Thursday, September 6, 2018

მოგზაურობა ბლუზში

„ბლუზი ინდივიდუალური მუსიკაა – ერთი ადამიანია გიტარით ხელში მთელი სამყაროს წინააღმდეგ“ 
ერიკ კლეპტონი

ბლუზმა დასაბამი მისცა ორ უმსხვილეს მიმართულებას თანამედროვე მუსიკაში – ჯაზსა და როკს. ლეგენდარული ბიბი კინგი ამბობდა, ჯაზი იგივე ბლუზია, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღოო. არ არსებობს სხვა ჟანრი, რომლის წიაღშიც იმდენი საიდუმლოებით მოცული და მისტიკური ლეგენდა იშვა, რამდენიც ბლუზზე ვიცით ან გაგვიგია. მის არსს კარგად განმარტავს ლეგენდარული ამერიკელი ბლუზმენი ჰაულინ’ ვულფი:

„ბევრს აინტერესებს, რა არის ბლუზი? მართლაც, რა არის? მე გეტყვით – როცა ფული არ გაქვს, ბლუზი შენთანაა. თუ ქირის გადასახდელი ფული არ გაქვს, ბლუზი მაინც შენთანაა. ბევრმა შეიძლება თქვას, რა არის ეს, ბლუზი არ მომწონსო, მაგრამ ქირის ფულს თუ ვერ გადაიხდი და საჭმელს ვერ იყიდი, ბლუზი მაინც გექნება! როცა ცუდზე ფიქრობ, ბლუზი მაშინაც შენთანაა“. 



სიტყვა Blues ნაწარმოებია ინგლისური გამოთქმიდან Blue devils (ლურჯი ეშმაკები), რაც მე-17 საუკუნის ამერიკაში იმ ინტენსიურ ვიზუალურ ჰალუცინაციებზე მიანიშნებდა, რომლებიც ალკოჰოლით ინტოქსიკაციას ახლავს თან. საქართველოში ამას „თეთრ ცხელებას“ ეძახიან. 1800-იან წლებში სიტყვა „ბლუ“ სლენგზე „მთვრალს“ ნიშნავდა. ამ სიტყვასა და სმას შორის კავშირზე მიანიშნებს ასევე ტერმინი „ლურჯი კანონი“, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში კვირა დღეს ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავდა. ამავე დროს, Blue სევდას, მოწყენილობასა და მელანქოლიასაც აღნიშნავს (გავიხსენოთ The Doors-ის სიმღერა Blue Sunday, ანუ „მოსაწყენი კვირადღე“), რაც ასევე, ბლუზს დაუკავშირდა. 

ბლუზის სამშობლოდ მდინარე მისისიპის დელტა, ე.წ. „ბამბის სარტყელი“ მიიჩნევა. აფრიკიდან წამოსული მუსიკა, ამერიკაში ბამბის პლანტაციებში მომუშავე აფროამერიკელმა მონებმა დაამკვიდრეს, აკადემიური სახე კი მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო. ჟანრის კლასიკური ინსტრუმენტები გიტარა და ჰარმონიკა (ტუჩის გარმონი) გახდა. აფროამერიკელები ფერმებიდან დიდ ქალაქებში მიდიოდნენ, რათა რასობრივ შევიწროვებას გაქცეოდნენ და სამუშაო მოეძებნათ. გზადაგზა ლუკმაპურის საშოვნელად უკრავდნენ და მსმენელს საკუთარ სატკივარს უზიარებდნენ. 

გავრცელებული გამოთქმის მიხედვით, ბლუზია, როდესაც კარგი ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. როკისგან განსხვავებით, ის არაა დაპირისპირების ან ამბოხის მუსიკა, თუმცა, სოციალური, უფრო კი ყოფითი ცხოვრების თემატიკა ბლუზის პოეზიაში ფართოდაა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, ბლუზი ზედმეტად პატიოსანი მუსიკაა და მას წრფელი ადამიანები ასრულებენ ყოველგვარი თეატრალურობისა და დაძაბულობის გარეშე. ამიტომ, ის ხელოვნურობასა და სხვა ტიპის ზედმეტობებს ვერ იტანს.

ბლუზის დამსახურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ელექტროგიტარის განვითარება. ჟანრში ამ ინსტრუმენტის აქტიური დამნერგავი ლეგენდარული მადი უოტერსია, რომელიც, ამავე დროს, ბლუზის ჩიკაგოს სკოლის დამაარსებელია. ძველი ბლუზმენები ელექტროგიტარას მეტად სკეპტიკურად უყურებდნენ, უოტერსმა კი დაამტკიცა, რომ ის ბლუზის მომავალი იყო. 



1958 წელს მადი თავისი ელექტროგიტარით ბრიტანეთში ჩავიდა. იქ მას ადგილობრივ ჯაზ-მუსიკოსებთან ერთად მოუხდა გამოსვლა, რომლებიც, ისევე როგორც დამსწრე აუდიტორია, ტრადიციულ, აკუსტიკურ ბლუზს იყვნენ შეჩვეული და მოუმზადებელი აღმოჩნდნენ ახალი, ელექტრონული ჟღერადობისთვის. თუმცა, უოტერსის ეს ტურნე ეპოქალური გამოდგა. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა ახალგაზრდა შემსრულებლებს შორის.

სწორედ მისი გავლენით ჩამოყალიბდა ლეგენდარული რიტმ-ენდ-ბლუზ კოლექტივი The Yardbirds, სადაც ერიკ კლეპტონი, ჯიმი პეიჯი და ჯეფ ბეკი უკრავდნენ. მადის სიმღერა Rolling Stone გახდა ჯგუფის The Rolling Stones და მუსიკალური ჟურნალის Rolling Stone სახელწოდებების ინსპირაცია. Led Zeppelin-ის ჰიტის Whole Lotta Love ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი უოტერსის You Need Love-იდანაა ნასესხები. მისი და კიდევ ერთი ლეგენდარული ბლუზმენის, ჩვენი სტატიის დასაწყისში უკვე ნახსენები ჰაულინ’ ვულფის წყალობით არსებობს ბლუზისა და როკის გამაერთიანებელი სტილები – ბლუზ-როკი და რიტმ-ენდ-ბლუზი და ა.შ. 


ბლუზის ერთ-ერთ პირველ შემსრულებელ ქალად მა რეინია აღიარებული. მას ხშირად „ბლუზის დედას“ უწოდებენ. 1923 – 1928 წლებში, Paramount-ის ხმის ჩამწერ სტუდიაში, მან ასზე მეტი კომპოზიცია ჩაწერა, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ჟანრის კლასიკაა. 

ეს ის პერიოდია, როდესაც ბლუზში ქალების დომინაციაა. მათგან ყველაზე გამორჩეული „ბლუზის იმპერატორად“ წოდებული ბესი სმიტია. მისი პოპულარობის პიკი მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებზე მოდის, როდესაც მომღერალი კონცერტებს მთელი ამერიკის მასშტაბით მართავდა. სმიტმა შემდგომი თაობების ჯაზ-ვოკალისტებზეც დიდი გავლენა იქონია. ხოლო მისი სიმღერა „აღარავინ გიცნობს, როცა გიჭირს“, რომელიც 1929 წელს ჩაიწერა, ბლუზის სტანდარტად იქცა.


ბლუზის სხვა შემსრულებლების მსგავსად, ბესის დალაგებული ცხოვრება არასდროს ჰქონია. ის ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილებს და ერთიმეორის მიყოლებით ებმებოდა თავბრუდამხვევ რომანებში. 1937 წელს სმიტი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. დადიოდა ხმები, რომ ბესი თეთრკანიანებისთვის განკუთვნილმა საავადმყოფომ არ მიიღო, შავკანიანთა კლინიკამდე ტრანსპორტირებამ კი მისი მდგომარეობა ისე დაამძიმა, რომ ექიმებმა მუსიკოსის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ჯერომ სელინჯერის ცნობილ მოთხრობას „სევდიანი მელოდია“ საფუძვლად სწორედ ბესი სმიტის ცხოვრება უდევს. ბლუზის მომღერალი ქალის პერსონაჟი სმიტის ჰიტს ასრულებს და ისიც ბესის მსგავსად, ადამიანთა გულგრილობის გამო, სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებს.


როგორც უკვე აღვნიშნე, ბლუზთან ძალზე ბევრი მისტიკური და იდუმალებით მოცული ამბავია დაკავშირებული. ლეგენდების თანახმად, რამდენიმე მუსიკოსმა წარმატებისა და დიდების სანაცვლოდ, სული ეშმაკს მიჰყიდა. ამ მონათხრობების დამსახურებით, სწორედ ბლუზი იყო პირველი ჟანრი, რომელიც სასულიერო პირებმა სატანურ მუსიკად მონათლეს. მღვდლები მრევლს მის მოსმენას უშლიდნენ, აკრძალული ხილი კი, როგორც ეს ყოველთვის ხდება, მხოლოდ მეტ ინტერესს იწვევდა. ბევრი ბლუზმენი მთელ ამ რელიგიურ სიბნელეს კომერციული მიზნებისთვის იყენებდა  და საკუთარ თავზე ათასგვარ ლეგენდას თხზავდა. 

ყველაზე ცნობილი ისტორია რობერტ ჯონსონს უკავშირდება, რომელიც ბავშვობიდან გიტარაზე ვირტუოზულად დაკვრაზე ოცნებობდა. ის თავს არ ზოგავდა, დღე და ღამე რეპეტიციობდა, მაგრამ უშედეგოდ. ნიჭის არქონას ვერანაირი ძალისხმევა ვერ ანაზღაურებდა. 

1931 წელს უკვე ზრდასრული ჯონსონი მეგობრების თვალსაწიერიდან გაქრა. ის სადღაც გაემგზავრა, უკან კი სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. თავად რობერტი ყვებოდა, რომ შუაღამისას გზაჯვარედინზე ეშმაკს შეხვდა, რომელმაც გიტარა გამოართვა, ააწყო, მასზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა და შემდეგ უკან დაუბრუნა. ინსტრუმენტთან ერთად კი მისი ფლობის ოსტატობაც გადასცა. ეს იყო კლასიკური გარიგება ეშმაკთან, რომელიც ფაუსტის ლეგენდას წააგავს – სულის სანაცვლოდ, ჯონსონს ამიერიდან ბლუზის დაკვრა შეეძლო. 


სინამდვილეში კი, ჯონსონი ორი წლის განმავლობაში მშენებლობაზე მუშაობდა. იქ მან ბლუზმენი აიკ ციმერმანი გაიცნო, რომელიც კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა და რობერტი გიტარასთან დაამეგობრა. თავის მხრივ, ციმერმანიც არ იკლებდა მითებს და ლეგენდებს. ერთ-ერთის მიხედვით, ის რეპეტიციებს შუაღამის შემდეგ სოფლის სასაფლაოზე ატარებდა. ამ მისტიკური ისტორიების წყალობით, მათი კონცერტები მუდმივად სავსე დარბაზებში იმართებოდა. ხალხს სჯეროდა რობერტის მონათხრობის, რადგან მუსიკოსი მეტად ექსპრესიული იყო და სცენაზე შიგადაშიგ შეპყრობილივით იქცეოდა.

რობერტ ჯონსონმა 29 სიმღერა დაწერა და 27 წლის ასაკში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ყოფილი საყვარლის ქმარმა მოწამლა. ჯონსონი „27-იანელთა კლუბის“ (მასში გაერთიანებული არიან ის ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც 27 წლის გარდაიცვალნენ) ერთგვარ დამაარსებლადაცაა მიჩნეული. 


ლეგენდა რობერტ ჯონსონის შესახებ რამდენიმე ფილმშიცაა გადმოცემული. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ 1986 წელს უოლტერ ჰილის მიერ გადაღებული „გზაჯვარედინები“, ცნობილი გიტარისტის სტივ ვაის მონაწილეობით. იგივე ისტორია მეორდება ჯოელ და იტან კოენების ორგზის ოსკაროსან სათავგადასავლო კომედიაში „სად ხარ, ძმაო?“. ბლუზმენის უცნაური მონათხრობი გამოყენებულია ასევე სერიალ „ზებუნებრივის“ მე-2 სეზონის მე-8 ეპიზოდში „ბლუზი გზაჯვარედინზე“. მსგავსი შინაარსის დრამა თამაშდება ალან პარკერის მიერ 1987 წელს გადაღებულ მისტიკურ ტრილერშიც „ანგელის გული“, სადაც მთავარ პერსონაჟებს მიკი რურკი და რობერტ დე ნირო ასახიერებენ. 

ზოგადად კი ბლუზზე უამრავი მხატვრული ფილმია გადაღებული. მათგან  აღსანიშნავია რეჟისორ ჯონ ლანდისის საკულტო „ძმები ბლუზები“. რომელიც 1980 წელს გამოვიდა ეკრანებზე და ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებს მოუყარა თავი, როგორებიც არიან ქებ ქელოუეი, არეტა ფრანკლინი, რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი, ჯონ ლი ჰუკერი და სხვები. 1998 წელს სურათის გაგრძელებაც ვიხილეთ, „ძმები ბლუზები 2000“, ერიკ კლეპტონის, ბიბი კინგის და ჯოშუა რედმანის მონაწილეობით. ასევე, შეგვიძლია, გავიხსენოთ 2004 წელს გამოსული ტეილორ ჰეკფორდის ბიოგრაფიული ნამუშევარი „რეი“, რომელიც რეი ჩარლზის შემოქმედებას ეძღვნება.


ბლუზის უამრავ გენიალურ შემსრულებელს შორის მინდა კიდევ ერთი, ლედბელი ვახსენო. 1949 წელს გარდაცვლილი მუსიკოსი, რომლის შემოქმედებამაც უზარმაზარი გავლენა იქონია მომავალ ბლუზ და როკ-შემსრულებლებზე. ზედმეტსახელი Lead Belly, რაც „ტყვიის მუცელს“ ნიშნავს, მუსიკოსს ძლიერი ამტანობის უნარის გამო შეარქვეს. მან თავისი ეპოქის თითქმის ყველა პოპულარული სიმღერა ზეპირად იცოდა, მათ შორის, ევროპული ბალადები, განგსტერული, შრომის თუ სატუსაღოების ბლუზ კომპოზიციები, საეკლესიო საგალობლები და კოვბოური სიმღერები. 

ლედბელი ხშირად ჩხუბობდა და ამიტომაც სამართალდამცველ ორგანოებთან დაპირისპირებული იყო. პირველად როცა დაიჭირეს, მხოლოდ 3 თვე მიუსაჯეს, მაგრამ ციხიდან გაქცევა მაინც შეძლო. თავისი მაღალი ამტანობის გამო, სწრაფად გარბოდა და პოლიციის ძაღლებიც კი ვერ დაეწივნენ. შემდეგ მას შორეული ნათესავის მკვლელობის მცდელობისთვის 30-წლიანი კატორღა მიუსაჯეს, თუმცა, მუსიკოსი სიცოცხლის ბოლომდე დანაშაულს არ აღიარებდა. საპატიმროში ის სხვებთან ერთად ჯაჭვგადაბმული მუშაობდა. სწორედ იქ შეარქვეს ზედმეტსახელი Lead Belly. ტუსაღობაში მუსიკოსმა რამდენიმე სიმღერა დაწერა და ერთ-ერთში შეწყალებაც ითხოვა. გუბერნატორს მისი ნამღერი მოეწონა და პატიმრობის მე-10 წელს გაათავისუფლა. 


ლედბელის ყველაზე ცნობილი სიმღერაა ხალხური Goodnight Irene, რომელიც მუსიკოსმა კარგად გადაამუშავა. ის ჩაწერისთანავე ბილბორდის ჰიტ-აღლუმის სათავეში მოექცა. ნამუშევარი დროთა განმავლობაში გადაამღერეს ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან ტომ უეიტსი, ფრენკ სინატრა, ჯონი კეში, ჯერი ლი ლუისი, The Grateful Dead და სხვები. ბლუზმენის შექმნილ სიმღერებს ასრულებდნენ The Beatles, Led Zeppelin, ჯონ ლი ჰუკერი და ქანთრის შემსრულებლებიც. მისი აქტიური მსმენელი იყო ჯგუფ Nirvana-ს ფრონტმენი კურტ კობეინი, რომელმაც ლედბელის სიმღერა Where Did You Sleep Last Night თავის აკუსტიკურ ალბომშიც კი შეიტანა. 

ყველაზე ცნობილ ბლუზმენთაგან პირველი საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ბიბი კინგი ჩამოვიდა 1979 წელს. ბლუზის აღიარებულმა მეფემ დარბაზში მედიატორებიც კი გადმოყარა. ბევრ მათგანს დღემდე სათუთად ინახავენ ქართველი ბლუზის მოყვარულები. 


უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ როკის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ბლუზმა და ისეთმა მუსიკოსებმა ითამაშეს, როგორებიც არიან ბიბი კინგი, მადი უოტერსი, ბო დიდლი და ჩაკ ბერი. ამ ადამიანებმა ჯაზის რიტმებში ბუგი-ვუგის ელემენტები გაურიეს. 

1960-იან წლებში ამერიკულმა ბლუზ და როკ-ენ-როლ ჩანაწერებმა ბრიტანელ შემსრულებლებზე იქონიეს გავლენა. ისინი პირველი „ბრიტანული შეჭრის“ (British Invasion) დროს ამერიკული ჩარტების სათავეებშიც აღმოჩნდნენ და მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. მათ შორის არიან The Rolling Stones, The Yarbirds (მოგვიანებით უკვე ერიკ კლეპტონი, Cream და Led Zeppelin). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯიმი ჰენდრიქსმაც თავისი კარიერა დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო. 


ბლუზის გავლენით ხელოვნებაში გაჩნდა ე.წ. „ბლუზური“ მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ – პოეზიაში ჯეკ კერუაკი და ჯეიმს მერსერ ლენგსტონ ჰიუზი; ლიტერატურაში ჯეიმს ბოლდუინი და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი; თეატრში იუჯინ ო'ნილი და ტენესი უილიამსი. 

ბლუზი კარგ ღვინოს წააგავს, რომელიც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ძვირფასი ხდება. მას ვარგისიანობის ვადა არ აქვს, არ ფუჭდება. ეს მუსიკა თავისუფლებას მოწყურებული ადამიანების სევდამ წარმოშვა და როგორც ზემოთ აღვნიშნე, გულწრფელია. თუმცა, ყველაზე სევდიან ბლუზსაც კი სიხარულის მონიჭება შეუძლია. ბიბი კინგი ამბობდა: 

„თუ თქვენ მოწყენილი ბრძანდებით, ბლუზიც დაგადარდიანებთ, მაგრამ იგივე სიმღერა გაიძულებთ, თავი დააღწიოთ კაეშანს, რადგან ბლუზში დევს გაწმენდისა და იმედის ელემენტი“. 

და ბოლოს, ლეგენდარულ ბლუზმენ უილი დიქსონის გამონათქვამი, რომელსაც ვეთანხმები – „ბლუზი ფესვებია, დანარჩენი მუსიკა – ნაყოფი“.

გამოცემა: popmusic.ge

No comments:

Post a Comment