ონისე ფუტკარაძის სიმღერები საქართველოში ისეთ დროს გაიცნეს, როდესაც ვიდეოკლიპებს ხალხი ჯერ კიდევ ტელევიზორებში უყურებდა და „იუთუბი“ ასე გავრცელებული არ იყო, არც ინტერნეტი გახლდათ ისეთი სწრაფი, როგორც ახლა.
ჰოდა, 2000-იანი წლების შუაში ტელეეკრანებზე გამოჩნდა მისი სიმღერა „ვარდო“, რომლის რიტმი ძალიან წააგავდა მაშინ ძალიან პოპულარული „გორილაზის“ ჰიტს, „კლინტ ისტვუდს“. სიმღერა ეძღვნებოდა ერთ გოგონას, სახელად ვარდოს, რომელიც ლადოს გარდა ჟიმაობდა ყველასთან.
„ვარდომ“ მისი პროვოკაციული ტექსტის დამსახურებით მსმენელის ყურადღება მიიპყრო. სიმღერიდან ამოღებული ფრაზა „შე ჩემის ვარდო“ ხალხში გავრცელდა და ბევრი ადამიანი ლაპარაკის დროს ხუმრობით იმეორებდა ხოლმე. ეს ჰიტი ონისემ გიგა მიქაბერიძის სტუდიაში ჩაწერა. მოგვიანებით „ვარდოს“ საორკესტრო ვერსია გამოვიდა.
იმ პირველი „ვარდოს“ ჩასაწერად და ვიდეოს გადასაღებად კი ონისემ საკუთარი „მოსკვიჩი“ 200 აშშ დოლარად გაყიდა. მუსიკოსმა მზა ვიდეო მამუკა ღლონტთან „მაესტროში“ მიიტანა, რომელმაც თანამშრომლობა შესთავაზა და მისი დახმარებით 2006 წელს ონისემ ჯერჯერობით ერთადერთი ალბომი „მალადეც“ ჩაწერა. ამასთან, სიმღერებზე „კომპოტი“ და „ბეტონი“ ვიდეოკლიპები დამზადდა, რომელიც „I სტერეოს“ ეთერში დაატრიალეს.
მიუხედავად იმისა, რომ „მალადეც“ პოპულარული გახდა, ამას ონისესთვის დიდი ფინანსური მოგება არ მოუტანია. თუმცა სხვა მისი სიმღერებიც, რომელთაც მაშინ თავი მოიყარეს ონისეს ალბომში „მალადეც“, მსმენელს მოეწონა. თუნდაც „ბეტონი“, რომელიც პირად ცხოვრებაში მომხდარ უსიამოვნო ფაქტს ეძღვნება – როცა მუსიკოსი შემთხვევით ჩხუბში აღმოჩნდა. სიმღერაში ონისე ირონიით ამბობს, რომ თავით გატეხა ბეტონი.
ონისე ფუტკარაძე მრავალფეროვანი შემოქმედია და კონკრეტული მუსიკალური ჟანრით არაა შემოფარგლული. მისი სიმღერების მოსმენისას შეიძლება გაგახსენდეთ ზემოთ ნახსენები „გორილაზი“, ან თუნდაც „თაიგერ ლილიზი“, რადგან მისი შემოქმედების გმირები შეიძლება იყვნენ მეძავები, ნარკომანები, ძველი ბიჭები, უბრალოდ ანტიგმირები.
მუსიკოსის ტექსტები ერთდროულად სახალისოცაა და თან სერიოზულიც, თუმცა, ეს არაა, სლენგის ენით რომ ვთქვათ, მხოლოდ ღადაობა. უბრალოდ მუსიკოსი ასეთია – სერიოზულად ხუმრობს. სიმღერების არანჟირებაც მრავალფეროვანია – საგიტარო ფოლკ-ბალადით დაწყებული, აკორდეონის, კამერული ბენდის, ორკესტრის ან ჯგუფის თანხლებით დასრულებული.
მომღერალი ხანდახან რეპავს კიდეც. მსგავს მუსიკას დღევანდელ მსოფლიოში ზოგჯერ ინდის ეძახიან, მაგრამ ეს ნამდვილად არაა ინდი-მუსიკა, არც „თაიგერ ლილიზივით“ კაბარე მუსიკა (ისე, საქართველოში კაბარეებს რომ ეარსება, შეიძლება ასეთიც ყოფილიყო), არც როკი, არც ჰიპ-ჰოპი და მით უმეტეს – არც სუფთა პოპი, თუმცა პოპის ელემენტები აქტიურადაა გამოყენებული… ონისეს მუსიკა შეიცავს როგორც მეინსტრიმ, ასევე ანდერგრაუნდის მახასიათებლებს.
საერთო ჯამში, ონისეს მუსიკა სტილისტურად შეგვიძლია მივაკუთვნოთ „სინგერ-სონგრაიტერებს“, ანუ ქართულად ავტორ-შემსრულებლებს, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან ინდივიდუალიზმით. მით უმეტეს, მისი სიმღერების უმეტესობა მელოდიურია. პლუს ამას, ონისეს პირველი მუსიკალური სიმპათიაც სწორედ ქართველი ავტორ-შემსრულებელი და ბარდი ოთარ რამიშვილი გახლდათ.
ონისე დაიბადა აჭარაში 1974 წლის 23 ნოემბერს პედაგოგების ოჯახში, რომელთაც სურდათ, მათი შვილი ექიმი გამოსულიყო. ბავშვობისას ონისემ მშობლებს ველოსიპედის ყიდვა სთხოვა. ისინი შეშინდნენ, რომ ონისე სწავლას მოწყდებოდა და ველოსიპედის ნაცვლად, გიტარა უყიდეს.
წლების შემდეგ მან სამედიცინოზე ჩააბარა, ქირურგობას აპირებდა და კარგადაც სწავლობდა. იმ პერიოდში მუსიკალურ ინფორმაციას ნაკლებად ეცნობოდა. მე-5 კურსზე ონისეს ძალიან მობეზრდა უმაღლესში, გიტარას ხელი მოჰკიდა და კაკო ვაშალომიძესთან მივიდა მუსიკის შესასწავლად. ორი თვე მეცადინეობდა და ამ პერიოდში დაწერა თავისი პირველი მეტად მელოდიური სიმღერა „ურემი“ და თავის მასწავლებელს მოასმენინა.
ამის შემდეგ იწყება ონისეს განსაკუთრებული ცხოვრების ეტაპი – მას მუსიკის გარეშე აღარ შეუძლია. პირველი ჯგუფი 2000 წელს შეკრიბა. ჯგუფის წევრებთან ერთად ნიკა წერეთლის სახლის სტუდიაში ჩაიწერა სიმღერა „მიმინო“.
ალბომში „მალადეც“ საერთო ჯამში 12 სიმღერა შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ალბომის გაფორმება უფრო თრეშ-შემსრულებლის, ან თუნდაც „პერესტროიკის“ დროინდელი საბჭოთა ესტრადის წარმომადგენლის ფირფიტის გაფორმებას წააგავს, შინაარსი აბსოლუტურად განსხვავდება და მეტად საინტერესო და მიმზიდველია. თუმცა ალბომის გაფორმებიდან და სიმღერებში კარგად გაზავებული იუმორის გამო, თავის დროზე მისი შემოქმედება, სლენგის ენით რომ ვთქვა, ბევრმა ვერ დაამუღამა და ცოტა არასერიოზულად აღიქვა.
საქართველოში მსგავსი სულისკვეთების შემსრულებელი, რომელსაც მუსიკაში ხეირიანი იუმორი ჰქონდა, ალბათ ერთი იყო და ისიც ფრანგის გაკეთებული – ჯგუფი „შუქი მოვიდა“. დასავლური ბენდებიდან კი, პირველ რიგში, გერმანული „ტრიო“ გამახსენდა, რომლის სიმღერებშიც ონისეს შემოქმედების მსგავსად, იგრძნობა იუმორი, მიმზიდველი მელოდიზმი, საინტერესო ლირიკა და ოდნავი პანკ-სულისკვეთება. იუმორნარევი და ამავე დროს, სევდიანი სიმღერაა „ბასანოჩკები“, მას „მოწამლული არაყის“ სახელითაც იცნობენ. იგი დისკოს რიტმზეა აწყობილი.
მიუხედავად იმისა, რომ „მალადეცის“ მერე, 10 წელზე მეტხანს, ონისე ფუტკარაძე ფართო საზოგადოების წინაშე ფაქტობრივად არ ჩანდა, იგი არ გაჩერებულა, მუსიკას არ ჩამოსცილებია, მცირე კონცერტებსაც მართავდა, სიმღერებს სულ წერდა. მეორე წელია, რაც მისი ოფიციალური „იუთუბ“-არხიც გაჩნდა, სადაც მუსიკოსი ტვირთავს თავის ძველ თუ ახალ სიმღერებს და ვიდეოებს. მისი სიმღერების საავტორო უფლებებს ქართული ფაბლიშერი GMI Rights Management იცავს. ამ „იუთუბ“-არხის გაკეთებამდე სხვადასხვა მომხმარებლების მიერ არაოფიციალურად ატვირთულ ონისეს სიმღერებს მილიონობით ნახვა ჰქონდა.
ამ ეტაპზე ონისე აჩი ბედიაშვილთან მუშაობს სტუდიაში „ფრეშ ფიშ რექორდს“. როგორც ამბობს, მუსიკას აკეთებს არა ფულისთვის, არამედ იმიტომ, რომ ძალიან უყვარს. მუსიკოსი მსმენელებისთვის ზოგჯერ თვეში ერთხელ ან ორჯერ აკუსტიკურ საღამოებსაც აწყობს. მის ბოლო სიმღერებში უფრო დიდი დოზითაა მელოდიზმი.
თამამად ვიტყვი, რომ ონისე ფუტკარაძე ბოლო წლების საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მელოდისტია. „მალადეცის“ შემდეგ მისი შემოქმედება უფრო დაღვინდა და არანჟირებაც უფრო დაიხვეწა. 2000-იანების შემდეგ მუსიკოსს ბევრი ახალი სიმღერა აქვს, რომელიც შეუძლია ალბომადაც გამოსცეს, თუმცა ონისე ამ ეტაპზე სიმღერების სინგლებად გამოქვეყნებისკენ უფრო იხრება. მისი ძველი თუ ახალი სიმღერების მოსმენა „იუთუბ“-არხის გარდა მსოფლიოში ყველაზე მსხვილ მუსიკალურ სტრიმ საიტებზე Spotify-სა და Deezer-ზეც შესაძლებელია.
ძალიან კარგია, რომ ონისე ფუტკარაძის სახით საქართველოში არსებობს ქართულენოვანი, ერთდროულად ანდერგრაუნდ და მეინსტრიმ-მუსიკოსი, რომელიც ძალიან კარგ სიმღერებს ქმნის.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
No comments:
Post a Comment