სული ამჩატდა და ჩამუქებული ღამის ცისკენ გაეშურა. არა, არ მოვმკვდარვარ. უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ ყველაფერი მომწყინდა, თვით მოწყენაც კი და ამის შემდეგ გაფრენის სურვილი გამიჩნდა. ეს ისეთივე სურვილია, როგორც ახალ ზელანდიაში „ბრილიანტის ტბასთან“ მოხვედრა ან პერუში „მაჩუ პიკჩუს“ ნახვა... მგონი, ამაში ცუდი არაფერია, რადგან ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ბევრი ოცნება უჩნდება. ხელი მაგიდაზე მდგარ ცხელ ყავის ფინჯანზე მომიხვდა და მუქი ტკბილი სითხე იატაკზე დამეღვარა.
ეს მცირე მარცხი არაფრად ჩავაგდე, ჩემს ახალ „პორშე კარერასს“ მოვაჯექი, აქსელერატორს დავაწექი და მონტე-კარლოს ღამის ქუჩებში სასეირნოდ გავეშურე. სპიდომეტრი 200 კილომეტრ-საათს მიჩვენებს. გიჟივით მივქრივარ და უამრავ მანქანას ვუსწრებ, მოსახვევებში სიჩქარეს ვანელებ. მუსიკა ჩავრთე, Radiohead-ის Go Slowly-ს სასტიკად ვაყვირებ და ქუჩებს, ძრავის ღმუილთან ერთად, ტომ იორკის პარანოიკურ-დეპრესიული ხმით ვაყრუებ. საინტერესოა, ამ ნეონით განათებულ მაღაზიებს რომ შევეჯახო, რა მომივა? ალბათ ბანალური პასუხი მოგდით თავში, „რა მოგივა და სახე აგეხევა!“ გამეღიმა, სიჩქარე მეხუთეში ჩავაგდე და ძრავის საშინელი გრუხუნით აღმართს შევუყევი. ფანტასტიკური მანქანაა, მთლიანად მემორჩილება. თუმცა ჩემი დაუდევრობის გამო, საგზაო ამკრძალავ ნიშანს დავეჯახე და საქარე მინის სარკეში დავინახე, როგორ ავარდა ჰაერში იმ ადგილიდან, სადაც, უკვე ვინ იცის, მერამდენე წელია მორჩილად იყო დარჭობილი. ვიწრო ქუჩებში ძე-ხორციელი არ ჭაჭანებს, მხოლოდ ავტოები დაქრიან, ჩემთან შედარებით, რაღა თქმა უნდა, გაცილებით ნელა.
ზღვის სანაპიროს მივუყვები. პორტში შემოსული გემების კაიუტების ილუმინატორებიდან ყვითელი შუქი იფრქვევა. მათ თვალიერებაში სატვირთო ავტომობილს უკნიდან კინაღამ შევასკდი. მსიამოვნებს რისკი, გაფრენის სურვილიც არ მასვენებს. ამ უმშვენიერესი ქალაქის შუქებით გასხივოსნებულ ღამის ცას ავხედე. მუსიკის ხმას კიდევ უფრო ავუწიე, თითქმის ბოლომდე, ამიტომ შემხვედრი მანქანების ნერვიული სიგნალები თითქმის აღარ მესმის.
ჩემს გვერდით ახლა ლამაზი მონაკოელი გოგონა ჟანა ზის. მის თვალებს სარკეში ვუყურებ, საერთოდ არ ეშინია და ჩამოწეული ფანჯრიდან შემოვარდნილ ზღვის სუნით გაჯერებულ გიჟმაჟ ქარს უმკლავდება, რომელიც მის გრძელ, წაბლისფერ თმებში დანავარდობს და წეწავს. ჟანას სიჩქარის არ ეშინია, იგი ყოველთვის მენდობა და მისთვის სულ ერთია, 280-ით ვივლი თუ 40-ით. პაპიროსის თხელ ქაღალდში გახვეულ ბალახს ვუკიდებ და ჩემს გოგონას ვუყურებ, რომლის საოცრად მშვიდ თვალებში ქუჩის ელექტრონათება 70-იანი წლების ლამპიანი ტელევიზორის ფერადი ეკრანივით იდღაბნება. მიღიმის და მოსაწევს პირიდან მიღებს, რამდენიმე ღრმა ნაფაზს ურტყამს და უკანვე მიბრუნებს. სხეულში სასიამოვნო სითბომ დამიარა. სიჩქარის ბერკეტს კიდევ უფრო დავაწექი, ისარი 220-ის ნიშნულამდე ავარდა.
ესეც ასე! მაშინ, როცა ჩემი ქვეყნის გამალებული აღმშენებლობა მიმდინარეობს, საყოველთაო სიღარიბის დაძლევის გეგმები მუშავდება და ტელევიზორში ალბათ ლელა წურწუმია მღერის, უკვე აღშენებული პატარა ქვეყნის დედაქალაქის „უკეთილმოწყობილეს“ ქუჩებში ჩემი „პორშეთი“ თავქარიანივით დავქრივარ, დინამიკებში თომას იორკს ვაღრიალებ, სახლში ფრედერიკ ბეგბედერის მორიგი ახალი რომანი მელოდება, ჩემს გვერდით მჯდომ გელფრენდ ჟანაზე ვფიქრობ და გაფრენის სურვილი არ მასვენებს. „გავგიჟდი მგონი“ – ვფიქრობ, მაგრამ „გიჟი“ არაა ზუსტად ის სიტყვა, რომელიც შეიძლება მომარგოთ. სინამდვილეში აბსოლუტურად სხვანაირი ვარ. ჩემს დასახასიათებლად უფრო ზუსტი რუსული სიტყვები, домосед და туниядец იქნება, და ეგრეცაა – სახლში ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. საერთოდ არ მაღელვებს ქვეყნის აღმშენებლობა. უჩემოდაც ყველაფერს ეშველება. შემიძლია მთელი დღე ყავა ვსვა და ძეხვიანი ბუტერბროდები ვყლაპო. ცოლ-შვილი, მშობლები, ნათესავები და მეგობრები მე არ მაწუხებენ. ირგვლივ ყველა „ამოვიწყვიტე“ და ამაზე საერთოდ არ ვდარდობ.
არც ფანტასტიკური პასტორალური ხედები მიზიდავს და არც ღამის კლუბების ეიფორიულ-ექსტაზური მარაზმული ცხოვრება. ლუდსა და სხვა, უფრო მძიმე ალკოჰოლურ სასმელებს, სახლშიც შესანიშნავად გეახლებით. რისკი კი ნამდვილად მიყვარს, ოღონდ ესეც სახლიდან გაუსვლელად... ჟანამ თვალები დახუჭა და სკამზე მაცდურად გადაწვა. სასტუმროს ძებნა დავიწყე. ქუჩის ორთავე მხარეს განათებულ აბრას ვეძებ. და აი, მოშორებით წითლად განათებულ Hotel-ს მოვკარი თვალი. ზუსტად ამ დროს „პორშე სპაუნმა“ გადამისწრო. გავჯავრდი, ტვინში სისხლი ამივარდა და გამოვედევნე. „სპაუნი“ არაფრისდიდებით წინ არ მიშვებს და გზას მიბლოკავს. რომელი მხრიდანაც მოვინდომე გადასწრება, ისიც იქით უხვევს. ჰოდა, გავრისკე. მარცხნივ, საპირისპირო ზოლზე გადავედი და ის იყო, უნდა გადამესწრო, მოსახვევიდან გამოსულმა შემხვედრი ავტობუსის ფარებმა თვალებში ჩამანათა. უკვე გვიანაა. ამ არც ისე ფართე ქუჩაზე მარჯვნივ მოხვევა გამორიცხულია – მეორე „პორშე“ არ გამიშვებს, წინიდან კი უზარმაზარი მახინა მოდის. უნებურად საჭე მკვეთრად მარცხნივ დავატრიალე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი – ავტობუსმა მარჯვნიდან, ჟანას მხრიდან დამარტყა და... მოხდა სასწაული – ჩემი მანქანა ჰაერში აფრინდა, თანაც ისე მაღლა, ძირს ვარდნის დროსაც კი, კაი ხანი ქალაქის ამ ნაწილს ზემოდან ვხედავდი.
ღმერთო ჩემო, მართლაც გავფრინდი! მანქანა ჰაერში რამდენჯერმე ამოტრიალდა და ავტობუსს ზემოდან უხმოდ დაეცა. მარჯვნივ გავიხედე და ჟანა საერთოდ გამქრალიყო.
ჩემი კომპიუტერის LCD მონიტორზე კი დამსხვრეულ „პორშესა“ და ჭერჩაჭყლეტილი ავტობუსის ფონზე წერია:
Need For Speed
Play Again?
ჟურნალი „ანაბეჭდი“ №35, დეკემბერი 2008 და იანვარი 2009
(დაწერილია 2004 წლის 13 სექტემბერს )
No comments:
Post a Comment