Wednesday, April 5, 2006

კინო და მუსიკა, საუნდტრეკები

კინოსთვის მუსიკის შექმნა იმ დროიდან დაიწყეს, როცა ჯერ კიდევ უხმო ფილმებს იღებდნენ. მაშინ კინოთეატრში როიალზე ან პიანინოზე ტაპერი, ანუ კინოს მუსიკალურად გამფორმებელი, სხვადასხვა პოპულარული მელოდიების ფრაგმენტებსა და იმპროვიზაციებს ასრულებდა. ტაპერები სახელგანთქმული კომპოზიტორებიც კი იყვნენ. მაგალითად, ამ საქმიანობით ირჩენდა თავს დიმიტრი შოსტაკოვიჩი. არაერთხელ უთქვამს, რომ ტაპერობა შემდგომში კინომუსიკის შექმნაში ძალიან გამოადგა. ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ ჩარლი ჩაპლინი თავად წერდა მუსიკას საკუთარი უხმო ფილმებისთვის.

მუნჯური, ანუ უხმო კინოს დროსაც კი მუსიკა აუცილებელი იყო, მის გარეშე ფილმი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა და სწორედ მუსიკა აძლევდა სიღრმეს. თუმცა თავდაპირველად მუსიკას ძალზედ ბანალური მიზეზის გამო იყენებდნენ – მისი საშუალებით სეანსებზე პირველი კინოპროექტორების ხმამაღალი გრუხუნის ჩახშობას ცდილობდნენ. 1927 წლიდან კი, რომელიც ხმოვანი კინოს ერის დასაწყისად ითვლება, კინოფირზე ხმასთან ერთად მუსიკის ჩაწერაც დაიწყეს. მუსიკის ფირზე გადატანის ტექნიკა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. ტექნიკური თვალსაზრისით, დღეს „THX“-ისა და „Dolby Surround“-ის სისტემის გარეშე ფილმის ხმის დამუშავება და ფირზე მუსიკის დატანა უკვე წარმოუდგენელია.

თითქმის ყოველ ფილმში (მნიშვნელობა არა აქვს კომერციულია ის თუ არა) ჟღერს ორიგინალური მუსიკა. მუსიკოსებმა კინომუსიკაზე ფულის კეთებაც ისწავლეს და თითქმის ყველა ფილმთან ერთად ცალკე აუდიო კომპაქტდისკებზე უკვე ორიგინალური საუნდტრეკიც გამოდის. ზოგჯერ ფილმზე მეტად პოპულარული მისი საუნდტრეკი გამხდარა. გასული საუკუნის მიწურულიდან საუნდტრეკების ბიზნესმა საოცარი აღმავლობა განიცადა და დღეს უკვე თითქმის არ გამოდის ფილმი (მნიშვნელობა არა აქვს ბლოკბასტერია თუ არა ის) ორიგინალური საუნდტრეკის (ანუ OST-ის) სიდის გარეშე.

კინოსათვის მუსიკა ან სპეციალურად იქმნება, ან უკვე დაწერილი გამოიყენება, რა თქმა უნდა, მისი ხასიათის შესაბამისად. ფილმის მუსიკის ავტორი საკუთარ თავსა და მუსიკას განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს, ვიდრე საკონცერტო კომპოზიტორი ან ის შემსრულებელი, რომელიც მუსიკას თავისთვის წერს. კინოსათვის ნაწარმოები არა მარტო მოსასმენად, არამედ, პირველ რიგში, კინოკადრების ინტენსიფიცირებისთვის იქმნება. ამისთვის კომპოზიტორი მუსიკას ფილმის მსვლელობას უმორჩილებს.

კინომუსიკა ადამიანში უამრავ ემოციას იწვევს. მას შეუძლია, მაყურებელი შეაშინოს, დაამშვიდოს, აყვიროს, გაუღვივოს სითბოს ან სიძულვილის გრძნობა. ამავე დროს, მუსიკას შეუძლია, თავგზა აგვიბნიოს, თუკი მისი მოსმენით გამოწვეული მოლოდინი ფილმის მსვლელობისას არ გამართლდება ან, პირიქით – წინასწარ გაამჟღავნოს, როგორ განვითარდება კინოისტორია. თუ ერთხელ მაინც ვნახავთ ფილმს მუსიკის (და არა ხმის გარეშე) გარეშე, ხშირ შემთხვევაში ის ნაკლებად ღრმად და ორგანზომილებიანად მოგვეჩვენება, თითქოს მაყურებელსა და მოქმედებას შორის ემოციური კავშირი გაწყდა. ავიღოთ, ვთქვათ, ასეთი უწყინარი სცენა: მზის ჩასვლის ფონზე მიტოვებული სახლი ჩანს. ფილმის კომპოზიტორს ან მუსიკალურ გამფორმებელს ამ კადრებზე ყველანაირი მუსიკის დადება შეუძლია, მელანქოლიურისაც კი, რათა მაყურებელში შესაბამისი გრძნობა აღძრას. მუსიკის გარეშე კი ასეთი სცენა, რომელიც მარტოობის საშინელებას გადმოსცემს, შესაძლოა, ერთმნიშვნელოვნად ავის მომასწავებლად და ერთობ დამთრგუნველადაც აღვიქვათ.

ჩვენ შეგვიძლია, სამი სახეობის კინომუსიკა ერთმანეთისგან გამოვყოთ:

1. მუსიკა, რომელიც ფილმის განწყობასა და შინაარს გადმოსცემს.
2. მუსიკა, რომელიც აკავშირებს.
3. მუსიკა, რომელიც მაყურებელს თავგზას უბნევს და წინააღმდეგობებს იწვევს.

ფილმის განწყობის მუსიკა

ცნობილი კომედიის, „პოლიციელთა აკადემიის“ მე-4 სერიაში არის ასეთი სცენა – ერთ-ერთი კადეტი შხაპს იღებს. ფარდის მიღმა ჩანს მისკენ მომავალი ვიღაცის ლანდი, რომელსაც ხელში საეჭვო ნივთი უჭირავს. ამ „ნივთის“ ლანდის დანახვაზე კადეტს დანის ასოციაცია უჩნდება და საშინელ შიშს ჭამს. ფარდის გადაწევის შემდეგ აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში კოლეგას მისთვის კბილის პასტა მოჰქონდა. ამას ყველაფერს მაყურებელი ხედავს, მაგრამ ესმის კარდინალურად სხვა მუსიკა. ეს არის ბერნანდ ჰერმანის მიერ ალფრედ ჰიჩკოკის „ფსიქოსათვის“ დაწერილი დაუვიწყარი ვიოლინოების სკრეჩი. მაყურებელი კარგად იცნობს ამ მუსიკას, რომელიც საშინელ მკვლელობასთანაა უკვე გაიგივებული, და ჰგონია, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს. მოყვანილ ეპიზოდში განწყობა სწორედ ცნობილმა მუსიკამ შექმნა.

თუმცა მუსიკას არა მარტო ცალკეული ეპიზოდის განწყობის შექმნა შეუძლია. ბევრი ფილმის დასაწყისში ის გვაგრძნობინებს, თუ რა თემაზეა ფილმი გადაღებული – ტრილერია, სასიყვარულოა, ბატალურია თუ სხვა… მას უფრო მეტი შეუძლია მოუთხროს მაყურებელს სანახავ ფილმზე, ვიდრე ფილმიდან ამოღებულ ასეულობით ფოტოსურათს. კინომუსიკა სწორედ იმ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც აუცილებელია და რეჟისორს სურს.

ამავე დროს, კინომუსიკაში ძალიან მნიშვნელოვანია რიტმი და მელოდია. მკვლევარები ამბობენ, რომ რიტმს პრინციპულად ვერტიკალური ზემოქმედება აქვს, მედიტაციისა და ექსტაზის მსგავსად, ხოლო მელოდიას, პირიქით – ჰორიზონტალური. ამ უკანასკნელის ფუნქცია დროის მსვლელობის გამოხატვაა. სწორედ ამიტომ ჟღერს ხაზგასმულად დღევანდელ ფილმ-ექშენებში რიტმული მუსიკა, განსაკუთრებით, აფეთქებებისა და ბრძოლების სცენებში. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკის რიტმიკა ფილმის დრამატულ ასპექტებს ავითარებს, ხოლო მელოდია მოქმედებას აჩქარებს.

მუსიკა რომელიც აკავშირებს

ასეთი კინომუსიკა მაშინ ჟღერს, როცა რომელიმე ისტორიული მომენტის ან სოციალური ფენის აღწერაა საჭირო. საზოგადოების ნებისმიერ ფენას მისთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური ხმის იდიომა, საკუთარი დიალექტი გააჩნია. ეს დიალექტები ზუსტად გამოსახავენ იმ გარემოს, სადაც ფილმის გმირებს უხდებათ ცხოვრება. ისტორიულ ფილმებში დიდგვაროვნებსა თუ უბრალო მოქალაქეებს არა მარტო ადგილსაცხოვრებლები და მათი ხედები ახასიათებთ, არამედ ის მუსიკაც, რომელიც მათივე ფენებში იყო გავრცელებული. ასეთი ფილმის კომპოზიტორი უმრავლეს შემთხვევაში ისეთ მუსიკას ქმნის, რომელიც იმ დროის პარტიტურების მიხედვითაა შექმნილი, ან ხალხურ მუსიკაზეა დაფუძნებული. მაგალითად, 1950 წელს გადაღებულ ფილმ „სირანო დე ბერჟერაკში“ (დიმიტრი ტიომკინის მუსიკა) შუა საუკუნეების მუსიკალურ კონტექსტს აღმოაჩენთ, თუმცა კარგად მოსმენისას მივხვდებით, რომ მუსიკას დიდი სიმფონიური ორკესტრი ასრულებს. არადა, მე-15 ასწლეულში სიმფონიური ორკესტრი საერთოდ არ არსებობდა. ასეთ შემთხვევებში კომპოზიტორები ახერხებენ, მუსიკას დაახლოვებით მაინც მისცენ ისეთი ჟღერადობა და ხასიათი, როგორც იმ გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთში ჰქონდა, რომელშიც მოქმედება ვითარდება.

გარდა ამისა, მუსიკის ავტორები და მუსიკალური გამფორმებლები ისეთ ე. წ. ორიგინალურ ციტატებს, ანუ იმ მუსიკას მიმართავენ, რომელიც ფილმში განვითარებული მოვლენების დროისთვის იყო დამახასიათებელი. ფილმში „ფორესტ გამპი“ ალან სილვესტრის მუსიკასთან ერთად სწორედ ასეთი „ორიგინალური ციტატებია“ „ჩაყრილი“, თუნდაც ელვის პრესლისა და ბიტ-მუსიკოსების სიმღერები. ეს მეთოდი დღეს ფართოდ გამოიყენება. სტენლი კუბრიკი ხშირად კლასიკოსებს მიმართავდა. მაგალითად, ფილმ „კოსმოსური ოდისეა 2001“-ის კაშკაშა დასაწყისში რიხარდ შტრაუსის მუსიკაა გამოყენებული, ხოლო „მექანიკურ ფორთოხალში“ შილერის „სიხარულის ოდაზე“ დაწერილი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია ჟღერს. არიან კრიტიკოსები, რომელთაც არ მოსწონთ ასეთი მუსიკალური ფორმა, თითქოს მუსიკალურად შეუძლებელია კონკრეტულად იმ დროის გადმოცემა, რომელშიც მოქმედება ხდება, მაგრამ თუ ასეთ ფილმებში თანამედროვე ადამიანები თამაშობენ და ზუსტად ვერც ისინი გადმოსცემენ რომელიმე ისტორიული პერიოდის თუნდაც ემოციებს, რატომ არ შეიძლება, იგივე გააკეთოს კინომუსიკის ავტორმაც?

მუსიკა, რომელიც წინააღმდეგობებს იწვევს

მუსიკა წინააღმდეგობებს იწვევს, როცა ელოდებიან, რომ ის კადრებთან სრულ ჰარმონიულობაშია, როცა მან მოქმედებათა განვითარება მაყურებლისთვის უფრო გასაგები უნდა გახადოს და ყველა შესაძლო სიუჟეტური პრობლემისთვის მოამზადოს, მაგრამ ხდება პირიქით. „ხშირ შემთხვევაში სწორედ მუსიკა განსაზღვრავს მოქმედებას და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში მოქმედება განსაზღვრავს მუსიკას“ (მიკი მოუზინგი). ზოგჯერ მუსიკა დისონანსშია ფილმთან და, რაც უნდა გაგვიკვირდეს, ხშირად ფილმის წარმატების შანსებს ზრდის.

კრიტიკოსებს ასეთი დისჰარმონიულობის მაგალითად ფილმი „დილა მშვიდობისა ვიეტნამო!“ მოჰყავთ, სადაც მთავარ როლში რობინ უილიამსია დაკავებული. მათი აზრით, ამ კინოსურათში წინააღმდეგობრივი მუსიკა ჟღერს. ფილმში არის სცენა, რომელიც ერთ-ერთ მთავარი არგუმენტია ამ აზრის ფორმულირებაში. ერთ მომენტში, როდესაც ლუი ამსტრონგის სიმღერა „What a wonderful world“ ჟღერს, კადრში ჩანს, თუ როგორ იღუპებიან ვიეტგონგოელებთან ბრძოლაში ამერიკელი ჯარისკაცები ბრინჯის ყანებში მშვენიერ, მზიან ამინდში.

სწორედ ასეთი დისონანსი საშინელ სურათსა და მსუბუქ, ლამაზი მუსიკას შორის ეფექტს ახდენს მაყურებელზე, რომ ომი საშინელებაა. სიუჟეტსა და მუსიკას შორის ეს დისჰარმონია მაყურებელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის ერთგვარი საშუალებაა. მსგავსი „მარგალიტები“ კინემატოგრაფიაში მრავლად მოიპოვება. არის მომენტები, როდესაც სიუჟეტთან შეუსაბამო მუსიკა ცდილობს მაყურებელმა უფრო რბილად ან, პირიქით, უფრო მძაფრად აღიქვას კინოსურათი, თუნდაც წინასწარ შეიტყოს, როგორ შეიძლება, არ განვითარდეს მოქმედება ფილმში.

პოპულარული კინოკომპოზიტორები და საუნდტრეკები

ბევრ ცნობილ რეჟისორს საკუთარი „ამოჩემებული“ კომპოზიტორი ჰყავდა და ჰყავს. ფედერიკო ფელინის ფილმები წარმოუდგენელია ნინო როტას მუსიკის გარეშე, ისევე როგორც კშიშტოფ კიშლევსკის კინო – ზბიგნევ პრეისნერის ნაწარმოებთა გარეშე. ემირ კუსტურიცას ფილმებით გორან ბრეგოვიჩმა გაითქვა სახელი, პიტერ გრინუეის ნამუშევრებში კი ხშირად მაიკლ ნაიმანის მუსიკა ჟღერს. ასევე ცნობილი კომპოზიტორები არიან: ენიო მორიკონე, მიშელ ლეგრანი, ლეონარდ ბერნსტეინი, ედუარდ არტემიევი, ანდრეი პეტროვი, გია ყანჩელი, იან ტირსენი, პიტერ გეიბრიელი და მრავალი სხვა.

კინემატოგრაფიაში სპეციალური კინომუსიკის გარდა დღეს ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პოპ-შემსრულებელთა კომპილაციები, რომელთაც ფილმებისთვის მუსიკალური გამფორმებლები და რეჟისორები ფილმის ხასიათიდან გამომდინარე არჩევენ. დინამიკურ კინოფილმებში ხშირად ჟღერს ცალკეულ პოპ-მუსიკოსთა ჰიტები. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ამ საუნდრეკთა აუდიო დისკების პრეზენტაცია-რელიზებიც ეწყობა. ამ შემთხვევაში ის პოპ-მუსიკა, რომლითაც ესა თუ ის ფილმი ფორმდება, დამატებითი შემოსავლის წყაროცაა.

დაბოლოს, 2004 წლის მიწურულს ინგლისურმა BBC-მ 10 000 ადამიანი გამოკითხა. მათ კინოს ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი უნდა დაესახელებინათ. შედეგად არხის საიტზე 10 საუკეთესო საუნდტრეკი გამოქვეყნდა, რაც ასე გამოიყურება:

1. The Blues Brothers
2. Pulp Fiction
3. Trainspotting
4. Saturday Night Fever
5. Dirty Dancing
6. Grosse Point Blank
7. Kill Bill Vols. 1 and 2
8. The Royal Tenenbaums
9. Lost in Translation
10. Fight Club.
























ჟურნალი „ანაბეჭდი“ №13, აპრილი, 2006 წელი

No comments:

Post a Comment