ესენი ის სიტყვებია, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირი მნიშვნელობით გამოიყენება, სინამდვილეში კი სავაჭრო ნიშნებს, ბრენდებს წარმოადგენენ.
აკვალანგი (Aqualung, Aqua Lung; ლათინური სიტყვიდან „aqua“ – წყალი და ინგლისური „lung“ – მსუბუქი) – წყალქვეშა ცურვის სასუნთქი აპარატის დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, რომელიც 1943 წელს ფრანგებმა, ჟაკ ივო კუსტომ და ემილ განიანმა გამოიგონეს. დღეისათვის ამ სავაჭრო ნიშნის სახელწოდების ყველა უფლება ამერიკულ კომპანია Aqua Lung International-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციის, Air Liquid-ის შემადგენლობაში შედის. სიტყვა „აკვალანგი“ თითქმის მთელს მსოფლიოში გავრცელდა, თუმცა ამერიკაში წყალქვეშა ავტონომიური სასუნთქი აპარატისთვის სიტყვა „სკუბას“ (აბრევიატურაა Self-Contained Underwater Breathing Apparatus) იყენებენ.
ასპირინი (Aspirin; ანუ „a“ – აცეტილ და „Spiraea“ – სპირეა, მცენარის ლათინური დასახელება, რომლიდანაც სალიცინის მჟავა ქიმიურად მიიღეს) – ამ სავაჭრო ნიშნით, 1899-დან 1918 წლის ჩათვლით, გერმანული ფარმაცევტული ფირმა, Bayer აცეტილსალიცინ მჟავას უშვებდა. ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე გერმანიის ხელმოწერის შემდეგ, ფირმა Bayer-ს საზღვრებს გარეთ არსებული ქონება და მასზე არსებული უფლებები ჩამოერთვა. დღეისათვის ასპირინზე Bayer-ის განსაკუთრებულ უფლებას მხოლოდ კანადასა და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში აღიარებენ.
ვაზელინი (Vaseline; გერმანული „wasser“ – წყალი და ბერძნული „elaion“ – ზეთი) – სავაჭრო ნიშანი, რომელიც მისმა გამომგონებელმა, ამერიკელმა ქიმიკოსმა რობერტ ჩესბროუმ დაარეგისტრირა. მეცნიერმა ნივთიერება 1872 წელს გამოიგონა. ვაზელინი – მინერალური ზეთისა და მყარი პარაფინის ნახშირწყალბადების ნაზავს წარმოადგენს. ქიმიკოსმა კომპანია Chesebrough Manufacturing Co დაარსა და ეს უკანასკნელი ყველა უფლებას აღნიშნულ სავაჭრო ნიშანზე 1987 წლამდე ფლობდა. ამჟამად Vaseline საერთაშორისო კორპორაცია Unilever-ს ეკუთვნის.
ჰეროინი (Heroin; გერმანული „heroisch“ – გმირული, სიძლიერით შთამბეჭდავი. ამ სიტყვებით საკუთარ ემოციურ განცდებს ის მოხალისეები აღწერდნენ, რომელთაც პრეპარატი პირველად გასინჯეს) – ეს 1898 წელს დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, გერმანულ ფარმაცევტულ ფირმას Bayer-ს ეკუთვნოდა. ჰეროინი (დიაცეტილ მორფინი) აფთიაქებში, როგორც ხველებისგან დამაწყნარებელი საშუალება, მანამ იყიდებოდა, სანამ მის გვერდით ეფექტებში პრეპარატზე ძლიერი მიჩვევა არ აღმოაჩინეს. 1924 წელს აშშ-ში ჰეროინის გაყიდვა კანონით აიკრძალა. გერმანიის აფთიაქებში კი ჰეროინი რეცეპტით 1971 წლამდე იყიდებოდა.
გრამოფონი (Gramophone; ბერძნული „გრამმა“ – ასო, ჩაწერა და „phone“ – ხმა) – სავაჭრო ნიშანი 1887 წელს ამერიკელმა ემილ ბერლინერმა დააპატენტა. ეს რევოლუციური გამოგონება ხმას ბრტყელ დისკებზე (gramophone records) იწერდა და უკრავდა. მანამდე აუდიომატარებლებად ცვილის ცილინდრები ითვლებოდა და მათ თომას ედისონის 10 წლის წინანდელ გამოგონებულ ფონოგრაფებზე უკრავდნენ. 1894 წელს ბერლინერმა კომპანია Berliner Gramophone დაარსა და მისი ფილიალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახსნა.
ჯაკუზი (Jacuzzi) – ამერიკული ფირმა და სავაჭრო ნიშანი, რომელიც ჰიდრომასაჟიან აბაზანებს აწარმოებს. ის 1915 წელს, წარმოშობით იტალიელმა ძმებმა ჯაკუზებმა დააარსეს. თავდაპირველად ფირმა ავიამშენებლობებით იყო დაკავებული, მაგრამ მისი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, რომლის შედეგადაც 7 ძმიდან ერთ-ერთი დაიღუპა, ჯაკუზებმა საოჯახო ბიზნესს პროფილი შეუცვალეს. ფირმამ ჰიდრავლიკური სატუმბების დამზადება წამოიწყო. ჰიდრომასაჟიანი აბაზანის გამოგონებასა და გამოშვებას ერთ-ერთი ძმის 5 წლის ბავშვს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც რევმატული ართრიტით იყო დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი კლინიკაში ჰიდროთერაპიას გადიოდა, მამამისმა, კანდიდო ჯაკუზიმ გადაწყვიტა ჰიდრავლიკური სატუმბი სახლის აბაზანაში გამოეყენებინა. 1955 წელს ჰიდრომასაჟიანი აბაზანის პირველი პროტოტიპი გაჩნდა, ხოლო 1968 წელს – დღევანდელი აბაზანის ანალოგი.
დიქტაფონი (Dictaphone; ლათინური „dicto“ – კარნახი და ბერძნული „phono“ – ხმა) – სავაჭრო ნიშანი, რომლითაც ამერიკულმა ფირმამ Columbia Gramophone 1907 წელს ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოშვება დაიწყო. გამოგონების პატენტი ალექსანდრ ბელსა და მის ორ თანაავტორს ეკუთვნის. კომპანია Dictaphone, რომელიც Columbia Gramophone-დან წარმოიქმნა, 1923 წელს მსხვილმა ფირმებმა რამდენჯერმე ჩაყლაპეს. დღეს ის საერთაშორისო ამერიკული კორპორაცია Nuance Communications-ის შემადგენლობაში შედის. „დიქტაფონი“ აშშ-ში დღემდე მოღწეულ ერთ-ერთ ძველ ბრენდად ითვლება.
ჯიპი (Jeep) – ეს სავაჭრო ნიშანი კომპანია „კრაისლერის“ საკუთრებაა. სიტყვა „ჯიპი“ ენაში უკვე არსებობდა და მის ბრენდად ჩამოყალიბებაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე პოპულარულად ითვლება აბრევიატურა GP (General Purpose – „უნივერსალური“, აღნიშნული აბრევიატურა ავტომობილის კლასსაც აღნიშნავდა). მეორე ვერსიის თანახმად, სიტყვის ავტორობას პოპულარული მულტფილმის გმირს, იუჯინ ჯიპს (Eugen the Jeep; რომლის ხასიათი 1936 წელს შეიქმნა) მიაწერენ – იდუმალ პატარა ცხოველს, რომელიც მაგიურ ნიჭს ფლობდა. მესამე ვერსიით, ეს სიტყვა საყოველთაოდ 1941 წელს იქცა, როდესაც გაზეთმა „ვაშინგტონ დეილი ნიუსმა“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია. გაზეთი იტყობინებოდა, რომ გამოვიდა ახალი სამხედრო ჯიპები და ქვოდსები („quads“ – კვადრატის შემოკლებითი სახელია), რომლებსაც უგზოობის შემთხვევაშიც კი შეეძლოთ გადაადგილება. თუმცა არც ერთი ეს ვერსია საყოველთაოდ აღიარებულად არ ითვლება.
კედები (Keds) – სავაჭრო ნიშანი 1916 წელს შეიქმნა, როდესაც ამერიკულმა კომპანია U.S. Rubber-მა რეზინის ძირზე ნაჭრის ფეხსაცმლის გამოშვება დაიწყო. ამჟამად ეს ბრენდი კომპანია Stride Rite Corporation-ს ეკუთვნის, რომელიც ძირითადად სპორტულ ფეხსაცმელს უშვებს.
ლეიკოპლასტი (Leukoplast) – ამ სავაჭროს ნიშნით პროდუქცია გერმანულმა ფირმა Beiersdorf-მა 1921 წელს გამოუშვა.
ლინოლეუმი (Linoleum; ლათინური „linum“ – ტილოს ნაჭერი და „oleum“ – ზეთი) – სავაჭრო ნიშანი, რომელიც ლინოლეუმის ინგლისელმა გამომგონებელმა, ფრედერიკ უოლტონმა 1860 წელს დაარეგისტრირა. საინტერესოა, რომ აშშ-ში, პატარა ქალაქ ლინოლეუმვილში, ლინოლეუმის დამზადება 1874 წელს, ინგლისისგან განსხვავებით, 10 წლით უფრო გვიან დაიწყეს. 1931 წელს, მას შემდეგ, რაც წარმოება ფილადელფიაში გადაიტანეს, მაცხოვრებლებმა ქალაქს სახელი შეუცვალეს და ტრეივისი უწოდეს.
მაგნიტოფონი (Magnetophon; ინგლისური „magnet“ – მაგნიტი და ბერძნული „phone“ – ხმა) – მაგნიტურ ლენტზე პირველი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომლის მოდელიც 1930 წელს, გერმანული ფირმის – AEG-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს.
ოდეკოლონი (Eau de Cologne; ფრანგულად სიტყვასიტყვით „კიოლნის წყალი“) – სახელგანთქმული სუნამოს სახელწოდება, რომელიც იტალიელმა პარფიუმერმა, იოჰან (ჯოვანი) მარია ფარინიმ 1709 წელს კიოლნში შექმნა. დღეისათვის ის გამოიყენება ყველა იმ პარფიუმერული ნაწარმის კლასის დასასახელებლად, რომელიც 2-დან 5 %-მდე ეთერზეთს შეიცავს. კიოლნის პარფიუმერული ფაბრიკა უძველესი საწარმოა მსოფლიოში, რომელსაც ფარინის მე-8 თაობის შთამომავლები მართავენ. ორიგინალურ „ოდეკოლონს“ კი, რომელიც თავის დროზე ფარინიმ შეიმუშავა, ფაბრიკაში დღესაც საიდუმლო ფორმულით აწარმოებენ.
პინგ-პონგი (Ping-Pong; თამაშის დასახელება ბურთის მაგიდასთან შეხების ხმების მიხედვით შეირჩა. „პინგი“ მაღალ ხმას გამოხატავს, „პონგი“ – დაბალს) – სავაჭრო ნიშანი, რომელიც ინგლისურმა კომპანია J. Jaques & Son-მა 1901 წელს დაარეგისტრირა. სამაგიდო ჩოგბურთი ინგლისში მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიბადა. ადრე ეძახდნენ: Whiff-Waff, Pim-Pam, Table Tennis, Indoor Tennis, Netto, Royal Game და სხვას, მათ შორის, პინგ-პონგსაც. დროთა განმავლობაში, სახელების ეს მრავაფეროვნება ორ ყველაზე პოპულარულამდე შემცირდა – პინგ-პონგი და მაგიდის ჩოგბურთი. აშშ-ში პინგ-პონგი დღემდე კომპანია Parker Brother-ის კუთვნილი ბრენდია, რომელმაც სახელწოდების გამოყენების უფლება 1901 წელს ამერიკის ტერიტორიაზე შეიძინა.
უნიტაზი (Unitaz; ლათინური „unitas“ – ერთიანობა) – გავრცელებული მცდარი შეხედულებით, სიტყვა ფირმის სახელიდან წარმოიშვა, რომელიც სანტექნიკას ამზადებდა. სინამდვილეში სიტყვა წარმოიშვა ერთიანკერამიკული (სწორედ ამის გამო Unitas) უნიტაზის დამზადების შემდეგ, რომელიც ინგლისელმა ინჟინერმა თომას ტვაიფორდმა 1883 წელს შეიმუშავა. უნიტაზი ბუკინგემის სამეფო სასახლეშიც დააყენეს.
ფლომასტერი (Flo-Master) – მარკერებისა და მელნის პოპულარული სავაჭრო ნიშანი, რომელთაც 1951 წლიდან ამერიკული კომპანია Cushman & Denison ამზადებდა. შემდეგ კი იმისათვის, რომ მელანი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავდა, ფლომასტერი წარმოებიდან ამოიღეს.
ცელოფანი (Cellophane; გერმანული „cellulose“ – ცელულოზა და ბერძნული „phanos“ – ღია, ნათელი) – სახელი, რომელიც 1908 წელს შვეიცარელმა ინჟინერ-ქიმიკოსმა ჟაკ ბრანდერბერგმა დააპატენტა. მან გადამუშავებული ცელულოზისგან გამჭვირვალე ნივთიერება მიიღო. ცელოფანს, როგორც წესი, შესაფუთად იყენებენ. ძალიან ხშირად, ის პოლიეთილენში ერევათ, რომელთანაც ცელოფანს არაფერი საერთო არ აქვს.
ესკალატორი (Escalator; ლათინური „scala“ – კიბე) – ამერიკული კომპანიის, Otis Elevator-ის კუთვნილი სავაჭრო ნიშანი, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველი მექანიკური მოძრავკიბიანი მოწყობილობა ააგო. 1950 წელს სავაჭრო ნიშანს სასამართლომ საპატენტო დაცვა მოუხსნა. ამიტომ კომპანია Otis-მა ბრენდზე ექსკლუზიური უფლება დაკარგა. ამის შემდეგ, ესკალატორად ყველანაირ მოძრავ კიბეს მოიხსენიებენ.
ესკიმო (Eskimo Pie) – სავაჭრო ნიშანი, რომელიც 1922 წელს დანიური წარმოშობის ამერიკელმა, კრისტიან ნელსონმა დააპატენტა. შოკოლადით მოჭიქული ნაყინის დამზადების იდეა ნელსონს მამამისის საკონდიტრო მაღაზიაში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ გაუჩნდა – ბიჭმა ვერაფრით გადაწყვიტა, ნაყინი აერჩია თუ შოკოლადის ბატონი, ორივეს საყიდლად კი ფული არ ეყო. 1921 წელს კრისტიანმა რამდენიმე შეფუთული პირველი ესკიმო დაამზადა. თავდაპირველად ნაყინს I-Sqream Bar ერქვა. იმავე წელს მან შოკოლადის დამამზადებელ რასელ სტოვერთან ხელშეკრულება დადო. Eskimo Pie-ზე პატენტის მიღების შემდეგ კი, მათ ბრენდის გამოყენების უფლება ნაყინის დამამზადებელ ბევრ მწარმოებელს მიჰყიდეს.
ჟურნალი „ანაბეჭდი“ №35, დეკემბერი 2008 და იანვარი 2009
No comments:
Post a Comment