Monday, September 5, 2011

მერი შელი – ქალი, რომელმაც მოიფიქრა ფრანკენშტაინი

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

ლაშა: – დავიწყოთ ასე, რომ ზოგადად ტექნიკური პროგრესი მიმართულია ადამიანთა კეთილდღეობისკენ, მეორეს მხრივ კი – ადამიანთა გასანადგურებლად. ესაა ის დილემა, რომლის წინაშე დგას თანამედროვე კაცობრიობა. ეს მეტად რთული და მწვავე საკითხი საუკეთესოდ წარმოაჩინა არა ტექნიკურ სიახლეებში მუდამ მოკირკიტე რომელიმე კალმოსანმა მამაკაცმა, არამედ ახალგაზრდა, მეტად მგრძნობიარე გოგონამ, რომელმაც მე-19 საუკუნის გარიჟრაჟზე მსოფლიოს ლიტერატურის კლასიკური რომანი „ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე“ აჩუქა. ლიტერატურის ისტორიას ჯერ არ ახსოვს მსგავსი შემთხვევა, როცა დამწყები, 19 წლის ავტორის პირველივე ნაწარმოები ასე უცებ მოხვედრილიყოს ლიტერატურის კლასიკის საგანძურში.

მერი შელი
გაგა: – ამ წიგნმა გამოსვლისთანავე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და, მოდი, ლაშა, თამამად ვიტყვი, შეცვალა საერთოდ აზროვნება და ისეთ ნოვაციებს დაუდო სათავეები, რომლებიც იმ პერიოდის პურიტანულ ინგლისში (და არა მარტო ინგლისში) წარმოუდგენელიც კი იყო. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო და თითქოსდა უცნაური ისაა, რომ საუბარი არ არის რაიმე პოემაზე, სადაც მარადიული ფასეულობებია აღწერილი ან თუნდაც მძაფრ სოციალურ რომანზე. მსგავსი რომ მომხდარიყო, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მაინც ჩაჯდება სტანდარტულ ჩარჩოებში. არა, აქ უფრო უცნაურ და დამაინტრიგებელ ისტორიასთან გვაქვს საქმე, რომელსაც თუ ჩავუღრმავდებით და ბოლომდე გავიაზრებთ, შეიძლება გაკვირვებისგან წავუსტვინოთ კიდეც.

ლაშა: – „წასტვენის“ საბაბებიც არსებობს და, რაც მთავარია, მიზეზებიც. ძალიან კონკრეტულები რომ ვიყოთ, მოდით, ასე ვთქვათ – 1910 წლიდან 2007 წლამდე მსოფლიო კინომატოგრაფმა 64-ჯერ მოახდინა იმ ყველაფრის ეკრანიზირება, რაც ჟენევის ტბასთან ერთი დიდი ინგლისელი პოეტის ახალგაზრდა მეუღლემ დაწერა.

გაგა: – მერი შელი... დღევანდელი გადმოსახედიდან ეს გვარ-სახელი უკვე ბევრ რამეს გვეუბნება. ქალმა, რომელმაც ერთხელ პირად დღიურში ასეთი ფრაზა ჩაინიშნა – „რომანტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე რომანტიკა“, უცებ დაწერა ისეთი რამ, რომლის პერსონაჟის გახსენება ნებისმიერი ადამიანისთვის, შეიძლება ითქვას, შიშის და ადრენალინის გამოყოფის საბაბია.

ლაშა: – „ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე“. აი, უცებ რა უცნაური რამ შექმნა უზომოდ რომანტიკულმა ინგლისელმა ქალმა. მერი შელი სახელგანთქმული ინგლისელი პოეტის, პერსი ბიში შელის მეუღლე და კიდევ ერთი დიდი პოეტის, ჯორჯ ბაირონის მეგობარი იყო. პერსი მის მომხიბლავ მერის მუზას ეძახდა და მას უამრავი ლექსი მიუძღვნა. თუმცა დავუბრუნდეთ „ფრანკენშტაინს“, რომლის შექმნასაც მეტად საინტერესო ისტორია აქვს. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი ჟენევის ტბის სანაპიროზე დაიწყო, სადაც ცოლ-ქმარმა შელებმა და ლორდმა ბაირონმა 1816 წლის ზაფხული ერთად გაატარეს. წვიმიან ამინდებში ახლო მეგობრები პერსი შელი და ლორდ ბაირონი უამრავ თემაზე საუბრობდნენ. მერი კი მათი მუსაიფის მუდმივი მოწმე იყო.

გაგა: – მეგობრები ხშირად საუბრობდნენ იმ დროისთვის პოპულარულ სიცოცხლის ჩასახვის საიდუმლოებებზე და ერაზმ დარვინის, – ჩარლზ დარვინის ბაბუის ცდებზე, რომელმაც სინჯარაში შენახულ ვერმიშელს თითქოს სიცოცხლის უნარი მისცა. პოეტები მსჯელობდნენ იმაზე, რომ მატერიის გაცოცხლება, თვით გვამისაც კი, ალბათ შესაძლებელი გახდებოდა. მეცნიერება ამას გალვანიზმის დახმარებით შეძლებდა და კიდევ უამრავ მსგავს საკითხებზე ლაპარაკობდნენ. ერთ წვიმიან დღეს ბაირონის ვილაში ისინი გერმანულიდან ფრანგულ ენაზე ნათარგმნ მოთხრობებს კითხულობდნენ აჩრდილების შესახებ. 

პერსი ბიში შელი, მერი შელი და ლორდ ბაირონი
ლაშა: – როცა კითხვა დაასრულეს, ბაირონს უთქვამს: „მოდით, თითოეულმა ჩვენგანმა დაწეროს მსგავსი შიშისმომგვრელი მოთხრობა“. ბაირონის ამ წინადადებას მერი შელის დიდი ენთუზიაზმი და შემოქმედებითი ფანტაზიის აღმაფრენა გამოუწვევია. მოგვიანებით გოგონამ დაწერა ცხოვრებაში პირველი რომანი „ფრანკენშტაინი“, რომლითაც ბაირონი განსაკუთრებით მოიხიბლა. ამ რომანმა ორი საუკუნის შემდეგაც არ დაკარგა მიმზიდველობა, პირიქით, ამ ატომურ, კოსმოსურ და ციფრულ ეპოქაში უფრო მეტად აქტუალური გახდა.

გაგა: – ცალკე საუბრის თემაა მერი შელის უმძიმესი ცხოვრების ეტაპი, რომელიც 1822 წლის შემდეგ, 25 წლის ასაკში დაიწყო. ამ წელს მერის უსაყვარლესი ქმარი, პერსი ბიში ზღვაზე დაიღუპა და ამით დასრულდა მისი მეტად საინტერესო და მჩქეფარე ცხოვრება. მერი წერდა: „უპირველეს ყოვლისა, მე აღარა მყავს მეგობარი... ახლა მარტო ვარ, სულ მარტოდმარტო! მისი სათუთი გავლენის წყალობით დღითიდღე უფრო გონიერი და უკეთესი ვხდებოდი. მისი შემწეობით ვწვდებოდი ცხოვრების უმაღლეს ფილოსოფიას. მე ვიყავი მისი მოწაფე, მეგობარი, სატრფო, მეუღლე, მისი შვილების დედა“.

ლაშა: – მერი შელის სიყვარულის ნიშნად დარჩა მისადმი მიძღვნილი სამიჯნურო ლექსები და კრემაციის დროს ბაირონის ხელით პერსის მკერდიდან ამოგლეჯილი გული, რომელსაც მთელი სიცოცხლე სათუთად ინახავდა. მერის საყვარელი მამაკაცის გარეშე ძალიან უჭირდა ცხოვრება, მაგრამ თავის აურაცხელ თაყვანისმცემლებს, რომელთა შორისაც იყვნენ გამოჩენილი მწერლები პროსპერ მერიმე და ირვინგ უოშინგტონი, დრამატურგი ჯონ ჰოვარდ პეინი და სხვები, უარით ისტუმრებდა.

ფრანკენშტაინი
გაგა: – მერის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით გამანადგურებლად იმოქმედა შვილებისა და მეუღლის სიკვდილმა. იგი 54 წლისა გარდაიცვალა. აი, ასეთი ტრაგიკული ბედი ჰქონდა ამ დიდებულ მწერალ ქალს. სხვათა შორის, მერის ძალიან უკვირდა თავისი რომანების ასეთი წარმატება. მისი მეორე რომანი „ვალპერგა“ კარგად გაიყიდა და შელის სიცოცხლეშივე რამდენჯერმე გამოიცა, ხოლო „ფრანკენშტაინი“ წარმატებით იდგმებოდა თეატრების სცენებზე. უკვირდა იმიტომ, რომ „ფრანკენშტაინი“, როგორც უკვე ვთქვით, თითქოსდა სალაღობოდ, დათქმული პირობისთვის დაწერა და არა სერიოზული განზრახვით.

ლაშა: – ეს დიდებული ქალი ოცნებობდა, საზოგადოებას მისი განსვენებული ქმრის, – პერსი ბიში შელის ნამდვილი სახე დაენახა, უკეთესად გაეცნოთ იგი, როგორც გენიალური პოეტი და მან უამრავი რამ გააკეთა ამისთვის. მერის მიერ გამოცემულმა პერსი ბიში შელის მანამდე გამოუქვეყნებელმა ლექსებმა და სხვა პოეტურმა ნაწარმოებებმა, პროზაულმა თხზულებებმა და ესეებმა დიდებით შემოსა შელის სახელი და მისი პოეტური გენია უფრო მეტად აღიარეს.

გაგა: – ლაშა, შენ ზემოთ აღნიშნე, რომ დაქვრივებულმა მერიმ ბევრი მისი ცოლობის მსურველი მამაკაცი უარით გაისტუმრა. ცნობილია, რომ იგი ყველა ასეთ მამაკაცს თავაზიანად პასუხობდა: „ჩემი საფლავის ქვაზე ორად ორი სიტყვა უნდა ეწეროს „მერი შელი“. მართლაც, ლონდონში მშობლების გვერდით დასაფლავებული მწერალი ქალის, ფრანკენშტეინის ავტორის საფლავის ქვაზე წერია: „მერი შელი“...

No comments:

Post a Comment