Wednesday, September 8, 2010

პინკ ფლოიდი (ნაწილი I)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

ლაშა: – როცა „ბიტნიკებსა“ და ჰიპებზე სტატიას ვამზადებდით, ხაზი გავუსვით, რომ ჰიპების წიაღში იშვა ახალი მუსიკალური ჟანრი – ფსიქოდელია, რომელიც უმეტესწილად ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული. ფსიქოდელია მოდაში შემოვიდა თუ არა, მას ბევრი ბენდი უკრავდა. ჯგუფი, რომელზედაც ვაპირებთ საუბარს, ფსიქოდელიურ გარემოში ჩამოყალიბდა. ისე, „პინკ ფლოიდი“ ამერიკული ბენდი რომ ყოფილიყო, ნეტავ როგორი სახე ექნებოდა?

გაგა: – ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული ბოლომდე ფსიქოდელიურ ჯგუფად დარჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბების სტადიაში აშკარა ფსიქოდელიას ასრულებდნენ, ჯგუფის წევრები ყოველთვის უარყოფდნენ რაიმე კავშირს ამ მუსიკალურ ჟანრთან. ჩემი აზრით, მათ უბრალოდ კარგად გამოიყენეს ახალგაზრდებში დამკვიდრებული მოდური ჟანრი, რათა შემდეგ საკუთარი, განუმეორებელი მუსიკა შემოეთავაზებინათ, რომელიც არ ჯდება არც სუფთა ფსიქოდელიაში და არც სუფთა პროგრესივ-როკში.

ლაშა: – ძნელია დაიცვა რაციონალური ლოგიკის საზღვრები, როდესაც საუბარს იწყებ ისეთი ლეგენდის შესახებ, როგორიცაა Pink Floyd.

გაგა: – შემოგთავაზებ, რომ დავიწყოთ საკმაოდ ლოგიკური გასეირნებით. გავცდეთ ლონდონის ჩრდილოეთს 70 კილომეტრით და ჩავიდეთ კემბრიჯში. ქალაქის უძველეს ცენტრში, მდინარე კემზე მდებარე ხიდზე გადავიდეთ (სწორედ ამიტომ ეწოდა ქალაქს Cambridge) და გავუყვეთ ვიწრო ქუჩებს, რომლებზეც განლაგებული შენობების ასაკი რამდენიმე ასეულ წელიწადს ითვლის. ეს ქუჩები გარეუბან შერი ჰინტონში მიგვიყვანს, რომელშიც იმართება საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანული ფოლკლორის ფესტივალი. მაგრამ ეს ადგილი, სულ სხვა მოვლენის გამო იქცა უამრავისთვის საკულტო ადგილად – აქ, 1946 წლის 6 იანვარს დაიბადა სიდ ბარეტი (როჯერ კიტ ბარეტი).

ლაშა: – მართლაც ლოგიკურია, რომ Pink Floyd-ზე თხრობა ზუსტად სიდ ბარეტიდან დავიწყეთ, იმიტომ, რომ მის გარეშე ამ ჯგუფის დაბადება უბრალოდ წარმოუდგენელია. თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ ჩვენი „სეირნობის“ მარშრუტიც (ლონდონიდან კემბრიჯის გარეუბნამდე) საკმაოდ გადაჯაჭვულია ამ ეპოქალური ბენდის დაბადებასთან – ნიკ მეისონი და რიკ რაიტი ლონდონელები იყვნენ, ხოლო უკვე ნახსენები სიდ ბარეტის გარდა, როჯერ უოტერსი და დევიდ გილმორიც კემბრიჯელი ყმაწვილები გახლდნენ. ისიც აუცილებლად ვთქვათ, რომ „პინკ ფლოიდის“ დამაარსებლები, ვერაფრით დაიკვეხნიდნენ თავიანთი „მუშურ-გლეხური წარმომავლობით“. ბრიტანელი როკ-ვარსკვლავების უმეტესობას ასეთი წარმომავლობა ჰქონდა.

გაგა: – ბენდის „კემბრიჯული შტოს“ წარმომადგენლები ე. წ. „თეთრი საყელოების“ ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები. დევიდის მამა – დაგ გილმორი გენეტიკის დარგში პროფესორი გახლდათ, ხოლო დედა სილვია ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში ასწავლიდა. მაქს ბარეტი (სიდის მამა) პროფესიით პოლიციის პათოლოგანატომი და პარალელურად, ბრიტანეთში ბავშვთა დაავადებების ცნობილი სპეციალისტი იყო. როჯერის დედა – მერი სკოლის პედაგოგი იყო, რომელიც ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობდა, ხოლო მამა რელიგიასა და ფიზკულტურას ასწავლიდა. ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ბრიტანეთში ექიმის ან პედაგოგის ოჯახი და ისიც კემბრიჯში. ალბათ ნათელია, თუ როგორ გარემოში იზრდებოდნენ ბიჭები.

ლაშა: – სიდ ბარეტს ხშირად ადარებდნენ ჯონ ლენონს და ჯიმი მორისონს, ხოლო სიდის გავლენას გულღიად აღიარებდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ: მარკ ბოლანი, დევიდ ბოუვი, ბრაიან ინო. რომ გავიაზროთ, თუ რას ნიშნავდა სიდი თავად Pink Floyd-ისთვის, ასეთი შედარება მოვახდინოთ: რა მოუვიდოდა „ბითლზებს“, ჯონ ლენონს მათი პირველივე სინგლის She Loves You შემდეგ ჯგუფი რომ დაეტოვებინა და ლივერპულში დაბრუნებულიყო, დეიდა მიმისთან რომ ეცხოვრა?..

გაგა: – ჩვენში სიდ ბარეტი ბევრისთვის მხოლოდ „ფლოიდების“ დამაარსებელი და ამ ჯგუფის ნათლიაა. ამ დროს მსოფლიო როკ-კულტურისთვის სიდი საკულტო ფიგურად მიიჩნევა და ამ გენიოსის სახე, შემოქმედება და ცხოვრება დღემდე საგონებელში აგდებს მუსიკათმცოდნეებს, მკვლევარებს და მის გულშემატკივრებს. თურმე იმდენად ღრმა, კონცეპტუალური და ნოვატორული აღმოჩნდა XXI საუკუნისთვისაც ბიჭუნა, რომელმაც ოდესღაც მართლა მოიგონა სახელი Pink Floyd. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სადღაც 1965 წელს სიდს გაახსენდა ბობ ფულერის ფირფიტა, რომელიც სახლში ჰქონდა. მოაგონდა წარწერაც ამ ფირფიტის გარეკანზე: „კარლი უივერი და ფრედ მაკმიულენი, პინკ ანდერსონი და ფლოიდ კაუნსილი“... და მან, რატომღაც ყურადღება მხოლოდ ორ სახელს, Pink-სა და Floyd-ს მიაქცია და კიდევ ერთხელ გადაარქვა ჯგუფს სახელი. ამჯერად უკვე სამუდამოდ და 1966 წლიდან ბენდი სახელთან ერთად სტილსაც იცვლის. თავად პინკმა და ფლოიდმა კი არც არაფერი იცოდნენ ამ ჯგუფის არსებობის შესახებ, რომელთა დასახელებაში მათი სახელები ფიგურირებდნენ. ისინი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ სწორედ ამ ჯგუფის წყალობით მყარად და სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში.

ლაშა: – ჩემის აზრით, სიდ ბარეტს შემთხვევით არ ამოურჩევია პინკი (ვარდისფერი) და ფლოიდი (ფლამინგო ან ფლუიდი). როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ფსიქოდელიური ერა იდგა და სახელი „ვარდისფერი ფლამინგო“, ან „ვარდისფერი ფლუიდი“ სწორედ ელესდურად ჟღერდა და ყურადღებასაც იპყრობდა. შეიძლება ეს ვერსია საკამათოც იყოს, მაგრამ იგი მაინც არსებობდა.

„ყველა გზა რომში მიდის“ – უთქვამთ, მაგრამ Pink Floyd-ის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა გზა კემბრიჯში მიდიოდა (თუმცა მოგვიანებით რომში კოლიზეუმის ნანგრევებში მაინც გამართეს კონცერტი). უკვე ვიცით, როჯერ უოტერსი და დევიდ გილმორი კემბრიჯში რომ სწავლობდნენ და ალბათ, ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მათი მეგობარი სიდი უცებ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფს შექმნიდა და მით უფრო, ამ დიდი ისტორიის მონაწილეები გახდებოდნენ.

სიდმა კოლეჯში ჩააბარა, სადაც სახვით ხელოვნებას და გიტარას სწავლობდა და პარალელურად დევიდთან ერთად ადგილობრივ ფოლკ-ბენდში უკრავდა. როჯერმა კი კემბრიჯში სწავლას თავი დაანება და ლონდონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა არქიტექტურის ფაკულტეტზე. ზუსტად იქ გაიცნო და დაუმეგობრდა ბენდის დრამერ ნიკ მეისონს და კლავიშისტ რიჩარდ უილიამ რაიტს. ბიჭებმა უცებ გაუგეს ერთმანეთს და შექმნეს ჯგუფი Sigma-6. ამ ჯგუფმაც ბევრი წევრი გამოიცვალა და ბევრს ვერაფერს მიაღწია. ჯგუფის მთავარი ვოკალისტი ქალი ჯულიეტ გეილი, რიკ რაიტს გაჰყვა ცოლად და მუსიკას საერთოდ ჩამოსცილდა. ბიჭები ისევ სამნი დარჩნენ. ამ დროს როჯერი დაუკავშირდა სიდს და სთხოვა, ჯგუფს შეერთებოდა. ასე შეიქმნა The Pink Floyd-ის პირველი შემადგენლობა. დევიდი თითქოს თამაშგარე მგომარეობაში დარჩა, მაგრამ ევროპაში ხეტიალისგან თავისუფალ დროს მუდამ ბენდთან ერთად ატარებდა.

გაგა: – სიდის დაჟინებული თხოვნით ჯგუფმა უარი თქვა ფავორიტი მუსიკოსების „ქავერების“ შესრულებაზე და 1966 წლის ოქტომბრიდან შოუ დაგეგმეს. სინათლის ეფექტების შექმნაში მათ ტიმოთი ლირის კომპანიის სპეციალისტები ეხმარებოდნენ. ისიც ვთქვათ, რომ სიდ ბარეტის გარდა, ჯგუფში კომპოზიციებს სხვა არავინ წერდა, ვერც ბედავდნენ. სიდს კი ყველა ხელისგულზე ატარებდა, მასზე ლოცულობდნენ. ბარეტს ყველაფერი ძალიან სწრაფად, იოლად გამოსდიოდა. ამ მუდამ ჩაფიქრებული ახალგაზრდა კაცისგან ნიჭი და ახალი ჰარმონია იღვრებოდა. უოტერსს, რაიტს და მეისონს ვერც კი წარმოედგინათ, რომ შეიძლებოდა ისინი ოდესმე სიდის გარეშე დარჩენილიყვნენ.

ლაშა: – მოგვიანებით როჯერ უოტერსმა თქვა: „როგორც სიმღერების ავტორი, სიდი ერთადერთი და განუმეორებელი იყო. პირადად მე ვერასოდეს ავალ მის დონეზე, მის მწვერვალებზე და გულახდილად ვიტყვი – რომ არ ყოფილიყო სიდი, ვერანაირად ჩავწვდებოდი სამყაროს ისე, როგორც ახლა ვცდილობ დავინახო. 15 წელი დამჭირდა, რომ ოდნავ მაინც ახლოს მივსულიყავი იმ დონესთან, იმ სივრცესთან, სადაც სიდი შინაურულად გრძნობდა თავს. ხშირად მეკითხებიან, რა საშუალებით ახდენდა ბარეტი სამყაროს ასე ახლებურად დანახვას, აღთქმას და ნოტებზე გადმოცემას? ეს იგივეა, დასვა შეკითხვა – რატომაა მხატვარი მხატვარი? ხომ სასაცილოა? მხატვარი ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, უბრალოდ ხედავს და სხვანაირად შეიგრძნობს სამყაროს და მერე ეს ყველაფერი ტილოზე გადააქვს. ეს, ერთი შეხედვით, ღვთიური მადლია, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ეს წყევლაზე უარესიცაა, რადგან სიამოვნებასთან ერთად მძიმე და მკაცრი ტვირთია“.

გაგა: – თუ რა ტვირთი აიკიდა სიდ ბარეტმა და საერთოდ, მისი სახით რა ფენომენთან გვქონდა საქმე, შევეცდებით შემდეგ წერილში განვმარტოთ. ახლა ისევ ქრონოლოგიას მივყვეთ და „ფლოიდების“ პირველ ალბომზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელიც სიდს ეკუთვნის. პუბლიკა ამას უკვე ელოდა. გავიხსენოთ რა პერიოდია. ფსიქოდელია და პროგრესივიც ნელ-ნელა მკვიდრდება და ძალიან მოდურიც ხდება. ბოლოს და ბოლოს, იმავე „ბითლზებმა“ Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ჩაწერა. ამ სფეროში „როლინგებმაც“ მოსინჯეს ძალები და მსოფლიოს ფსიქოდელიური Their Satanic Majesties Request აჩუქეს. გავიხსენოთ ამერიკული ფსიქოდელიის მოძალებაც და ამ დროს „ფლოიდებმა“, როგორც სლენგზე იტყვიან, შედევრი დადეს: The Piper At The Gates Of Dawn. ეს იყო პირველი და ბოლო ალბომი სიდთან ერთად, რომელმაც ყველას აჩვენა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავლის მუსიკა.

ლაშა: – ნელ-ნელა სუფთა „ფლოიდური“ აუდიტორიაც ჩამოყალიბდა. ამ პროცესში დარბაზებში ხანდახან შეხლა-შემოხლაც კი ხდებოდა. დასაწყისში მოსოულო ჰიტ-მელოდიებს მიჩვეული პუბლიკა „ფლოიდურ“ ფსიქოდელიას აპროტესტებდა. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ბიჭების კონცერტებზე ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო მისვლა, ვისთვისაც იქმნებოდა მათი მუსიკა. ესენი იყვნენ მოაზროვნე, ინტელექტუალი ახალგაზრდები და, როგორც შემდეგ გაირკვა, არა მარტო ახალგაზრდები. ამ პერიოდს ეკუთვნის როჯერის ცნობილი ფრაზა: „ჩვენ შევცვალეთ ათასეულობით იდიოტი მსმენელი, რამდენიმე ასეული მოაზროვნე დაფიქრებული ადამიანით“. პირველი ალბომიც ზუსტად ამ აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. გასაოცარი და უცნაურად ლამაზი იყო ფირფიტის ყველა კომპოზიცია, სადაც მელოდიები ტონალურ მრავალფეროვნებაში იკვრებოდა. ლირიკაც ახალი და უცხო აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ტრიუმფი არც ისე დიდხანს გაგრძელდა.

გაგა: – აი, აქ იწყება უკვე პიროვნული ტრაგედია, რომელმაც მთელ ჯგუფზე იმოქმედა. ბარეტი უბრალოდ არაადეკვატური გახდა. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ჩაშლილ კონცერტებზე, სადაც სიდი გაშტერებული იდგა და აბსოლუტურ გაუგებრობას უკრავდა, არც იმაზე, რომ მასთან საუბარიც კი შეუძლებელი გახდა, – პასუხსაც არ სცემდა ვინმეს. პრობლემა არც მარტო ნარკოტიკებში იყო, რომელსაც (და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით LSD-ს) სიდი მანიაკურად მიეძალა... თუმცა ამ ყველაფრის ჩათვლით და ზემოქმედებით, სიდის ტრაგედიის მთავარი მიზეზი მისივე ფსიქიკა გახდა, რომელიც აბსოლუტურ დისონანში მოდიოდა არსებულ რეალობასთან. ეს ადრე ასე მძაფრად არ იგრძნობოდა.

ლაშა: – „კოშმარული ამერიკული ტურნეს“ (თავად ჯგუფის წევრებმა უწოდეს ასე) შემდეგ „ფლოიდები“ ორ წარუმატებელ სინგლს უშვებენ. სიდის გარშემო ატეხილი პრობლემები ვერა და ვერ მოგვარდა. კრიტიკოსებმა მეტეორივით ჩაფრენილ „ფლოიდებს“ საკმაოდ ბუნდოვანი მომავალი უწინასწარმეტყველეს. ბოლომდე არაა ცნობილი, როგორ განვითარდა ჯგუფის შიგნით მოვლენები, თუმცა ბიჭებმა გადაწყვიტეს გიტარისტად ბავშვობის მეგობარი დევიდ გილმორი მოეწვიათ. თავდაპირველად გილმორს კონცერტებზე სიდის ჩანაცვლება ევალებოდა და საფრანგეთიდან სასწრაფოდ დაბრუნებული დევიდი ჯგუფში გამოჩნდა.

გაგა: – ამ ამბიდან სადღაც 7 კვირაში, 1968 წლის 18 თებერვალს, ბარეტმა ჩუმად დატოვა თავისი პირმშო და გაუჩინარდა. Pink Floyd სასტიკი გამოწვევის და გამოცდის წინაშე დადგა – მას უნდა ეარსება და შეექმნა სიდის გარეშე...

თემის გაგრძელება შემდეგ ნომერში, ანუ აქ: პინკ ფლოიდი (ნაწილი II)

ჟურნალი „ათიანში“ #9, აგვისტო, 2010 წელი

6 comments:

  1. საღოლ ბიჭებო.. ძალიან საინტერესო წასაკითხია.. ყველაფერი კარგად გამოგდით :)

    ReplyDelete
  2. გაგრძელება როდის დაიდება???

    ReplyDelete
  3. როგორც იქნა ქართულად, ნორმალურად დაწერილს ნახავ რა ადამიანი )))


    დიდი მადლობა ))


    ეგრე გააგრძელეთ ))

    ReplyDelete
  4. ამათი დიდი ფანი ვარ ))

    მადლობთ ))

    ReplyDelete
  5. ვისიამოვნე. ყოჩაღ!

    ReplyDelete
  6. http://chemitbilisi.com/?p=10153&subconf=1; პინკ ფლოიდი საქართველოში

    ReplyDelete