Tuesday, December 5, 2006

გემოვნების ანატომია


ადამიანის მუსიკალური გემოვნება წლებთან ერთად იცვლება. ალბათ, ბევრ თქვენგანს ყმაწვილობისას (ზოგს უფრო მოგვიანებითაც) ჰქონია ადამიანთა შეფასების საკუთარი მუსიკალური შკალა. თუკი უსმენდი, ვთქვათ, Led Zeppelin-ს, სხვა, ვინც მაგალითად Boney M-ს ან, სულაც, ჯეიმს ბრაუნს უსმენდა, უფრო ცუდ ან „უდონო“ ტიპად შეგეძლო ჩაგეთვალა.

ქეთათო (მუსიკოსი, ტელეწამყვანი): „მუსიკის მოსმენა ბავშვობაში ელვის პრესლით და „ბითლზით“ დავიწყე. ამ უკანასკნელის პლაკატი ჩემს საძინებელში საწოლის წინ იყო გაკრული. ამიტომ მათი სახეები მკვეთრად მახსოვს. 10 წლის ვიყავი, როდესაც ძალიან მომეწონა პიტერ გაბრიელი, კიდევ უფრო ადრე – დევიდ ბოუვი. 11-12 წლის შემდეგ ჩემი მუსიკა დამძიმდა. 14 წლის ვიყავი, როცა საქართველოში Nirvana და გრანჟ-მუსიკა შემოვიდა. ელექტრო-მუსიკაც მომწონდა და ჰიპ-ჰოპიც. უნდა აღვნიშნო, რომ პატარაობისას ძალიან სწორხაზოვანი და რადიკალი ვიყავი, რადგან კონკრეტულ მუსიკას ვუსმენდი და თუ განსხვავებულს ჩართავდნენ, ვბრაზდებოდი კიდეც. ახლა უფრო ლოიალური გავხდი. თუმცა, დღემდე ვერ ვუსმენ სოულს, ასეთი „კაი ტიპი“ ჯერ ვერ გავხდი.

არ ვიქნები მართალი, რომ გითხრა, ყველაფერს ვუსმენ-მეთქი. ჩემი აზრით, ადამიანის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, ასაკთან ერთად, სხვა ადამიანების ზეგავლენებიც მოქმედებს. აი, ფანკი ირაკლიმ მომაწონა. ჯგუფი Fun Lovin’ Criminals ირაკლის გავლენით მომეწონა. ბევრი რამ მე და ირაკლის ერთად მოგვწონდა. როდესაც მესმის ისეთი მუსიკა, რომელიც ძალიან მიყვარს, შეიძლება საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგო და პატარა ბავშვივით ვიხტუნო. მუსიკა საკვებივით მჭირდება, მის გარეშე არ შემიძლია. მომწონს კაი ტიპები, რადგან კარგ მუსიკას ყოველთვის კაი ტიპები ქმნიან“.

ლევან რამიშვილი (პუბლიცისტი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „საბა 2006“-ის მფლობელი): „მუსიკის მოსმენა შვიდი-რვა წლის ასაკიდან „ბითლზით“, „პინკ ფლოიდით“, „ქუინით“დავიწყე... გამიმართლა – ჩემი უფროსი ძმა დიდი მელომანი იყო და მეც, ძალაუნებურად, მოწინავე მსმენელი გავხდი. ჩემი ძმა სახლიდან რომ მიდიოდა, ჩუმად ვრთავდი მაგნიტოფონს და ვუსმენდი – ეს ორმაგად ფანტასტიური გრძნობა იყო... მახსოვს, ერთხელ „პინკ ფლოიდის“ ერთ-ერთი ალბომის (მგონი „ამაგამას“) მოსმენისას, რაღაც ექსტაზის მაგვარში ჩავვარდი – რომელიღაც უჯრედში ფანტაზიის სარქველი გაიხსნა. გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ მოვითმინე და მათ აღწერას შევუდექი. მთელი რვეული გავავსე. რვეული ჩემმა ძმამ იპოვა და უფროსი ძმის „კრუტოი“ პოზის მიუხედავად, გაოცება ვერ დამალა. მაშინ ათი წლის ვიქნებოდი. სამწუხაროდ, ის რვეული მერე აღარ მინახავს... ახლახანს მოვუსმინე იგივე ალბომს და ვერაფერი ვიგრძენი, „დაჟე“ არ მომეწონა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მუსიკა თავისთავად არსებობს ჩვენს ირგვლივ, მაგრამ მის აღსაქმელად ან გვაქვს ყური გახსნილი, ან – არა. აქ ასაკიც მოქმედებს – რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო გახსნილია სამყაროს მიმართ. თუ გახსნილი ხარ, მუსიკასთან შეხვედრა შედგება და რაც უფრო მეტად ხარ გახსნილი, ეს შეხვედრა მით უფრო მშვენიერი იქნება. ადამიანის და მუსიკის შეხვედრა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამ არის. ეს შემიძლია მხოლოდ გოგოსა და ბიჭის იმ შეხვედრას შევადარო, როცა სიყვარული იბადება. არ მეგულება არც ერთი სტილის მუსიკა, რომ არ მიყვარდეს (ქართული საქორწილო-სამარშუტკო რეპერტუარის და კონცეპტუალური მუსიკის გარდა). ყველაზე მაღლა კი (კლასიკაზე მაღლაც) ინდურ და იაპონურ მუსიკას ვაყენებ. მუსიკალური გემოვნება ყველაზე პირადული, ინტიმური და ამოუცნობ-გაუშიფრავი რამ არის. რაც უფრო იზრდები, ნერვებიც უფრო მგრძნობიარე გიხდება და, ძალაუნებურად, უფრო წყნარი მუსიკა მოგწონს. ამ ბოლო დროს ხშირად სიჩუმეს უფრო დიდი სიამოვნებით ვუსმენ, ვიდრე მუსიკას. მჯერა რომ ყველა მუსიკა – დაწერილი და ჯერ დაუწერელი, სიჩუმეშია შენახული“.

გოჩა გოშაძე (ფსიქოლოგი): „მარტო გემოვნება კი არა, დროსთან ერთად, ადამიანიც იცვლება. არის მასში რაღაც საბაზისო ელემენტები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე უცვლელი რჩება, მაგრამ გემოვნება მათ რიცხვში არ შედის. გემოვნება, ხშირ შემთხვევაში, ისეთივე ცვალებადია, როგორც საჭმლის მიმართ დამოკიდებულება. მუსიკოსებს გადახედეთ და მიხვდებით, რომ ასაკის შეცვლასთან ერთად, ისინი განსხვავებულ მუსიკას წერენ; ანუ ყველა მუსიკას თავისი შესაფერისი ასაკი აქვს. როკი, გარკვეულწილად, დესტრუქციული, ემოციების ღიად გამოსახატი მუსიკაა და მას, ძირითადად, ახალგაზრდები უსმენენ. ჰიპური მოძრაობის წევრების 70%, დროთა განმავლობაში, სახელმწიფო სამსახურში დასაქმდა. მათი უმრავლესობა როკმუსიკაში არ დარჩა. რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო ღვივდება ჰარმონიული მუსიკისკენ ლტოლვა. ეს ყველაფერი სტატისტიკაა. თუმცა კონკრეტული ადამიანისთვის არ არის აუცილებელი, რომ რაღაც ეტაპი გაიაროს, – თავიდან უყვარდეს როკი, მერე პოპის მოსმენა დაიწყოს, მერე – ჯაზის, კლასიკის და ა. შ. ახლა თინეიჯერები მასობრივად უსმენენ როკს. ისინი წინა თაობებთან შედარებით, უფრო თავისუფლები არიან, – უფრო ადრე იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას, უფრო თამამები, დამოუკიდებლები არიან. თუ ადამიანმა როკის ეტაპი „კარგად“ გაიარა, ის აუცილებლად მშობლების წინააღმდეგი იქნება. „ცუდად“ გავლა იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მუსიკას მშობლების რეკომენდაციით უსმენს და არ ეწინააღმდეგება მას.

მსმენელს სოციალური გარემოც აყალიბებს. თუნდაც თინეიჯერს, მხოლოდ მეგობრის და არა უფროსის აზრი აინტერესებს. მათი უმრავლესობა ახლა System Of A Down-ს უსმენს. ჩვენს დროს, თინეიჯერებს შორის ასეთი მძიმე როკი არ იყო პოპულარული. საინტერესოა, კონცერტებს რა ასაკის მსმენელი ესწრება. ლექს-სენს, ძირითადად, ბავშვები უსმენენ, ლელა წურწუმიას უფრო დიდი ასაკის მსმენელი ჰყავს, ჯაზს – უფრო სხვანაირი, თუნდაც ოპერას – ძალიან სპეციფიკური“.

თითოეული ადამიანისთვის გემოვნების ჩამოყალიბება ინდივიდუალური პროცესია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასაკის ფაქტორიც არსებობს. ბავშვობის და სიყმაწვილის დროინდელი პოპულარული სიმღერები, დროთა განმავლობაში, რეტრო და ნოსტალგიურ მუსიკად იქცევა. სამაგიეროდ, მის ადგილს ახალი მუსიკა იკავებს. გემოვნების ჩამოყალიბება კი ინფორმაციით იწყება, რომელსაც მასმედიით, ინტერნეტით და, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ახლობლებისგან და მეგობრებისგან ვიღებთ. თუმცა, დღევანდელი ქართული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები (რამდენიმე ჟურნალისა და რადიოგადაცემის გარდა) თანამედროვე მუსიკალური სიახლეების მიმოხილვას და კრიტიკას ნამდვილად არ სწყალობენ. ინტერნეტში კი უზღვავი მასალა დევს და კრიტიკისა და მიმოხილვის გარეშე, ახალბედა მელომანისთვის ორიენტირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

ჟურნალი "ოზონი" #8, დეკემბერი 2006

No comments:

Post a Comment