Thursday, June 10, 2010

მუსიკალური რეცენზიები ერმონიასგან (მაისი)


Chinawoman – Show Me The Face © 2010

დღეს, როცა ყველაფერი ინტერნეტიზებულია, ახალი მუსიკის მოძებნა მაინც ჭირს იმ უზარმაზარ ინფორმაციულ ოკეანეში, რომელიც ჩვენ ირგვლივაა. ამ პროექტის აღმოჩენას ჩემს ახლო მეგობარს ვუმადლი, რომელმაც დაახლოებით 2 წლის წინ ინტერნეტით საჭაშნიკოდ ერთი სიმღერა გადმომიგდო და ძალზე მოვიხიბლე. Chinawoman, ანუ „ჩინელი ქალი“ ფსევდონიმია ტორონტოელი რუსული ფესვების მქონე გოგონასი, რომელსაც სინამდვილეში მიშელი ჰქვია. იგი რუსეთიდან კანადაში ემიგრირებული ბალერინას შვილია და როგორც აცხადებს, მისთვის თვით საბჭოთა რეტრორეპერტუარიც კი უცხო არ არის. ეს რაღაც დოზით მის მუსიკასაც ეტყობა, თუმცა მიშელი ინდივიდუალური მუსიკის არაჩვეულებრივი წარმომადგენელია. მის მუსიკაში ჰარმონიულადაა შერწყმული კანადელი ლეგენდის ლეონარდ კოენის ლირიზმი, „ველვეტ ანდერგრაუნდის“ გერმანელი სოლისტის ნიკოს ვოკალური ნიუანსები, საბჭოთა რეტრო-რომანტიკა...

მიშელის პირველი ფირფიტა (რა თქმა უნდა, ყველა სიმღერის ავტორი თავადაა) პირადად ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. ახლახან გამოვიდა „ჩაინავუმენის“ რიგით მეორე ფირფიტა „მაჩვენე შენი სახე“, რომელიც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და მასში საკმაოდ ბევრი საინტერესო და მელოდიური სიმღერაა. ზემოთ ნახსენები კანადელი საკულტო მომღერლის, ლეონარდ კოენის საუკეთესო ტრადიციებშია ალბომის პირველი ორი სიმღერა Drawn To You და Show Me The Face. მისი გავლენა კიდევ ბევრ სიმღერაში იგრძნობა, თუმცა მიშელი თავისთავად განუმეორებელია. ბევრს აღარ გავაგრძელებ და უბრალოდ, ყველას, ვისაც მოსწონს ოდნავ პირქუში, მაგრამ ძალზე მელოდიური, ოდნავ უცნაური, მაგრამ ნამდვილად ღირებული მუსიკა, აუცილებლად ვურჩევ „ჩაინავუმენის“ ახალი, არაჩვეულებრივი ნამუშევრის მოსმენას.

შეფასება: ********* (9 / 10)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Bonobo – Black Sands © 2010

დაუნტემპოს, ჩილ აუტისა და ელექტრონიკის მოყვარულ მსმენელს სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთა ბრიტანელმა მუსიკოსმა საიმონ გრინმა. „ბონობო“ სწორედ საიმონის ერთკაციანი პროექტია და მის შემოქმედებაში ეს ახალი დისკი რიგით მეოთხეა. ამ ადამიანს ყოველთვის ოსტატურად გამოსდიოდა ჟანრობრივად მრავალფეროვანი და მეტად საინტერესო მუსიკალური კოქტეილის მომზადება, რომელიც მსმენელს არასდროს დაძაბავს, თავს არ შეაწყენს, დაასვენებს, ამავე დროს, არანჟირებით, დაკვრის ტექნიკით, სასიამოვნო სირბილითა და დამახასიათებელი რიტმით სხვა მსგავსი პროექტებისგან გამოარჩევს.

ახალი დისკი თავდაპირველად, ერთი მოსმენით, როგორც იტყვიან, ვერ დავამუღამე და რამდენიმე დღით გვერდზე გადავდე. თუმცა, ყოველი შემდეგი მოსმენისას, უფრო მომეწონა. ეს მშვენიერი ნამუშევარია, რომელიც თანდათან, უფრო და უფრო თავს გაწონებს და ყოველდღიური ფლეილისტის განუყოფელი ნაწილი ხდება. ალბომში შესული თითქმის ყველა კომპოზიცია სრულყოფილია და ყურისთვის საოცრად სასიამოვნოდ აღსაქმელია. თითოეულ მათგანს საიდუმლო, თითქოს დაკარგული სულიერების გამაერთიანებელი ბუნდოვანი გემო დაჰკრავს – შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილობრივ სულიერი მუსიკაა. თავად ფირფიტის გამომცემელი ფირმა „ნინჯა ტიუნი“ მიიჩნევს, რომ ეს დისკი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამოშვებაა მათ ლეიბლზე. „ბონობოს“ ამ ახალი ნამუშევრისთვის ჩვენი ჟურნალის სახელით, ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება ნამდვილად არ დამენანება.

შეფასება: ********* (9 / 10)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Gorillaz – Plastic Beach © 2010

ეს ჯგუფი ჩამოაყალიბა საკულტო ბრიტანული კოლექტივის Blur-ის წევრმა დეიმონ ალბარნმა. „გორილები“ თავის დროზე მოინათლნენ კომეტად, რომელმაც 2001 წელს ერთი სიმღერით „კლინტ ისტვუდი“ მსოფლიოს პოპულარული მუსიკის თითქმის ყველა ჩარტი დაიპყრო. ამავე დროს, „გორილაზ“ გინესის რეკორდსმენთა წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ვირტუალური ჯგუფი. მას 4 ანიმაციური წევრი ჰყავს: 2D, Murdoc, Noodle და Russel. ჯგუფი უკრავს რამდენიმე სტილის სინთეზს, ესენია: ალტერნატიული როკი, ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი, ტრიპ-ჰოპი, ელექტრონიკა... პროექტში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ვიზუალურ შემოქმედებას. ვიდეოკლიპების საშუალებით „გორილებმა“ უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს არა მარტო ევროპაში, არამედ ოკეანის გაღმაც.

ახალი დისკი ჯგუფის ოფიციალურ შემოქმედებაში რიგით მესამეა. ფირფიტის გამოსვლამდე სახელგანთქმულმა მუსიკალურმა ჟურნალმა Q-მ ინტერვიუ აიღო „გორილაზის“ ვირტუალურ ბას-გიტარისტთან მერდოკ ნიკალსთან, რომელმაც მსმენელს აუწყა, რომ ეს დისკი მათ შემოქმედებაში უკანასკნელი იქნება. თუმცა რამდენად უნდა ვენდოთ მულტპერსონაჟს, ნამდვილად არ ვიცი. ფაქტია, რომ ახალი დისკი კარგად იყიდება და მასში ბევრი ძალიან კარგი კომპოზიციაა. ალბომის ჩაწერაში უამრავმა მოწვეულმა მუსიკოსმაც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ლეგენდარულმა ლუ რიდმაც, ხოლო სიმღერაზე Stylo უკვე გადაიღეს შესანიშნავი კლიპი, სადაც ჯგუფის ანიმირებულ ვირტუალურ წევრებს, რომლებიც ნამდვილი მანქანით მიქრიან, პოლიციის გარდა, ასევე ნამდვილი მსახიობი, ბრიუს უილისი რევოლვერით მისდევს. ვიცი, ამ ჯგუფს საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელთაც ეს ალბომი აუცილებლად გაახარებს.

შეფასება: ******** (8 / 10)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Jimi Hendrix – Valleys Of Neptune © 2010

ჯიმი ჰენდრიქსმა – გიტარის ჯადოქარმა, ვირტუოზმა და მუსიკალურმა რევოლუციონერმა გარდაცვალების შემდეგ უდიდესი საგანძური დაგვიტოვა. გვაქვს თუ არა უფლება მისი გარდაცვალებიდან აგერ უკვე მე-4 ათწლეულის თავზე ამ მუსიკის ღირებულება და სიღრმე შევაფასოთ? ან რაღას უნდა ველოდოთ მისგან? არადა, ფაქტია, რომ ამდენი წლის შემდეგ მუსიკალური მაღაზიების დახლებზე 12 კომპოზიციისგან შემდგარი შესანიშნავი ალბომი გამოჩნდა, რომელიც კომპანია Experience Hendrix-მა გამოსცა. აღნიშნული ლეიბლი და სიმღერებზე საავტორო უფლებები კი ჯიმის ნახევარდას – ჯენის ეკუთვნის. ნაწარმოებები იმითაა უნიკალური, რომ ყველა მათგანი ჰენდრიქსმა თავის ჯგუფთან The Experience-თან ერთად ჩაწერა, სანამ კოლექტივი დაიშლებოდა.

ჰენდრიქსის თავგადაკლული ფანები დისკზე მოუსმენენ ზოგიერთ ნაცნობ კომპოზიციასაც, რომელსაც ადრე შესაძლოა სხვა სახელი ერქვა. თუმცა ეს ნაცნობი სიმღერები ფირფიტაზე ისე ოსტატურადაა დამიქშერებული, რომ მსმენელს მოეჩვენება – გიტარისტი აგერ, რამდენიმე მეტრში სცენაზე დგას და უკრავს. ალბომში შესული ჯიმის სიმღერების ასე მშრალად შეფასება და გამორჩევა თითქმის შეუძლებელია, რადგან თავად ჰენდრიქსის მუსიკა ეტალონია, ამიტომ ალბომი Valleys Of Neptune ნამდვილად არ საჭიროებს ღრმა ანალიზს, კრიტიკასა და შესწავლას. უბრალოდ გეტყვით, რომ მისი მოსმენა უდიდესი სიამოვნებაა. იგი მოულოდნელი საჩუქარია დიდებული გიტარისტის გულშემატკივართათვის. არც საუკეთესო და არც ყველაზე ცუდი ნამუშევარია. ვერც იმას ვიტყვით, რომ ის აკლდა ჯიმის დისკოგრაფიას, მაგრამ ვერც ერთი მსმენელი იტყვის, რომ დისკი მათი კოლექციისთვის ზედმეტია. მოუსმინეთ და კიდევ ერთხელ დატკბით.

შეფასება: ******** (8 / 10)

ჟურნალი „ათიანში“ #6, მაისი, 2010 წელი

2 comments:

  1. დეიმონ ალბარნის გამო შეიძლება გორილას მსომენა დავიწყო :)) შეიძლება არც დავიწყო :დ

    ReplyDelete
  2. რამდენიმე სიმღერა მართლა მოგეწონება, მით უმეტეს ჰიპ-ჰოპიცაა საკაიფო დოზით ტრიპ-ჰოპიც. :)აი, ის კლიპიც, რაზეც ვწერდი: http://www.youtube.com/watch?v=RIJICVkbyyM

    ReplyDelete