საქართველოში ჯაზმა საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. ერთ დროს აკრძალულიც კი იყო, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ. თუმცა, ქართველების დიდ ნაწილს შინაგანად ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს თავისუფლების ეს მუსიკა, რომელიც ყველა საზღვარს შლის სხვადასხვა ხალხის კულტურებს შორის. უფრო მეტიც, იგი ყოველ ეთნიკურ კულტურას ითავისებს და ორგანულს ხდის. ასე გაჩნდა თუნდაც ჩვენი მეზობლების – აზერბაიჯანელების მიერ შექმნილი ჟანრი ჯაზში, რომელსაც მუღამი ეწოდა. სსრკ-ის დროს ქართველი მაყურებელი საკმაოდ კარგად იყო ჩახედული ჯაზის წვრილმანებში.
მოკლედ, ჯაზის ისტორიის საწყისად საქართველოში შეგვიძლია მივიჩნიოთ 1930-იანი წლები, როდესაც პირველი ორკესტრები გამოჩნდა და მიუხედავად სტილისტიკისა, თითქმის ყველა მათგანს ჯაზს უკავშირებდნენ. ვახტანგ ჯალიაშვილის წიგნში „ინსტრუმენტული ჯაზი“ მოთხრობილია, რომ მე-2 მსოფლიო ომამდე ანსამბლების დიდ უმეტესობას, რომლებიც სახელწოდებებში ჯაზს მოიხსენიებდნენ, ხშირად არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ ჟანრთან. იქ უფრო მეტად ესტრადის ელემენტები ჭარბობდა, რომელშიც ინტენსიურად ინერგებოდა ეროვნული ინტონაცია და საკრავები.
თუმცა 1930-იანი წლების მიწურულს უკვე კარგად იგრძნობოდა სხვადასხვა ორკესტრში ჯაზის ელემენტები, რომელიც სსრკ-ში ძალიან პოპულარული გახდა. და მაინც, ყველაზე მეტად ჯაზ-გავლენა ჰქონდა უფროსი ჯანო ბაგრატიონის ორკესტრს 1940-იან წლებში. ამავე ანსამბლმა 1946 წელს შეასრულა ლეგენდარული ჯაზ-თემა „ყვავილების ქვეყანა“.
40-იანი წლების ბოლოს და 50-იანების დასაწყისში ჯაზის ქართველ მოყვარულთა შორის პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრი (ხელმძღვანელი შოთა არაყიშვილი). აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვალერიან ძაგნიძისა და შალვა ჩხიკვაძის დუეტი, რომელიც საკუთარი გიტარის აკომპანიმენტით მღეროდნენ და მათ მიერ შესრულებულ სიმღერებში, რომლებიც დღემდე პოპულარულია, აშკარად იგრძნობოდა ჯაზის ელემენტები.
ეს დუეტი 1938 წლიდან არსებობდა. დიდი პოპულარობის გამო, ისინი ორ ფილმში გადაიღეს და ამღერეს. მათ შემოქმედებაში ჯაზური რიტმი და სინკოპირება კარგად ჩანს და არანჟირება შიგადაშიგ ლეგენდარული ჯაზ-გიტარისტის, ჯანგო რაინჰარდტისას ჩამოჰგავს.
მე-2 მსოფლიო ომის მიწურულს ყოფილ მოკავშირეებს – აშშ-სა და სსრკ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მიზეზი ამერიკელების მიერ ატომური ბომბის გამოგონება გახდა. სწორედ ამ ფონზე სტალინმა აკრძალა ჯაზი – მისი ნებისმიერი ელემენტის გამოყენებაც კი. იგი ამბობდა: „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“. ეს აკრძალვა სტალინის გარდაცვალებამდე მოქმედებდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ჯაზი და ჯაზური ელემენტები მაშინდელ თანამედროვე მუსიკაში თანდათან დაბრუნდა.
ჯაზს უკრავდნენ კინოთეატრებსა და კაფეებში. კინოთეატრებში ორკესტრები სეანსებს შორის შუალედებს მუსიკით ავსებდნენ. როგორც ამბობენ, კინოთეატრ „ამირანში“ ასეთ სეანსებს შორის ფორტეპიანოზე უკრავდა ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ოთარ გორდელის ვოკალური ჯაზ-კვარტეტი.
1950-იან წლებში ჯაზს ასრულებდა გიორგი გაბისკირიას დაარსებული ორკესტრი „რერო“, ასევე ანსამბლი „ჩანგი“, რომლის სოლისტიც იყო გიული ჩოხელი.
საქართველოში ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრმა (მას „გეპეის ორკესტრს“ ან „გეპეის ჯაზსაც“ უწოდებდნენ) და მასთან არსებულმა ვაჟთა კვარტეტმა – იგივე „გეპეის კვარტეტმა“.
„გეპეის“ ორკესტრში წლების განმავლობაში აიდგა ფეხი უამრავმა ქართველმა ინსტრუმენტალისტმა თუ მომღერალმა, რომლებიც საქვეყნოდ ცნობილები გახდნენ.
ესენი იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ირმა სოხაძე, ჯილდა დათუაშვილი, ჯანო ბაგრატიონი (უმცროსი), ნიკო ჯადუგიშვილი, დემურ ცქიტიშვილი, ვანიკო მაჭავარიანი, რობერტ ბარძიმაშვილი, ბუბა კიკაბიძე, ჯემალ ბაღაშვილი, ნანული აბესაძე, მედეა გონგლიაშვილი, ეთერ კაკულია, ჯულიეტა ვაშაყმაძე, გიული ჩოხელი, დები ნათელა და ნაზი ჩაფიჩაძეები, ლოლა ხომიანცი, რემა დანცესი, ირინა ხაჩატუროვა, თენგიზ ჩანტლაძე, კაკო ვაშალომიძე, გია მაჭარაშვილი, ბიძინა მახარაძე, ჯემალ სეფიაშვილი, მერაბ სანოძე, ენვერ ხმირიოვი, ალეკო მანჯგალაძე, ანზორ მუსერიძე, ირაკლი მინდიაშვილი, ზაზა მამალაძე, ზაზა ვეფხვაძე, ზურა ცქიტიშვილი, საშა მედვედსკი, არჩილ მეფარიძე, ლეილა როდე-ჩიჯავაძე, სერგო გოცირიძე, მურაზ ქურდაძე, კოტე ჩხეიძე, მიშა გოგეშვილი, მალალო ლორთქიფანიძე, ლელა სიხარულიძე, ეკა კვალიაშვილი, ნატო მეტონიძე, მაია ბარათაშვილი, თემურ თათარაშვილი, თემურ მაისაშვილი, ირაკლი კალანდაძე, ზურა გაგნიძე, თემურ ნიკოლაიშვილი, ბესო ბერულაშვილი, ალეკო თეთრაშვილი და სხვები.
ხოლო „გეპეის კვარტეტი“, რომლის წევრებიც იყვნენ გურამ ბზვანელი, თამაზ ცინცაძე, გურამ ბაკურაძე და შოთა ხარაბაძე, 1950-იანების მეორე ნახევარში ისეთი პოპულარული გახდა, რომ მოსკოვში, ხალხით გადაჭედილ დარბაზებში, მის კონცერტებს ცხენოსანი მილიცია იცავდა.
მიუხედავად აკრძალვის მოხსნისა, სსრკ-ში სუფთა ჯაზის შესრულებას ხელისუფლება მაინც არ ახალისებდა, ამიტომ ჯაზის შემსრულებლები, ამავე დროს, ე.წ. ესტრადის მუსიკოსებადაც მიიჩნეოდნენ. 1960-იანებში ჯაზის ელემენტები ჟღერდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში – „დიელო“, „ორერა“ და სხვ.
საქართველოში ჯაზური მუსიკის განვითარება ასევე დაკავშირებულია გივი გაჩეჩილაძის შემოქმედებასთან, რომელმაც თავისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი ჯაზური (Big Band) ორკესტრის ჩამოყალიბებასა და მის პოპულარიზაციას შეალია.
1970 წელს ალექსანდრე კილაძემ თბილისში Jazz Nonet შექმნა, რომელიც ცდილობდა ქართული ფოლკლორის სიმღერები ჯაზროკის სტილში გადმოეცა. შეიძლება ითქვას, „ჯაზ ნონეტი“ ჯაზროკის ერთ-ერთი პიონერია სსრკ-ში. 1985 წელს სახელი გადაერქვა და Jazz Choral დაერქვა.
1962 წელს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – თბილისს სახელგანთქმული ამერიკელი ჯაზმენი ბენი გუდმენი ესტუმრა თავისი მაშინდელი ჯაზ-ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ორკესტრით. სსრკ-ში ე.წ.
კაპიტალისტური ქვეყნიდან, მით უმეტეს, აშშ-დან ასეთი დიდი მუსიკოსის ჩამოყვანა, უიშვიათესი მოვლენა იყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქართველი მსმენელი მომზადებული დახვდა ამერიკული ჯაზის ლეგენდას. კონცერტზე მუსიკისგან ექსტაზში შესული, ჯაზის მოყვარული თბილისელ მაყურებელთა ნაწილი სცენაზე აიჭრა და იქ უკრავდა ტაშს. ბენი გუდმენის კონცერტი ახლად გახსნილ სპორტის სასახლეში გაიმართა. მეორეჯერ ორკესტრმა მთაწმინდის რესტორანში დაუკრა.
1967 წელს თბილისის ახალგაზრდულ კლუბ „მერანთან“ ჯაზის სექცია გაიხსნა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯაზის მოყვარულებისათვის. ტარდებოდა ადგილობრივი მუსიკოსების კონცერტები;
გამოჩნდნენ ჯაზის ახალგაზრდა მუსიკოსები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ედუარდ ისრაელოვი, ენრი ლოლაშვილი, თამაზ ყურაშვილი, ვახტანგ კუცია და სხვები... სამწუხაროდ, ჯაზის სექციამ არსებობა შეწყვიტა. ამ პერიოდში დაიწყო ოთარ მაღრაძისა და დავით ჯაფარიძის თანამშრომლობა. მათ შექმნეს ანსამბლი, რომელიც ჯაზს ასრულებდა.
1970-იანების მიწურულს ოთარ მაღრაძე ანსამბლ „ოროველაში“ უკრავდა, ხოლო 1980-იანებში ჯაზ-კვარტეტის წევრი იყო. ვაგიფ მუსტაფა ზადემ თბილისში ჩამოაყალიბა ინსტრუმენტული ჯაზ-ტრიო, სახელწოდებით „კავკასია“, რომლის წევრებიც მასთან ერთად იყვნენ გენო ნადირაშვილი (კონტრაბასი) და ფელიქს შაბსისი (დრამი). ტრიომ 1966 წელს ძალიან საინტერესო ალბომი ჩაწერა.
ჯაზისადმი ქართველების ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ თბილისში ჩატარდა სსრკ-ში სამი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალი 1978, 1986 და 1989 წლებში. ნიჭიერ ქართველ ჯაზის შემსრულებლებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ: გულიკო ჭანტურია, ოთარ მაღრაძე, დავით მაზანაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დინი ვირსალაძე, დათო ევგენიძე, დათო ოძელაშვილი, მაია ბარათაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, ჯგუფი „ადიო“, ჯგუფი „შინ“, საქართველოს ჯაზ-ტრიო, გიორგი მიქაძე, ბაჩა მძინარაშვილი, პაპუნა შარიქაძე, ბექა გოჩიაშვილი და სხვები.
ქართული ჯაზი დღეს ცხოვრებას თბილისურ კლუბებსა და ჯაზ-ფესტივალებზე განაგრძობს.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
No comments:
Post a Comment