1990-იანების გარიჟრაჟზე თბილისში შექმნილი Soft Eject ერთ-ერთი პირველი ქართული როკჯგუფი აღმოჩნდა, რომელმაც პოსტ-საბჭოთა სივრცე გაარღვია და საკუთარი შემოქმედება ევროპაში, გერმანიაში გაიტანა. ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ბენდი ცდილობს დასავლური სტანდარტებით იარსებოს – ჰქონდეს საკუთარი სტუდია და სარეპეტიციო, რაც 1990-იანებში ნებისმიერი ჯგუფის ოცნება იყო.
მახსოვს, სულ პირველად „სოფთების“ Please Just Carry On-ს აუდიო კასეტაზე მოვუსმინე (ახლობელმა ჩამირთო ისე, რომ არ მითხრა შემსრულებელი ვინ იყო) და დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრიტანულ ბენდს ვუსმენდი. შემდეგ მეგობარმა ამიხსნა, რომ ჯგუფის ყველა წევრი ქართველი იყო.
ამის დაჯერება ცოტა გამიჭირდა, რადგან 1990-იან წლებში ქართველები ცოტა სხვაგვარ რეპერტუარს ვუკრავდით. ეს კი საოცრად მელოდიური, მშვიდი, თბილი, ჰარმონიული და რაფინირებული მუსიკა იყო, თითქოს იმ სოციალური რეალობიდან ამოვარდნილი.
როკს უყვარს ლეგენდები და, მოდით, ჩვენც იმ ლეგენდით დავიწყოთ, რომ შორეული 1989 წლის ერთ მშვენიერ დღეს თბილისში მეგობრებისგან შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც შემდგომში Soft Eject ეწოდა. ესენი იყვნენ: გია ქარჩხაძე (გიტარა, ვოკალი), ოთარ ყარალაშვილი (გიტარა, ვოკალი), ირაკლი „პეჩო“ ჭელიშვილი (გიტარა, ვოკალი), ვახო ბაბუნაშვილი (ბასი, ვოკალი) და ნოდარ მანჩხაშვილი (დასარტყამები).
ლეგენდის მიხედვით, გია ქარჩხაძემ და ოთარ ყარალაშვილმა ერთმანეთი 14 წლის ასაკში გაიცნეს, როდესაც ქვიშხეთში დასასვენებლად ჩასულებმა შემთხვევით ერთად დაუკრეს მათ უსაყვარლეს ინსტრუმენტზე – გიტარაზე.
ისინი, რასაკვირველია, დამეგობრდნენ და ხშირად უკრავდნენ ერთად გიტარაზე. შემდეგ კი, უნივერსიტეტში სწავლისას, ბენდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ვახო და პეჩო მათზე უმცროსები იყვნენ. გია ამბობს, რომ ჯგუფის წევრები პირველ რიგში მეგობრები არიან და შემდეგ უკვე მუსიკოსები.
სახელი Soft Eject ვახოს მოფიქრებულია და იგი ჩვეულებრივ აუდიო მაგნიტოფონთანაა დაკავშირებული, რომელსაც კასეტის რბილი გამოსაგდები ჰქონდა და ეწერა კიდეც Soft Eject. ლეგენდის მიხედვით, JVC-ს ფირმის მაგნიტოფონი, რომელიც 1989 წელსაც სტუდიაში იდო, დღესაც იქვეა და კარგადაც მუშაობს.
ბიჭებმა იმ პერიოდში რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს, მათგან ორი მაშინდელ რადიოშიც (FM სიხშირეები ჯერ კიდევ არ არსებობდა) კი დატრიალდა. 1990 წელს ბათუმში ფესტივალზე დაპატიჟეს და სიამოვნებით დაუკრეს.
თავიანთი შემოქმედებითი გზის დასაწყისში Soft Eject-ის წევრებისთვის შთამაგონებელი მუსიკა ჰქონდათ ჯგუფებს: „ბითლზი“, „ლედ ზეპელინი“, „პინკ ფლოიდი“, „იურაია ჰიპი“, ზოგადად – პროგრესივ-როკს. მერე ფოლკიც მოსწონდათ, – საიმონი და გარფანკელი.
უნდა ითქვას, რომ „სოფთებს“ გამოკვეთილი კომპოზიტორი და ვოკალისტი არა ჰყავს, თითქმის ყველა წერს და მღერის. გია ქარჩხაძე გვიყვება:
„სიმღერები ინდივიდუალურად იწერება, თუმცა გვაქვს ერთად შექმნილი ნაწარმოებებიც. ჩვენ ერთმანეთთან სახლებშიც ვუკრავდით. ამას რეპეტიციას ვერ დაარქმევ, ეს უფრო ერთად დაკვრაა. ამიტომ გვაქვს ასეთი კომპოზიციებიც. თუმცა, რაც დღემდე გამოგვიქვეყნებია და კონცერტებზე დაგვიკრავს, უფრო ინდივიდუალურად დაწერილი სიმღერებია.
ნოდარის გარდა ყველა ვწერთ. როცა ხუთნი ვიყავით, 4 ვოკალისტი და 4 კომპოზიტორი ცოტა ნამეტანი იყო. მერე ოთარი წავიდა, თუმცა მაინც ბევრნი ვართ. ვახო, პეჩო და მე საკუთარ სიმღერებს ვასრულებთ“.
1992 წელს Soft Eject გერმანიაში გაემგზავრა. როგორც გია ამბობს, ჯგუფი თავდაპირველად ქუჩებში დაეხეტებოდა და უკრავდა. დროთა განმავლობაში ჯგუფმა ევროპაში ფეხი მოიკიდა და უკვე ბარებში, კლუბებში თუ კერძო წვეულებებზეც იწვევდნენ. იყო შემთხვევა, როცა ეკლესიაში და წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქციებზეც კი დაუკრეს.
ევროპული ვოიაჟები 4 წელიწადი გაგრძელდა. ამ პერიოდში წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე გერმანიაში ჩადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, სადღაც თვე-ნახევრით ან ორი თვით რჩებოდნენ ხოლმე. ამ პერიოდში ჯგუფი ოთარ ყარალაშვილმა დატოვა.
1994 წელს კი უკვე კვარტეტად ქცეულმა „სოფთებმა“ გერმანიაში, კიოლნში სამი სიმღერა ჩაწერეს და კასეტაზე სინგლად გამოსცეს. ესენია: I’m On My Way (“გზაში ვარ”), A Dozing Day (“მთვლემარე დღე”) და Please Just Carry On (“გთხოვ, უბრალოდ განაგრძე”), რომელიც საქართველოში საყოველთაო ჰიტი გახდა.
1995 წელს ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, Please Just Carry On-ზე ვიდეოკლიპი გადაეღოთ. აღნიშნული სიმღერის მუსიკაცა და ტექსტიც Soft Eject-ის მაშინდელმა ვოკალისტმა პეჩომ შექმნა, რომელმაც ჩემთან საუბრისას თქვა:
„სიმღერა სადღაც 1994 წელს დავწერე და ჩემ ცოლს მივუძღვენი. ძირითადი თემა საქართველოში მოვიფიქრე, მაგრამ მას საბოლოო სახე გერმანიაში ყოფნისას უკვე ჯგუფის წევრებმა მივეცით. კომპოზიცია საკმაოდ სწრაფად ჩავწერეთ, რადგან სტუდიაში დროში შეზღუდულები ვიყავით. ვიდეოს გადაღებას საერთოდ არ ვფიქრობდით“.
პეჩოს და ჯგუფის სხვა წევრებს არ ეგონათ, კომპოზიცია ჰიტი თუ გახდებოდა. ბიჭებს არც ის მოლოდინი ჰქონიათ, რომ Please Just Carry On-ს საქართველოში საახალწლო და საშობაო ხასიათი ექნებოდა. სიმღერამ ზამთრის მთავარი დღესასწაულების განწყობა, სავარაუდოდ, მისი ვიდეოდან გამომდინარე შეიძინა, რომელშიც ჩანს თოვლი, ბუხარი, სახლის სითბო და სიმყუდროვე.
ვიდეო 1995 წლის მარტში გადაიღეს. კლიპის სცენარი ჯგუფის ყველა წევრმა ერთად მოიფიქრა და შემდეგ ქუცნა ამირეჯიბმა გადაიღო. ვიდეოს გადასაღებად ძვირფასი კინოფირი ბიჭებს მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა აჩუქა.
2001 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ოფიციალური ალბომი Wanderer („მოხეტიალე“), რომელშიც შევიდა გერმანიასა და თბილისში ჩაწერილი კომპოზიციები. ამ დროისთვის ჯგუფში 7 მუსიკოსი უკრავდა. ვახოსთან, გიასთან და ნოდართან ერთად ჯგუფს დაემატნენ: ანა სიხარულიძე (აკორდეონი), სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა, ლირა), ემზარ ბურდული (ვალტორნა) და გიორგი კობახიძე (აკუსტიკური და ელექტროგიტარა).
ამ მუსიკოსებთან ერთად „სოფთებმა“ ჯერ 2002 წელს ორსიმღერიანი საშობაო სინგლი Night გამოსცეს, შემდეგ 2003 წელს – Nine Mountains Away, რომელიც ინსტრუმენტული, ექსპერიმენტული ალბომია და ფოლკლორის და პროგრესივ-როკის ნაზავს წარმოადგენს.
ამ წლებში ჯგუფმა მანჩესტერის ფესტივალზე და ბრიტანულ ტურნეში დაუკრა. ამის შემდეგ ცოტა ხანში ბენდი დაიშალა.
Soft Eject, როგორც მელომანები ვამბობთ ხოლმე, „ოქროს შემადგენლობით“ (პეჩო, გია, ვახო და ნოდარი) 2017 წელს აღდგა და Tbilisi Open Air-ზეც დაუკრა. ამის შემდეგ ჯგუფი ბევრს მუშაობს, იწერს ალბომს და 6 ივლისს თავისი ერთგული მსმენელისთვის „ლისი ვანდერლენდში“ დიდ სიურპრიზს, წვეულებას აწყობს სახელწოდებით „ზაფხულის დღის სიზმარი“.
წვეულებაზე რამდენიმე საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. პირველ რიგში, გაიმართება წიგნის, „მაწანწალას“ პრეზენტაცია. მასში ჯგუფის სიმღერების ტექსტების გარდა, შესულია პეჩოს ჩანაწერებიც, რომლებსაც იგი ჯგუფის ევროპაში პირველი ტურნეს დროს აკეთებდა.
წიგნს მოჰყვება „სოფთების“ პირველი ალბომის, Wanderer-ის ახალი განახლებული CD. პრეზენტაციაზე ჯგუფი იმ ძველ რეპერტუარს შეასრულებს, რომელსაც ისინი პირველ კონცერტებზე უკრავდნენ. მოგვიანებით კი სოფთები დიდ სცენაზე უკვე საკუთარ სიმღერებს წარმოადგენენ.
გვიან ღამით დაგეგმილია ჯგუფის ჰიტის, Please Just Carry On-ის კლიპის ახალი ვერსიის გადაღება. ამ წვეულების და ზოგადად, ჯგუფის გეგმების შესახებ „სოფთების“ ერთ-ერთ დამაარსებელს, გია ქარჩხაძეს ვესაუბრე.
„– გია, სადღაც 12 წელი გაჩერებული იყავით და შარშანწინ, მოულოდნელად, ისევ აღადგინეთ ჯგუფი, კლასიკური შემადგენლობით. როგორ მოხდა ეს?
– ეს უცბად არ გადაგვიწყვეტია. ორი წელი ნელ-ნელა მივდიოდით აქეთკენ. მუსიკა ძალიან ძლიერი რამაა. 10 წლის პაუზის შემდეგ სტუდიაში გიტარა ავიღე ხელში და სულ გადამავიწყდა, რას ვაკეთებდი, თუნდაც ის, რომ გამომცემლობა მქონდა. ეს ყველაფერი გონებიდან ამოვარდნილი იყო.
მივხვდი, რომ ეს ძალიან საშიშია და თავიდან მიჩვევა სჭირდება. მუსიკას უძლიერესი ენერგეტიკა აქვს, გითრევს, ამიტომ თითქმის ორი წელი ვეჩვეოდით. პეჩომ და მე ვიქირავეთ სტუდია, ვფიქრობდით – ცოტას გავერთობით, რაღაცებს გავაკეთებთ...
საუნდ-პროგრამების შესწავლა დავიწყე, თუნდაც 10 წლის განმავლობაში თურმე რამდენი რამ შეცვლილა. ამ ორი წლის თავზე, 2017-ში, Tbilisi Open Air-ზე გამოსვლა შემოგვთავაზეს, ჯგუფის ყველა წევრი შევიკრიბეთ, რამაც ხელახლა გაგვაერთიანა. ალბომის ჩაწერაც გადავწყვიტეთ.
– ისე, რეპეტიცია გირჩევნია თუ კონცერტი?
– არც ერთი, არც მეორე. მე მირჩევნია ჩაწერა. სტუდიაში მუშაობა ჩემი პიკია. რეპეტიცია, სიმღერის კეთება, რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩაწერის პროცესი მომწონს.
ძალიან ხშირად ჩვენ ჩაწერის პროცესში ვაკეთებთ არანჟირებას, ექსპერიმენტებს. ამის საშუალება სულ არსებობდა, რადგან საკუთარი სტუდია ყოველთვის გვქონდა. ამიტომ ჩაწერის დროს ჩვენთან სიმღერისთვის ჟღერადობასაც ვარჩევთ, არანჟირებასაც ვუკეთებთ, ბევრ რამეს ვცვლით კიდეც.
ამიტომ სიმღერას რამდენჯერმე ვწერთ ხოლმე. მერე ვამატებთ დეტალებს, ვთქვათ, ბექ-ვოკალს, ხელახლა ვიწერთ და ა.შ.
– 6 ივლისის კონცერტზე თქვენ დააანონსეთ, რომ თქვენი პირველი ალბომის, Wanderer-ის განახლებულ ვერსიასაც წარმოადგენთ CD-ის სახით. რას ნიშნავს „განახლებული ვერსია“, ხელახლა რემასტერირებულს თუ ხელახლა ჩაწერილს?
– იგივე სიმღერები რჩება, რაც 2001 წლის ვერსიაში იყო, უბრალოდ ჟღერადობა განახლდა, ანუ ხელახალი რემასტერი გავუკეთეთ. ძალიან კარგი ახალგაზრდა ხმის ინჟინერი გვყავს, ლაშა უგულავა და ეს საქმე მას მივანდეთ.
ალბომ Wanderer-ში სამი სიმღერა გერმანიაში 1994 წელს ჩავწერეთ. დანარჩენი რვა სიმღერა 2000–2001 წლებში მე ჩავწერე ჩვენს სტუდიაში. ნორმალურად ისმინება ის ძველი ჩანაწერებიც, მაგრამ, ჩვენი აზრით, მაინც სჭირდებოდა რემასტერინგი. ამიტომ უკვე გაცილებით კარგად და თანამედროვედ ჟღერს.
განახლებულ 11 სიმღერას ალბომის ახალ ვერსიაში დაემატა ერთი ბონუს ტრეკი – Have You Been There (იქ ყოფილხარ?), რომელიც ვახოს დაწერილია. თავის დროზე რატომღაც დავიწუნეთ და Wanderer-ში არ შევიტანეთ.
დღევანდელი გადასახედიდან რომ მოვუსმინე, ძალიან კარგია, ცოტა გაგაღიმებს, ემოციურიცაა, ამიტომ ამ გამოცემაში ბონუს ტრეკად შევიტანეთ.
– გია, ხელახლა გააციფრულეთ სოფთების ვიდეოები, „იუთუბის“ „ვევოზე“ ჯგუფის ოფიციალური არხიც გააკეთეთ. სულ რამდენი ვიდეო აღადგინეთ?
– ვიდეოარქივი ორი წლის წინ მთლიანად გავაციფრულეთ. ახლა ფოტოარქივი გავაციფრულეთ და ნივთების არქივსაც ვაკეთებთ, რომელშიც შედის ჩვენი ძველი მოსაწვევები, ბილეთები, რაღაც ქაღალდები… მოკლედ, ვიზუალურ არქივსაც მთლიანად ვაციფრულებთ. ამ მასალებს ნელ-ნელა ვიყენებთ და ვაქვეყნებთ კიდეც.
– მოდი, წიგნის შესახებაც გვითხარი, რომელსაც „მაწანწალა“ ჰქვია. თუ ალბომს Wanderer – „მოხეტიალე“ ჰქვია, წიგნს „მაწანწალა“ დაარქვით?
– ეს სპეციალურად გავაკეთეთ ასე. ისე, ქართულ ენაში „მოხეტიალე“ არსებითი სახელი არ არის, იგი ზედსართავი სახელია. „მაწანწალა“ ცოტა სხვა სემანტიკის მატარებელია, რომელიც ამ წიგნის მთავარ იდეასთან ძალიან ახლოსაა.
ჩვენ Wanderer არ გადმოგვითარგმნია როგორც „მაწანწალა“, რადგან არც არის. Wanderer უფრო მწირი, ყარიბი, პილიგრიმია... წიგნს რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, რატომაც დავარქვით „მაწანწალა“, რატომ ჩნდება ეს ასოციაციები კითხვისას. წიგნი წანწალის, მაწანწალობის ფსიქოლოგიაზეა აგებული.
– „სოფთების“ წვეულებაზე ლისი „ვანდერლენდში“, რომელსაც „ზაფხულის დღის სიზმარი“ ჰქვია, წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფის კონცერტიც გაიმართება და მაინტერესებს, ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს თუ დაუკრავთ, რომლებიც თქვენს მესამე ალბომში შედის?
– ინსტრუმენტულებს არ დავუკრავთ. ჩვენი ძირითადი რეპერტუარი აგებულია ალბომ Wanderer-ში შესული სიმღერებით, პლუს კიდევ ბევრ რამეს შევასრულებთ. უნდა გითხრათ, რომ ამ წვეულებაზე სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ორჯერ დავუკრავთ.
პირველად 18 საათზე წიგნის პრეზენტაციაზე პატარა სცენაზე შევასრულებთ იმ ქავერებს, რომლებსაც გერმანიაში ვმღეროდით თავის გასატანად. ესენია „ბითლზის“, საიმონისა და გარფანკელის და სხვების სიმღერები.
შემდეგ კი საღამოს 9 საათზე დიდ სცენაზე უკვე ჩვენს რეპერტუარს ვიმღერებთ დიდ კონცერტზე. ამას რომ მოვრჩებით, სადღაც 11 საათიდან ერთ-ერთ პატარა სცენაზე, რომელიც სპეციალურად ეწყობა, გადავიღებთ Please Just Carry On-ის ახალ ვერსიას, რომელშიც ძველი კლიპის მონაწილეებთან ერთად მათ შვილებსაც გადავიღებთ“.
მე კი, როგორც სტაჟიანი მსმენელი და გულშემატკივარი, ჯგუფის წევრებს უბრალოდ გეტყვით: Soft Eject, please, just carry on!
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
No comments:
Post a Comment