დღევანდელ მსოფლიოში მუსიკა იქმნება არა მარტო კინოსთვის, თეატრისთვის, ტელევიზიისთვის, რადიოსთვის, არამედ ვიდეოთამაშებისთვისაც, რომლებსაც ჩვენში „კომპიუტერულ თამაშებს“ უფრო ეძახიან. ამ სფეროში, როგორც იტყვიან, დიდი ფული ტრიალებს. 2016 წელს ვიდეოთამაშების ბაზრის მოცულობამ მთელ მსოფლიოში 95 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. სწორედ ამიტომ, კომპიუტერული თამაშების საუნდტრეკებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგიერთი თამაშის მუსიკა მოთამაშეს აჰიპნოზებს, ზოგიც ეხმარება იმ ადგილმდებარეობის ატმოსფეროში გაერკვეს, სადაც ვირტუალურად იმყოფება, ზოგიერთი კი ენერგიით მუხტავს და კიდევ უამრავ შეგრძნებას აღძრავს...
1970-იან წლებში, როცა ვიდეოთამაშები პირველად გამოჩნდა, როგორც გართობის ერთ-ერთი ფორმა, მუსიკა არსებობდა ანალოგური ფორმით კასეტებსა და ფირფიტებზე. ასეთი მატარებლებს სათამაშო ავტომატებში ვერ გამოიყენებდი, ამიტომ თამაშების შემქმნელები დაფიქრდნენ, როგორი სახით ჩაენერგათ მუსიკა ამ ავტომატებში. ბევრად უფრო იაფი და უბრალო იქნებოდა ციფრული მუსიკის ჩართვა. ხმოვან ბგერაში პროგრამული კოდის გარდაქმნამ 1970-იან წლებში საშუალება მისცა თამაშების შემქმნელებს მუსიკა ჩაერთოთ სათამაშო ავტომატებში. ისე კი, პირველი თამაშების მუსიკა აუდიოკასეტებზე იწერებოდა, რადგან ამ ათწლეულში „ხმის დაფა“ (ე.წ. „აუდიო პლატა“) არ არსებობდა.
ადრეული სათამაშო მუსიკა საკმაოდ მონოტონური იყო, მუდამ მეორდებოდა, ან მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში უკრავდა, როგორც ყველაზე ცნობილ თამაშში „პაკმენი“. სათამაშო ხმებად ციფრული ბგერები გამოიყენებოდა. გაციფრულების პროცესი 1980-იანი წლების თამაშებში განსაკუთრებით გააქტიურდა და ავტომატებსა თუ სათამაშო დანადგარებში მუსიკალური გაფორმება უფრო ინტენსიური გახდა. ამ ათწლეულის მეორე ნახევრიდან ვიდეოთამაშების მუსიკის შექმნაში გაცილებით მეტი მუსიკის მცოდნე ადამიანი ჩაერთო, ვიდრე მანამდე. ასეთი ცნობილი კომპოზიტორები არიან: კოძი კონდო (დაწერა მუსიკა თამაშებისთვის („Super Mario Bros.“, „The Legend of Zelda“, კოიტი სუგიამა („Dragon Quest“), რობ ჰაბარდი („Monty On the Run“), ჰიროსი კავაგუჩი („Out Run“) და სხვები. გარდა სპეციალურად დაწერილი მუსიკისა, თამაშებისთვის დაიწყეს სხვადასხვა კომპოზიციების გამოყენება. მაგალითისთვის, სუპერპოპულარულ „ტეტრისში“ რუსული ხალხური სიმღერის, „კორობეინიკის“ მელოდია ჩართეს.
ვიდეოთამაშების განვითარების ყველა ეტაპზე მუსიკის შექმნის თუ მორგების ორგვარი ხერხი არსებობს: პირველი – ესაა სემპლების გამოყენება, ანუ უკვე ჩაწერილი აუდიოფრაგმენტების ჩასმა და მეორე – მუსიკის კოდური გენერაცია. კომპიუტერის განვითარებასთან ერთად თამაშების ავტორები ძირითადად პირველ ხერხზე გადავიდნენ. მაგალითად, 2008 წელს გამოსულ თამაშში „Alone In The Dark“ (კომპოზიტორი: ოლივიე დერივიერი) ინსტრუმენტები და ორკესტრების ხმები ისმის. მეორე ხერხის მაგალითია ზემონახსენები „მარიო“, რომლის მუსიკა კოდური გენერაციითაა შექმნილი.
ბევრ მომხმარებელს თამაშის განმავლობაში ბეზრდებოდა ერთი და იგივე მუსიკის სმენა და ცდილობდა, გარე პროგრამებით ჩაერთო სასურველი მელოდიები. სწორედ ამიტომ GTA 4-ის, – იგივე „Grand Theft Auto IV“-ს (კომპოზიტორი: მაიკლ ჰანტერი) შემქმნელებმა მოიფიქრეს, თამაშში ჩაეშენებინათ მუსიკის ამორჩევის შესაძლებლობა, და მეტიც – პროცესის დროს მოთამაშეს შეეძლო საკუთარი რადიოსადგურიც კი დაეფორმატებინა. თანამედროვე სათამაშო კონსოლებს (აპარატებს) – „Xbox“-ს, „Playstation“-ს თუ „Wii“-ს აქვთ ასეთი შესაძლებლობები.
დღეს ბევრი პოპულარული კომპიუტერული თამაშისთვის დაწერილი მუსიკა ცალკეულ ალბომად გამოდის. როცა იაპონელები სათამაშო დისკს ყიდულობენ, თითქმის იმავე ღირებულებას იხდიან ამ თამაშის საუნდტრეკის CD-ში. მეტიც – 1990-იანებში იაპონელებმა კომპიუტერული მუსიკის პირველი კონცერტებიც მოაწყვეს. დანარჩენ მსოფლიოში მსგავსი ღონისძიებები მოგვიანებით გავრცელდა.
„კინოსა და ტელევიზიის ხელოვნების ბრიტანულმა აკადემიამ“ (BAFTA) 2003 წლიდან დააარსა „ვიდეოთამაშების სფეროში ბრიტანული აკადემიის პრემია“, რომლითაც კომპიუტერული თამაშები მან თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ძირითად სახეობად აღიარა. ერთი ნომინაცია ვიდეოთამაშების მუსიკისთვისაც არსებობს. პირველად პრემია 2004 წლის 24 თებერვალს გაიცა და იგი კომპიუტერული მუსიკის ნომინაციაში თამაშს „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ და მის კომპოზიტორს – ჯერემი სოულს გადაეცა. საუნდტრეკს ლონდონის სიმფონიური ორკესტრი ასრულებს და ცალკე კომპაქტ-დისკადაც გამოიცა.
ახლა რამდენიმე საქვეყნოდ ცნობილ კომპოზიტორს წარმოგიდგენთ, რომლებიც სწორედ ამ მუსიკალურ ჟანრში წარმატებით მუშაობენ:
Jeremy Soule |
ჯერემი სოული (Jeremy Soule, 1975) – ზემოთ ნახსენები ამერიკელი კომპოზიტორი, რომლის ნამუშევრებს შორის უნდა გამოვყოთ მუსიკა თამაშებისთვის: „Icewind Dale“, „Neverwinter Nights“, „Dungeon Siege“, „The Elder Scrolls III: Morrowind“, „The Elder Scrolls IV: Oblivion“, „The Elder Scrolls V: Skyrim“, „Warhammer 40,000: Dawn of War“ და სხვები. ჯერემის სამართლიანად უწოდებენ სათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორსა და გენიოსს.
ინონ ზური (Inon Zur, 1965) – ცნობილი ებრაელი კომპოზიტორია, რომელიც წერს მუსიკას ფილმებისთვის და ტელევიზიისთვის. სათამაშო ინდუსტრიაში 1997 წელს მოხვდა, როცა შექმნა მუსიკა თამაშისთვის „Baldur's Gate“. მის პორტფოლიოშია ნამუშევრები თამაშებისთვის: „Icewind Dale 1-2“, „Dragon Age: Origins“, „Dragon Age 2“, „Crysis“ და კიდევ სხვა მრავალისთვის, რომელთაც დღეს მთელი მსოფლიოს მოთამაშეები იცნობენ. მუსიკოსმა ბლომად ჯილდოებიც მიიღო. დამსახურებულად მიიჩნევა თამაშების ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორად.
Akira Yamaoka |
აკირა იამაოკა (Akira Yamaoka, 1968) – ამ იაპონელმა მუსიკოსმა თამაშებისთვის მუსიკის წერა ჯერ კიდევ 1993 წლიდან დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ნამუშევარია „Silent Hill“-ის ყველა ნაწილისთვის დაწერილი მუსიკა. ამ სერიისთვის მუშაობა მან 1993 წელს დაიწყო და 2009-ში დაასრულა. აკირამ ამ საშინელებათა ჟანრის თამაშის ეპიზოდებს შინაარსზე არანაკლებ შემაძრწუნებელი მუსიკალური თანხლება მოუფიქრა. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ თამაშების კომპოზიტორად მიიჩნევა.
ჯეკ უოლი (Jack Wall, 1964) – მსოფლიოს სათამაშო ინდუსტრიის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ამერიკელი კომპოზიტორია. მან მუსიკა 20-ზე მეტი თამაშისთვის დაწერა, რომელთა შორისაცაა: „Myst Franchise“, „Splinter Cell“, „Jade Empire“, „Mass Effect“, „Call of Duty“... 2011 წელს ჯეკმა თამაშისთვის „Mass Effect 2“ „ვიდეოთამაშების სფეროში ბრიტანული აკადემიის პრემია“ დაიმსახურა.
ჯესპერ კიდი (Jesper Kyd, 1972) – დანიელი სახელგანთქმული კომპოზიტორია, რომელიც ფოკუსირდება ელექტრონულ და საორკესტრო მუსიკაზე. 1998 წელს მანჰეტენზე საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია ჩამოაყალიბა და სათამაშო ინდუსტრიის ისეთ გიგანტ ფირმებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: „Activision“, „BioWare“, „Eidos“, „Electronic Arts“, „Konami“, „Microsoft“, „Sega“, „Shiny“, „Take 2“, „Treyarch“ და „Ubisoft“. მუსიკა დაწერა 20-ზე მეტი თამაშისთვის, რომელთა შორის შეგვიძლია გამოვყოთ: „Assassin's Creed“-ის ეპიზოდები, „Borderlands 1-2“, „Hitman“, „Darksiders 2“ და სხვები.
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ვიდეოთამაშებში მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საინტერესო ნაწილია. მის შექმნაში არა მარტო თამაშებზე ფოკუსირებული კომპოზიტორები მონაწილეობენ, არამედ საკმაოდ პოპულარული მუსიკოსები. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილმა გერმანელმა კინოსაუნდტრეკების კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა დაწერა მუსიკა თამაშებისთვის: „Call of Duty: Modern Warfare 2“ და „Crysis 2“. ფილ კოლინზმა GTA-ს შემქმნელებს 2006 წლის ვერსიაში Vice City Stories, უფლება მისცა მისი ანიმირებული ორეული გამოეყენებინათ, რომელიც არამარტო ფილის ხმით ლაპარაკობს, არამედ მღერის მისივე ჰიტსაც – „In the Air Tonight“. ჯგუფ Nine Inch Nails-ის ლიდერმა ტრენტ რეზნონმა მთელი ბენდის დახმარებით დაწერა და ჩაწერა მუსიკა შუთერისთვის „Quake“.
ჟურნალი „ფოკუსი“ #84, დეკემბერი-იანვარი, 2016-2017 წწ
No comments:
Post a Comment