„ადამიანებს მუსიკა ისევე ესაჭიროებათ, როგორც ჭამა, სმა, ძილი და სექსუალური კმაყოფილება“
ინგლისელი წარმოშობის ამერიკელი მწერალი და ნეიროფსიქოლოგი ოლივერ საქსი ავტორია ბესტსელერისა „ადამიანი, რომელსაც ქუდი ცოლში აერია“. ეს ნაწარმოები კომპოზიტორმა მაიკლ ნაიმანმა ოპერად გადააკეთა, ხოლო პიტერ ბრუკმა – დრამატულ სპექტაკლად. იგი 1933 წელს ლონდონში დაიბადა. სამედიცინო განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. 1965 წლიდან ნიუ-იორკში ცხოვრობს. პროფესორი საქსი ცნობილი გახდა იმით, რომ მრავალი დავრდომილი და ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი საკუთარი სამკურნალო მეთოდებით განკურნა. მისი წიგნები მსოფლიოს 20 ენაზეა თარგმნილი. 2007 წელს გამოსული მეცნიერის Musicophilia: Tales of Music and the Brain („მუსიკოფილია: ამბები მუსიკასა და ტვინზე“) მუსიკისა და მედიცინის ურთიერთკავშირზეა. წერილში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, 78 წლის ექიმი მუსიკაზე სწორედ მედიცინის ჭრილიდან საუბრობს.
ამუზია, ანუ აბსოლუტური მუსიკალური სიყრუვე
უამრავ პაციენტს ვმკურნალობ. ზოგიერთი მათგანი მოხუცებულთა თავშესაფარში ან „ბეტ ებრაჰამსის“ ტიპის ქრონიკულად დაავადებულთა დაწესებულებებში ცხოვრობს, სადაც ორმოცზე მეტი წლის წინ განვითარდა მოქმედება ჩემს წიგნში „გამოღვიძება“ (ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც რობერტ დე ნირო და რობინ უილიამსი თამაშობენ – ლ. გ.), აგრეთვე, პატარა ღარიბი დების სამონაზვნო თავშესაფარში, რომელთანაც, ასევე, ვთანამშრომლობ. ამასთან ერთად, ხალხს კლინიკაშიც ვიღებ, ზოგიერთ პაციენტს კი სახლში ვმკურნალობ, რაც საოცარ სიამოვნებას მანიჭებს. მაგალითად, ამას წინათ ვსტუმრობდი ბრონქსელ ქალს, რომელსაც ამუზია სჭირს, ანუ იგი ვერ აღიქვამს მუსიკალურ ტონებსა და რიტმს. ეს მეტად ყოჩაღი, ნიჭიერი და საყვარელი ქალია, რომელიც ადრე სკოლის მასწავლებელი გახლდათ. ადრეული ბავშვობიდან იგი სმენით ვერ ცნობს ვერც ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს, უფრო სწორად, არ შეუძლია გაიგონოს მათში მუსიკა. თავად ასე ამიხსნა: „გინდათ იცოდეთ რას ვგრძნობ, როდესაც თქვენ მუსიკას უკრავთ? გადით სამზარეულოში და ახმაურეთ ქვაბები და ტაფები. ზუსტად ამას ვგრძნობ“. არსებობენ ადამიანები, რომელთაც საერთოდ არა აქვთ მუსიკალური სმენა, მაგრამ ეს უაზრობაა იმასთან შედარებით, როცა არ არსებობს საერთოდ მისი აღქმა, როგორც ამ ქალის შემთხვევაში. მას კინაღამ გული წაუვიდა, როცა შეიტყო, რომ ე. წ. შთამომავლობით ამუზიას მკვეთრი ნევროლოგიური გენეზი გააჩნია. წარსულში ჩემი პაციენტი თავის ქმართან ერთად ხშირად კონცერტებზე დადიოდა. ახლა კი იგი წუხს, რომ 70 წლის წინ არ დაუსვეს ეს დიაგნოზი, რადგან მთელი ცხოვრება თამაში არ მოუხდებოდა და თავის გაღიზიანებას ორკესტრის პირველივე ბგერებიდან აღარ დამალავდა.
გადამრჩენელი მუსიკა
წიგნში „მუსიკოფილია“ აღწერილი მაქვს 33 წლის წინ ჩემ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენა, როდესაც ფეხი საშინლად დავიზიანე და სწორედ მუსიკამ მიხსნა. მთებში ზღვის დონიდან 6 ათასი ფუტის სიმაღლეზე ვიყავი. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ფეხზე დაყრდნობა წარმოუდგენელი იყო და იგი სხეულზე უმწეოდ ეკიდა. არავინ იცოდა სად ვიყავი, არც მობილური არსებობდა და იძულებული გავხდი თავი სიკვდილისგან თავად გადამერჩინა. საბედნიეროდ თან ქოლგა მქონდა. მას ღერძი მოვატეხე, ფეხზე დავიმაგრე და შევეცადე ფერდობზე იდაყვებით ჩამოვხოხებულიყავი – გადაადგილების ძალიან დამღლელი საშუალებაა. აი, ამ დროს თავში რუსული სიმღერა „დუბინუშკა“ აჟღერდა. ამ სიმღერის თითოეულ ტაქტზე, დაძაბულად ვახერხებდი წინ გაჭრას. მეჩვენებოდა, რომ მუსიკა ბუქსირით მიმათრევდა. ჩემი გადაადგილება მხიარულ, მარტივ და მოწესრიგებულ პროცესად გარდაიქმნა. რიტმი თითოეულ ჩემს მოძრაობას კოორდინირებას და სინქრონიზაციას უწევდა. მას შემდეგ, რაც ადამიანებამდე ჩამოვაღწიე და ჩემი დანაწევრებული ფეხი ისევ ააწყვეს, ნეიროფიზიოლოგიური თვალსაზრისით ეგრევე მწყობრში ვერ ჩავდექი. როდესაც სახსარი რაღაც დროის განმავლობაში უმოქმედოდაა, იგი აღარ გემორჩილება ხოლმე, რადგან მისი რეპრეზენტაცია იდევნება სხეულის წარმოსახვიდან, რომელიც თავის ტვინის ქერქში არსებობს. ასეთ შემთხვევაში იმისათვის, რომ სახსარი დავიმორჩილოთ, მარტო ამის ნება საკმარისი არაა, აუცილებელია საკუთარ თავთან ეშმაკობა და მისი იძულება. ჩემს შემთხვევაში ჩემში ჰალუცინაციასავით აჟღერდა მუსიკა იმ კასეტიდან, რომელსაც ყოველთვის ვუსმენდი – მენდელსონის სავიოლინე კონცერტი. ზუსტად ამან დამაყენა ისევ ფეხზე.
კლინიკაში ერთ მოხუც ქალს ვმკურნალობდი, რომელიც თეძოს ყელის ძვლის მოტეხილობის შემდეგ ფეხს ვეღარ იმორჩილებდა, თუმცა ნორმალურად შეხორცებოდა. ვერავინ გაიგო რა იყო ამის მიზეზი. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მისი ფეხი შეირხა მას შემდეგ, რაც ირლანდიულ ჯიგას მოუსმინა. ადამიანს უმჭიდროესი ურთიერთკავშირი აქვს რეალურ თუ წარმოსახვით მუსიკასა და მოძრაობის იდეას შორის. ვერ შეძლებ მოუსმინო ან წარმოიდგინო მუსიკა და არ განიცადო სამოძრაო აღგზნება. თუ ამ დროს უმოქმედოდ ხარ, ტვინის ქერქის სამოძრაო განყოფილება ყველა შემთხვევაში ირხევა.
მუსიკა და თავის ტვინი
ჩემს კაბინეტში ყოველთვის ჩართული რადიოს ფონზე ვწერ ხოლმე. მსგავს დამოკიდებულებაში მარტო არა ვარ. მაგალითად, ნიცშეს ბიზე ძალიან უყვარდა და მის კონცერტებზე ყოველთვის ბლოკნოტით დადიოდა. იგი ამბობდა: „როდესაც ბიზეს ვუსმენ, მე როგორც ფილოსოფოსი სრულყოფილებას განვიცდი“. რიტმს აზრების ჩონჩხი შეგვიძლია ვუწოდოთ. ყოველ შემთხვევაში, კომპოზიტორ ერნსტ ტოხის შვილიშვილი მიყვებოდა, როგორ შეეძლო ბაბუამისს ასობით რიცხვის თანმიმდევრობა მოესმინა და დაუყოვნებლივ უშეცდომოდ გაემეორებინა, რადგან მის თავში ეგრევე მზა მელოდიად გარდაიქმნებოდა. მუსიკა თავის ტვინს თითქმის ყველაფერში ეხმარება: აძლიერებს მეხსიერებას, არეგულირებს მოძრაობას, აღვიძებს ემოციებს. როგორც არ უნდა წარმოქმნილიყო მუსიკა, დღეისათვის იგი ჩვენში დამკვიდრდა და ტვინის ძალიან ბევრი ნაწილი მას ემორჩილება. „მუსიკალურ საქმეთა ერთიანი ცენტრი“ ჩვენს თავში არ არსებობს. სამაგიეროდ თითოეული მისი ასპექტით ვიწრო პროფილური ცენტრები არიან დაკავებულნი, ერთი აღიქვამს ტონალობას, მეორე – რიტმს, მესამე – ტემბრს ან მელოდიურ მონახაზს. ამის გარდა, მუსიკის მოსმენისას ჩვენ არასოდეს ვპასიურობთ. ჩვენ ქვეცნობიერად ყოველთვის გამოვიცნობთ მის განვითარებას, ხოლო ასეთი საქმიანობა ტვინის შუბლის ნაწილებსაც ასტიმულირებს. ლაპარაკისთვისაც კი ტვინი უფრო მცირე მოცულობით მოქმედებს. არსებობენ ტვინის უმძიმესი ტრავმების მქონე ადამიანები, რომლებიც მუსიკაზე მაინც რეაგირებენ. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი პაციენტი აგერ უკვე ორმოცი წელია ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯება და ძალიან ბევრ საკითხთან დამოკიდებულებაში აბსოლუტურად უმწეოა, თუმცა აკაპელა ანსამბლში სიმღერას აგრძელებს. ამას წინათ კი პროფესიონალურ სცენაზეც გამოვიდა. დასრულებიდან 10 წამის შემდეგ კონცერტის შესახებ ყველაფერი დაავიწყდა.
იცით თუ არა თქვენ, რომ მუსიკოსის ტვინი ყოველთვის შეგიძლიათ იცნოთ თუნდაც მათემატიკოსის ან მხატვრის ტვინისგან განსხვავებით? პროფესიონალი მუსიკოსების ტვინის 6 ან 8 ნაწილი ყოველთვის ჰიპერტროფირებულია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მუსიკის მოსმენისას ახალშობილებში ყოველთვის ჩნდება სპონტანური რიტმული მოძრაობა. მსგავსი თვისება არც ერთი ცხოველის სახეობას არა აქვს. მხოლოდ ჩვენ გაგვივითარდა კონკრეტული და აბსტრაქტული იდეებისა და გრძნობების ურთიერთგაცვლის მძლავრი მოთხოვნილება. არსებობს ჰიპოთეზა, თითქოს ადამიანები თავდაპირველად ხელების საშუალებით ურთიერთობდნენ. მაგრამ ხელები საჭიროა სხვა უამრავი საქმისათვის, ამიტომ ჩვენი სახეობისთვის უნიკალურია ტვინში სამეტყველო და სასმენი აპარატების ნაწილების განვითარება. დიდხანს შეიძლება ვიკამათოთ მეტყველება უფრო ადრე გაჩნდა თუ მუსიკა.
მუსიკა და კულტურა, მეხსიერება
ჩემი ოპონენტი, სტივენ პინკერი (ცნობილი ამერიკელი ევოლუციის ფსიქოლოგი) ამტკიცებს, რომ მუსიკა ევოლუციის მხოლოდ შემთხვევითი ნაყოფია, რომელიც მეტყველების დასამუშავებელი ნერვული სისტემის რესურსებზე პარაზიტივითაა მიმაგრებული. მაგრამ მე მიყვარს მენდელსონის სიტყვების გამეორება: „ცალკეულ შემთხვევებში მუსიკა ენაზე უფრო ზუსტია“. ეს მართლაც ასეა, რადგან მუსიკა წარმოადგენს კომუნიკაციის სხვა, თუ გნებავთ, უფრო მაღალ ხარისხს. მაგალითისთვის, მუსიკა იდეალურად ერგება რელიგიურ რიტუალებს, ლიტურგიებს და ადამიანები, რომლებიც თუნდაც თალმუდს სწავლობენ, მას დღემდე სასიმღერო სტრუქტურით იმახსოვრებენ. ყველა ხალხის კულტურაში მუსიკა ცეკვებისა და სიმღერების სოციალურ საფუძველს წარმოადგენს, აღარაფერს ვამბობ შრომის სიმღერებსა და მხედრულ მარშებზე. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ საზოგადოების ადრეულ სტადიებზე ადამიანები ერთმანეთს სიმღერითა და სიტყვების სკანდირებით ესაუბრებოდნენ. ეჭვგარეშეა, რომ ჰომეროსის ეპოპეებს მთლიანად სიმღერით ასრულებდნენ. მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორია 50 საუკუნეს ითვლის და ამქვეყნად თითქმის არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც საერთოდ უგრძნობია მუსიკის მიმართ. გამონაკლისი იქნება ერთი ადამიანი მილიონს შორის – თუნდაც ზემოთნახსენები ბრონქსელი ქალი. ჩემი ოპონენტი სტივენ პინკერი წერს: „თუ ჩვენი სახეობის ცხოვრებიდან მუსიკა გაქრება, ჩვენი ცხოვრების წესი პრაქტიკულად არ შეიცვლება“. ამ თეზისს კატეგორიულად არ ვიზიარებ. ვიმედოვნებ, მსოფლიოს არც ერთი ანთროპოლოგი მას არ დაეთანხმება.
ჯერ კიდევ ორმოცი წლის წინ აღფრთოვანებული ვიყავი მუსიკის სამკურნალო ეფექტით პარკისონიზმით, აფაზიითა და სიბერის გონებასუსტობით დაავადებულ პაციენტებში. ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში, ავადმყოფს მისთვის ნაცნობი მუსიკის გაგონებისას, ცხოვრების მომენტები საოცარი ინტენსივობით ახსენდება. ამ ფორმასთან ეფექტურობით ვერც ერთი ცნობილი სამედიცინო მეთოდი ვერ მოვა. ენცეფალიტით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც პრაქტიკულად პარალიზებულები არიან, მუსიკა ცეკვის უნარსაც კი უბრუნებს. ხოლო აფაზიით დაავადებულებს, რომლებიც სიტყვასაც ვერ წარმოსთქვამენ, სიმღერა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, როდესაც მსგავს ავადმყოფებთან მაქვს საქმე, ეგრევე ვთავაზობ „Happy Birthday“-ს მსგავსი მარტივი მელოდია შეასრულოს. მხოლოდ ბოლო 20 წელია შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ იმ ადამიანთა ტვინებს, რომლებიც უსმენენ ან წარმოიდგენენ მუსიკას. როგორც ექიმს შემიძლია ვთქვა, რომ ინსულტისა და ქალა-ტვინის ტრავმის მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევებში კარგავს ადამიანი მუსიკით ტკბობის უნარს. სამაგიეროდ არსებობს საწინააღმდეგო ფენომენი, რომლის წყალობითაც ჩემს წიგნს „მუსიკოფილია“ დავარქვი, ანუ ასეთ შემთხვევებში ადამიანებს მუსიკისადმი ლტოლვის მძაფრი მოთხოვნილება უვითარდება – მის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. საოცარია, მაგრამ მათ მუსიკა ისევე ესაჭიროებათ, როგორც ჭამა, სმა, ძილი და სექსუალური კმაყოფილება. ამავე დროს, შესაძლოა ეს კონკრეტული მუსიკისადმი ლტოლვა იყოს – შენ გჭირდება ბრამსი ან რომელიმე პიანისტის დაკრული. წიგნში აღვწერე ქირურგ ტონი ჩიკორიას შემთხვევა, რომელსაც სფეროსებრი ელვის დაცემის შემდეგ თავში მუსიკა ესმოდა. ამ შემთხვევიდან დაახლოვებით ერთი თვის თავზე მას საფორტეპიანო მუსიკის მოსმენის საოცრად მძაფრი მოთხოვნილება გაუჩნდა. მან დისკების ყიდვა დაიწყო და შოპენზე დამოკიდებული გახდა, რომელსაც ვლადიმერ აშკენაზი ასრულებდა. მცირე ხანში მას დაკვრის მოთხოვნილება გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის შემდეგ ფორტეპიანოს არც კი გაჰკარებია. ამის შემდეგ ჩიკორიას თავში უკვე საკუთარი მუსიკაც ესმოდა. ამავე დროს, იგი ქირურგად მუშაობასაც აგრძელებდა, პაციენტებს იღებდა. მაგრამ ორი თვის შემდეგ ეს წყნარი მეოჯახე შეშლილობის პირას მდგარ შთაგონებულ მუსიკოსად გარდაიქმნა.
სავანტები
არსებობენ სავანტები, ანუ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული მათემატიკური, მხატვრული და მუსიკალური უნარებით არიან დაჯილდოვებულები, თუმცა საერთო ინტელექტის დონე საკმაოდ დაბალი აქვთ. სავანტებიდან ყველაზე დეტალურად სტივენ უილტშირი შევისწავლე. როდესაც მის საზოგადოებაში ხარ, სერიოზულად გრძნობ, რომ მას რაღაც ავტონომიურად არსებული ძალა ამოძრავებს. ის აშტერდება პეიზაჟს, შემდეგ უცებ ტრიალდება და ჩანახატის კეთებას იწყებს. ამ დროს მას შეუძლია ირგვლივ ყველაფერი ათვალიეროს და რაიმე მელოდიას უსტვენდეს. გეჩვენება, რომ ის საერთოდ არაა ფოკუსირებული იმაზე, რითიც დაკავებულია. და ხატავს საკმაოდ უცნაურად. წინასწარ შტრიხებს არ აკეთებს, არც კონტურებს ავლებს, ხატვას მარცხენა კიდიდან იწყებს და ეგრევე მარჯვენამდე მიდის. ამასთან ერთად იგი მუსიკალური სავანტიცაა – მას არა მარტო აბსოლუტური სმენა აქვს, არამედ ფუგის სტრუქტურასაც გრძნობს. ზოგიერთი ნეიროფიზიოლოგის შეხედულებით, სავანტებს ნაწილობრივ შენახული და აქტივიზირებული აქვთ ის უნარები, რომლებიც შორეული წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს. ესაა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში თავმოყრილი ანგარიშის, მუსიკის, ხატვის ნიჭები, რომლებიც ნორმალურ პირობებში, აბსტრაქტული აზროვნებისა და მეტყველების განვითარების შედეგად ითრგუნება ხოლმე. ეს ჰიპოთეზა მტკიცდება იმით, რომ მსგავსი თვისებები იმ მოხუც ადამიანებშიც ვლინდება, რომლებიც სიბერის გონებასუსტობით ავადდებიან. ამ დროს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში ვერბალურ-აზრობრივი მოქმედებები ირღვევა, სამაგიეროდ მარჯვენაში იღვიძებს ისეთი მუსიკალური შესაძლებლობები, რაზეც პაციენტებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.
ავსტრალიაში მეცნიერი ალენ სნაიდერი ატარებს ექსპერიმენტებს, რაზეც დღეს ბევრს საუბრობენ. ის იყენებს ტმს-ს (ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის) მეთოდს, რომლის საშუალებითაც ცდილობს მარცხენა საფეთქლის წილის დომინანტური აქტივობა ჩაახშოს. საკუთარ თავზე გამოვცადე, მაგრამ 15 წუთში უბრალოდ თავი ამტკივდა. მთხოვეს დამეხატა ძაღლი. ჩემგან მხატვარი არ დადგება და რაღაც ოთხფეხის მსგავსის დიაგრამა გამოვიდა. ექსპერიმენტატორებმა სცადეს შეემოწმებინათ, დავკარგე თუ არა აბსტრაქტული ფორმალიზმისკენ მიდრეკილება და ძაღლის დახატვა მთხოვეს. და ასე უცბად კაპიტულაცია რომ არ გამომეცხადებინა, შეიძლებოდა... მოკლედ, არსებობს საკმაოდ მაცდური ჰიპოთეზა, რომ სავანტის შესაძლებლობები თითოეულ ჩვენგანში ლატენტურადაა ჩადებული და განსაკუთრებულ პირობებში გამოვლენას ახერხებს.
მუსიკა და ტექნოლოგიები
წიგნში ვსაუბრობ ამფეტამინების გამოყენებაზეც. ესეც 40 წლის წინ მოხდა. ორი კვირის განმავლობაში უცნაურ მდგომარეობაში ჩავიძირე. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა საერთოდ არ შემიძლია, აღმოვაჩინე, რომ ადამიანების ფიგურებს გასაოცარ ანატომიურ დეტალებში ვსახავდი. დღემდე შემომრჩა სავსე რვეული ჩემი ჩანახატებით, რომელთა მსგავსი არც მანამდე შემიქმნია და ვერც მერე გავიმეორე. ცვლილებები ჩემს ყნოსვასაც შეეხო. უამრავი ადამიანის და ადგილის ცნობა სუნით შემეძლო. როდესაც ეს შესაძლებლობები გამიქრა, შერეული შეგრძნებები მქონდა. ერთის მხრივ, გული დამწყდა. თუმცა ამფეტამინები ძალიან სახიფათო პრეპარატებია და, მეორეს მხრივ, მიხარია, რომ გადავრჩი.
მე გავიზარდე იმ დროს, როდესაც ადამიანი მუსიკის მოსასმენად აუცილებლად კონცერტზე უნდა მისულიყო. ახლა MP3 პლეერები საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ გარემოებებში მუსიკას ვუსმინოთ. ერთი შეხედვით, ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. იმისათვის, რომ მუსიკა მოესმინა, დარვინი იძულებული იყო დაუნიდან (სადაც ოჯახით ცხოვრობდა) ლონდონში ჩასულიყო. დღეს კი ფონური მუსიკა ყველგან თან გვსდევს. ნიუ-იორკში იგი თითქმის ყველგან ჟღერს, ნებისმიერ მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრში, რესტორანსა თუ სპორტ-დარბაზში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ქალაქში ადამიანების 90% „აიპოდების“ ყურსასმენებით დადის. არ გამოვრიცხავ, რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი მუსიკალური ჰალუცინაციების გახშირებამდე მიგვიყვანს. ადამიანის ტვინი მუსიკის მიმართ წარმოუდგენლად მგრძნობიარეა. იმისათვის, რომ მუსიკა გონებაში ჩაგებეჭდოს, აუცილებელი არაა მისი გულითადი მოსმენა, იგი ტვინში ისედაც იბეჭდება. ერთ ჩემს პაციენტს მუსიკის გაგონებისას ეპილეფსიური შეტევა ეწყება, ამიტომ იგი ნიუ-იორკის ქუჩებში სიარულისას ყურებს ბამბით იცობს. ამ ქალაქში მისი ყოფნა სახიფათოა.
მელოდიის აკიდების შესახებ
ზოგჯერ რაღაც მელოდია აგვეკიდება ხოლმე. ამ დროს, ტვინის ტომოგრაფია რომ გავიკეთოთ, გამოჩნდება, თუ როგორ ბრუნავს ციკლური ფრაგმენტი თავში. ეს მცირე ელექტრონული პარაზიტია, მაგრამ მუსიკალური ჰალუცინაცია არაა, რომელსაც ვერ მართავ. თუმცა არც იმას ფიქრობთ, რომ მელოდია თითქოს სადღაც მიღმა ჟღერს. მუსიკალური ჰალუცინაციების მქონე ადამიანებს თავში ხშირად ის მუსიკა ესმით, რომელიც მათთვის ბავშვობიდანვეა ნაცნობი. ერთ ჩემს საცოდავ პაციენტს თან სდევდა ნაცისტური სამხედრო მარშები, რომელთაც იგი 1930-იან წლებში ჰამბურგში უსმენდა. ის მაშინ პატარა ებრაელი ბიჭუნა იყო, ხოლო ქუჩები სავსე იყო „ჰიტლერიუგენდის“ ბიჭებით, რომლებიც ებრაელებს ავიწროვებდნენ. ზოგჯერ ადამიანის თავში იავნანა ჟღერს, რომელსაც მას დედა უმღეროდა. ერთი ჩემი პაციენტი ამტკიცებდა, რომ მასში „შიდა თავის ქალის მუსიკალური ავტომატი“ იყო ჩამონტაჟებული. ამავე დროს, ბევრი ეგუება ჰალუცინაციებს, ზოგჯერ მათგან სიამოვნებასაც კი იღებს და ხმასაც უწყობს. ზოგიერთი კი საკუთარ ჰალუცინაციებს ახალ რეპერტუარს ასწავლის. სხვათა შორის, გამორიცხული არ არის, რომ ამ საგანს მალე უფრო ახლო გავეცნო. ცნობილია, რომ მუსიკალური ჰალუცინაციების მქონე ადამიანთა უმრავლესობას სმენადობა აქვს დაქვეითებული. ამას განიცდის სუსტი სმენადობის მქონე ადამიანთა 2%, ანუ ეს ფენომენი ასეულ ათასობით ადამიანს ეხება. მე კი შევამჩნიე, რომ ბოლო დროს ყურთასმენა მაკლდება. ახლა ვმარჩიელობ, მეწვევიან თუ არა ჰალუცინაციები. სხვათა შორის, ბოლო დროს თავში სულ მიტრიალებს სიმღერა „A Bicycle Built For Two“, რომელსაც ხშირად დედაჩემი მღეროდა. ალბათ ეს ის პირველი სიმღერაა, რომელიც მე ვისწავლე. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ყველა უკრავდა. მამაჩემი ძალზედ მუსიკალური იყო, უფროსი ძმები ფლეიტასა და კლარნეტზე უკრავდნენ. ჩვენ სახლში სიმებიანი ტრიოს ან კვარტეტის კონცერტებს ვაწყობდით. ხუთი წლისას შემეძლო მეთქვა: „ყველაზე მეტად შებოლილი ზუთხი და ბახი მიყვარს“. ახლა, როცა უკვე 70 წელს გადავცდი, შემიძლია იგივე გავიმეორო.
საინტერესო სტატიაა, დიდი ხანია მინდოდა რაიმე მსგავსის წაკითხვა ამ თემატიკაზე. კიდევ მინდა რაიმე... ცოტათი მეტი...
ReplyDeleteP.S. კინაღამ დამავიწყდა ამ სტატიის გამო მადლიერების გამოხატვა :)
მადლობა, ლაშა. ამ პიროვნების შესახებ არაფერი ვიცოდი. ძალიან საინტერესოა! :)
ReplyDeleteიხარეთ! :)
ReplyDeletecan i share this one on my page please...
ReplyDeleteSure! :)
ReplyDeleteZalian momewona...kargi statiaaa
ReplyDeleteდიდი მადლობა, ნინო. :)
Deleteძალიან მომეწონა.
ReplyDeleteბევრი საინტერესო რამეა ამ ბლოგზე...
უღრმესი მადლობა, დავით! :))
Delete