Saturday, May 7, 2016

რობი კუხიანიძე მუსიკასა და თეატრზე, ტერორიზმსა და ეკოლოგიაზე

წარმოშობით ქუთაისელი რობი კუხიანიძე ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავეებთან დგას. მას ძალიან არ უყვარს ჟურნალისტური იარლიყები – თუნდაც ისეთი წოდებები, როგორებიცაა: „ქართული ანდერგრაუნდის ან ალტერნატიული მუსიკის მამა“, ან „ქართული პანკის პიონერი“. რობი მეამბოხე მუსიკოსების რიგებშია, თუმცა ბოლო წლებში მისი სიმღერები უფრო ქალაქური ხასიათის გახდა. იგი ქართული ქალაქური მუსიკის ერთ-ერთ დედაქალაქში – ქუთაისში, 1965 წლის 5 აგვისტოს დაიბადა. პროფესიით მასობრივ ღონისძიებათა რეჟისორია. ჯგუფი „აუტსაიდერი“ 1989 წელს ჩამოაყალიბა. მანამდე მის ჯგუფს „პროვინციალ-ბენდი“ ერქვა. 2000 წლიდან, ოჯახთან ერთად, თბილისში ქირით ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე – ირმა სოხაძე, ორი შვილი – სალომე და მალხაზი და შვილიშვილი – ალექსანდრე. სალომე „აუტსაიდერის“ წევრია, ვიოლინოზე უკრავს. რობის მასთან, შინ ვესაუბრე.

– რობი, თქვენ პროფესიით მასობრივ ღონისძიებათა რეჟისორი ბრძანდებით. როგორ აღმოჩნდით მუსიკაში?
 
– ჩემთვის რეჟისორობა მიზანი არასოდეს ყოფილა. ქუთაისში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მსახიობ ავთანდილ სახამბერიძესთან დავდიოდი. უბრალოდ რომ ვთქვა, „ვტუსაობდი“. იქ დავმეგობრდი თეატრალებთან. ერთ მშვენიერ დღეს, ეს ჩემი მეგობრები ერთიანად წამოვიდნენ თბილისში და თეატრალურ უნივერსიტეტში მოეწყვნენ. იმ პერიოდში, ქუთაისში თეატრალურის ფილიალი გააკეთეს. დედაჩემმა მთხოვა, თბილისში თუ არა, აქ მაინც ჩააბარე გამოცდებიო. არ მინდოდა გამოცდების ჩაბარება – დარწმუნებული ვიყავი, წერაში მაინც ჩავიჭრებოდი. გადავხედე სიტუაციას და ერთი გოგო მომეწონა. ეს გოგო ახლა ჩემი ცოლია – ირმა სოხაძე. ვიფიქრე, სწავლის დედაც, მაგრამ ამ გოგოს გამო კი ღირს აქ გაჩერება-მეთქი. ირმას ხათრით ჩავაბარე გამოცდები და ვსწავლობდი. თავს არ ვიკლავდი, მაგრამ ლექციებს ვუსმენდი და კარგ რამეებს ვსწავლობდი. კულტ-მასობრივი რეჟისურა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მივხვდი, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში გამომადგებოდა.

ეს პროფესია სცენაზე ძალიან დამეხმარა. სცენაზე რომ ვდგები, ვცდილობ მაყურებელი შევისწავლო. მასებთან ურთიერთობა წინა მხრიდან უნდა დაიწყო. უკანა მხარეს 15 წუთი მაინც უნდა აჩუქო. შეიძლება, ვინმე არ გისმენს და იმასაც უნდა მიაქციო ყურადღება. უნდა ეცადო, შენი არამსმენელი შენკენ მოიზიდო. შემთხვევით შემოსულსაც უნდა დააკვირდე, რომელიც გაოგნებული გიყურებს და სავარაუდოდ, გაგინებს კიდეც. შეიძლება ამ დროს სიმღერის რომელიმე ფრაზა ასეთ ადამიანსაც მიუძღვნა, რითაც აგრძნობინებ, რომ სცენაზე დგახარ, მაგრამ ეს ხალხი – მაყურებელი, შენი მეგობრები არიან და თუ ბევრს „გაახურებს“, ცუდად ექნება საქმე. ამიტომ მიწევს ზოგჯერ ტექსტებიდან გადახვევა. სცენიდან შეიძლება „პრობლემების მოგვარება“. სწორედ ამ ურთიერთობების აწყობაში დამეხმარა თეატრალური.

– რა არის თქვენთვის მუსიკა?

– მუსიკა ჩემთვის ბევრი რამაა, ჩემი სათქმელია. ქუჩაში რომ დავდგე და რამდენიმე ადამიანს ის ვუთხრა, რასაც სცენიდან ვამბობ, ხულიგნობაში გადაიზრდება. ესაა ჩემი თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის ყველაზე ადვილი და მისაღები ფორმა, რომელსაც თამაში არ ჭირდება. მუსიკას რომ ვუკრავ, მსახიობიც შემიძლია ვიყო. თეატრი და მუსიკა ერთად რომ შევკრათ, მიუზიკლი გამოდის და ასე მირჩევნია. ჩვენთან, საქართველოში ეს ფორმა საერთოდ არაა დახვეწილი. ერთი-ორი მცდელობა იყო მხოლოდ ფილმებში და ისიც ინგლისურიდან გადმოკოპირებული. მუსიკა და თეატრი ერთადაა „აუტსაიდერში“.

– ვის მიიჩნევთ თქვენს მასწავლებლად?

– ბავშვობის პირველი მასწავლებელი, დედაჩემის მეგობარი – ჩემი ნიურა დეიდა იყო, რომელიც ფორტეპიანოზე დაკვრას მასწავლიდა. მე ქუთაისის გარეუბანში, გუმათჰესის დასახლებაში ვიზრდებოდი. 1980-იანების დასაწყისში, ამ უბნის ბიჭებმა ჩემამდე მოიტანეს ღირებული დასავლური მუსიკა. ერთმა ჩემზე უფროსი ბიჭმა – დათომ, უბნის სკვერში რუპორივით დინამიკი დააყენა და სახლის გამაძლიერებელზე შეაერთა. სერიოზულ ჯგუფებს გვასმენინებდა. ჩემი ჯგუფის – „აუტსაიდერის“ ჩამოყალიბებაც გუმათში დავიწყე, სადაც გავიცანი უნარშეზღუდული ბავშვების სკოლა-ინტერნატის ენის დეფექტოლოგი თემურ ჯოხაძე, რომელიც ძალიან განათლებული კაცია. მოგვიანებით, ქუთაისის ოპერის თეატრში, სადაც კლუბი გვქონდა, პატარა ოთახში თემურს  სულ  კარგი მუსიკა ჰქონდა ჩართული ფონად. ამ ოთახის დიდ ფონოთეკაში მისი და „სტრადივარის“ (ვატო ნებიერიძე) ჩანაწერებიც იყო.
 
ყველაზე დიდი გავლენა ჩემს ცხოვრებასა და მუსიკოსად ჩამოყალიბებაზე მაინც პეტრე მამონოვმა იქონია. მოსკოვში, ალბომის ჩაწერის დროს ამ ადამიანს რომ ვუსმენდი, მივხვდი – არ არის აუცილებელი მუსიკოსს მიზნად მსოფლიოს დაპყრობა ჰქონდეს ამოჩემებული. ვინმემ პეტრე მამონოვს პირველად რომ მოუსმინოს, შესაძლოა არ მოეწონოს, რადგან არა აქვს ის სტანდარტი, აქ რომ მოსწონთ. ეს კაცი წარმოდგენების პროფესიონალია. მისთვის უმნიშვნელოა, ჯგუფთან ერთად უკრავს თუ მარტო. ჩემი აზრით, მამონოვის მოსმენა კონცერტზე უფრო კარგია, რადგან საინტერესო სანახაობაა. პეტრესგან ბევრი რამ მივიღე, თუნდაც ის, რომ მუსიკა და სცენურობა ზომიერად უნდა შეუხამო ერთმანეთს.

– ტექსტებზე რას იტყვით?

– ტექსტმა დაკარგა ჩემთვის აზრი. თავიდან, ალბათ აუცილებელად მიმაჩნდა, მაგრამ ახლა მთავარია სიტყვა. ხუთსტროფიანი ტექსტიდან შემიძლია ერთი სიტყვა ამოვიჩემო და დიდხანს ვიძახო, რომელიც იმ დღისთვის, იმ სიტუაციისთვისაა მთავარი, სადაც ვარ. მინდა, ეს სიტყვა გაიგონონ, შეიგნონ.

– ქართული ინსტრუმენტებიდან რომელი მოგწონთ?


– ჩვენთან არავინ ეცადა, რომელიმე ქართული ინსტრუმენტი განევითარებინა, ტექნიკურად მაინც. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქართულ ინსტრუმენტს ავითარებს, ნიაზ დიასამიძეა. მან მშვიდად, საკმაოდ დიდ დროში გააკეთა ძალიან კარგი ფანდურები. უმეტესობას კი ხელში ისეთი ფანდურები უჭირავს, წკიპინ-წკიპინი რომ გააქვს და ჩხაკუნებს. ნიაზის ინსტრუმენტები მსოფლიო დონისაა, რომლის „გამარიაჟებაც“ შეიძლება. უმაგრესი ხმა, ჟღერადობა აქვს ამ ინსტრუმენტებს. თუ გინდა მკერდზე მიიდებ და დაუკრავ, გინდა ფეხებს შორის ჩაიდგამ და ხემით შეასრულებ. თუ გინდა დაარტყამ – ყველა ვარიანტში ძალიან კარგია. ნიაზმა დღევანდელ ეპოქაში ააჟღერა ეს ინსტრუმენტი.

– თქვენი აზრით, ტერორიზმს რა ეშველება?

– მარტივია – ყველამ უნდა დააყენოს ტრაკი თავის სახელმწიფოში და საკუთარ თავს მიხედოს. ზოგადად კი, მე ყოველთვის იმ მხარეს ვიქნები, სადაც ევროპაა. ღმერთმა დაგვიფაროს რუსეთთან იმ ურთიერთობის აღდგენისგან, რომელიც მანამდე გვქონდა. შესაძლოა მეზობელი გაგიჟდეს და ერთხელ ან ორჯერ აპატიო, მაგრამ რამდენჯერ უნდა აპატიო? თბილისიდან 28 კილომეტრში დაბოდიალობენ ჩვენს მიწაზე. ამ დღეებში ტელევიზორში ვუყურე, ვიღაცეები ამბობდნენ, თურქეთს კი არა, რუსეთს დავუჭიროთ მხარიო. ქართველებს თუ ევროპაში გვინდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში ნატოს ჯარები დგას. თურქეთს კი არა, იმ ჯარებს უნდა დავუჭიროთ მხარი, რადგან ჩვენ სხვა პერსპექტივა არა გვაქვს. რუსეთის მხარეზე გადასვლა ნიშნავს, რომ უომრად და უანგაროდ ჩუქნი მთელ საქართველოს.

– თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას რა ეშველება, როგორ ფიქრობთ?

– ის კაცი ხო რგავს მილიონ ხეს?.. ამას წინათ, რაღაც პროექტისთვის მოჭრეს 600 ხე. იცით, რატომ გააკეთეს? ისეთი „გამწვანებულია“ თბილისი, ჯერ უნდა ამოგლიჯო ყველა და მერე უნდა დარგო ის მილიონი ხე. უზარმაზარი ჯარიმა უნდა იყოს გარემოს დანაგვიანებაზე. რა თქმა უნდა, ამისთვის ადამიანის დაჭერა საჭირო არაა, მაგრამ ერთი 3 დღით უნდა ჩაკეტო უბინძურეს ნაგვის კონტეინერში. მერე ეს კონტეინერი უნდა გააგორო ბუნების წიაღში. იქ დამნაშავეს თავი უნდა ამოაყოფინო და უთხრა, ამ სუფთა ჰაერზე გირჩევნია თუ იქ მოგწონს, სადაც იჯექიო? გადაწყვიტოს, სად ურჩევნია ცხოვრება.

– ქართველი მუსიკოსებიდან ვინ მოგწონთ?


– ნიკა კოჩაროვის ჯგუფი მომწონს ძალიან. მისი მუსიკა დასაფასებელია. დღეისათვის ერთადერთი ინგლისურენოვანი ჯგუფია საქართველოში, რომელიც უნდა დააფინანსო და დასავლეთში გაუშვა. ნიკას მუსიკალური გემოვნება აქვს, მუსიკალურ ოჯახშია გაზრდილი და უკვე კარგა ხნის სტაჟიც დააგროვა. შეიძლება ვთქვათ, რომ ნიკას ქართული დასავლური მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ბაკურ ბურდული მიყვარს. ძალიან კეთილი ადამიანია. თან, რასაც მღერის, ადვილად ვიგებ. ამავე დროს, ამ მოძრაობაშიც მონაწილეობდა. 

ჩემი თაობა დღეს ნაკლებად მოქმედებს. ლადო ბურდული აკეთებს რაღაცებს, მაგრამ დიდი ხანია ერთ სცენაზე არ გვიმღერია. ლადომ, თავის დროზე, ამ ქალაქში რევოლუცია მოახდინა. თუ ხვდებიან და აფასებენ მის დამსახურებას, კარგია. ირაკლი ჩარკვიანს, დადა დადიანის „ტაქსის“ და კიდევ სხვებსაც დიდი ღვაწლი აქვთ ამ საქმეში...

ცუდი ტრადიციაა, რომ აქ იმ შემთხვევაში გაკვრევინებენ სცენაზე, თუ მმართველი პოლიტიკური ძალის მსოფლმხედველობას იზიარებ. პლუს ამას, სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ჯაზის მოყვარული ბევრი პოლიტიკოსი გვყავს და არც ერთს როკმუსიკაზე არ უფიქრია. არადა, დასავლეთში თუ რამე რეფორმა გატარდა, ზუსტად სოციალური მუსიკის კარნახით გაკეთდა. როკენროლმა შეცვალა მსოფლიო, ჩვენთან კი ტოტო კუტუნიო ჩამოიყვანეს. მერე – რუსული და უკრაინული ესტრადის მომღერლები. რომელ სოციალურ კვლევაში ჩანს, რომ ჩვენ ევროპაში გვინდა? ახლაც ჩამოიყვანეს ვიღაც რუსი მომღერალი, რომელიც გვიმღერს, რომელ ციხეში, რომელ საკანში ჯობს იჯდე... ე.წ. „ქურდულ სიმღერებს“ მღერის და ამის მოსასმენად  ხალხი სიამოვნებით მიდის.

– რობი, ქუთაისში თუ დაბრუნდებით?

– სხვათა შორის, ქუთაისიდან მე არსად წავსულვარ. ისე კი, არ არის გამორიცხული. კარგი კლუბის გაკეთებას ვაპირებთ. ქუთაისში ბევრი კარგი არტისტია დღეს – მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები... ამ ქალაქში იმდენად არა აქვს ხალხს საშუალება რაიმეთი გაერთოს, რომ ძაან მეამბოხეები გამოდიან.

ჟურნალი „მატარებელში საკითხავი“ #6, გაზაფხული, 2016 წელი

4 comments:

  1. რობიი მიყვარხარ!!! :)

    ReplyDelete
  2. და ეს გვერდი "ანარეკლი" მიყვარს, მადლობა ლაშა :)

    ReplyDelete
  3. გაიხარე, დავით! :))

    ReplyDelete
  4. სწორი ხედვა ჰქონდა 2016-ში ბატონ რობის და ახლაც ასეა, ვიზიარებ მის აზრებს

    ReplyDelete