ანდრეი ტარკოვსკის ფილმის „Зеркало“-ს სამუშაო სახელი „თეთრი, თეთრი დღე“ იყო. აღნიშნული ერთგვარი მონოლოგი ჟურნალ „Искусство Кино“-ში გამოქვეყნდა იმ დროს, როცა გადაღებები მიმდინარეობდა.
ანდრეი ტარკოვსკი: „ძალიან ძნელია ამ ფილმზე საუბარი, რადგან ის ჩემთვის რთული და მნიშვნელოვანია. მთელი ჩანაფიქრი რომ გაგიმხილოთ, ძალიან დიდ დროს წაიღებს. რამდენიმე სიტყვით კი ვერაფერს გაგაგებინებთ. მოცემულ შემთხვევაში ამ ჩანაფიქრს ზედმეტად ფრთხილად ვუდგები, ამიტომ ეკრანიზებულ სიუჟეტზე არ ვისაუბრებ. მის საფუძველში ჩადებული მასალა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ალბათ მასზე მოურიდებელი ლაპარაკიც შესაძლებელია. მაგრამ სურათი „თეთრი, თეთრი დღე“ ხელოვნების სხვა დარგებზე დამოუკიდებელი ყველა დანარჩენ ფილმზე მეტად უნდა გახდეს. მსურს შევძლო საკუთარი აზრები სუფთა კინემატოგრაფიულად, სხვა მინარევების გარეშე გამოვხატო.
რა თქმა უნდა, აქ მაყურებლის მხრიდან ფილმის აღქმის პრობლემა ჩნდება, ანუ გასაგები და საინტერესო იქნება თუ არა იგი ყველასთვის? თუმცა უკვე დიდი ხანია აღარ მჯერა, რომ შესაძლებელია ყველასათვის მისაღები ფილმის შექმნა. მცდარი მოსაზრებაა, თუ ფილმს ბევრი მაყურებელი ჰყავს, უკეთესია. ვისთვის ან რისთვისაა უკეთესი? ფილმისთვის? ვიტყვი, რომ უკეთესია მხოლოდ სალაროსთვის. ეს ასეა! მაგრამ აი აქ, კინობაზრის პირობებში, უკვე ჭეშმარიტი მხატვრული შემოქმედების პრობლემა წარმოჩინდება. სრულიად გასაგებია, რომ ერთნაირი წარმატებით მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული აღიქმება.მაგალითად, ბოლო დროს ყველაზე მეტი მაყურებელი „ნათლიმამამ“ მიიზიდა, თუმცა ჩემი აზრით, ეს ცუდი ფილმია. დავუშვათ, მსახიობები კარგად თამაშობენ, ამას ვეთანხმები, მაგრამ მთლიანობაში ძალიან მოსაწყენ, არაორიგინალურ და ზედმეტად ტრადიციულ (გამოხატვის საშუალებების თვალსაზრისით) კინოსურათად მეჩვენება. უფრო მეტიც, „ნათლიმამა“ უბრალოდ რეაქციული ფილმია, რომელიც მაფიის დაბადებასა და არსებობას ამართლებს. ხოლო კოპოლას მიერ „ოსკარზე“ უარის თქმა, კიდევ ერთი რეკლამა და გათვლაა. ეს ყველაფერი კი საკუთრივ ხელოვნების პრობლემებს ძალზედ სცილდება.
საქმე იმაშია, რომ ე. წ. მაყურებლისთვის გათვლილი სურათი ისეთ თვისებას უნდა ატარებდეს, რომელიც შეგნებულად დაამდაბლებს იმ სერიოზულ ესთეტიკურ ამოცანებს, რომელთა ამოხსნაც კინემატოგრაფში შესაძლებელი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, შემდგომ სურათში რაღაცნაირად მაინც შევეცდები აუდიტორიისთვის ფილმი მიმზიდველი და გასაგები იყოს. თუმცა, მხატვარს, რომელსაც ჭეშმარიტი ხელოვნების და არაკომერციული სიყალბის შექმნის პრეტენზია აქვს, შეუძლია და ვალდებულია საკუთარი, თუნდაც შეზღუდული რაოდენობის აუდიტორია გაითვალისწინოს. ეს მხატვრის, როგორც ინდივიდუალისტის პირობაა. სხვათა შორის, „სოლარისმა“ 800 ათასი მაყურებელი შეკრიბა. თვლიან, რომ ეს მოულოდნელად ბევრი იყო. და რატომ? სიმართლე გითხრათ, ეს პრობლემა ნაკლებად მადარდებს. მაყურებელთა დიდი მასა – ეს არაა სავალდებულო წარმატება. საკმარისია რამდენიმე მიმზიდველი სარეკლამო შტრიხი, რომ მაყურებელი დარბაზს თუნდაც ცნობისმოყვარეობის დასაოკებლად მიაწყდეს.
საერთო ჯამში, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თანამედროვე კინემატოგრაფი ერთი დიდი ბაზარია, რომელზეც ადამიანთა ერთი ნაწილი ფილმებს აცხობს, მეორენი მათ ყიდიან. ეს საზიზღრობაა! ჩემზე განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება კანის ფესტივალმა დატოვა. მთელი მისი ატმოსფერო სულიერებას ეწინააღმდეგება. იქ არაფერია, რასაც კი ადამიანის შემოქმედებითი გამოფხიზლება, ან რაიმე ახალი იდეით დაავადება შეუძლია.
რაღა თქმა უნდა, რეჟისორს არ შეუძლია არ იფიქროს იმაზეც, თუ როგორ აღიქვამენ მის სურათს. მაგრამ ეს არ ნიშნავს მის ვალდებულებას, ყოველნაირად ეცადოს მაყურებელს თავი მოაწონოს. წინასწარ პუბლიკაზე წარმატების გათვლა, ნაკლებღირსეულ მეცადინეობად მესახება, რადგან რაც უფრო ღრმად შედიხარ, „მაყურებლის“ კონცეფცია მით უფრო დიფერენციაციას განიცდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ერთი მაყურებელი მეორეს არ ჰგავს.
ყველაზე მთავარია, რომ ეკრანზე საჩვენებელი მასალა რეჟისორის ირგვლივ არსებული სინამდვილის სერიოზული განსჯის შედეგი იყოს, რათა ჩანაფიქრი თვით ცხოვრების მიერ იყოს ფორმირებული, ხოლო ჩანაფიქრის ჩონჩხი ცოცხალ სახეებს შეესაბამებოდეს. ვერ ვიტან, როცა ყველანაირი გამოგონილი და ეფექტური ჭორების ეკრანიზაციას ახდენენ, რომელიც უბრალოდ განკუთვნილია მხოლოდ იმისთვის, რომ მაყურებელი თავისუფალ დროს შეიქციოს და არ აიძულოს დაფიქრდეს და განიცადოს სულისშემძვრელი ჭეშმარიტი ესთეტიკური ტკბობა.
კინოს თეორეტიკოსები ხშირად მსჯელობენ არის თუ არა კინემატოგრაფი თუნდაც ლიტერატურის თანასწორი ხელოვნება. საკმარისია პუშკინის, თომას მანის ან დოსტოევსკის სახელები ყველაზე მსხვილ კინორეჟისორებს შევადაროთ, რომ ასეთი შედარების არათანაზომიერება ნათელი ხდება.
ამიტომ, მეჩვენება, თანამედროვე რეჟისორი კინემატოგრაფიის ღირსების გამტკიცებაზე უნდა ზრუნავდეს, ჭეშმარიტი ხელოვნების დონეზე უნდა აამაღლოს იგი, რომელიც საკუთარი, დამოუკიდებელი კანონებით იცხოვრებს. შემთხვევით არ ამბობენ, რომ კინო მალე ბერდება. ეს ხომ უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდ ფილმებს ვაკეთებთ! მაგალითად, ბრესონის საუკეთესო ფილმები არ ძველდება ისევე, როგორც არ შეიძლება დოსტოევსკის „დანაშაულისა და საჯელის“ დაძველება. თუკი ფილმის სტილისტიკა გადმოღებულია, მოდითაა ნაკარნახევი და საგნებზე საკუთარი ხედვის შედეგად არაა გამოხატული, ბუნებრივია, ის მალე დაბერდება. როცა ხელოვნებაში თანამედროვე ენაზე საუბრობენ, თავს უხერხულად ვგრძნობ და უბრალოდ მეცინება. ხელოვნებაში ე. წ. „თანამედროვეობა“ ჩემთვის არის სახეების ძიება იქ, სადაც საჭირო არ არის, ანუ მოდის სფეროში.
ორიგინალურ სცენარზე მუშაობა ჩემთვის რთულია, მაგრამ საინტერესო. წაკითხულიდან მთლიანობის უფრო ნათელი შეგრძნება არსებობს. როგორი იქნება ორიგინალური ჩანაფიქრი, ამის წარმოსახვა რთულია. თუმცა როგორი იქნება მთელი ფილმი, წინასწარ ამის წარმოდგენა ჩემთვის ფანტასტიკური და განუხორციელებელია. არ მჯერა იმ რეჟისორების, რომლებიც ამბობენ, რომ ფილმს წინასწარ „ჭვრეტენ“. ვფიქრობ, ის, ვინც ამას ამტკიცებს, არ ესმის რას აკეთებს და რა არის კინემატოგრაფია. მე ფილმი წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით არასოდეს გადამიღია. მიყვარს, როცა ჩანაფიქრის კონკრეტული გამოხატულებანი გადაღებების დროს, მოედანზე თითქოს ცხოვრების მიერ ფორმირდებიან. საკუთარი განწყობა, მსახიობების მდგომარეობა, ბუნება მოცემული კინომონაკვეთის ზუსტ გამოსახვას გკარნახობს. სიუჟეტის ისე ზუსტად გათამაშება და გამოსახვა, როგორც სცენარში წერია, კინემატოგრაფის არასწორი გზაა.
საერთოდ არ ვიცი, დღეს რა გამომივა, მაგრამ პირველად ვისახავ ამოცანას გავაკეთო ისეთი ფილმი, რომელშიც ხელოვნების სხვა დარგებიდან არაფერს ვისესხებ. ჩვენთან, „მოსფილმში“ გვყავს რეჟისორები, ზოგი მათგანი მაღალპროფესიონალია, რომლებიც ფირზე სხვადასხვა ლიტერატურულ სიუჟეტებს იღებენ. არ მინდა იმის თქმა, რომ პროფესიონალიზმი ცუდი რამაა. მაგრამ ჩვენ თითქოს საკუთარ ცხოვრებას ვაშორებთ იმას, რასაც „ფილმის კეთება“ ჰქვია. ჩვენ – ჩვენი მეგობრები, სამუშაოსგან თავისუფალი დრო, ჰობი, ცხოვრებასთან დამოკიდებულებაა, ხოლო „ფილმის კეთება“ თითქოს ჩვენგან გამოყოფილი რამ, მხოლოდ ფულის გაკეთების საშუალება. ამას ჩვენს ზნეობრივ ცხოვრებასთან არავითარი კავშირი არა აქვს, რაღაც გაგებით, ჩვენი სულისთვის სულერთია. კარგია კიდევ, თუ ამასთან ერთად, კინო პროფესიონალურად კეთდება, მაგრამ მხოლოდ პროფესიონალიზმი ყრუდ ემიჯნება ჭეშმარიტ ხელოვნებას, რომლის მსახურებაც მხატვარს ფერფლად აქცევს. ჩანაფიქრის განხორციელებისას, ის საკუთარ სიცოცხლის ენერგიას გასცემს. პოეზიაში, ლიტერატურაში, ფერწერასა და მუსიკაში ამის მრავალი მაგალითი არსებობს. კინემატოგრაფიაში სხვაგვარადაა საქმე. სწორედ ამიტომ მსურს, რომ ჩემი ახალი ფილმი სერიოზულ ცხოვრებისეულ საქციელს უდრიდეს, ადამიანური ბედისწერის ზნეობრივი ჭეშმარიტების კანონებით გასამართლდეს. მსურს, რომ ფილმი ჩემთვის ფულის შოვნის საშუალება კი არა, სულის რეალიზაცია აღმოჩნდეს. თუ ეკრანზე ცხოვრების ილუზიას შექმნი, რომლის საფასურსაც საკუთარი ოფლითა და სისხლით არ გადაიხდი, გვამის გალვანიზირების ტოლფასია. თითოეული წამი, რომელიც ეკრანზე აისახება, ზუსტად უნდა უდრიდეს იმ ენერგიას, რომელიც ამ წამის შესაბამისი ცხოვრებისეული საქციელით გაქვს გადახდილი.
დღეს კინემატოგრაფში ეგრეთ წოდებული „შემოქმედებითი პროცესი“ რაღაც უცნაურ, ზნეობისათვის საეჭვო ღირებულებას ატარებს თავისუფალი დროის გატარებასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, არ ვიცი რა გამომივა, – საუბარია არა შედეგზე, არამედ ჩემს განზრახვაზე ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჭეშმარიტსა და ამაღლებულს დავუქვემდებარო. მაკვირვებს, რომ არც ერთ კრიტიკოსს, რომლებიც ჩემთან დიალოგს აწარმოებდნენ, სერიოზული კითხვა არც კი დაუსვამთ ჩემს განზრახვებთან დაკავშირებით, რათა უბრალოდ, დავრწმუნდე მართლა ვაკეთებ თუ არა საქმეს. მაგალითად, ციტრინიაკმა ერთმა მკითხა „რუბლიოვის“ შემდეგ „სოლიარისი“ რატომ გადაიღეო. რა უნდა იყოს ამ შეკითხვაზე მეტი უაზრობა, თუ წარმოვიდგენთ, რომ ინტერვიუერს მართლაც სურს ის საგნის სიღრმეს ჩაწვდეს, რაზეც საუბრობს. ან თუნდაც ყველაზე გავრცელებული შეკითხვა: „ამით რა გინდოდათ გეთქვათ“? დიალოგი მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც თავად ჟურნალისტს საკუთარი შეხედულება აქვს, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო ან გააპროტესტო. ნამდვილი ჟურნალისტი ჟაკლინ კენედის წააგავს, რომელიც პრეზიდენტთან ჟურნალისტად შევიდა და იქიდან ცოლად გამოვიდა.
უბრალოდ ვიბნევი, როდესაც პრეს-კონფერენცია ამ შეკითხვამდე დადის: „ნატალია ბონდარჩუკი სერგეი ბონდარჩუკის ქალიშვილია?“ რა არის ეს? ჟურნალისტები ჯერ ყველანაირად ცდილობენ რესპოდენტთან შეხვედრას, მერე კი ასეთ სისულეს აკეთებენ! ამას წინათ ერთი კეკლუცი გოგონა მირეკავს და ინტერვიუს მთხოვს, თურმე კაპრალოვს შეუთანხმდა „პრავდაში“ სტატიის გამოსაქვეყნებლად. მაგრამ მე მას რამდენიმე კითხვა დავუსვი და მივხვდი, რომ ფილმის აზრზე არ იყო, რომ კინემატოგრაფში საერთოდ არაფერი გაეგებოდა. ამიტომ ვუთხარი: „სურვილი არა მაქვს, რომ თქვენ დაწეროთ“. ჩვენთან კრიტიკის უმდაბლესი დონეა.
სწორედ ამიტომ ძალიან რთული დამოკიდებულება მაქვს კრიტიკასთან. მისგან ჯერ არაფერი მიმიღია უსიამოვნებების გარდა, მიუხედავად იმისა, მაქებენ თუ მაძაგებენ. თუმცა ადამიანი, რომელიც ხელოვნებაზე წერს, თავად უნდა იყოს პიროვნება და მე უნდა მესმოდეს ვინაა, რატომ, ვისთვის წერს, რა პირადი მიზანი აქვს. სამწუხაროდ, არასოდეს მქონია შესაძლებლობა საკუთარი ფილმების შესახებ ისეთი რამ წამეკითხა, რომელიც თავად არ ვიცოდი. სწორედ ამიტომ ჩემს ფილმებზე დაწერილი რეცენზიები არასოდეს მაკმაყოფილებს. ფილმზე იმის დაწერა, რომ ის ნიჭიერია ან უნიჭო, ვფიქრობ, ჭეშმარიტი კრიტიკა არ არის. ზოგჯერ მაყურებლები ისეთ წერილებს მწერენ, რომლებშიც ფილმები უფრო საინტერესოდ და დამოუკიდებლადაა განალიზირებული, ვიდრე პროფესიონალთა სტატიებში. აი, ამას წინათ, ერთმა მაყურებელმა მომწერა, რომ „რუბლიოვი“ რელიგიური ფილმია და ეს აზრი მან საკმაოდ სერიოზულად დამიმტკიცა. შეიძლება კარგ კრიტიკოსებს არ სურთ პატარა სტატიებამდე დახურდავდნენ? არ ვიცი. აი, მორავია, მაგალითად, „უნიტა“-ში „ივანოვო დეტსტვო“-ს ლანძღავდა, მაგრამ მე ამ სტატიამ დამაინტერესა, რადგან ამ სტატიის მიღმა საკუთარი არგუმენტაციით პიროვნება იდგა“.
No comments:
Post a Comment