Friday, October 23, 2020

მუყაოზე გადატანილი მუსიკა

{სრული ვერსია}

პანკ-ჯგუფ „სექს პისტოლზის“ მომღერალმა ჯონი როტენმა, იგივე ჯონ ლაიდონმა ადრე თქვა: „ადამიანები მხოლოდ მუსიკისთვის რომ ყიდულობდნენ ჩანაწერებს, მაშინ ეს ჩანაწერები სწრაფი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული“. ამით მან ხაზი გაუსვა მუსიკის „გარეგნულ მხარეს“. მართლაც, მუსიკალური მატარებლების (ვინილის, აუდიო კასეტის, კომპაქტ-დისკის) გაფორმებას უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ თითქმის ყველა ჟანრის მუსიკოსები. ამ საქმეში უამრავი პროფესიონალი მხატვარი, ფოტოგრაფი და დიზაინერი იყო ჩართული. გარეკანების გაფორმებამ უამრავ ახალგაზრდა დამწყებ ხელოვანს მისცა გასაქანი. არ მინდა მხოლოდ წარსულ დროში ვილაპარაკო, თუმცა დღეს ჩანაწერის ყდის გაფორმება ძირითადად ბევრად უფრო მარტივად, კომპიუტერის დახმარებით კეთდება და ციფრულმა ფორმატმა მსმენელთა არც თუ მცირე ნაწილს ჩანაწერის გაფორმების მიმართ ინტერესი დააკარგვინა. გაფორმებაზე ზრუნვით, არც დღევანდელი მართლაც ნიჭიერი მუსიკოსები „იკლავენ“ თავს. არადა, მაღაზიებში რამდენიმე საყვარელმა ალბომმა სწორედ გარეკანით მიიქცია ჩემი ყურადღება. 


მუსიკის ყიდვა იმ დროს დავიწყე, როდესაც მაღაზიების თაროებზე ლეგალურად მხოლოდ საბჭოთა წარმოების, ფირმა „მელოდიის“ ფირფიტები ელაგა და მათი გაფორმება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ფირფიტების უმეტესობას რაღაც სტანდარტული კონვერტი ჰქონდა, რომელსაც „ესტრადა“, „მელოდია“ ან რამე უინტერესო ეწერა. თუმცა სურათებიანი კონვერტების დიდი ნაწილი უგემოვნოდ იყო გაფორმებული – ფოკუსარეული გადღაბნილი ფოტოებით და მახინჯი დიზაინით.

1990-იანი წლებიდან უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში გამოშვებული მეკობრული კომპაქტ-დისკები და კასეტები, რომლებიც მხოლოდ ჩამოჰგავდნენ ორიგინალებს. ამ უხარისხო მუსიკალური მატარებლებით ვაჭრობა 2000-იანების შუა ნახევრამდე გაგრძელდა, სანამ mp3 პლეერებმა არ დაიპყრეს ბაზარი. საქართველო ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ორიგინალი ლეიბლების მიერ გამოშვებული ვინილები, კასეტები თუ კომპაქტ-დისკები არ შემოდიოდა. ნაწილობრივ ამასაც ვაბრალებ იმ ფაქტს, რომ ქართველი მუსიკოსების დიდი ნაწილი ძალიან ზერელე ყურადღებას უთმობდა და უთმობს ხელოვნების ამ დარგს, რომელსაც მუსიკალური მატარებლების ყდების და შიგთავსის გაფორმება ჰქვია. 

ახლა, როდესაც ვინილის ფირფიტები მსოფლიოსა და საქართველოში ისევ მასობრივად შემოდის მოხმარებაში, ალბომების გარეკანებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე კი რამდენიმე ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ალბომის გარეკანს წარმოგიდგენთ თავისი მცირე ისტორიებით.

Bill Evans & Jim Hall – Undercurrent [1962]


1960-იანების ამ შესანიშნავი ჯაზ-ალბომის კომპაქტ-დისკი შორეულ 90-იანებში სწორედ მისმა ყდამ მაყიდინა. ამ დისკის გარეკანისთვის, რომელიც თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვინილზე გამოიცა, ბილ ევანსმა გამოიყენა ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ქალის, ტონი ფრისელის მიერ 1947 წელს გადაღებული ფოტო Weeki Wachee Springs, Florida, ანუ „ვიკი ვაჩეს წყაროები, ფლორიდა“. წყალქვეშ გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია გრძელკაბიანი ქალი. გაფორმება ძალიან მოუხდა ალბომს. ტონი ფრისელი 1930-იანი წლებიდან ჟურნალ „ვოგის“ ფოტოგრაფი იყო. მე-2 მსოფლიო ომის დროს იგი წითელ ჯვართან ერთად ევროპაში ჩავიდა და იქ იღებდა ფოტოებს. ქალმა 350 000-მდე ფოტო გადაიღო, რომელთა ნეგატივები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას გადასცა.

The Velvet Underground – The Velvet Underground & Nico [1967]


ეს ალბათ ყველა დროის ყველაზე სახასიათო და ცნობადი ფირფიტის გარეკანია. მასზე ენდი უორჰოლის დახატული ღია ყვითელი ბანანია გამოსახული და მარჯვენა დაბალ კუთხეში მისივე ხელმოწერაა დატანილი. ადრეულ გამოცემებზე ყვითელი ბანანი უბრალოდ დაწებებული იყო კონვერტზე, მას თუ ააძრობდი, უკვე გასუფთავებული ვარდისფერი ბანანი გამოჩნდებოდა. ალბომის ეს გაფორმება დღემდე ყველაზე მეტადაა ტირაჟირებული და მას ხალხი როგორც ნახატს ისე აღიქვამს. თუმცა, მიუხედავად მისი ზეპოპულარობისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფირფიტაზე შესული მუსიკალური მასალა არც ისე მარტივად მოსასმენია პოპ-მუსიკის მსმენელისთვის. თუმცა ველვეტების ეს დისკი როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრად მიიჩნევა.
 
The Beatles – Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band [1967]


„ბითლზის“ ამ ლეგენდარული ალბომის გარეკანი ისტორიაში პირველი ყდაა, რომლის შემდეგაც ფირფიტის გაფორმების ხელოვნების გამოყენება მისი შინაარსის კონცეფციის გადმოსაცემად დაიწყეს. მისი ავტორია ინგლისელი ფერმწერი და მხატვარ-გრაფიკოსი პიტერ ბლეიკი. მას იდეის განხორციელებაში ფოტოგრაფი მაიკლ კუპერი დაეხმარა. იდეის ავტორი კი პოლ მაკარტნისთან ერთად დიზაინერი რობერტ ფრეიზერი იყო. გარეკანის წინა მხარე წარმოადგენს 70-ზე მეტი ცნობილი ადამიანის ბუნებრივი ზომის მუყაოს ფიგურებს, რომელთა შუაში „ბითლზის“ წევრები არიან. ბითლზის წევრების სამხედრო ფერადი მუნდირები კი დიზაინერ მანუელ კუევასის ფანტაზიის ნაყოფი იყო. პიტერ ბლეიკს მთელ სამუშაოში 200 ფუნტი გადაუხადეს. ზოგადად ბითლზის არსებობის ბოლო წლების ალბომების ყდებიც მეტად ორიგინალურია. მე Abbey Road-ის გარეკანი ყველას მირჩევნია, მაგრამ „სერჟანტი“ მაინც შეუდარებელია.

Thelonious Monk – Underground [1968]


თელონიუს მონკის 1968 წელს გამოშვებული ალბომის, Underground-ის ყდა ჯაზის ისტორიაში ფირფიტის ერთ-ერთ საუკეთესო გაფორმებად ითვლება. 1960-იანების მიწურულს როკმა ჯაზი თითქოს დაჩრდილა. სტუდია Columbia (სადაც Underground ჩაიწერა) შეეცადა, თელონიუსი ახალგაზრდებისთვის როკ-იდოლის მსგავსი გამხდარიყო. ამიტომ ფირფიტის გასაფორმებლად, მან თანამედროვე, ჰიპი დიზაინერები დაიქირავა. მათ საგულდაგულოდ მოიფიქრეს სცენა, რომელიც მოგვიანებით სტივ ჰორნისა და ნორმან გრინერის (ცნობილები, როგორც Horn & Griner) სტუდიაში ალბომის ყდისთვის გადაიღეს. დისკის გაფორმებამ მიზანს მიაღწია. მას რევოლუციური და ანტიფაშისტური უწოდეს. ერთ-ერთი ჟურნალი წერდა, რომ ახლა, როცა ახალგაზრდები როკ-მუსიკითა და ფსიქოდელიით არიან გატაცებულები, თელონიუს მონკი ანდერგრაუნდის ნამდვილი გმირი გახდა. 

Yes – Tales From Topographic Oceans [1973] 


„იესის“ ალბომების აბსოლუტური უმრავლესობის გარეკანებს დიდებული ავტორი, ინგლისელი მხატვარი, დიზაინერი და არქიტექტორი როჯერ დინი ჰყავს. ფირფიტების გაფორმებას მან 1960-იანი წლებიდან მიჰყო ხელი. „იესის“ გარდა, იგი აფორმებდა Uriah Heep-ის, Gentle Giant-ის, Budgie-ის და სხვა შემსრულებელთა ფირფიტების ყდებს. როჯერ დინისთვის დამახასიათებელია ფანტასტიკური პეიზაჟების ხატვა. „იესის“ აღნიშნული ორმაგი ალბომის კონვერტი გასაშლელია. ალბომის დიზაინმა როჯერისა და „იესის“ მომღერალ ჯონ ანდერსონის საუბრების შემდეგ მიიღო საბოლოო სახე. დინმა ცოტა ხნით ადრე ჯონი მიჩელის წიგნი გააფორმა და ანდერსონს მის შესახებ ესაუბრებოდა. გაჩნდა იდეა, მხატვარს ჯადოსნური პეიზაჟი დაეხატა ჩანჩქერთან მოლივლივე თევზებით, მაიას ტომის ტაძარ ჩიჩენ-იცეს მიღმა მზით, ვარსკვლავებით და შორს მფრინავი აპარატით, რომელიც „იესის“ სხვა ალბომის გასაფორმებლადაცაა გამოყენებული. ჟურნალმა „როლინგ სთოუნმა“ 2002 წელს ამ დისკის გაფორმება „ყველა დროის საუკეთესო გარეკანად“ დაასახელა.

Pink Floyd – The Dark Side Of The Moon [1973]


ეს ჩემი უსაყვარლესი ყდაა – მარტივი და ეფექტური. მისი დიდი ფორმატის პოსტერი დღემდე მაქვს სახლში გაკრული. ამ გარეკანის ავტორი ლეგენდარული სტორმ ტორგენსონია. 2013 წელს, ტორგენსონის გარდაცვალების შემდეგ „ნიუ იორკერმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სტორმ ტორგენსონი და გარეკანების გაფორმების ხელოვნების აღსასრული“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მის სიკვდილთან ერთად მთელი ეპოქა დასრულდა. დევიდ გილმორის ბავშვობის მეგობარმა ტორგ ტორგენსონმა „პინკ ფლოიდის“ თითქმის ყველა ალბომის გარეკანის დიზაინი მოიფიქრა. ამის გარდა მან სხვადასხვა ჯგუფის 200-ზე მეტი ალბომის ყდაც მოხატა. „მთვარის ბნელი მხარის“ გასაფორმებლად ტორგმა ფიზიკაში სინათლის დისპერსიის მოვლენა გამოიყენა, როდესაც პრიზმაში გარდამტყდარი მზის თეთრი შუქი ცისარტყელას ფერებად იშლება. ამით დიზაინის ავტორმა ხაზი გაუსვა, რომ სინათლეს, შუქს დიდი ადგილი უჭირავს ფლოიდების საკონცერტო შემოქმედებაში, ასევე მან რიჩარდ რაიტის თხოვნა დააკმაყოფილა, რომელმაც თხოვა, ყდაზე რამე „უბრალო, თამამი და დრამატული“ დაეტანა. 2011 წელს გამოცემა Music Radar-ის გამოკითხვის მიხედვით, ფირფიტის გაფორმება „ყველა დროის საუკეთესო გარეკანებს“ შორის პირველ ადგილზე გავიდა.

Rod Stewart – Atlantic Crossing [1975]


ალბათ სუბიექტური ვიქნები, მაგრამ როდ სტიუარტის ამ გასაშლელი ალბომის გაფორმება ბავშვობიდან მიყვარს. გაფორმება წარმოადგენს ცნობილი მხატვრის და დიზაინერის, პიტერ ლლოიდის ნამუშევარს. მას „უორნერ ბრაზერს რექორდსის“ არტ-მენეჯერმა დაურეკა და სთხოვა, ამ ალბომზე ემუშავა და რაც შეიძლება სწრაფად – მეორე დღის დილისთვის მოესწრო. პიტერმა თანაშემწესთან ერთად მოამზადა გაფორმების მაკეტი. იგი ხატავდა, თანაშემწე კი მაკრატლით ჭრიდა აპლიკაციებს. ლლოიდმა ცათამბჯენების დეტალები ელექტრონული საშლელით დაამუშავა და შემდეგ აეროგრაფით თეთრად შეღება, რათა მათ ებრწყინათ. პიტერმა მთელი ღამე მუშაობაში გაათენა და დილის 9 საათზე მაკეტი კომპანიაში მიიტანა, სადაც ნამუშევრით აღფრთოვანდნენ და მას კოლოსალური ანაზღაურება 9 000 დოლარი გადასცეს. პიტერ ლლოიდი რეკლამებზე და სხვა ვინილების გაფორმებაზეც მუშაობდა. ასევე თანამშრომლობდა ჟურნალებთან „ფლეიბოი“ და „ესქუაიერი“.

Nirvana – Nevermind [1991]


ეს ლეგენდარული ალბომი ყველა აქ ჩამოთვლილი ფირფიტებიდან ალბათ ერთადერთია, როცა ჩანაწერს უფრო ადრე მოვუსმინე, ვიდრე მის გაფორმებას ვნახავდი. Nevermind კასეტაზე კუსტარული ჩანაწერით ჩამივარდა ხელში. მის ყდაზე გამოსახულია სამი თვის ბიჭუნა სპენსერ ელდენი, რომელიც ანკესზე წამოგებული დოლარიანისკენ მიცურავს. გარეკანის იდეა კურტ კობეინმა და დევიდ გროლმა მოიფიქრეს, როცა ტელევიზორში წყალქვეშა მშობიარობის შესახებ ნახეს ფილმი. იდეის განსახორციელებლად მათ დიზაინერი რობერტ ფიშერი მოიწვიეს, რომელმაც წყალქვეშა მშობიარობის მეტად გულახდილი ფოტოები გადაიღო. მათ გამოყენებაზე ლეიბლმა უარი განაცხადა. ჯგუფის და დიზაინერის გადაწყვეტილებით, ფიშერის ფოტოგრაფმა მეგობრის ჩვილი გადაიღო საბავშვო აუზში. შედეგად მეტად სატირული გაფორმება გამოვიდა, რომელიც კაპიტალიზმს აპამპულავებდა. ყდაზე ბავშვის პენისის გამოჩენას პურიტანული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, თუმცა ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ფირფიტის გაყიდვებს. 2011 წელს ჟურნალ Music Radar-ის გამოკითხვებით, ყველა დროის საუკეთესო ალბომის გარეკანებს შორის Nevermind-ის გაფორმებამ მე-2 ადგილი დაიკავა.

Outsider – Inside [1992] 


ქართული პოსტპანკ-ჯგუფ „აუტსაიდერის“ ამ ვინილის გარეკანი ნამდვილად ყურადღებას იპყრობს. ყდაზე გამოსახულია ისტორიული სურათი, რომელიც ამერიკელმა ფოტოგრაფმა ლოურენს ბეიტლერმა 1930 წლის 7 აგვისტოს ინდიანას შტატის ქალაქ მარიონში გადაიღო. მასზე საკმაოდ საშინელი კადრია აღბეჭდილი, როდესაც ორი აფროამერიკელი ახალგაზრდა ბიჭი ძარცვის, მკვლელობისა და თეთრკანიანი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ლინჩის წესით გაასამართლეს და ქალაქის მოედანზე 5000 ადამიანის წინ ჩამოახრჩეს. ბეიტლერის ფოტომ მოიარა მთელი მსოფლიო. ფოტო ისეთი ემოციური აღმოჩნდა, რომ მასზე 1937-ში სიმღერა Strange Fruit დაიწერა, რომელიც პირველად 1939 წელს ბილი ჰოლიდეიმ შეასრულა. იგი აფროამერიკელების საპროტესტო სიმღერად იქცა. „აუტსაიდერის“ ალბომის სურათზე დიზაინერებმა სიმბოლურად მესამე ჩამოხრჩობილის სილუეტიც დაამატეს. ჯგუფი მაშინ სამი წევრისგან შედგებოდა. 

თემურ ყვითელაშვილი – Classic-Jazz-Rock [1992]


ეს ფირფიტა თავის დროზე მაღაზია „მელოდიაში“ ვიყიდე და ჩემი ყურადღება ზუსტად მისმა ორიგინალურმა გარეკანმა მიიქცია. აღნიშნული ინსტრუმენტული ალბომი რიგით მეორეა თემურ ყვითელაშვილის შემოქმედებაში. მასში შევიდა გიტარისტის და მომღერლის მიერ შესრულებული სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებთა მისეული საგიტარო ტრანსკრიფციები. თუმცა ბოლო ბილიკი თავად მუსიკოსის მიერაა დაწერილი. ალბომში მსმენელი უსმენს ყვითელაშვილის მიერ შესრულებულ კლასიკურ, ჯაზ და როკ ნაწარმოებებს. ფირფიტის კონვერტზე კი დატანილია სხვადასხვა ხედით გადაღებული მუსიკოსის ფოტოები. ამ სურათების ავტორი კი ცნობილი ფოტოგრაფი, გურამ წიბახაშვილია, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა დამოუკიდებელი ქართული როკ და ანდერგრაუნდ მუსიკოსების ცხოვრების ასახვაში.

სტუმარი – 1227 მეტრი ზღვის დონიდან [2020]


კიდევ ერთი ქართული ალბომის გარეკანი, რომელიც ძალიან მომწონს. ესაა ჯგუფ „სტუმარის“ ბოლო, 2020 წელს გამოსული ნამუშევრის „1227 მეტრი ზღვის დონიდან“ გაფორმება. ეს ჯგუფი იმითაა გამორჩეული, რომ აგერ უკვე 18 წელია ოჯახურ მუზიცირებას ეწევა. ჩაწერილი აქვს 3 ალბომი. მისი წევრების ძირითად ბირთვს ერთი ოჯახის წევრები წარმოადგენენ. მათი მუსიკალური სტილი ფოლკს, ფიუჟენსა და პროგრესივ როკს შორისაა გაშლილი. ხოლო მუსიკაში ბევრია როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური მუსიკალური მოტივები. შეიძლება ითქვას, რომ „სტუმარი“ ეკოლოგიურად სუფთა მუსიკას ასრულებს, რომელიც ფრესკებს ჩამოჰგავს. სწორედ ასეთი ფრესკული გაფორმება აქვს მათ ახალ ალბომს, რომელზეც ცნობილმა მხატვარმა დავით ხიდაშელმა იმუშავა.

სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“ 

No comments:

Post a Comment