Sunday, June 13, 2010

ახალი ღვინის ფესტივალი საქართველოში

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ახალი ღვინის ფესტივალი“, რომელიც 8 მაისს „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი, ეროვნული და ხალისიანი მოვლენა იყო. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ, სამი ეზო ამ ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეთმო. წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა რეგიონის ღვინო. ფესტივალზე ამოსულ სტუმარს შეეძლო გაესინჯა შარშანდელი მოსავლის ღვინო, რომელიც წარმოადგინეს ღვინის კომპანიებმა, მცირე მარნებმა და ოჯახურმა მეურნეობებმა.

ქართული ღვინის დამზადების მეთოდები უნიკალურია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ყურძნის ჯიშებს, ღვინის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიებს, საქართველოშიც სჭირდება პოპულარიზაცია. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის ყოველ კუთხეს ვაზის მოვლისა და ღვინის დამზადების თავისებური, ავთენტური მეთოდები აქვს.

შარშან დაარსდა „ღვინის კლუბი“, რომელშიც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები გაერთიანდნენ. „ახალი ღვინის ფესტივალის“ მოწყობის იდეა კლუბის წევრებს ორგანიზაციის დაარსებიდანვე ჰქონდათ და ფესტივალისკენ ნაბიჯნაბიჯ მიიწევდნენ.

საბედნიეროდ, სიცივისა და წვიმების შემდეგ, წინა დღეებში პირველად გამოიდარა, თანაც მადლიანად, ისე, როგორც ჩვენებურ მაისს სჩვევია – ხასხასა გამჭვირვალე ჰაერით, კაშკაშა თბილი მზითა და გარშემო დატრიალებული გაზაფხულის სურნელით.

ფესტივალს დილიდანვე ხალხის ნაკადი მოაწყდა. სტუმართა უმეტესობას ოჯახის ღვინოები უფრო აინტერესებდა, თუმცა წასვლის წინ ღვინის კომპანიების ნაწარმსაც აქებდა. დაახლოებით 10000-მდე სტუმარი მაინც მოვიდა: სასულიერო პირები, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და რაც მთავარია, ახალგაზრდობა. ფესტივალს ბევრი უცხოელი სტუმარიც ეწვია.

დიდი დაინტერესება ხვდა წილად ბიოღვინოებს. ასეთი ღვინის მისაღებად ვენახის მოვლისას ნიადაგში ქიმიური სასუქი არ შეაქვთ, ვაზი შაბიამნითა და შხამ-ქიმიკატებით არ იწამლება, ღვინის დუღილისას მასში ხელოვნური საფუარი არ იყრება. როგორც წესი, მსგავსი მეთოდებით მიღებული ეკოლოგიურად სუფთა ღვინო საკმაოდ ძვირი ღირს.

საქართველოში ბიოღვინოს უკვე ბევრი მცირე მარანი თუ საოჯახო მეურნეობა აწარმოებს. ფესტივალზე ამდაგვარ ღვინოებს შორის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა „ჯაყელების ღვინოებმა“, კერძოდ ხაშმის საფერავმა და „დარჩიაშვილის ბიომარნის“ ღვინოებმა. შესანიშნავია „ღვინის კლუბის“ წევრისა და „ახალი ღვინის ფესტივალის“ დირექტორის იაგო ბიტარიშვილის კომპანია „ჩარდახის“ ღვინო, რომლის დიდი წილი ჩინურის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. „ჩარდახი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1999 წლიდან ბიომეთოდებით უვლის ვენახს და ამზადებს ღვინოს.

განსაკუთრებული სიმრავლე იყო ალავერდის მონასტრის მარნის კარავთან, სადაც ხალხი ძველი კახური წესით დამზადებულ ღვინოებს აგემოვნებდა და ემოციებს ვერ მალავდა. ეს მარანი XI საუკუნისაა, რომელიც 2006 წელს აღადგინეს. დამჭაშნიკებელი არ აკლდა კახურ, იმერულ, ქართლურ, რაჭულ, გურულ, ლეჩხუმურ ოჯახის ღვინოებს. მათ კარვებთან მუდამ დიდძალი ხალხი ირეოდა. რაჭული „ხვანჭკარასა“ და „თეთრას“ დაჭაშნიკების იმდენი მსურველი აღმოჩნდა, რომ ფესტივალზე ჩამოტანილი ეს ღვინოები უცებ გათავდა.

ჩინებული ღვინოები წარმოადგინეს ქართული ღვინის მსხვილმა მწარმოებლებმა: „თბილღვინომ“, „ენისელის ღვინოებმა“, „თელავის ღვინის მარანმა“, „თელიანი ველმა“, „იმერული ღვინის კომპანიამ“, კორპორაცია „ქინძმარაულმა“, „ქინძმარაულის მარანმა“, „შუმმა“, „დუგლაძეების ღვინოების კომპანიამ“, „შუხმანის ღვინოებმა“ და „თავად მაყაშვილის მარანმა“. ქართული კომპანიები ექსპერიმენტებს ატარებენ და ბევრი მათგანი ეკოლოგიურად სუფთა ბიოღვინის წარმოებაზე ნაწილობრივ მაინც ან უკვე გადასულია, ან ახლო მომავალში გეგმავს გადასვლას.

მარნებისა და ღვინის კომპანიების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დღეისათვის გადარჩენილია და აღდგენილია გაქრობის პირას მისული ქართული ვაზის ბევრი ჯიში: ქისი, უსახელაური, ხიხვი, თავკვერი, საკმიელა, შავკაპიტო და სხვები. ფესტივალის სტუმრებმა ამ იშვიათი, ქართული ღვინოების დეგუსტაციაც მოახერხეს.

სტუმრები ღვინის ზეიმზე ოჯახებთან ერთად იყვნენ ამოსულები. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ბავშვების სიმრავლე. შესანიშნავ ამინდთან ერთად, ღვინომ სტუმრების განწყობაც ძალიან აამაღლა და შეზარხოშების მიუხედავად, ერთ უსიამოვნო წალაპარაკებასაც კი არ ჰქონია ადგილი.

მომღერლებთან ერთად, ფესტივალის სტუმრებიც გემრიელად მღეროდნენ. მერე რა, რომ ზოგიერთს ხმა არ ჰქონდა? ეთნოგრაფიული მუზეუმის სხვადასხვა ადგილას ხშირად წააწყდებოდით მსგავს მომღერალ ღვინისმოყვარულთა დაჯგუფებებს. ჩატარდა სახალისო კონკურსებიც და ორიგინალური პრიზებიც ჩამორიგდა. „ღვინის კლუბის“ დიპლომებითა და ღვინის კლუბის სიმბოლოს მცირე სკულპტურით (რომელსაც „ოქროს ელიბო“ დაერქვა) კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანია, მცირე მარანი თუ მეღვინეთა ოჯახი დააჯილდოვა.

„ახალი ღვინის ფესტივალმა“ ორგანიზატორებს დაანახვა, რომ საზოგადოების მხრიდან ქართული ღვინისადმი ინტერესი საოცრად დიდია. ფესტივალზე ბევრი მეღვინე ერთმანეთს დაუმეგობრდა, მათ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, რაც „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი მიზანია.

ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ „ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ტრადიციად იქცეს და მაისის მეორე შაბათს მოეწყოს. გაისად, ალბათ, უფრო დიდი და მასშტაბური ფესტივალი დაიგეგმება და კიდევ უფრო მეტი კომპანია თუ ოჯახური მეურნეობა მიიღებს მონაწილეობას.

ჟურნალი „ათიანში“ #7, ივნისი, 2010 წელი

2 comments:

  1. მართლაც შესანიშნავი დღე იყო!

    ReplyDelete