მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ არალეგალურად გავრცელებული მუსიკა, ზოგადად მეკობრეობა (ჩვენში პირატობასაც ეძახიან) მისი მფლობელის უფლებებს ლახავს. ირღვევა საავტორო უფლებები. მოკლედ, ძალიან ცუდია. შეიძლება თუ არა, არალეგალურ, კონტრაბანდული გზით შემოსულ მუსიკას ჰქონდეს რამე პლუსი? უპირველესად, მოდი ვთქვათ ის, რომ დღეს, ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, კონტრაბანდული მუსიკა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ტოტალიტარულ ან რელიგიურ-ფუნდამენტურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობას ინტერნეტთან და მსოფლიო შოუბიზნესთან წვდომა რადიოსა და ტელევიზიითაც კი შეზღუდული აქვს. დღეს ციფრული ტექნოლოგიების წყალობით მუსიკასთან წვდომა ღიაა მთელს მსოფლიოში და ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, თუნდაც ჩვენი ქვეყნის ახალი თაობა, რომ ოდესღაც საქართველოში სასურველი მუსიკა ფაქტობრივად არ იშოვებოდა და ფარულად ვრცელდებოდა.
ახლავე ავხსნი ყველაფერს:
|
კოჭებიანი, ე.წ. „ბაბინებიანი“ მაგნიტოფონი |
სტალინს მიაჩნდა, რომ „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“, ამიტომ ჯაზი 1917 წლის რუსეთის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, მის გარდაცვალებამდე (ინერციით 1950-იანი წლების მეორე ნახევრის ბოლომდე) ფაქტობრივად აკრძალული იყო. 1920-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში უკვე შეიქმნა „ფილარმონია“, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა მუსიკოსები და მათი შემოქმედება. ეს ორგანიზაცია მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე თანამედროვე მუსიკას. ფილარმონია ერთგვარ საპროდიუსერო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. ფილარმონია განაგებდა მუსიკალურ, საცეკვაო თუ მხატვრული კითხვის შემსრულებლებს, გეგმავდა მათ კონცერტებს, ხოლო გასტროლებს საბჭოთა კავშირსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში „სოიუზკონცერტი“ და „გოსკონცერტი“ უკეთებდნენ ორგანიზებას. თანამედროვე მუსიკაში ქვეყანაში მხოლოდ ე.წ. „ესტრადა“ იყო ლეგიტიმური, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა ე.წ. „მსუბუქი მუსიკის“ (ჯაზის გავლენის მქონე) ორკესტრები, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები (ე.წ. ვია-ები, რომლებიც ფარულად მაინც განიცდიდნენ დასავლური ჯაზ, როკ, ფოლკ თუ პოპ-შემსრულებელთა გავლენას), სხვადასხვა მომღერლები და იუმორისტები, – სასაცილო მონოლოგებს რომ კითხულობდნენ სცენაზე. მუსიკალურ მაღაზიებში ოფიციალურად მხოლოდ საბჭოთა და ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნების (პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია და ბულგარეთი) წარმოებული, ძირითადად, ცენზურაგავლილი ფირფიტები იყიდებოდა.
ამ კარჩაკეტილობას „აკრძალული ხილის“ ეფექტი ჰქონდა და სულ უფრო და უფრო ბევრი ქართველი მუსიკისმოყვარული ინტერესდებოდა დასავლური მუსიკით, რომელსაც ოფიციოზისგან „მავნე გავლენის“ იარლიყი ჰქონდა მიკრული. არსებობდა დასავლელ შემსრულებელთა სიები, რომლებიც კომუნისტების აზრით, ადამიანებში აღვივებდა ფაშიზმს, ნაციონალიზმს, ძალადობას და ა.შ. ამ სიებს, რომლებშიც საკმაოდ ცნობილი ჯაზ, როკ და პოპ შემსრულებლები იყვნენ მოხვედრილნი, კომკავშირი ავრცელებდა სხვადასხვა დისკოთეკებსა და ახალგაზრდულ ღონისძიებებზე. თუმცა 1950-იანების მეორე ნახევარში ოფიციოზმა ჯაზი ოფიციალურად დაუშვა ქვეყანაში. სამაგიეროდ, აკრძალა როკენროლი და სხვა ახალი მუსიკალური სტილები.
|
რენტგენის ფოტოფირების ფირფიტები |
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შემომავალი მუსიკის ნაკადი ძალიან მკაცრად კონტროლდებოდა, მელომანები მაინც ახერხებდნენ არალეგალურად ეშოვნათ სასურველი მუსიკა. სანამ მაგნიტოფონები საბჭოთა კავშირში შემოვიდოდა და ფართოდ გავრცელდებოდა, მელომანები არალეგალური ჩანაწერებისთვის რენტგენის ფოტოფირებს იყენებდნენ, რომლებზეც სხვადასხვა ადამიანის თავის ქალა, ფილტვები თუ ხერხემალი იყო აღბეჭდილი. სპეციალური ჩამწერი მოწყობილობით მასზე შესაძლებელი იყო კომპოზიციის ჩაწერა. 1950-იანებსა და 1960-იანებში მათზე ძირითადად ჯაზი დაჰქონდათ, რომელიც უცხოურ რადიოსადგურებში ჟღერდა. უნდა ითქვას ისიც, რომ დასავლურ რადიოტალღებს საბჭოთა ხელისუფლება სპეციალური აპარატურით ახშობდა. სხვათა შორის, „რენტგენის“ ტრადიცია ოფიციოზმა განაგრძო და დრეკადი ლურჯი ფირფიტების წარმოება დაიწყო, რომლის ჩანაწერის დონე კრიტიკას ვერ უძლებდა. ასე უხარისხო გამოვიდა, მაგალითად, ელტონ ჯონის, „სმოკის“, პოლ მაკარტნის და სხვათა ლურჯი ფირფიტები.
მას შემდეგ, რაც მაგნიტოფონების შეძენა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, საკმაოდ ნორმალური და კარგი ხარისხის მქონე არალეგალური მუსიკა უკვე კოჭებით (ე.წ. „ბაბინებით“) და კასეტებით ვრცელდებოდა. კასეტის „შემოპარება“ ქვეყანაში ბევრად უფრო მარტივი იყო. თუმცა, აკრძალულ შემსრულებელთა ვინილის ფირფიტებიც ბლომად შემოდიოდა სხვადასხვა გზებით, და მათი გამავრცელებლები იყვნენ: საბჭოთა დიპლომატები, სპორტსმენები, ხელოვნების მუშაკები – მუსიკოსები, მოცეკვავეები და მსახიობები, რომლებიც გასტროლებზე იმყოფებოდნენ რომელიღაც „კაპიტალისტურ“ ქვეყანაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრეჟნევის მმართველობის დროს, სსრკ-ში შედარებით რბილად ეპყრობოდნენ მუსიკის არალეგალურ გამავრცელებლებს. მათ არ დევნიდნენ, თუმცა არც ნებადართული იყო და მაინც მალულად ხდებოდა ამ ჩანაწერების შემოტანა.
|
ვინილის ფირფიტები |
არალეგალურად შემოსული მუსიკის წყალობით, ქართველი მუსიკისმოყვარული ბევრად უფრო გაცნობიერებული იყო თანამედროვე მუსიკასა თუ კულტურაში, ვიდრე ის მსმენელი სხვა ქვეყნებში, სადაც ამ მხრივ უფრო მეტი წნეხი არსებობდა. თბილისში ღირსეულად მასპინძლობდნენ მსოფლიო დონის ჯაზ და როკმუსიკოსებს, რადგან აქაური მსმენელი მათ შემოქმედებას ძალიან კარგად იცნობდა. ასე რომ, საბჭოთა ტოტალიტარიზმის პერიოდში არალეგალურად გავრცელებული მუსიკა მეტად სასარგებლო აღმოჩნდა ქართველი მელომანებისთვის, მათი გემოვნების სრულყოფისთვის.
|
კასეტები |
ახლა კი მინდა გიამბოთ მეკობრეთა პარტიის შესახებ, რომელიც მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში რეგისტრირდება. იგი მემარცხენე მიმართულების პარტიაა, რომელიც ითხოვს აბსოლუტურ თავისუფლებას ინტერნეტში და ინტელექტუალურ კონტენტზე თავისუფალ წვდომას, ანუ არალეგალური მასალის თავისუფლად, ლეგალურად გავრცელებას, რაც ბევრი ქვეყნის საავტორო უფლებების შესახებ კანონს არ შეესაბამება. პარტია დარწმუნებულია, რომ მომავალში ინტელექტუალური საკუთრების თავისუფალი გავრცელება აუცილებლად შესაძლებელი გახდება. ამავე დროს, „მეკობრეთა ინტერნაციონალი“ (მსოფლიოს მეკობრეთა პარტიების ერთობლიობა) მოითხოვს: ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლების გამყარებას როგორც ინტერნეტში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში, თან სახელმწიფო აპარატის კიდევ უფრო გამჭვირვალობას. ამჯერად მსოფლიოში 64 მეკობრული პარტია არსებობს 33-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის 15 ქვეყანაში იგი ოფიციალურადაა დარეგისტრირებული. ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნის პარტიაში 600 000-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული.
|
მეკობრეთა პარტიის ლოგო |
პირველი მეკობრული პარტია 2006 წლის 1 იანვარს შვედეთში შეიქმნა. მისი დამაარსებელი შვედი საინფორმაციო ტექნოლოგიების მეწარმე და პოლიტიკოსი რიკარდ ფალკვინგეა, რომელიც საკმაოდ მკაცრად ითხოვდა საავტორო უფლებების სფეროში კანონმდებლობის შეცვლას, თუმცა ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია. მიუხედავად ამისა, მის წამოწყებას ძალიან ბევრი ინტერნეტმომხმარებელი შეუერთდა და პარტია საკმაოდ პოპულარული გახდა. მას დაუპირისპირდა „ანტიმეკობრული მოძრაობა“, რომელმაც მოითხოვა კიბერდამნაშავეების მიმართ სახელმწიფო დევნა დაწყებულიყო, მაგრამ ამ მოძრაობამ მხარდაჭერის არარსებობის გამო, მალე შეწყვიტა არსებობა. ამასობაში მეკობრეთა პარტიაში ახალგაზრდული ფრთა შეიქმნა, რომელიც შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პოლიტიკური ორგანიზაცია გახდა. დაარსების წელს, უკვე სექტემბერში, შვედეთის პარლამენტის არჩევნებში პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 0,63% მოაგროვა. სამაგიეროდ, 2009 წლის ივნისში, შვედეთში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნებში, პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახა და ხმათა 7,13% დააგროვა, რის გამოც მან ევროპის პარლამენტში ერთი ადგილი მიიღო.
|
ვინილის ფირსაკრავი |
მეკობრული პარტიის წევრები აღმოჩნდნენ გერმანიის და ქალაქ ბერლინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში. სულ ახალი მონაცემებით კი მეკობრული პარტია ძალიან პოპულარულია ისლანდიაში. ამ მიზეზის გამო, მან სხვა პარტიებთან შედარებით, წინასაარჩევნო კამპანიისთვის სახელმწიფოსგან ყველაზე დიდი დაფინანსება მიიღო. საქართველო მეკობრეთა პარტიის რუკაზე ჯერ თეთრადაა აღნიშნული, თუმცა ვინ იცის, რა მოხდება?! ამ მხრივ მსოფლიოში მეტად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ვნახოთ, რა იქნება. მეკობრეთა პარტია თუ მოძლიერდა, ბევრი ქვეყნის საავტორო უფლებების დაცვის, კოპირაიტებისა და პატენტების კანონმდებლობანი შეიძლება შეიცვალოს.
No comments:
Post a Comment