Tuesday, January 17, 2017

ერეკლე დეისაძე – მატარებლის ხმის მატარებელი ხელოვანი

ბოლო ათწლეულში ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებაში საპროტესტო მუხტი თითქოს დაეცა. ახალ შემსრულებელთა უმეტესობამ ათასგვარ თემაზე დაიწყო სიმღერა, თანაც – ინგლისურ ენაზე. 1990-იანი წლების ქართული ჯგუფების საპროტესტო მუხტი კი მიმზიდველ რეტროდ გადაიქცა. მასში გარკვევა ერთგვარად სავალდებულო გახდა კიდეც. ჩვენი მუსიკოსების დიდ ნაწილს ეზარება პრობლემებზე სიმღერა, „მეამბოხეს“ სახელის მოხვეჭა, რადგან უკიდურესად პოლიტიზირებულ და პოლარიზებულ საზოგადოებაში ასეთებს არც ისე სიმპათიით უყურებენ. მეტიც – ზოგჯერ თავგამეტებით ლანძღავენ და სკანდალისტის იარლიყსაც აკრავენ. ამიტომ, შემოქმედთა ნაწილი, როგორც ჩანს,  ასეთ იმიჯს გაურბის. მიუხედავად ამისა, საქართველოში კიდევ არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებისთვისაც ამბოხი და პროტესტი ბუნებრივია და ამ მიწებებულ იარლიყებზეც დიდად არ დარდობენ. ასეთი მუსიკოსია ერეკლე დეისაძე, რომელმაც რამდენიმე სიმღერით ასეულათასობით ადამიანამდე თავის სათქმელი ზუსტად მიიტანა. „სისტემა უნდა დაინგრეს“ და „რაც მამას უნდა“ – ერეკლეს ის გამორჩეული სიმღერებია, რომლებითაც ერთგვარად გამოაფხიზლა თანატოლები. ერეკლე საზოგადოებრივად აქტიურია. მონაწილეობას იღებდა და იღებს სხვადასხვა საპროტესტო აქციაში. ამჯერად იგი მხარს უჭერს მოძრაობას „თეთრ ხმაური“, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს.

მუსიკოსი და მწერალი ერეკლე (ეკო) დეისაძე 1990 წლის 2 აპრილს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა I კლასიკური გიმნაზია. თბილისში 2009 წლიდან ცხოვრობს. სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. ამ პერიოდში დაიწყო მისი მუსიკალური კარიერაც. ჰქონდა რამდენიმე პროექტი. 2014 წელს გამოუშვა ალბომი „იარე“. ამჯერად გახლავთ პროექტში „ეკო და ვინდა ფოლიო“, თემურ ეზუხბაიასთან ერთად. მათი ვინილის სინგლი „შენ ანათებ“, ახლახან გამოუშვა ფრანგულმა ლეიბლმა Talitres. გამოცემული აქვს სამი წიგნი: „საიდუმლო სირობა“, რომელმაც სკანდალური პოპულარობა მოუტანა, ასევე „დამლაგებელი“ და „რუსული არდადეგები“. მუსიკალური განათლება არ მიუღია. გიტარის წრეზე დადიოდა. 5 აკორდი რომ ისწავლა, თავი დაანება და თვითგანათლებას მიჰყო ხელი.

ერეკლეს მისი მეგობრის ბინაში შევხვდი.

– ერეკლე, მომიყევი, ქუთაისში როგორ ცხოვრობდი, სად სწავლობდი?

– თავდაპირველად დავდიოდი 23-ე სკოლაში, რომელიც ზასტავას უბანშია და მაშინ კრიმინალური ავტორიტეტების სიმრავლით გამოირჩეოდა. მანდ მე-9 კლასამდე ვსწავლობდი. ბევრნაირ ადამიანთან მქონია ურთიერთობა. ერთხელაც მასწავლებლებმა დედაჩემი დაიბარეს სკოლაში და ჩემზე უთხრეს, ჩვენთან სულ კონფლიქტი აქვს, ჯობია სკოლიდან გადაიყვანოთო. ასე გადავედი პირველ გიმნაზიაში, სადაც თავის დროზე ჩვენი უდიდესი მწერლები და მეცნიერები სწავლობდნენ. აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდი – 23-ე სკოლაში თუ „ვიღაცოვიჩები“ სწავლობდნენ, გიმნაზიაში უკვე მერის შვილები და სხვა კატეგორიის ადამიანები დამხვდნენ. ორივე სკოლამ ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა. ქუთაისი ერთი დიდი ოჯახია, რომელმაც მე ყველაზე მეტი ცოდნა მომცა და ცნობიერება ჩამომიყალიბა.

– ამ კრიმინალურ ავტორიტეტებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

– სხვათა შორის, გალაკტიონის ლექსები პირველად ერთმა „ქურდმა“ წამაკითხა. უფრო სწორედ, გალას ტომეული დაბადების დღეზე მაჩუქა. მაშინ პატარა ვიყავი – იმ ასაკში, როცა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ავტორიტეტი რა მითითებას ან მიმართულებას მომცემდა. ამ პერიოდში შემიყვარდა პოეზია.

– თბილისში როდის გადმოხვედი?

– თბილისში რომ გადმოვედი, 19 წლის ვიყავი. პირველ წელს უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი. ერთი გოგო მიყვარდა, რომელმაც თბილისში გამოცდები ჩააბარა და მე ქუთაისში დავრჩი. ამის გამო დიდი სტრესი მივიღე და დედაქალაქის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მტკიცედ გადავწყვიტე. ამასობაში, ჯარში გაწვევის დროც მიწევდა და კომისარიატშიც გამომიძახეს. ისე მოვინდომე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში გრანტით უფასოდ მოვეწყვე. ვიცოდი, ჩემგან რეჟისორი არ დადგებოდა. უბრალოდ, თბილისში ძალიან მინდოდა გადმოსვლა. სიმღერებს ვწერდი, მაგრამ ქუთაისში ნორმალური სტუდია არ იყო ჩანაწერის გასაკეთებლად. პლუს ამას, დედაქალაქში სამოძრაო სივრცე ბევრად მეტია. ჩემი თბილისელი მეგობრები მეღადავებიან, პირველად თბილისში ჩამოსვლისას იკითხე, „აქანე პანკს ვინ უკრავსო“.

– მუსიკასთან პირველი შეხება როდის მოხდა და რა შთაბეჭდილება დაგიტოვა?

– მამაჩემს ჰქონდა ე.წ. „ბაბინებიანი“ მაგნიტოფონი. უსმენდა Pink Floyd-ს, Pet Shop Boys-ს და სხვა შემსრულებლებსაც, რომლებიც ნაკლებად მიზიდავდა. „ფლოიდები“ და „პეტ შოპ ბოისი“ ძალიან მომწონდა. პირველ გიმნაზიაში სწავლის დროს რობი კუხიანიძის და „აუტსაიდერის“ კასეტა მათხოვა ჩემმა თანაკლასელმა. მივხვდი, რომ ამ მხრივ ბევრი რამეს გაკეთება შეგვიძლია ქართველებს. მაშინ ინტერნეტი არ იყო და კასეტებით ვიღებდით მუსიკალურ ინფორმაციას. ძალიან მაინტერესებდა, თბილისში რას უკრავდნენ. ვუსმენდი როკს და ჰიპ-ჰოპს. უფრო ეს უკანასკნელი მაინტერესებდა. ჩემი აზრით, თბილისური რეპი გაცილებით მდარე ხარისხის იყო, ვიდრე ქუთაისური, რომელიც უფრო სოციალურ ხასიათს ატარებდა. დედაქალაქურ რეპში კი „ბლატაობა“ და „მარიაჟი“ იგრძნობოდა, იტყუებოდნენ. ჩემში უდიდესი გარდატეხა ჯგუფმა Portishead-მა და ბრისტოლური მუსიკის კიდევ ერთმა პროექტმა – Massive Attack-მა მოახდინეს. თუმცა ჯგუფმა Joy Division ყველაზე მეტად იმოქმედა. ეს იყო ჯგუფი, რომელმაც სრულიად ახალ სამყაროში შემიყვანა და დღემდე პოსტპანკი ჩემთვის ყველაზე ახლო ჟანრია. მიმაჩნია, რომ Joy Division-ის იან კერტისი, ასევე რობერტ დელ ნაჯა Massive Attack-დან ყველაზე ჩემიანი მუსიკოსები არიან.

– ბავშვობისას რომელიღაც განსაკუთრებული გატაცება თუ გქონდა?

– ბავშვობიდანვე მიყვარდა რაღაც მითის შექმნა და მერე მისი დანგრევა. ხან ერთი რამ მსურდა, ხან – მეორე. ეს მუდმივი პროცესი იყო. ერთ რამეს მივხვდი – თუ მე შემეძლო, რომ კვარცხლბეკზე მდგარი ტიპისთვის, რომლის სიმართლეშიც ეჭვი მეპარებოდა, ტალახი მესროლა, იმავეს გააკეთებდა სხვა ჩემ მიმართ, თუ ოდესმე იგივე ადგილას აღმოვჩნდებოდი. როცა რაღაცას „ებრძვი“ და იმავე კვარცხლბეკზე დგები, რა თქმა უნდა, ვინმე გამოჩნდება, ვინც შენს ჩამოგდებას შეეცდება. ამიტომ ყოველთვის უკეთესია, დაასწრო და შენივე თავის რეკონსტრუქცია მოახდინო – უნდა მოკლა შენი „მე“ და მერე თავიდან უნდა დაიბადო. მუდმივი განახლების პროცესში უნდა იყო.

– ცნობილ „ვარსკვლავებზე“ რას ფიქრობ?

– არ მესმის, როგორ შეიძლება „ვარსკვლავად“ ყოფნა იმ ქვეყანაში, სადაც ყველა მსმენელი შენი მეგობარი, მეზობელი ან მომავალი კარგი ნაცნობია. საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ ეს სულელური მითია. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ადამიანებს ელაპარაკო. ჩემი კონცერტები საკუთარ მსმენელთან საუბარია, რომლის დამთავრების შემდეგ ისინი მოდიან და მათთან ერთად ვსვამ, ვეწევი. კონცერტის დროს ვცდილობ მსმენელთა განსხვავებული ტიპაჟები ერთ სივრცეში, წიაღში მოვაქციო. იმ მომენტში მე მასხარა, კლოუნი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს ხალხი უნდა გავართო. საქართველოს გერბს აწერია – „ძალა ერთობაშია“, მაგრამ ვფიქრობ, ძალა ურთიერთობაშია. მაგალითად, ფულით გაერთიანება არაა ნამდვილი ერთობა, უფრო ფასადურია და უცბად მოიშლება. ურთიერთობაში კი ერთობა ისედაც იგულისხმება. ადამიანებთან ურთიერთობა ჩემი ჰობია. განსაკუთრებით საინტერესოა განსხვავებულ და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა. მე ვცდილობ ღია ვიყო ყოველი ახალი ადამიანის მიმართ. იმდენი რუტინაა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მასთან გასამკლავებლად ყველაზე კარგი გზა პოეზია, მუსიკა და ადამიანებთან ურთიერთობები აღმოჩნდა. ჩემი მიზანია, ადამიანებს შორის განსხვავებულობის შიში მოვკლა, ანუ როცა ადამიანს სხვა, განსხვავებული ადამიანის ეშინია.

– ერეკლე, როგორ ფიქრობ, რა განსხვავებაა დიდობასა და პატარაობას შორის?

– ვცდილობ მუდამ ბავშვად დავრჩე. ადამიანის მთავარი მიღწევა იქნება, თუ არ გაიზრდება და ბუნებით ყოველთვის პატარა და შეურყვნელი დარჩება. დროთა განმავლობაში, როცა ბავშვობას სცილდები და მშობლებს (დიდებს) ემსგავსები, ადამიანის მთავარი ღირებულებები თანდათანობით ქრება. როდესაც ეს გავაცნობიერე, მას შემდეგ დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება დარჩე პატარა. სახარებაში წერია, რომ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი და უკანასკნელი – პირველიო. ბევრს უნდა პირველობა, მაგრამ უკანასკნელი როცა ხარ, სულ სხვა მუღამი და რომანტიკა აქვს. უფრო მართალი და უფრო კარგი ხარ, როცა პატარა ხარ. ყოველთვის სჯობს გამოუცდელი იყო და შეცდომები დაუშვა. როცა იზრდები, მერე სხვა რაღაცეები გამოძრავებს, რასაც ქუჩაში „ვიგოდნიკობას“ ეძახიან. გამოუცდელი ადამიანი ზღვაში დაკარგულ უკომპასო გემს ჰგავს, რომელმაც ზუსტად არ იცის სად უნდა გაცუროს, მაგრამ ამ ეიფორიაში რასაც განიცდის, უმაგრესი სიამოვნებაა. ყოველთვის ვეცდები, დავრჩე პატარა. ბავშვობიდანვე გავდივარ სხვადასხვა ეტაპს. ახლაც რაღაც ეტაპზე ვარ. იმიტომ ვამახვილებ აქცენტს ურთიერთობებზე, რომ ჭეშმარიტებას ოდნავ მაინც მივუახლოვდე. არაფერში არ ვარ დარწმუნებული, უფრო შეკითხვებს ვსვამ და ვეძებ მათზე პასუხებს. ეს საკუთარი თავის ძიებაცაა და სხვების ძიებაც. მთავარია, არ გაჩერდე. დილით თვალის გახელა, ჭამა და სუნთქვა არ ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ. ძალიან ხშირად საკუთარ არსებობაში ეჭვიც კი შემიტანია, რადგან ადამიანი მუდმივი ევოლუციის პროცესშია. ამ ევოლუციას თუ ჩამორჩი, აუცილებლად გაიყინები. მე რეინკარნაციის მჯერა და არაა აუცილებელი შემდეგში ამქვეყნად ისევ ადამიანად მოხვიდე. ყველაფერი, რაც ცოცხალია, ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

– შენი ყველაზე ცნობილი და ხმაურიანი სიმღერაა „რაც მამას უნდა“. როგორ ფიქრობ, მამას რა უნდა შვილისთვის?

– ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რჩევა მამაჩემმა მომცა, როდესაც მითხრა: „არავის შეხედო ზემოდან და არავის შეხედო ქვემოდან, ყველას უყურე პირდაპირ, რადგან ყველა ადამიანი თანასწორია“. ეს ძალიან გამომადგა ცხოვრებაში. როცა ადამიანს პირისპირ უყურებ, არც დაცემის გეშინია და არც იმის, რომ აფრინდები და მერე გადმოვარდები. რაც ზემოთ ადიხარ, მით მეტია ალბათობა, რომ მძიმედ დაეცემი მიწაზე, ამიტომ მე ყოველთვის ოქროს შუალედის დაჭერას ვცდილობ. „რაც მამას უნდა“ თვითგამორკვევაზეა, იმ კონფლიქტზეა, რაც საკუთარ თავთან გვაქვს. საქართველოში შენს მომავალს ძირითადად ოჯახი, სკოლა და სისტემა საზღვრავს. შეგიძლია ეს ყველაფერი მშვიდად მიიღო, არ გააპროტესტო. მიიღო იმისთვის, რომ უფრო მეტი შეკითხვა დასვა. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი გამოვიარე, მაგრამ, ყველა ცოდნის გადაფასება მაინც ქუჩაში მოხდა. არ არსებობს მზამზარეული ჭეშმარიტება. ესენია ვიღაცის მიერ შემოთავაზებული ვერსიები. დრო გადის და მასთან ერთად პრინციპების გადაფასებაც ხდება. ადრე თუ გვიან მეც მამა ვიქნები და მზად ვარ იმ კითხვებს ვუპასუხო, რაც შეიძლება შვილების თაობას ჩემ მიმართ გაუჩნდეს.

– ბევრს ეკო დეისაძე სკანდალურ ადამიანად მიაჩნია. შენ რას ფიქრობ – ხარ თუ არა მართლაც სკანდალური?

– ვფიქრობ, აბსოლუტურად ადეკვატური ვარ იმ გარემოსი, სადაც ვცხოვრობ. შესაბამისად, ეს თუ ვინმესთვის სკანდალია, მიზეზებზე დაფიქრდეს – რატომაა, და იმას არა აქვს მნიშვნელობა, მე როგორც მოვიქცევი. ეს ჩემი ბრძოლის ერთგვარი იარაღია, ხერხებია, რომელიც ხან ხმაურიანი იქნება, ხან ჩუმი. ძალიან უინტერესო იქნები, თუ ბრძოლისთვის მხოლოდ ერთ მეთოდს გამოიყენებ. მე მგონი, ყოველთვის უნდა ცვალო სტრატეგია – ხან პარტიზანი უნდა იყო, ხან თავდამსხმელი, ხანაც – ჩრდილში დაჯდე. ჩემი ბრძოლის საბოლოო მიზანია, რომ გარემო უკეთესი გახდეს. ყველა ნაბიჯს იმისთვის ვდგამ, რომ ადამიანები საკუთარ თავებში გაერკვნენ – თავად იპოვონ კითხვებზე პასუხები და არ მიიღონ ვიღაცის მხრიდან შეთავაზებული გამზადებული ვარიანტები. შენზე ვიღაცეები ფსონს დებენ, ანუ თითქოს იციან რას იტყვი, რას გააკეთებ და უკვე გისაზღვრავენ მომავალს. მე ყოველთვის ვცდილობ მსგავსი წინასწარ დადებული ფსონები გავაფუჭო.

– ბევრი ადამიანი შეგუებულია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს.

– ასეთების ცხოვრებაში არ ვიჭრები. ვინც შეგუებულია, შეუძლია თავის ადგილას იყოს, მაგრამ ვინც არაა, იმას დააცადოს. ჩემი მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან და მათთან ვსაუბრობ. იმათთან სალაპარაკო არა მაქვს, რუსთაველზე ჰეროინს რომ იჩხერდნენ, ტანკებით დადიოდნენ ქუჩებში და ერთმანეთს ესროდნენ. მაგ ტიპებისგან მე ვერაფერს ვისწავლი, ვერც მოვისმენ, რადგან აბსოლუტურად სხვა ფასეულობების ადამიანი ვარ. ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური საკითხების ან ნებისმიერი რამის გამო, ვინმეს ვესროლო. ასევე ძალიან ცუდია, როცა სამმილიონიან ქვეყანაში ადამიანს, თუნდაც მოსყიდულს, გინდა სხვა პლატფორმაზე მდგარს, მტერს რომ ეძახი.

– სროლას შევეშვათ და ვინმე თუ გიცემია?

– რა თქმა უნდა, ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ უფრო თავდაცვისთვის მიჩხუბია. კონფლიქტური არასდროს ვყოფილვარ. ინტერნეტში ბევრი მემუქრებოდა ხოლმე, მაგრამ დღემდე ერთ ადამიანთანაც კი ფიზიკური დაპირისპირება არ მქონია. ეს მუქარები კლავიატურას არ გასცდენია. ვინმე შენთან ფიზიკურ ჩხუბზე რომ წამოვიდეს, კონკრეტულად უნდა გქონდეს რამე დაშავებული – ასე ხდება ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება ვიღაცამ მაგრად გლანძღოს ინტერნეტში, მაგრამ ქუჩაში ან სადმე შეგხვდება და გაგიღიმებს, რადგან ტელევიზორში უნახიხარ.

– შენი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?

– ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სიღარიბეა. ჩვენ ხშირად მტრებს გარეთ ვეძებთ და საკუთარ თავს არ ვაკვირდებით. დიდი პრობლემაა ჩვენი მენტალობის ზოგიერთი მახასიათებელი. მთლიანად არა, რა თქმა უნდა. მაგალითად, ბევრ სხვა რამესთან ერთად, სადღეგრძელოების წარმოთქმა და თამადობა მომწონს. ერთ დღეს თუ კლუბ „ბასიანში“ ვარ, მეორე დღეს ბიჭებთან ერთად ქალაქგარეთ გავდივარ, სადაც მწვადს ვწვავთ და ვთამადობ კიდეც. თამადობა, სადღეგრძელოები ადამიანებთან ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა. ზემოთნახსენები განსხვავებულისადმი შიშის მიზეზით ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. სამწუხაროდ, ჩვენ ტერიტორიები უფრო გვინდა, ვიდრე აფხაზებთან და ოსებთან შერიგება. ბევრი იარაღის შეძენა არ გვიშველის. ისტორიულად ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც გადაარჩინა ურთიერთობებმა, უდარდელობამ, ტაშ-ფანდურმა. ქართველი  ბევრს იბრძოდა, უზარმაზარ ლაშქარს უმკლავდებოდა, მერე ომიდან შინ ბრუნდებოდა, ღვინოს სვამდა, ლხინი უყვარდა. ძალიან მიყვარს მთა. ვგრძნობ, რომ თხემით ტერფამდე კავკასიური გენის მატარებელი ვარ. სტუმარ-მასპინძლობა  უმაგრესი თვისებაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.


– შენთვის რა არის „მარადიული ფასეულობები“?

– ჩემთვის ოჯახი უდიდესი ფასეულობაა. მახსენდება, პირველ კლასში რომ შევედი, მამაჩემმა ტრავმა მიიღო და მთელი წელიწადი საწოლზე გაუნძრევლად იწვა. სკოლიდან დაბრუნებისას ვხედავდი დედაჩემს, რომელიც ბევრს შრომობდა, მამასაც უვლიდა, მეც მამეცადინებდა. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ არაფერს მაკლებდა, ექსკურსიის ფულსაც მაძლევდა, სასურველ წიგნსაც მყიდულობდა ხოლმე. ჩემმა ოჯახმა მიხსნა ბევრი ცხოვრებისეული ტრავმისგან, რომელიც იმ ასაკში შემეძლო მიმეღო. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების. რაც დრო გადის და ცხოვრებას აანალიზებ, უფრო ხვდები, რომ ოჯახს მართლა უდიდესი ღირებულება აქვს. ვისურვებდი, ყველა ბავშვს გამოეცადოს ეს. ჩემი მამების თაობა ომში დაიღუპა, დედები ოჯახის, ბავშვების სარჩენად საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ. ფაქტობრივად, ჩემი თაობის დიდი ნაწილი უდედმამოდ გაიზარდა. ბევრი რამ, რაც დღეს ცუდია, ამ ყველაფრის შედეგია.

– ძირითადად უფრო ელექტრონულ მუსიკაში მუშაობ. ცოცხალი ინსტრუმენტების გამოყენებაზე არ გიფიქრია?

– როგორ არა, აუცილებლად დადგება ეგ დროც. ელექტრონულ მუსიკაში მუშაობა მის მიმართ დიდმა სიყვარულმა განაპირობა. ამავე დროს, საკონცერტო სივრცეებმაც, რადგან ძირითადად კლუბებში ვუკრავ. იქაურ მსმენელს მოსმენასთან ერთად ცეკვაც უნდა, ამიტომ მეც ვცდილობ მუსიკით ადამიანები ავამოძრავო. ცეკვა ერთგვარი განუყრელი რიტუალია. ჩემს მუსიკაში აქცენტს მაინც ტექსტზე ვაკეთებ. მარტო ლექსები რომ ვიკითხო, ვიღაცა დაამთქნარებს. ასე რომ არ მოხდეს, ზურა რთველიაშვილი უნდა იყო – კარგი დეკლამატორი და მძლავრი სული უნდა გქონდეს. ამიტომ ჩემი სათქმელისთვის მუსიკას ფონად ვიყენებ.

– შენს მუსიკალურ კოლაბორაციებზე რას მეტყვი?

– ვითანამშრომლე გიორგი ერგემლიძესთან და ქეთათო ჩარკვიანთან, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. იმედი მაქვს, ჩვენი გზები მომავალშიც გადაიკვეთება, თუმცა ჩემთვის ყველაზე კომფორტული ვინდა ფოლიოსთან, იგივე თემურ ეზუხბაიასთან მუშაობა აღმოჩნდა. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს – მუსიკალურ გემოვნება, იდეები... ამიტომ გადავწყვიტეთ ერთობლივი პროექტი – „ეკო და ვინდა ფოლიო“ გაგვეკეთებინა.

– თქვენი პროექტით ფრანგული ლეიბლი დაინტერესდა და ვინილის სინგლიც კი გამოუშვა. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ამ ლეიბლთან?

–  ფრანგული ლეიბლი სახელად Talitres 2001 წელს შეიქმნა და ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: The National, Destroyer, Motorama, Утро და მრავალი სხვა. უფრო ინდი და პოსტპანკის მიმართულებებში მუშაობს. ჩვენი მუსიკა ამ კომპანიას ვლად პარშინმა – ჯგუფ „მოტორამას“ სოლისტმა წარუდგინა. მოუსმინეს და დაინტერესდნენ. ძალიან გაგვიკვირდა, როცა ჩვენი სინგლის ვინილზე გამოშვება შემოგვთავაზეს. მალე მათთან კონტრაქტს გავაფორმებთ – იგეგმება საფრანგეთში ჩვენი ტური და კონცერტები. ქართულენოვანი მუსიკა საერთაშორისო ლეიბლზე მოხვდა იმ დიდი ჯგუფების გვერდით, რომლებსაც მე თაყვანს ვცემ. ჩვენზე რამდენიმე ევროპულ საიტზე დაწერეს უკვე და ყველგან აღნიშნავენ ჩვენ ქართულენოვანებას. დაწვრილებით განიხილეს ჩვენი მუსიკა, გიტარის პარტიებზე და ა.შ. ახლო მომავალში ეს ფრანგული ლეიბლი ჩვენი სრული ალბომის გამოცემასაც გეგმავს, რომელსაც რამდენიმე მსხვილ ფესტივალზე გამოსვლაც მოჰყვება. ამას, უპირველესად, ჩვენს მსმენელს ვულოცავ. ვინილს თან ახლავს ჩვენი სიმღერების ქართული და ინგლისური ტექსტები. სინგლში შევიდა ჩვენი ორი სიმღერა: „აგურით ხელში“ და „შენ ანათებ“. ვინილის შეძენა შესაძლებელია ჩვენს „ფეისბუკის“ ფანგვერდზე: Eko & Vinda Folio.

– ქართველ მუსიკოსებზე რას იტყვი?

– ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი გვყავს. 1990-იანების ქართული ალტერნატიული მუსიკა ჩემთვის სრული ეგზოტიკაა. მაშინდელი Mother Of Mondays, Плакса, „ამორალი“ და კიდევ ძალიან ბევრი ჯგუფი მომწონს. სამწუხაროა, რომ დღეს ქართულ ენაზე ცოტა მღერის, მაგრამ ეს მათი არჩევანია. როცა ინგლისურენოვანი ქართველი მუსიკოსებისთვის მიკითხავს ამ ენაზე სიმღერის მიზეზი, უთქვამთ, რომ დასავლეთის სცენაზე სურთ გასვლა. რეალურად კი პირიქითაა – იქაურ ხალხს ჩვენი ენა უფრო აინტერესებს. ჩვენ ამის მაგალითი ვართ. ზოგი ამბობს, თითქოს ქართული ენა კარგად არ ჯდება ამ მუსიკაში. ეს სრული იდიოტიზმია, რადგან ყველა ენას თავისი მუსიკალურობა აქვს. ქართული – ძალიან მუსიკალური ენაა. მესამე ისიცაა, რომ ქართულად ტექსტის დაწერა ცოტა რთულია. ინგლისური კარგად არ ვიცი, მაგრამ თავისუფლად შემიძლია ამ ენაზე ტექსტის დაწერა.

– ქართველ მწერლებზე რა შეგიძლია მითხრა?

– მათი დიდი ნაწილის შემოქმედებაზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როდესაც წერენ, პანთეონი ესიზმრებათ. ეს პანთეონი ზოგიერთისთვის პრემია „საბაა“, ზოგისთვის კიდევ სხვა პრიზი. ჩემი აზრით, ქართული პოეზია უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე პროზა. ბევრად კარგი პოეტები გვყავს, ვიდრე პროზაიკოსები. ქართველებს პოეზია გენში გვაქვს. პროზას გაცილებით დიდი შრომა სჭირდება. პოეზიაში შეიძლება ბევრი არ იშრომო, მაგრამ ბუნებით იყო პოეტი. მინახავს ისეთი, ვისაც არ წაუკითხავს არც ელიოტი, არც სხვა ავტორები, მაგრამ პოეტია მაინც. იგი შინაგან ხმას, სამყაროს ხმებს უსმენს და იმდენად ზუსტად ამოიძახებს ამას, რომ უკვე პოეტია.

– მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ გულმხურვალე მხარდამჭერი ხარ...

– ამ იდეის (ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის) მხარდამჭერი ვარ. ვფიქრობ, სახელმწიფო აიძულებს თავის მოქალაქეს გახდეს კრიმინალი, როცა უმუშევარი ყავს, იჭერს ბალახის მოწევის გამო და უარეს შემთხვევაში, ციხეში სვამს, უკეთეს შემთხვევაში კი დიდი თანხით აჯარიმებს. სად იშოვოს ამდენი ფული იმ უმუშევარმა ადამიანმა? ანუ სახელმწიფო უბიძგებს გახდეს კრიმინალი, რომ ხაზინაში ჩასადები თანხა მიიტანოს. ეს ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა. მე მგონი ამ ქვეყნის განვითარებას თავად სახელმწიფო უშლის ხელს. ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო წინაა, ვიდრე პარლამენტი. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება ამ ხალხის არჩეულია. ასე რატომ ხდება, ნამდვილად ვერ გეტყვი. ოპოზიცია გასაგებ ენაზე რომ ვერ გელაპარაკება, ეგ კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. მე მგონი, ჩვენ ერთმანეთი უნდა გავზარდოთ და ეს ბოროტება, რასაც სისტემა ჰქვია, წელში გავტეხოთ.

– სისტემაზე გამახსენდა, სიმღერა „სისტემა უნდა დაინგრეს“ შენი დაწერილია და მონაწილეობა მიიღე ამავე სახელწოდების აქციაში, რომელიც 2012 წელს ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მუსიკოსებმა გააკეთეთ. როგორ ფიქრობ, შეიცვალა რამე?

– ის შეიცვალა, რომ ხალხმა საკუთარი ძალა ირწმუნა. ადამიანებს აღარ ეშინიათ, რასაც მე ვგრძნობ. ძალიან დიდი შიში იყო ადრე და მე ამ შიშის დამარცხებაში მივიღე მონაწილეობა და არა იმაში, რომ ვიღაცა წასულიყო ან მოსულიყო. ამ აქციით ადამიანებს ვაჩვენეთ, რომ აი, მე გამოვდივარ და არ მეშინია. ჩემთვის სწორედ შიშის დაძლევაში დახმარება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სიმღერის წარმატება. არავინ არ მოგვართმევს ლანგარზე დადებულ უფლებებს. ყველაფერს ბრძოლა სჭირდება. თავისუფლება უნდა გავიაზროთ. ჩვენ იგი მიღებული გვაქვს, მაგრამ ვერ ვიაზრებთ. ხშირად თავადვე ვზღუდავთ საკუთარ თავებს. სწორედ ეს უნდა შევცვალოთ ჩვენს მენტალობაში. მე ამ ბრძოლებისთვის მზად ვარ და არც დავღლილვარ. რა დროს დაღლაა!

– მატარებელზე თუ გაქვს ასოციაციები ან მოგონებები?

– ქუთაისთან ახლოს, სოფელ მესხეთის იმ სახლთან, სადაც მე ვცხოვრობდი, რკინიგზა გადის. ყოველთვის, ძილის წინ მატარებელი ჩაიქროლებდა ამ გზაზე. მეც მეგონა, რომ მუდმივად ვმგზავრობდი. იმდენად მაგარი ხმაა, ვერასოდეს დავივიწყებ და მატარებელთან სულ კარგი მოგონებები მაკავშირებს. მგონია, რომ მატარებლის ხმის მატარებელი ვარ მეც.

ყველას კეთილ მგზავრობას გისურვებთ!

ფოტოგრაფი: ირაკლი დოლიძე

ჟურნალი „მატარებელში საკითხავი“ #8  ზამთარი, 2017 წელი

No comments:

Post a Comment