საქართველოში თანამედროვე მუსიკა საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში ფაქტობრივად ყოველგვარი სოციალური მუხტის გარეშე ჟღერდა. ერთპარტიულ ქვეყანაში მმართველი ძალა საჯაროდ სოციალურ პრობლემებზე უბრალო საუბარსაც კი არ მიესალმებოდა. მიუხედავად ამისა, ლიტერატურაში, თეატრში ან კინოხელოვნებაში შეფარვით მაინც ახერხებდნენ სხვადასხვა პრობლემაზე აქცენტების გამახვილებას. თანამედროვე მუსიკაში ე.წ. ესტრადის მუსიკოსების დიდი ნაწილი კი უმღეროდა სიყვარულს, ხალხთა შორის მეგობრობას, სოციალისტურ ქვეყანას, კომუნისტურ პარტიას, ლენინს, სტალინს და ა.შ. ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ნაწილი ოსტატურად ახერხებდა ამ ვალდებულებებისთვის გვერდის ავლას. ფილარმონიული მუსიკოსები ვერ ბედავდნენ თუნდაც საგიტარო „მძიმე“ ეფექტის – „დისტორშენის“, „ფუზის“ გამოყენებას, რადგან ოფიციოზისთვის ესეც „წყეულ კაპიტალისტურ“ ჟღერადობასთან ასოცირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი შემსრულებლები ფაქტობრივად არ არსებობდნენ, რამდენიმე იატაკქვეშა მუსიკოსის გარდა, რომლებიც სოციალური ტექსტებით დიდად არ გამოირჩეოდნენ, ზემოთნახსენებ მძიმე საგიტარო ეფექტებს კი საკუთარ კონცერტებზე თამამად იყენებდნენ. ამავე დროს, საკუთარ სათქმელს შეფარულად ამბობდნენ ბარდები, თუმცა მათ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებში არ აწევრიანებდნენ. მაშინდელი პოლიტიკოსები კი პოპმუსიკოსებს (ე.წ. ესტრადის შემსრულებლებს) არასოდეს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, რადგან ისედაც აკონტროლებდნენ და გარანტირებულად იცოდნენ, რომ ისინი რამე მნიშვნელოვან პრობლემურ თემაზე არასდროს იმღერებდნენ.
1980-იანი წლების მეორე ნახევარში სსრკ-ში გორბაჩევისეული „გარდაქმნა“ („პერესტროიკა“) გამოცხადდა და ხელოვანებმა შვებით ამოისუნთქეს. საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა სიმღერებში თავისუფალი ლირიკა გამოეყენებინათ. ზუსტად ამ პერიოდში პატრიოტული მუსიკის შემსრულებლები მომრავლდნენ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უკვე უშიშრად, ღიად უმღეროდნენ. ზოგს დღემდე მიაჩნია, რომ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ივერიას“ მიერ დადგმული მიუზიკლებში მეტ-ნაკლებად იყო წარმოჩენილი მაშინდელი სოციალური თემები და პრობლემები, თუმცა ეს სხვა სტატიის საკამათო თემაა.
![]() |
ლადო ბურდული, ზაზა ხუციშვილი და დადა დადიანი |
გავიხსენოთ ლადო ბურდულის ლირიკის ფრაგმენტიც: „ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები, ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს“. ასევე, რობი კუხიანიძე სიმღერაში „ქალაქში ბნელა“ („ზამთარი“) მღეროდა: „დღეს ამ ქალაქში სინათლე ქრება, ბავშვების ნაცვლად სიგიჟე ჩნდება, ჩემს ქალაქში დღეს საშინლად ბნელა“.