მაღალი დონის ხელოვანი თავისი კარიერის განმავლობაში ზოგჯერ დიდი ხნით უჩინარდება ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც მოვლენის ან შემთხვევის წყალობით, საზოგადოება ხელახლა აღიარებს მას. პოპულარული ქართველი ჯაზმომღერალი ქალი, გიული ჩოხელი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩრდილში იყო. საქართველოს ჯაზის ლეგენდა იმ იშვიათ ადამიანებს განეკუთვნება, რომლებზეც თამამად შეიძლება ითქვას „უბერებელი“. მუსიკოსი 80 წლის გახდა, თუმცა მისი ენერგია და თვალებში ჩამდგარი ბავშვური პოზიტიური სხივი ბევრ 20 წლის ახალგაზრდას შეშურდება. ახალგაზრდული იერისა და შემოქმედებითი ენერგიის გამო, ალბათ ვერავინ იფიქრებს, რომ უამრავი საერთაშორისო პრიზის მფლობელი და ამერიკელი კრიტიკოსების მიერ „ჯაზის ქართველ ლეგენდად“ წოდებული მომღერალი 1950-იანების დასაწყისიდან საქართველოს ჯაზის სათავეებთან დგას და ერთ-ერთი პიონერია. მისი ძლიერი, და ამავე დროს, ძალიან თბილი ხმა, ტემბრი, შესრულების მანერა, განუმეორებელი და უნიკალურია.
ჩემი სტუმრობის პირველსავე წუთებში, სანამ საუბარს დავიწყებდით, მუსიკოსმა ახლახან მიღებული წერილი მაჩვენა. კუბელი წარმოშობის ამერიკელი სახელგანთქმული ჯაზმენი, საქსოფონისტი და კლარნეტისტი პაკიტო დე რივერა წერს, რომ 48 წელია ეძებს ჩოხელს და მის მეუღლეს – ბორის რიჩკოვს. მოხარულია, რომ იპოვა. იხსენებს იმ დღეებს, როცა 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, კუბაში ერთად უკრავდნენ. რივერა სიხარულით აღნიშნავს, რომ მცირე ხანში თბილისში ჩამოვა და შეძლებს მასთან შეხვედრას.
საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისში გიული ჩოხელის საღამო გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. მომღერალმა ამ კონცერტთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრა: „ფილარმონიის დარბაზზე უარი ვთქვი, რადგან ძალიან დიდია. ჯაზს უფრო კლუბური სიტუაცია შეეფერება, ამიტომ ივენთ-ჰოლში გადავწყვიტე, სადაც ჩამოსული ჯაზმენებიც უკრავენ. მაყურებელთან ასე უფრო იქნება კონტაქტი, რადგან მე უნდა ვხედავდე მაყურებლის თვალებს, მათ რეაქციას“. ამ საღამოზე გიული ჩოხელმა თავად შეასრულა რამდენიმე სიმღერა და ამავე დროს, მისი ძველი, ქართული რეპერტუარი ახალი თაობის მომღერლებმა იმღერეს.
მუსიკოსის შემოქმედების ათვლა 1953 წლიდან იწყება, როცა იგი იმ რეპერტუარს ასრულებდა, რომელიც სსრკ-ში ძალიან რთულად შემოდიოდა. მაშინ ჯაზი აკრძალული იყო და მუსიკოსს დიდ სცენაზე არ უშვებდნენ. მხოლოდ მივარდნილ კლუბებში შეიძლებოდა დაკვრა და სიმღერა. 1956 წელს გიული ჩოხელი დაქორწინდა პიანისტსა და კომპოზიტორზე – ასევე ჯაზმენ ბორის რიჩკოვზე. თავდაპირველად მათ ტრიო ჩამოაყალიბეს (მოგვიანებით ანსამბლი „ჩანგი“) და ჯაზის დაკვრა დაიწყეს. სსრკ-ში სუფთა ჯაზკარიერის გაკეთების უფლებას ბოლომდე ვერავის აძლევდნენ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისთვისაც კი ერთგვარად სავალდებულოც იყო, ხარკი გადაეხადათ ე.წ. ესტრადისთვის, ანუ პოპულარული სცენისთვის. გიული ჩოხელი, როგორც ჯაზმომღერალი, ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. მას რამდენიმე ფირფიტა აქვს გამოცემული. მისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო სიმღერებია: „პაემანზე“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ეს იყო სიზმარი“, „სიყვარულის ვალსი“ და სხვები.
გიული ჩოხელი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია. იგი წერს ლექსებს, ხატავს პოლიეთილენის პარკებით (ჰქონდა რამდენიმე გამოფენა აშშ-ში და საქართველოში), ამავე დროს, 17 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ავტორიცაა. მის ძველ სიმღერებს, ნახატებს, ფოტოებს, წიგნს თუ ლექსებს მისსავე საიტზე გაეცნობით: giulichokheli.com. შარშან მუსიკოსზე გადაღებულმა ლევან კიტიასა და ბიძინა მაყაშვილის შესანიშნავმა დოკუმენტურმა ფილმმა „ეს იყო სიზმარი“ მისი შემოქმედების მიმართ მოთხოვნა გაზარდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა სასცენო კოსტიუმი, მის მიერაა შექმნილი. გიული ჩოხელმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებაზე ასე განაცხადა: „ჩემი ცხოვრების გზა – ჯაზის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულია. მე ამ სამყაროში დავიბადე და მომწონს მასში ცხოვრება. მე მაქვს სიყვარულის ფორმულა, რომლითაც ვცოცხლობ. ეს არის: ადამიანების სიყვარული, ერთგულება და გულწრფელობა. თუ ეს სამი რამ ადამიანს შეუძლია, მას ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს! ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში ძალას, რომელიც მაიძულებდა ვყოფილიყავი მუსიკოსი“.
ჩვენი საუბარი ასე დაიწყო:
ჩემი სტუმრობის პირველსავე წუთებში, სანამ საუბარს დავიწყებდით, მუსიკოსმა ახლახან მიღებული წერილი მაჩვენა. კუბელი წარმოშობის ამერიკელი სახელგანთქმული ჯაზმენი, საქსოფონისტი და კლარნეტისტი პაკიტო დე რივერა წერს, რომ 48 წელია ეძებს ჩოხელს და მის მეუღლეს – ბორის რიჩკოვს. მოხარულია, რომ იპოვა. იხსენებს იმ დღეებს, როცა 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, კუბაში ერთად უკრავდნენ. რივერა სიხარულით აღნიშნავს, რომ მცირე ხანში თბილისში ჩამოვა და შეძლებს მასთან შეხვედრას.
საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისში გიული ჩოხელის საღამო გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. მომღერალმა ამ კონცერტთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრა: „ფილარმონიის დარბაზზე უარი ვთქვი, რადგან ძალიან დიდია. ჯაზს უფრო კლუბური სიტუაცია შეეფერება, ამიტომ ივენთ-ჰოლში გადავწყვიტე, სადაც ჩამოსული ჯაზმენებიც უკრავენ. მაყურებელთან ასე უფრო იქნება კონტაქტი, რადგან მე უნდა ვხედავდე მაყურებლის თვალებს, მათ რეაქციას“. ამ საღამოზე გიული ჩოხელმა თავად შეასრულა რამდენიმე სიმღერა და ამავე დროს, მისი ძველი, ქართული რეპერტუარი ახალი თაობის მომღერლებმა იმღერეს.
მუსიკოსის შემოქმედების ათვლა 1953 წლიდან იწყება, როცა იგი იმ რეპერტუარს ასრულებდა, რომელიც სსრკ-ში ძალიან რთულად შემოდიოდა. მაშინ ჯაზი აკრძალული იყო და მუსიკოსს დიდ სცენაზე არ უშვებდნენ. მხოლოდ მივარდნილ კლუბებში შეიძლებოდა დაკვრა და სიმღერა. 1956 წელს გიული ჩოხელი დაქორწინდა პიანისტსა და კომპოზიტორზე – ასევე ჯაზმენ ბორის რიჩკოვზე. თავდაპირველად მათ ტრიო ჩამოაყალიბეს (მოგვიანებით ანსამბლი „ჩანგი“) და ჯაზის დაკვრა დაიწყეს. სსრკ-ში სუფთა ჯაზკარიერის გაკეთების უფლებას ბოლომდე ვერავის აძლევდნენ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისთვისაც კი ერთგვარად სავალდებულოც იყო, ხარკი გადაეხადათ ე.წ. ესტრადისთვის, ანუ პოპულარული სცენისთვის. გიული ჩოხელი, როგორც ჯაზმომღერალი, ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. მას რამდენიმე ფირფიტა აქვს გამოცემული. მისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო სიმღერებია: „პაემანზე“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ეს იყო სიზმარი“, „სიყვარულის ვალსი“ და სხვები.
გიული ჩოხელი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია. იგი წერს ლექსებს, ხატავს პოლიეთილენის პარკებით (ჰქონდა რამდენიმე გამოფენა აშშ-ში და საქართველოში), ამავე დროს, 17 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ავტორიცაა. მის ძველ სიმღერებს, ნახატებს, ფოტოებს, წიგნს თუ ლექსებს მისსავე საიტზე გაეცნობით: giulichokheli.com. შარშან მუსიკოსზე გადაღებულმა ლევან კიტიასა და ბიძინა მაყაშვილის შესანიშნავმა დოკუმენტურმა ფილმმა „ეს იყო სიზმარი“ მისი შემოქმედების მიმართ მოთხოვნა გაზარდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა სასცენო კოსტიუმი, მის მიერაა შექმნილი. გიული ჩოხელმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებაზე ასე განაცხადა: „ჩემი ცხოვრების გზა – ჯაზის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულია. მე ამ სამყაროში დავიბადე და მომწონს მასში ცხოვრება. მე მაქვს სიყვარულის ფორმულა, რომლითაც ვცოცხლობ. ეს არის: ადამიანების სიყვარული, ერთგულება და გულწრფელობა. თუ ეს სამი რამ ადამიანს შეუძლია, მას ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს! ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში ძალას, რომელიც მაიძულებდა ვყოფილიყავი მუსიკოსი“.
ჩვენი საუბარი ასე დაიწყო:
– ქალბატონო გიული, ჯაზი ძალიან გიყვართ?
– ჯაზი მიყვარს კი არა, ჯაზმენი ვარ.
– უფრო ჯაზვუმენი ალბათ.
– ჯაზმენი.
– შეგიძლიათ თქვათ, ვის მუსიკაზე გაიზარდეთ და ყველაზე დიდი გავლენა ვინ მოახდინა თქვენს შემოქმედებაზე?
– ელა ფიცჯერალდის მუსიკაზე გავიზარდე, მაგრამ ეს არ იყო გავლენა, უფრო სკოლას დავარქმევდი, სადაც სწავლობ, როგორ უნდა იმღეროს ადამიანმა, როგორ უნდა მიიტანოს ბგერა მსმენელამდე. ელა ძალიან ინტელიგენტი და კულტურული მომღერალია.
– რას იტყვით თანამედროვე ქართულ პოპ-მუსიკაზე?
– ჩემამდე არ მოდის აბსოლუტურად. ჯაზი კარგად ვიცი და ყველანაირ მუსიკაში გამეგება რაღაც. იცით რა არ მომწონს? მუსიკოსები რომ აბსოლუტურად არ მუშაობენ ტექსტთან, სიმღერაში დრამატურგია არ ისმის. სიმღერა ხომ მარტო ბგერა არ არის. მე ხომ უნდა გამაგებინო რაღაც და გულთან ხომ უნდა მივიტანო ეს შესრულება? ისიც უნდა ვთქვა, რომ უმეტესად წივიან და კივიან. მიაჩნიათ, რომ მომღერალმა თუ უკანასკნელი ნოტი არ აიღო, მომღერლად არ მიიჩნევა. ეს არის ტყუილი, სიყალბე, რადგან ბგერა, ტემბრი იკარგება. ტემბრი საერთოდ აღარ არსებობს, კივილი ისმის მხოლოდ. მათ „ახალგაზრდა მამლები“ შევარქვი...
– ქალებსაც და კაცებსაც, არა?
– დიახ, ქალებსაც და კაცებსაც. რეპზეც მინდა გითხრათ, რომელსაც საერთოდ ვერ ვიტან, შავკანიანთა რეპიც არ მიყვარს. თუმცა, ბერა ივანიშვილს მოვუსმინე და როიალთან რომ დაჯდა, ჯაზიც დაუკრა. განვითარებულია, სულ სხვა კაცია. ძალიან მომეწონა, როგორც მუსიკოსი.
მინდა გითხრათ, რომ პირველი რეპი ძველ თბილისში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს ქუჩებში დადიოდა ერთი მოხუცი კაცი, გვარად ქურხული, რომელიც საზანდარზე უკრავდა და ჩვენს გაჭირვებაზე ლაპარაკობდა. ეს კაცი ეზო-ეზო დადიოდა და გველაპარაკებოდა მუსიკის თანხლებით. რეპი იყო, აბა რა იყო. საქართველომ დაბადა რეპი.
– სსრკ-ს დროს ჯაზთან როგორი დამოკიდებულება იყო? მაინტერესებს, მაგ დროს შეეძლო თუ არა მუსიკოსს სუფთა ჯაზმენი გამხდარიყო? თუ ესტრადის შირმის ქვეშ უნდა ყოფილიყო ყველაფერი?
– თბილისში მხოლოდ ერთი ნამდვილი ჯაზმენი არსებობდა, – თათუზა ყურაშვილი. ის ძალიან ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან. ჩემს ქმარს, ბორისს უთხრა, ჯარში მიწვევენ და გთხოვთ გასტროლებზე წამიყვანეთო. წავიყვანეთ. როცა ჯემსეიშენში დაუკრა, აღტაცებულები დავრჩით, რადგან მუსიკაში თავისუფლად აზროვნებდა ისევე, როგორც ამერიკელი ჯაზმენი. ხელის არაჩვეულებრივი აპარატი ჰქონდა.
– როდის მოხვედით მუსიკაში?
– 1953 წელს დავიწყე, რაღაცეებს ვმღეროდი, რაც შემოდიოდა. მაშინ დასავლური ფირფიტების ყიდვის საშუალება არ იყო, არ შემოდიოდა საერთოდ. არც უცხოეთში გვიშვებდნენ. ქართულად იმღერეთო გვაფრთხილებდა ფილარმონიის დირექტორი. რაღაც კლუბებში გამოვდიოდი, ასეთი იყო „საბაჩი პერეულოკში“ ერთი კლუბი, სადაც მუსიკოსები ვიკრიბებოდით. მხოლოდ იქ ვხალისობდით, თორემ დიდ სცენაზე ჯაზის შესრულების უფლებას არ გვაძლევდნენ. 1956 წელს ბორის რიჩკოვს გავყევი ცოლად. ჩვენ გავახურეთ ჯაზი, შევქმენით ტრიო და ვმღეროდით, მაგრამ სცენაზე არ გვამღერებდნენ. მხოლოდ გადასახლებებში, ვთქვათ, სახალინზე ან მაგადანში ვმღეროდით ჯაზს, რადგან იქ არ არსებობდა კრიტიკა. გვისმენდნენ ყოფილი პატიმრები, რომლებიც იქ დარჩნენ და მოწყურებულები იყვნენ კონცერტებს. მანდ გვიშვებდნენ კონცერტების ჩასატარებლად, რადგან დიდ სცენაზე ჯაზი არ შეიძლებოდა.
ხრუშოვის და ანდროპოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნელ-ნელა ჯაზის ჰაერმა შემოაღწია. ერთხელ, ტალინში სპორტის დარბაზში მივედით ჯაზ-ფესტივალზე ბორისი და მე. ჩამოსული იყო ჩარლზ ლლოიდის ჯგუფი, დიქსილენდები და სხვები... ჰოდა, რას ვხედავთ! ეს მუსიკოსები და მაყურებელი კარებთან დგანან და დარბაზში არ უშვებენ. ჯაზ-კლუბის ხელმძღვანელი ერთი პატარა კაცი იყო და აქეთ-იქით დარბოდა. ბორისმა ჰკითხა ამერიკელებს, რაშია საქმეო და უპასუხეს, ამერიკული დროშის აწევის უფლებას არ გვაძლევენ და ამიტომ დარბაზში არ შევალთო. ეს კაცი ცოტა ხანში გახარებული მოვარდა, კარგადაა საქმე, ანდროპოვს (რომელიც თურმე მაშინ „კაგებეში“ მუშაობდა) დავუკავშირდი და დროშის აწევის უფლება მოგვცაო. ასე დაიწყო ჯაზ-ფესტივალი. 1957-58 წლებში ამერიკიდან პირველი ჯგუფი, „მოდერნ ჯაზ კვარტეტი“ ჩამოვიდა, რომელთანაც ჩვენ კონტაქტი გვქონდა, ვმღეროდი მათთან ერთად, ბორისი ჯემსეიშენებში მონაწილეობდა.
– რას იტყვით აკომპანიმენტზე?
– საერთოდ, თუ ინსტრუმენტალისტი ვერ უკრავს და აკომპანიმენტიდან არ მესმის ის, რაც უნდა ისმოდეს, მე ვერ ვმღერი. ჯაზმენი მარტო კი არ მღერის, იგი ორკესტრს, მის იმპროვიზაციასაც უსმენს. ეს ის დოპინგი და კატაპულტია, რასაც ჩვენ, მომღერლებს ორკესტრი გვაძლევს. სხვანაირად არ გამოვა, არანჟირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– თქვენ იღებთ ხოლმე არანჟირებაში მონაწილეობას?
– არა. მე შემიძლია ორკესტრს ვუთხრა ახლა ეს ვქნათ, ახლა ის გავაკეთოთ, მაგრამ ამ ყველაფრის დაწერა არ ვიცი. ასეთი ცოდნა არ გამაჩნია.
– სიმღერა თუ დაგიწერიათ?
– ადრე შევქმენი ერთი სიმღერა და გაბისკირიას დიდ ორკესტრთან ერთად ვიმღერე. იმის შემდეგ აღარ დამიწერია არაფერი. ის სიმღერა ხალხს დაამახსოვრდა. მას შემდეგ 50 წელია გასული და ვიღაცეებს ახსოვთ, რა მეცვა. ერთმა მითხრა, ცისფერი კაბა გეცვა და სცენაზე რომ გამოხვედი, ვიფიქრეთ, ეს ლამაზი ქალი ვინაა, ნეტა ისე იმღეროს, როგორც გამოიყურებაო. სიმღერა რომ დაიწყე, დარბაზი დაინგრაო. ხანდახან თბილისში მაინც ვასრულებდით ჯაზურ კომპოზიციებს, მაგრამ ტელევიზია და ხმის ჩამწერი ფირმა „მელოდია“ არ იწერდა არაფერს. არ დაფიქსირებულა ჩემი შესრულებული „მისტერ პაგანინიც“, რომელიც ყველას ახსოვს, ვისაც მე ვახსოვარ. რატომ არ ჩაწერეთო, მსაყვედურობენ. მე რა ვიცი? ჩემი კონცერტები ვინმემ ჩაიწერა? „სოპოტზე“ ჩემი გამოსვლაც კი დაუწვავთ ტელევიზიაში, რადგან ძველ ფირზე იყო გადაღებული. ვიღაც მეხანძრეს შეშინებია, ხანძარი არ გააჩინოს ტელევიზიაშიო და დაუწვავს. ლევან კიტიამ ჩემზე ფილმი რომ გადაიღო, ჩემს მასალებს უცხოეთშიც კი ეძებდა და სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნო. „მელოდიამ“ არქივი ქუჩაში დაყარა. ჩემი ერთი ფირფიტაც აღარაა შემორჩენილი.
საქართველოში ვერავინ იმეორებს ჩემს სტილს. ჩემი ხმა გულიდან, აი, აქედან მოდის.
– საბჭოთა ესტრადას თუ ჰქონდა რამე პლიუსი?
– ესტრადის ერთადერთი პლიუსი ის იყო, რომ ჩვენ ხშირად დავდიოდით გასტროლებზე. ეს წინასწარ იგეგმებოდა. მაგრამ ჩვენს რეპერტუარში ხელებს უფათურებდნენ, – ეს იმღერეთ, ეს არ იმღეროთ, ორი ქართული სიმღერა იმღერეთ მხოლოდ, ექვსი – რუსული, მხოლოდ ერთი ჯაზ-კომპოზიცია გამოურიეთ და ისიც, ყოველთვის არ შეიძლებაო. ტუსაღები ვიყავით. მინისტრთან მისვლა რომ დაგვჭირდებოდა, ჯაზმენი მოვიდაო იტყოდნენ და გაიპარებოდნენ. რუსეთზე ვიყავით დამოკიდებულები. ყველაფერს ისინი აკეთებდნენ. საქართველოს ფილარმონიას დიდი უფლებები არ ჰქონდა, მხოლოდ ცენტრალურს შეეძლო შენი თუნდაც საზღვარგარეთ გაშვება. ერთი პერიოდი პოლონეთშიც კი ვერ ჩავდიოდით. საზღვრები ოდნავ რომ გაიხსნა ჩვენთვის, ბორისმა და მე ჩვენ ჯგუფ „ჩანგისთან“ ერთად მთელი ევროპა მოვიარეთ. სამწუხაროდ, ამის ამსახველი მასალაც არ არსებობს, რადგან არავინ ფიქრობდა ამ ყველაფრის გადაღებასა თუ ჩაწერაზე. არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო, – შურის თუ იმისი, რომ ჩემი მუსიკა არ ესმოდათ?
– შეიძლება იმის ბრალიც იყო, რომ ჯაზი მაინც ამერიკასთან ასოცირდებოდა და ამიტომ თავს იკავებდნენ მისი ჩაწერისგან.
– ჰო, მართალია. უფრო გიტარაზე დამღერებული რუსული რომანსები მოსწონდათ. სხვათა შორის, ქართული რომანსები მეც მაქვს ჩაწერილი და გაჩუქებთ ამ ფირფიტას. მასში შესულია ბიძინა კვერნაძის „რატომ მიხმობ“ (ბიძინას ცოლმა მითხრა ერთხელ, ასე არავის უმღერია ეს სიმღერაო), ქეთო ჯაფარიძის რეპერტუარიდან „მხოლოდ შენ ერთს“ შევასრულე, ბზვანელის „ჩავაქრე სანთელი“ ჩავწერე და ძალიან მოეწონათ.
– რომელიმე ინსტრუმენტს თუ ფლობთ?
– არც ერთს. ხანდახან როიალთან მივდივარ. ვსწავლობდი, – მინდოდა საკუთარი თავის აკომპანიატორი გავმხდარიყავი. ბორისთან, ჩემს ქმართან ერთად 14 წლის განმავლობაში როიალს საერთოდ არ მივკარებივარ. ის უძლიერესი პიანისტი იყო, ოსკარ პიტერსონივით უკრავდა, ძალიან ამერიკულად. ჩემი ქმარი იყო კაცი, რომელსაც ნაციონალობა არ ჰქონდა და მსოფლიო მნიშვნელობის ჯაზმენი გახლდათ.
– ქალბატონო გიული, თქვენი აზრით, სამშობლოს სიყვარული რა არის?
– საკუთარი ქვეყნის სიყვარულს საშინლად განვიცდი. ამდენი ვიხეტიალე, ჩემი შვილი უჩემოდ გაიზარდა, დედაჩემმა გაზარდა. დედა რომ არ ყოფილიყო, მომღერალი ვერ გამოვიდოდი. ერთხელ მითხრა, შენ რა გგონია, ბავშვს რომ მიტოვებ, მეც მსახიობი ვარო. იხუმრა, რადგან გიჟდებოდა ბავშვზე. ერთი კვირაც კი რომ იწელებოდა გასტროლი, თბილისში მინდოდა ჩამოსვლა. 10 თვე ამერიკაში ვიცხოვრე და კინაღამ გული წამივიდა. იქ ჩაწერები მქონდა „ნაით კლაბში“. სამჯერ ვიყავი ამერიკაში 1995 წელს, 97 წელს და 2000-ში. ამის შემდეგ ფეხი არსად გამიდგამს. არ მინდა! ვცხოვრობ აქ, ვწერ ლექსებს, 350 ლექსი მაქვს უკვე. ვხატავ ცელოფნის პარკებით, ამერიკაში გამოფენაც მქონდა უკვე. იქ 100 ნამუშევარი დავტოვე.
1995 წელს, როცა ამერიკაში პირველად წავედი, აქ ომი იყო. გახსოვთ, როგორი დაღლილები, მშივრები ვიყავით იმ დროს და უცებ მოდის მოწვევა, მეპატიჟებოდნენ „კარნეგი-ჰოლში“ და ყველაფერი დაფინანსებული იყო. მაშინ მყავდა ძაღლი უიტნი (უიტნი ჰიუსტონის სახელი ერქვა), ამას (ძაღლზე უთითებს ლ.გ.) კი ჯენი ჰქვია – ჯენიფერ ლოპესის სახელი. წავედი შტატებში და დიდხანს არ გამომიშვეს. მაშინ შევარდნაძეზე ტერორისტული აქტი მოხდა, მის მანქანას ესროლეს. ჟურნალში შევარდნაძის ფოტო გამოაქვეყნეს, მას მაისური ეცვა და ქვემოთ ეწერა: „ნუ მესვრით, არ გადავრჩები“. ასე იუმორში გაატარეს ეს ტერაქტი, ხომ იცით, ამერიკელებს ეს არ ეშლებათ. მაშინ გავიფიქრე, ვაიმე, იქ რა დაბრუნდება, მოდი, აქ დავრჩები-მეთქი. ამ ფიქრებით ჩამეძინა. სიზმარში ვხედავ, რომ კარი გაიღო, ჩემი უფროსი ბიძა, ექიმი, ვანო ჩოხელი და დედაჩემი დგანან და თავები გადაიქნიეს – „ნწ, ნწ, ნწ, ნწ“. დილას ავდექი თუ არა თენგიზ სულხანიშვილს დავურეკე სასწრაფოდ და ვთხოვე, თენგიზ სასწრაფოდ ბილეთი ამიღე, თბილისში უნდა დავბრუნდე-მეთქი. ასე გამოვექანე აქეთ.
– რუსეთში თუ ჩადიხართ ხოლმე?
– 2008 წელს რუსეთი რომ გვეომა, გაგიჟებამდე შემზიზღდა ეს ქვეყანა. ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ მაგ ქვეყანაში არც ჩავსულვარ. თუ სადმე მივდივარ, მხოლოდ თურქეთის გავლით. მაშინ ვთქვი, რომ ფეხის დამდგმელი აღარ ვარ მაგ ქვეყანაში-მეთქი. ჩემი შვილი მოსკოვში გარდაიცვალა და არ ჩავსულვარ. არც ჩავალ. იცით რატომ? როგორ გაუბედეს საქართველოს ასეთი რამ? ვინ დაიწყო და რატომ სულ არ მაინტერესებს. ამ ერთი მუჭა პატარა, ლამაზ ხალხს რომ ურტყამ და სახლებიდან ყრი, ვინა ხარ? ჩემთვის რუსეთი უკვე მკვდარია. არასოდეს იქ ფეხს არ დავადგამ, ახლა მით უმეტეს, უკვე 80-ის ვარ, რაღა დროს ჩემი მოგზაურობაა. მთავრობა თუ დამეხმარება, შვილს აქეთ გადმოვასვენებ. მე ამის საშუალება არა მაქვს. შვილიშვილი იქა მყავს. ჩემს სიძეს ვთხოვე, ხომ იცი, ელიკომ გაზარდა დიანა და მინდა კუკიის სასაფლაოზე მის გვერდით დავასაფლავო-მეთქი. დამპირდა, ყველაფერს ვიზამ, ჯერ ერთი წელი გავიდესო. ამ იმედით ვარ ცოცხალი, რომ იცოდეთ. იქ რა უნდა ჩემს შვილს? აქ გაიზარდა.
– თქვენი აზრით, ქართველებს რა გვაქვს ისეთი, რაც სხვა ერებისგან გამოგვარჩევს?
– ძალიან თბილი ხალხი ვართ. შინაგანი სითბო გვაქვს, რომელსაც ყველას ვუზიარებთ თუ, რა თქმა უნდა, შურიანი, ცუდად აღზრდილი, ქურდი და გათახსირებული არაა ადამიანი. ასეთებთან არც მაქვს ურთიერთობა, უბრალოდ ტელევიზიიდან ვიგებ საშინელ ამბებს და იმ ღამეს ვერ ვიძინებ ხოლმე, რადგან ჩემთვის მოულოდნელი რამაა. ქართველს დიდი სითბო აქვს. თუ შეგიყვარა, ბოლომდე უყვარს შენი პიროვნებაც, ხელოვნებაც და თუ გაგიჭირდა, აუცილებლად გვერდით დაგიდგება, გზას გაჩვენებს, რომ შენ არ წაიქცე. ეს ვიცი ზუსტად და იმიტომ ვცხოვრობ აქ. არავითარი სხვა ქვეყანა არ მინდა. მე ქართველი ვარ.
იცით, ქმარს რატომ დავშორდი? ორივენი თბილისის ფილარმონიის სოლისტები ვიყავით მაშინ. მე ვუთხარი ბორისს, საქართველოში უნდა დავბრუნდე, დედა ავად მყავს, ქართველი ვარ და იქ უნდა ვიცხოვრო, შენც წამოდი, ხომ იცი იქ ხალხს როგორ უყვარხარ, ჩემზე წარმატებული ხარ, შვილიც იქ გვყავს-მეთქი. რა მითხრა იცით? „არ გეწყინოს გიულიშა, ყველამ თავის სამშობლოში უნდა იცხოვროსო“. პატრიოტი კაცი იყო. ისე, ჩვენ ოფიციალურად განქორწინებულები არც ვყოფილვართ. მერე დინას მისწერა, ცუდად ვარ და ჩამოდითო. ჩავიდა ჩემი შვილი და ორ თვეში გარდაიცვალა ბორია.
ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე, ჩემო კარგო. დღემდე რომ მოვედი, ასე შემართული რომ ვარ და ჩემს საღამოზე კიდევ რომ უნდა ვიმღერო, ალბათ ქართული გენის დამსახურებაა. რაც უნდა მირტყა, ქართველი ვარ და ვერაფერს დამიშავებ – ესაა ჩემი ცხოვრება.
– ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მერი შილდელმა თქვენი ნიჭი აღმოაჩინა.
– კი არ აღმოაჩინა, დედამ თხოვა, გავეკონტროლებინე. სახლში გოგი ცაბაძის დაწერილ რომანსებს ვმღეროდი. დედის მერიდებოდა და მის წინაშე არ ვმღეროდი ხოლმე. მაშინ დედა მარჯანიშვილის მოედანზე ცხოვრობდა. გამოვაღებდი ფანჯრებს, დავჯდებოდი პიანინოსთან და ვმღეროდი ამ რომანსებს, ჯაზსაც (რაც მაშინ ვიცოდი). მეზობლები თურმე მისმენდნენ, მოპირდაპირე ფანჯრებიდან მიკრავდნენ ტაშს და „ბრავოს“ ყვიროდნენ. ახლო მეზობელი იყო მედეა სიხარულიძე, რომელიც ინოლა გურგულიასთან ერთად მღეროდა და კარგი როიალიც ჰქონდა. ჩემი აივნიდან მის აივანზე ვძვრებოდი ხოლმე, ისე ახლოს იყო. ინოლაზე ვგიჟდებოდი და ვუსმენდი. დაჯდებოდა და სიმღერას დაიწყებდა, ისეთ პიანოებს იღებდა, ისე მღეროდა... ძალიან მიყვარდა.
ერთხელ დედა მეუბნება, მეზობლებმა მიამბეს, თურმე შენ აქ რაღაც რომანსებს უკრავ. მოდი, მერი შილდელს მოვიწვევ და თქვას, შეიძლება თუ არა შენი სცენაზე გაშვებაო. ერთხელაც კარი გაიღო და შემოვიდა ქართული სილამაზის უზარმაზარი მაღალი ქალი. შილდელმა მაგრად ჩამიხუტა, მერე დავჯექი პიანინოსთან და ვიმღერე. სხვათა შორის, როცა საქმე მუსიკას ეხებოდა, მორცხვი არასოდეს ვყოფილვარ. მერიმ მომისმინა და დედაჩემს უთხრა, რეპერტუარიც ჰქონია, ჩამოყალიბებული მომღერალია და გაუშვი სცენაზეო. დედა სიცილით მოკვდა – ჯერ სკოლა დაამთავროს, იმდენი „ორიანები“ მომიტანა, იძულებული გავხდი აგერ, კუთხეში აგური დამეყარა და დამესაჯა, ნეტა რა ემღერებაო.
– ქალბატონო გიული, თქვენი აზრით, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი მუსიკოსი?
– საქართველოს ბულბული... მამაკაცია. აბა, თქვენ დაასახელეთ.
– ჰამლეტ გონაშვილზე ბრძანებთ?
– დიახ, მე კარგად ვიცნობდი მას. მანსარდაში ცხოვრობდა, წვიმა ჩასდიოდა და საშინელი პირობები ჰქონდა. რატომ არ შეუწყვეს ხელი? მსგავსი მომღერალი არ არსებობს. ჩემთვის ის ჯაზმენი იყო, საოცარი იმპროვიზაციები შეეძლო.
თავის დროზე გურულ სიმღერებზე ვთქვი, რომ ეს ჯაზია. წინა საუკუნეებში გურულები ცხენების გასაყიდად გემით ჩადიოდნენ ამერიკაში და იქ სიმღერასაც ახურებდნენ. სავარაუდოდ, იქაურებმა დაიჭირეს ეს მუსიკა. სხვათა შორის, ჩვენი ფოლკლორის ბევრი ელემენტი აქვთ ამერიკელებს თუნდაც რიტმში, ძალიან ჰგავს. ზოგადად, ხალხური მუსიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ადრე რუსეთში ულიანოვსკში ვიყავი გასტროლებზე და მაშინ მირჩიეს, წადი, ხალხურ გუნდს მოუსმინე, ჯაზმენი ხარ და მოგეწონებაო. მივედი, შეკრებილები იყვნენ 70-დან 100 წლამდე ნაციონალურ ფორმაში გამოწყობილი დედაკაცები. იცით რა გაახურეს? აუჰ, ეს რა იყო! ლიუდმილა ზიკინა ხომ მღეროდა რუსულ ფოლკლორს, მაგრამ ამათთან შედარებით, მისი ნამღერი არაფერი არ იყო. მახსოვს ლიდია რუსლანოვა, ცეცხლს ანთებდა სიმღერისას. მარტო რუსული ხასიათი და კულტურა კი არა, ეს ჯაზიც იყო, იმპროვიზაციებიც სავსე.
თამარ წერეთელს მოვუსმინე კიდევ და ამ 80 წლის ქალმა იცით, როგორ იმღერა? ტულაში ქალაქგარეთ დაუნიშნეს კონცერტი და ბორისთან ერთად მივედი. სახედანაოჭებული იყო უკვე, უჭირდა, ქალაქგარეთ აგარაკზე ცხოვრობდა... მაინც როგორი ბედი გვაქვს ქართველებს? ჰამლეტ გონაშვილი ასე უნდა დაღუპულიყო? რა ბედი ჰქონდა მასაც. აი, ასეთი გულისტკივილები მაქვს.
ძალიან მომწონდა ამირან ებრალიძის „დიელო“. კარგ ჯაზს ასრულებდნენ, ამირანი საყვირზეც შესანიშნავად უკრავდა. იგი ზოგადად ჯაზმენია და ძალიან კულტურული მუსიკოსია. „ფორ ფრეშმანის“, „ჰაი ლოუსის“ რეპერტუარს მღეროდნენ ძალიან ზუსტი ტემბრებით.
გიორგი გაბისკირია უნდა ვახსენო, არაჩვეულებრივი მუსიკოსი. ზოგიერთმა შურიანმა ისე მოაწყო მისი საქმე, რომ ბოლოს ძალზედ გაჭირვებული, ფუნიკულიორის რესტორანში მღეროდა. ქართველებმა ერთმანეთის კარგი მეგობრობა და ამავე დროს, ძალიან დიდი მტრობაც ვიცით. გიორგი დაღუპეს.
ახალგაზრდებმა, რომლებიც წივიან და კივიან, დრამატურგიაზე და ტექსტზე აუცილებლად უნდა იმუშაონ. ყველამ თავისებურად უნდა იმღეროს და არაა საჭირო არეტა ფრანკლინობა, უიტნი ჰიუსტონობა და ა.შ. უიტნი ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ის თვითონ იყო საკუთარი თავი, მე უნდა ვიყო მე და შენ უნდა იყო შენ.
დაბოლოს, ყველა მინდა მოვიკითხო, ვისაც მე ვუყვარვარ. შურიანებს ვეტყვი, რომ შურის ეპოქა დასრულდა, ყველამ საკუთარი სახე უნდა წარმოაჩინოს, უნდა იყოს ძლიერი და არავისზე დამოკიდებული. უნდა უყვარდეს თავისი საქმე, ნებისმიერ პროფესიაში.
ახალი ფოტოების ავტორი: © ზვიად ნიკოლაიშვილი
ჟურნალი „ფოკუსი“ #71 და საავტორო ინტერნეტ-ჟურნალი „ანარეკლი“, 2015 წლის აპრილი
No comments:
Post a Comment