Tuesday, December 6, 2011

სესილია თაყაიშვილი Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money

სესილია თაყაიშვილი – საქართველოს ბებია

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს სესილიას განსახიერებული ოლღა ბებია უნახავს, უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობსო“.

ლაშა: – ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money („ფული“) მეორე წუთზე ჩნდება ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი. ფირში მის სახეს სულ რამდენიმე წამს ვხედავთ, მაგრამ იგი, როგორც ყოველთვის, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია.

არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ აღმოჩნდა მისი პორტრეტი ამ კლიპში და ორივე „ფლოიდების“ ერთ-ერთ დამაარსებელს როჯერ უოტერსს უკავშირდება. პირველის თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს და მათ შორის სესილიაც მოხვდა, სამწუხაროდ, როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი და არა ქართველი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის მეტყველი სახე და სწორედ ამიტომ, „პინკების“ ვიდეოში მისი ფოტო ჩაუსვამს...

გაგა: – მეორე „ფლოიდელ“, დევიდ გილმორთან დაახლოვებული პირის ინფორმაციით კი, როდესაც როჯერს თენგიზ აბულაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ უნახავს, ემოციებისგან ცრემლი წამოსვლია და ფილმის ნახვის შემდეგ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია. არსებობს კიდევ ერთი ძველი ამბავიც, – 1980 წელს „პინკ ფლოიდი“ საკონცერტოდ ლენინგრადში (ახლანდელ პეტერბურგში) უნდა ჩასულიყო. „კრემლმა“ გადაწყვიტა ჯგუფისთვის ვინმე საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და ალა პუგაჩოვა აარჩია, მაგრამ ისევ და ისევ უოტერსმა, თურმე, სესილიასთან შეხვედრა ითხოვა. ჩვენს ორივე ვერსიაში კარგად ჩანს, რომ სესილია მუსიკოსს ძალზედ მოსწონდა.

ლაშა: – როდესაც საუკუნის ადამიანებზე ვსაუბრობთ, ლეგენდა და სინამდვილე ხშირად ერთმანეთში იხლართება, თუმცა კვამლი უცეცხლოდ რომ არ ჩნდება, ეს ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. პირადად, საერთოდ არ მიკვირს, ქალბატონი სესილიას ასეთი პოპულარობა, რადგან არა მარტო ინგლისელი მუსიკოსი როჯერ უოტერსი იყო აღფრთოვანებული თაყაიშვილის კინოროლებით. როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს სესილიას განსახიერებული ოლღა ბებია უნახავს, უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობსო“.

გაგა: – რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი მსგავსი ლეგენდის მოყვანა შეგვიძლია მაგალითად, მაგრამ შორს წავალთ და ამას ჩვენი ჟურნალის ფორმატი არ ეყოფა. მით უმეტეს, როდესაც ისეთ დიდებულ ქართველ ქალსა და მსახიობზე ვსაუბრობთ, როგორიც ქალბატონი სესილია თაყაიშვილია. ამ შესანიშნავ მსახიობში თავმოყრილი იყო გენიალური უბრალოება, გულწრფელობა, იუმორის გრძნობა, პირდაპირობა და თავმდაბლობა, რომელიც მხოლოდ დიდ ადამიანებს ახასიათებთ.

ლაშა: – გაგა, სესილიას ცხოვრებიდან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა მოვიყვანო, რომელიც შენს დახასიათებას პირდაპირ მიესადაგება. 70-იანებში მსახიობს „ცეკადან“ დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი 70 წლის იუბილეს მოწყობას გეგმავდნენ. იმ დროს თაყაიშვილი უკვე საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იყო. მსახიობს ძალიან არ უყვარდა მსგავსი ღონისძიებები და ჯერ მოუცლელობა მოიმიზეზა - ერთდროულად სამ ფილმში მიღებენო, მაგრამ როდესაც შეატყო, რომ სახელმწიფო მოხელე მაინც თავისას „აწვებოდა“, ძალიან მწარედ მიახალა ყველაფერი, რასაც ზოგადად კომუნისტებზე ფიქრობდა. ეს იმ საშიშ დროს ნამდვილი გმირობა იყო!

გაგა: – სრულიად ახალგაზრდა თამაშობდა ხნიერ ქალებს. 26 წლის იყო, როცა ცხოვრებისგან გაუბედურებული ამალია კარლოვნას როლი შეასრულა, 29 წლისამ – შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ – პარასკევასა და 42 წლის ასაკში კი ჯულიეტას მოხუცი ძიძის როლი განასახიერა. ქართულ სცენაზე მან 120-მდე როლი ითამაშა, ყველაფერი კი მისი ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. პატარა სესილია ოჯახში მისულ ყველა სტუმარს ჩუმად აკვირდებოდა, ითვისებდა ლაპარაკის მანერას, მიმიკებს და მათი წასვლის შემდეგ, სარკის წინ უკვე ჩამოყალიბებული მსახიობივით ოსტატურად თამაშობდა. თავისი პირველი, ანგელოზის როლიც პატარა ასაკში შეასრულა.

ლაშა: – სიკვდილის წინ კი ასეთ ანდერძს დატოვებს: „ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით იქ ადგილს. საბურთალოზე თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!

ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას“.

გაგა: – სესილიაზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, ამ წერილს დასასრული არ ექნება. ასე რომ, ისევ ჟან დაკანტის სიტყვებით დავასრულებთ თხრობას: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ერთ-ერთ პროვინციაში ცხოვრობს“.

ჟურნალი „... და ქალი“ #12, დეკემბერი 2011 წელი

აგერ ვიდეოც:

6 comments:

  1. saocaria ! ! ! madloba am statiistvis. . .

    ReplyDelete
  2. ზაზა, მიუხედავად იმისა, რომ შენს მუსიკალურ სტატიებს შეძლებისდაგვარად ვკითხულობ და მომწონს კიდეც (ისე ეს ბლოგი რამდენიმე დღეა რაც აღმოვაჩინე და სტატიები მხოლოდ ჟურნალებში მაქვს წაკითხული), ამ ფაქტს ვერანაირად ვერ ვეთანხმები.
    http://porcupinemike.wordpress.com/2011/12/06/money-its-a-crime-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%99-%E1%83%A4/

    აი თუ სურვილი გექნება ჩემი პოსტიც წაიკითხე :)

    ReplyDelete
  3. ზაზა არ მქვია, – ბლოგს აწერია პირდაპირ ჩემი სახელი.

    სხვათა შორის, შენი ეგ პოსტი წაკითხული მაქვს.

    და ახლა მთავარი: ფაქტის დასათანხმებლად ან გადასამოწმებლად არ დაგვიწერია ეგ სტატია. ადრე აღვნიშნე ერთგან და აქ უბრალოდ გავიმეორებ:

    ეს სტატია ჩვენია, - ჩემი და გაგასი და ცხადია, რომ თითოეულ სიტყვაზე პასუხს თავადვე ვაგებთ.
    დიდი ხანია ერთად ვწერთ და არასოდეს გამოვდივართ მენტორებად, ანუ არავის ჭკუას არ ვასწავლით და არც ფაქტების ასპროცენტიან სიზუსტეზე ვდებთ თავს.

    ესაა ორი ადამიანის საუბარი ძალიან შინაურულ გარემოში, ზოგადად მუსიკაზე, რომელსაც ნებიემიერი მელომანისგან მოისმენთ. ამ საუბრებს ადრე ჟურნალი "ათიანში" და ახლა "და ქალი" ბეჭდავს.

    ჩვენ გვიყვარს ლეგენდები და ეს ლეგენდები სტატიებში მოგვყავს კიდეც. აი თუნდაც ადრინდელი:
    ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ლონდონის ტრამვაიში მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარნენ, თუმცა შემთხვევით საერთოდ არაფერი ხდება. მიკი მაშინ ლონდონის ეკონომიკურ ინსტიტუტში, ხოლო კიტი სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა. ტრამვაის შეხვედრამდე ისინი ერთმანეთს შორიდან იცნობდნენ. ორივეს ამერიკული მუსიკა უყვარდა და ასე დისკებით ხელდამშვენებულები წააწყდნენ ერთმანეთს. სწორედ მადი უოტერსის ფირფიტები გახდა მათი გამოლაპარაკების და დაახლოების მიზეზი. ტრამვაის ვაგონიდან მათი ჩამოსვლის შემდეგ იწყება „როლინგ სთოუნზის“ ისტორია.
    http://anarekly.blogspot.com/2010/06/i.html


    და კიდევ ბევრი სხვა. მანდვე შეგიძლიათ ჩვენი სტატიები ნახოთ.

    ამ სტატიაშიც ხაზგასმითაა ნათქვამი:

    QUOTE
    როდესაც საუკუნის ადამიანებზე ვსაუბრობთ, ლეგენდა და სინამდვილე ხშირად ერთმანეთში იხლართება, თუმცა კვამლი უცეცხლოდ რომ არ ჩნდება, ეს ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. პირადად, საერთოდ არ მიკვირს, ქალბატონი სესილიას ასეთი პოპულარობა, რადგან არა მარტო ინგლისელი მუსიკოსი როჯერ უოტერსი იყო აღფრთოვანებული თაყაიშვილის კინოროლებით. როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს სესილიას განსახიერებული ოლღა ბებია უნახავს, უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობსო“.
    http://anarekly.blogspot.com/2011/12/pink-floyd-money.html

    მოკლედ, ძალიან კარგია ამ სტატიით ასეთი დაინტერესება. საბოლოოდ რა დარჩება აქედან? შედეგი ის არის, რომ ჩემი რამდენიმე ახლობელი მეგობარი სერჩვას შეუდგა და რამდენიმემ დამირეკა "ფლოიდების" ზოგიერთი ალბომის დასაკოპირებლად.

    იქნებ ვინმე ღვთისნიერი როჯერ უოტერსს ან გილმორს დაუკავშირდეს 100% სიმართლის დასადგენად. :D

    როდესაც ფლოიდებზე ეს ჩვენი ადრინდელი სტატიები დაიდო აქ, ბევრს მოეწონა და ფაქტებზე არავინ აყვირებულა. შეგიძლიათ გადახედოთ. .)

    http://anarekly.blogspot.com/search/label/Pink%20Floyd


    აი, ესაა, რისი თქმაც მინდოდა. ამ შემთხვევაში ამ გაბოლდებულ ტექსტს გაგაც ხელს აწერს. :)

    ReplyDelete
  4. მადლობა საინტერესო ბლოგისთვის, არ მეგონა თუ აღმოვაჩნედი ამდენ საინტერესო ინფრომაციას ერთად.

    ReplyDelete