობა იმალებოდა. ჰენდრიქსის მეგობარი გოგონა კეტი ეჩინჰემი იხსენებდა: „მას არანორმალური სექსუალური მადა ჰქონდა. ერთ ღამეში თავისუფლად შეეძლო სამ-ოთხ გოგონასთან ჰქონოდა კავშირი. ერთხელ მანჩესტერის კონცერტის შემდეგ ქალთა ტუალეტში შევისწარი ვიღაცასთან ერთად. მისთვის ის გოგონა არაფერს წარმოადგენდა, ისევე, როგორც ჩემთვის ეს სცენა არ ნიშნავდა რაიმეს. მაშინ უბრალოდ ვთხოვე აჩქარებულიყო, რადგან ლონდონის მატარებელზე გვაგვიანდებოდა“.
საერთოდ, ჰენდრიქსი ქალებთან, ნარკოტიკებთან და დასალევთან დამოკიდებულებაში არავითარ ნორმებს არ იცავდა. გაცნობის პირველივე დღეებში ჯიმიმ კეტი საძინებელ ოთახში ჩაკეტა. თვითონ კი გარედან მოთმინებით უხსნიდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ქალი, რომლისთვისაც ის რაღაცას წარმოადგენდა. ლონდონში ყოფნისას, მეგობართან დასარეკად ნომერში ასულ კეტის ჰენდრიქსი აედევნა. ეგონა მისი გოგონა იდუმალ საყვარელს ესაუბრებოდა. სინამდვილეში კეტი თავის მეგობარ გოგონას უზიარებდა შთაბეჭდილებებს. გამძვინვარებულმა ჯიმიმ კეტის ტელეფონი თავზე გადაამტვრია. საბედნიეროდ, გოგონას განწირული ყვირილი დერეფანში ლენონმა და მაკარტნიმ გაიგონეს, ნომერში შეცვივდნენ და სიტუაცია განმუხტეს. თუმცა სხვა დროს ზედმეტად ეჭვიანმა ჰენდრიქსმა კეტი კიდევ სცემა და ცხვირი სამ ადგილას გაუტეხა.
გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს, ჟურნალისტ ელ არონოვიცის მტკიცებით, ნიუ-იორკში 4-5 სახელგანთქმული გრუპი ცხოვრობდა. მათგან ერთ-ერთი, სახელად დევონი, ჰენდრიქსის ყველაზე ცნობილი მეგობარი იყო, თითქმის ცოლი. თუმცა დევონი დიდხანს არავისთან ჩერდებოდა. ამ გრუპისთან მეგობრობა ვარსკვლავის სტატუსის მანიშნებელი იყო. დევონს უამრავი სახელგანთქმული ფავორიტი ჰყავდა: ბრაიან ჯონსი, მიკ ჯაგერი, თავად ჯიმი ჰენდრიქსი და სხვები. მასთან ურთიერთობა კარგ ტონად ითვლებოდა. მისი ტელეფონის ნომერი მიკ ჯაგერმაც შეიტყო, დაურეკა და ფილადელფიის კონცერტზე გაყოლა შესთავაზა. ამის შემდეგ დევონს მეგობრები ურეკავდნენ და ულოცავდნენ დიდ გამარჯვებას. ასეთი დიდი რეაქცია თუნდაც იმით იყო განპირობებული, რომ დევონი შავკანიანი იყო. ერთი პერიოდი ჰენდრიქსის ცოლობაზეც ფიქრობდა, თუმცა, ამავე დროს, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, სუტენიორის როლსაც ითავსებდა და მუსიკოსს სხვა გოგონებით „ამარაგებდა“. დევონი ბედნიერად გრძნობდა თავს, რადგან ბევრისთვის სასურველი ქალი იყო. ჰენდრიქსის სიკვდილმა იგი შეძრა. ორიოდე წლის შემდეგ მან ჰეროინის ზედმეტი დოზით მოიკლა თავი.
კიდევ ერთი სახელგანთქმული გრუპი კრისი ცნობილი ამერიკული ჯგუფის Lynard Skynard-ის მენეჯერის დინ კილპატრიკის უახლოესი მეგობარი იყო. კილპატრიკი მთელ ჯგუფთან ერთად 1977 წელს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. კრისი იხსენებდა: „ვუდსტოკი ის ადგილი იყო, სადაც მე პირველად სახლისგან მოცილებით აღმოვჩნდი. უკვე ვეწეოდი ბალახს, თუმცა უფრო სერიოზულ რამეებს არ ვეტანებოდი. ძალიან ბევრთან ვიწექი, ყველას გახსენება მიჭირს“. ვუდსტოკიდან კრისი ერთ მუსიკოსს ნიუ-იორკში წაყვა. ერთი კვირის განმავლობაში კრისი იღებდა ალკოჰოლსა და მძიმე ნარკოტიკებს („ელესდეს“ ჩათვლით). ამან ყველაფერმა ცუდად იმოქმედა გოგონაზე. მეგობარმა ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ გრუპი ცუდად იყო. უფრო მეტიც, შეეცადა, გაეუპატიურებინა და ისე საშინლად სცემა, რომ კრისი საავადმყოფოში მოხვდა. ამის შემდეგ კრისი ტიპიური გრუპივით ცხოვრობდა და დამცირებებს სხვა მუსიკოსებისგანაც იტანდა. კრისი ამბობდა: „ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ამ ცხოვრებაში რაღაც დანიშნულება მქონდა – ამესრულებინა ვიღაცის ოცნება, დავხმარებოდი ვინმეს, ხალხისთვის რაღაც კარგი გამეკეთებინა... საშინლად ვცდებოდი“. კილპატრიკის დაღუპვის შემდეგ კრისმა როკის სამყარო საბოლოოდ მიატოვა, მშობლებთან დაბრუნდა და სავექილო კანტორაში მდივნად დაიწყო მუშაობა.
„როკ-ენ-როლის ცოლის“ მდგომარეობის მიღწევა მხოლოდ ილუზიური ტრიუმფია. გრუპის შეუძლია შეაღწიოს წმინდათაწმინდაში, მაგრამ ამისათვის საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაა საჭირო. კინომსახიობმა ანიტა პალენბერგმა, ტევტონელმა ლამაზმანმა, საკუთარ თავზე გამოსცადა გრუპის ხვედრი. 60-იანი წლების ნახევრიდან ის „როლინგების“ წევრს ბრაიან ჯონსს დაუმეგობრდა. თავიდანვე მათი ურთიერთობა დაძაბული იყო. ჯონსი ანიტასგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვდა, გოგონა კი მის პარანოიკურ ფანტაზიებში მონაწილეობდა, მასთან ერთად იღებდა ნარკოტიკს. 1967 წელს ანიტა კიტ რიჩარდსთან წავიდა. თავდაპირველად ამ რომანს ისინი ბრაიანს არ უმხელდნენ, მაგრამ, როცა ჯონსმა მაროკოს ოტელში ორი მეძავი მიიყვანა და ანიტას ამ ჯგუფურ ორგიაში მონაწილეობა მოსთხოვა, კიტმა გოგონა მანქანაში ჩასვა და წაიყვანა. თავის მხრივ, არც ანიტა იყო ანგელოზი. ერთი პერიოდი ჰეროინზე „იჯდა“, თუმცა მან ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა მოახერხა. როგორც სხვა როკერები, ოკულტიზმით იყო გატაცებული და ნიკოლას როგას ფილმის Performance გადაღებების დროს, მთელი გადამღები ჯგუფი ჭკუიდან გადაიყვანა. 70-იანების მიწურულს კი განაცხადა, რომ კუდიანთა შაბაშის წევრია, თუმცა მოგვიანებით ამას უარყოფდა. 1979 წლის ივლისში საუტ-სალემში, კიტ რიჩარდსის აგარაკზე, ანიტას ლოგინში 17 წლის სკოტ კანტრელის გვამი აღმოაჩინეს, რომელმაც თავი 38-კალიბრიანი „სმიტ-ვესონით“ მოიკლა. იარაღი სამი ტყვიით სახლში ინახებოდა. სკოტი მამასთან კონფლიქტის გამო დეპრესიით იყო შეპყრობილი. ცხოვრების უკანასკნელ დღეს ის ანიტასთან ერთად სვამდა, მარიხუანას ეწეოდა და რუსულ რულეტზე ბევრს ლაპარაკობდა. გარდაცვლილი სკოტის მამა ირწმუნებოდა, რომ ანიტა მის ბიჭზე შეყვარებული იყო, შეაცდინა და მასზე ოკულტურ ცდებს ატარებდა. მიუხედავად ამისა, ანიტას მხოლოდ ერთი ბრალდება, – არარეგისტრირებული იარაღის შენახვა – წაუყენეს. შეიძლება, მხოლოდ ვივარაუდოთ, რა რთული ურთიერთობა ექნებოდა მას იმ პერიოდში კიტთან, თუმცა რიჩარდსის პრეს-აგენტი ამტკიცებდა, რომ წყვილი ერთმანეთს არ დაშორებია. მართლაც, სკოტის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ კიტი ანიტასთან და მათ საერთო შვილთან მარლონთან დაბრუნდა.
„როლინგ სტოუნზის“ ფანატ გრუპიებს შორის ალბათ ყველაზე გამორჩეული (70-იანების მეორე ნახევარში) იმდროინდელი კანადის პრემიერ-მინისტრის პიერ ტრიუდოს ახალგაზრდა ცოლი მარგარეტ ტრიუდო იყო. როდესაც 1977 წელს ჯგუფის წევრები ტორონტოში ჰეროინის შენახვისთვის დააკავეს, მარგარეტი „როლინგებმა“ ავადმყოფურად მოიხიბლეს. ნიუ იორკში ჯაგერთან გატარებული დღეების შემდეგ მიკიმ განაცხადა: „მე არც დამიყოლებია რამეზე და არც უარი მითქვამს. აბა, სცადე თავი დაიძვრინო ადამიანისგან, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე 6 დაცვის ბიჭი დასდევს და თითოეულს ჯიბეში ორ-ორი იარაღი უდევს. გმადლობთ, მაგრამ არაფრის დიდებით. ის მეტად თვითდაჯერებული ახალგაზრდა აღმოჩნდა, თუმცა, ჩემის აზრით, უბრალოდ ავადმყოფია. მასთან ორი ღამე გავატარე, მაგრამ ამის შემდეგ ახლოსაც არ გავეკარები“.
გრუპიების ცხოვრება დღესაც გრძელდება და არა მარტო როკ-მუსიკაში. თითქმის ყველა სტილის მიმდევრებში არსებობენ გოგონები, რომლებიც საკუთარი თაყვანისცემის ობიექტთთან ლოგინში ჩასაკოტრიალებლად ყველაფერს გააკეთებენ, ყველანაირ სექსუალურ მომსახურეობას შესთავაზებენ.
ჟურნალი „ანაბეჭდი“ №12, მარტი, 2006 წელი
No comments:
Post a Comment